კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანის ლოცვა შედეგიანი და აუცილებელია თუ არა სალოცავი კუთხის აღმოსავლეთით მოწყობა

ძალიან ბევრ მართლმადიდებელს, რომელიც სახლში ხატების კუთხეს აწყობს, ხშირად უჩნდება ბევრი კითხვა: როგორ უნდა განალაგოს სახლში ხატები, რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ საკითხზე ვესაუბრეთ, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მამა საბა (ბიკაშვილს):

– როგორც ცნობილია, სწორედ ხატთაყვანისცემას მიეძღვნა 787 წელს მეშვიდე, ბოლო საეკლესიო კრება. იმ საუკუნეებში, ვიდრე მეცხრე საუკუნის 40-იან წლებამდე, ხატთაყვანისცემა მაინც იდევნებოდა. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ხატი და მისი თაყვანისცემა. მეშვიდე საეკლესიო კრებაზე დამსწრე მამებმა დაადგინეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ხატებისთვის ისეთივე პატივი უნდა მიეგოთ, როგორც წმიდა ჯვრისთვის, რომელიც არის ქრისტიანობის პირველი სიმბოლო და, ასევე, სიმბოლო ეშმაკის, ჯოჯოხეთისა და სიკვდილის ძლევისა. ხატს, არა როგორც ნივთს, კერპს მიეგება პატივი, არამედ, როგორც პირველსახეს იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, პირადი მაგალითით, ქრისტიანულ ეკლესიას, თავად საქრისტიანოს შესძინეს ბევრი რამ. ჩვენ ვალდებულები ვართ, არა მხოლოდ ვილოცოთ მათ წინაშე, არამედ ცხოვრების მაგალითითაც მივბაძოთ მათ. სახლში ძალიან ბევრს აქვს ძვირფასი ხატი თავისი მატერიალური ღირებულებით, ისტორიით, მაგრამ, მის წინაშე არ ლოცულობენ, არ ანთებენ სანთელს, კანდელს და არ შესთხოვენ უფალს თავისი, ოჯახის, ქვეყნის კეთილდღეობას. ხატების ქონა ოჯახში აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია მათ წინაშე ლოცვა. ხატს რაღაც ატრიბუტიკის დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს. როდესაც წმიდა ხატებთან მივდივართ სალოცავად, ვანთებთ სანთელს, ვუყურებთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის ან წმიდანების სახეს, ეს არის ბილიკი, გზა, რომელსაც ადამიანი მატერიალურიდან სულიერში, ანუ დედამიწიდან ზეცაში გადაჰყავს. ანუ, ეს არის ადამიანის სულიერი ურთიერთობა ღვთაებასთან. ლოცვის დროს ხატი, მასზე გამოსახული წმიდანი ჩვენ სულიერ ძალებს გვაძლევს და მას სულიერ სამყაროში გადავყავართ. შეიძლება, ადამიანს ხატი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან საერთოდ არ უნდა ილოცოს. მას ხატის გარეშეც შეუძლია ლოცვა, უბრალოდ, ხატთან ლოცვით ჩვენთვის ბევრი რამ ხდება გასაგები: როდესაც ვუყურებთ ჯვარცმის კომპოზიციას, ჩვენში ზუსტად ის ემოციები აღიძვრება, რასაც მაცხოვარი ამ დროს განიცდიდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ, თუ ადამიანი მორწმუნეა და მას აქვს არა ქვის, არამედ ხორციელი გული, ის ყოველთვის განიცდის იმ მდგომარეობას, განწყობას, რაც ხატზე გამოსახულ წმიდანს ეუფლებოდა იმ პერიოდში, ანუ ხატი ჩვენში სწორ სულიერ ემოციებს აღძრავს და ჩვენი ლოცვა უფრო საფუძვლიანი და შედეგიანი ხდება. როდესაც ადამიანი აპირებს სახლში ხატებით კუთხის მოწყობას, კარგი იქნება, თუ არის ამის საშუალება, რომ სალოცავ კუთხეს ცალკე ფართი დაეთმოს, რათა ლოცვის დროს სხვა რამეზე არ გადაერთოს ყურადღება. ოჯახში მარტო არ ვცხოვრობთ, იქ არიან ბავშვები, მოზარდები, დიდები, პატარები და ბუნებრივია, ეს ხშირად გვართმევს იმ სულიერ ძალებს, კონცენტრაციას, რაც ლოცვისთვის საჭირო და აუცილებელია. ამიტომ, კარგი იქნება, სალოცავი კუთხისთვის გამოიყოს ერთი ოთახი, სადაც ადამიანი მშვიდად განმარტოვდება და ილოცებს. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ არსებობს, მაშინ, შეგიძლიათ, სალოცავი კუთხე ნებისმიერ ოთახში მოაწყოთ, მაგრამ, არამც და არამც არ შეიძლება ხატების დაკიდება ცოლ-ქმრის ოთახში. ხოლო, თუ მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს, მაშინ, ხატების არქონას, ჯობია, ამ ოთახში დაკიდოთ ხატები. მაგრამ ჩვენი მოკრძალების ნიშნად, რომელსაც ხატებზე გამოსახულ წმიდანებს მივაგებთ, ეს კუთხე უნდა იყოს გამოყოფილი, შემოფარგლული, თუნდაც პატარა ფარდა უნდა ჩამოკიდოთ და, როცა არ ლოცულობთ, ეს ფარდა მაშინ გასწიოთ.

