ოხრახუში ებრძვის ბაქტერიებს და წმენდს ორგანიზმს
ოხრახუშს სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, 100 გრამი ახალმოკრეფილი ოხრახუში შეიცავს C ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.
ოხრახუშისგან მომზადებული პრეპარატები ამაღლებს შინაგანი ორგანოების, კერძოდ კი, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ნაწლავებისა და კუჭის ტონუსს, შლის ქვებს და გამოდევნის ქვიშას სადინარების საშუალებით. ასევე, აქვს ნაღველმდენი და სპაზმოლიზური ეფექტი. გულის დაავადებების, პროსტატიტის, დისპეფსიის, კოლიტების დროს ოხრახუში ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რაც შეეხება ოხრახუშის ნაყენს, მისი დამზადების რამდენიმე ხერხი არსებობს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
* აიღეთ 1 სადილის კოვზი ოხრახუშის გამომშრალი ფესვები, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.
* ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ნაღველმდენი საშუალება, თითო სადილის კოვზი, დღეში ორჯერ.
* ოხრახუშის დაღეჭვა პირში ცუდ სუნს აქრობს, ასევე, მინიმუმამდე ამცირებს ბაქტერიებს.
ხალხურ მედიცინაში, ოხრახუში უძველესი დროიდან გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. ის, ასევე, აღადგენს ძალებს, ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამაგრებს ღრძილებს.