– აუცილებელია ხატების აღმოსავლეთის მხარეს დაკიდება?

– ეს ტრადიციაა და არა დოგმატი. თუ სახლში არ ხერხდება აღმოსავლეთ კედელზე დაკიდება, შეგვიძლია, ისინი ჩრდილოეთ ან დასავლეთ კედლებზე დავკიდოთ, მაგრამ, თუ არის საშუალება, მაშინ, ჯობია, აღმოსავლეთ კედელზე გავაკეთოთ ხატების კუთხე. ეს არის ძველი ტრადიცია, მოდის ებრაელებისგან და ეს კანონი წესდება ძველი აღთქმიდან. რომელ ქვეყანაშიც უნდა წასულიყო ებრაელი, ის ლოცვის დროს აუცილებლად დგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ, რომელიც მათ რწმენაში განასახიერებდა წმიდა მიწას – იერუსალიმს. როდესაც მეშვიდე საუკუნეში ყალიბდებოდა ისლამი, ახალი სარწმუნოება, მათაც ეს პოზიცია დაიტოვეს და ისინიც ლოცვის დროს აღმოსავლეთისკენ ტრიალდებოდნენ. მაშინდელი ხალხისთვის იერუსალიმი წმიდა მიწად მოიაზრებოდა და ეს დღემდე ასეა. გარკვეული სახით ჩვენს ეკლესიაშიც დამკვიდრდა შეხედულება, რომ კარგია ლოცვის დროს სახით აღმოსავლეთისკენ ვიდგეთ, რადგან ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, იერუსალიმი წმიდა ქალაქია. ანუ, თუ გვაქვს საშუალება, კარგი იქნება, რომ ხატები აღმოსავლეთ კედელზე დავკიდოთ, თუ არა, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ჩრდილოეთის მხარეს მოვაწყობთ სალოცავ კუთხეს თუ დასავლეთით, ამას ღმერთი არ გვიწყენს.

– ხშირად ოჯახში ძალიან ბევრი ხატი გვაქვს, ყველას დაკიდებას ვერ ვახერხებთ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

– თუ ვერ ვახერხებთ ყველას დაკიდებას, შეგვიძლია, გამოვარჩიოთ რამდენიმე. ქართველი მართლმადიდებლებისთვის აუცილებელია ოჯახში გვქონდეს წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის ხატები, აღარაფერს ვამბობ, მაცხოვრის, ღვთისმშობლის ხატებზე. ასევე შეგვიძლია, დავკიდოთ ჩვენი პირადი წმიდანის ხატი. მაგრამ, თუ შესაძლებლობა გვაქვს, ჯობია, ყველა ხატი დავკიდოთ, რომ არ მოხდეს რომელიმეს გამორჩევა. ხატის ტყუილად დებას, ჯობია, ისინი მივცეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ. რა არის უკეთესი, ის ხატები იდოს, მასთან არავინ ილოცოს, არავინ მიიღოს მადლი-წყალობა თუ, ვაჩუქოთ იმას, ვისაც არ აქვს და მან ილოცოს?! რამდენი სანთელიც აინთება, რამდენი ლოცვაც წაიკითხება გულით და სულით, იმდენი შეწევნა იქნება მათთვის და ჩვენთვისაც. ყველა ხატს თავისი დიდი სულიერი ძალა გააჩნია, მაგრამ, განსაკუთრებული მადლით გამოირჩევიან ის ხატები, რომლებზეც ბევრ ადამიანს ულოცია.

– ხშირად გამიგია ადამიანებისგან, რომ, მაგალითად, ღვთისმშობლის „ბარაქის ხატი“ უნდა ეკიდოს აუცილებლად სამზარეულოში, მთავარანგელოზის ხატი – შემოსასვლელში. არის განსაზღვრული, რომელ ოთახში რომელი ხატი დაიკიდება?!

– ხატები ყველა ოთახში რომ ეკიდოს, გარდა ცოლ-ქმრის ოთახისა, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, თუ ჩვენ სამზარეულოში მხოლოდ იმიტომ დავკიდებთ ღვთისმშობლის „ბარაქის ხატს“, რომ აუცილებელია, ეს არ არის სწორი და გამართლებული. უფალი ჩვენს გულებს ხედავს, უსმენს და აქედან გამომდინარე გვაძლევს მადლსა და წყალობას. თუ ამ ხატს იმიტომ ვკიდებთ სამზარეულოში, რომ, რადგან ბარაქის ხატია, ავშენდებით, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. შეიძლება, სულ არ დავკიდოთ ხატი, არც კი გვქონდეს, მაგრამ, ჩვენი ცხოვრების წესი სამაგალითო იყოს და უფალმა ისე მოგვცეს წყალობა. სადაც დავკიდებთ ხატებს, იქ მათ პატივი უნდა მივაგოთ. იქ არ უნდა იყოს ლანძღვა, განკითხვა, ბილწსიტყვაობა, თამბაქოს მოწევა. აი, აქ წარმოჩინდება ჩვენი სულიერი მდგომარეობა, როგორ მივაგებთ ხატს პატივს. თუ ჩამოვკიდებთ ხატს და ელემენტარულ სარწმუნოებრივ წესებს არ დავიცავთ, მაშინ ხატს, მასზე გამოსახულ წმიდანს, ჩვენთვის არანაირი სულიერი მნიშვნელობა არ ექნება, პირიქით, დავისჯებით უფლის წინაშე მკრეხელური საქციელის გამო.

– ხალხში ასეთი ცრურწმენაც არსებობს, რომ ხატებისთვის ადგილის შეცვლას ოჯახისთვის უბედურება მოაქვს.

– ეს მხოლოდ ცრურწმენაა. ჩვენ ღვთის ხატებას გულში ვატარებთ და ხატები იმიტომ შეიქმნა, რომ ღმერთმა ადამიანების მიმართ თავისი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოავლინა. ჩვენ, მართლმადიდებლებს, აუცილებლად უნდა გვქონდეს ხატები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი თავისი ხატებით, ცხოვრების წესით, სარწმუნოებით უნდა ემსგავსებოდეს უფალს. და თუ ის ხატებთანაც შეძლებს ნაყოფიერ ლოცვას, ამას რა ჯობია. მაგრამ, თუ არ ექნება ხატი და, მის გარეშეც გულწრფელად ილოცებს, ეს ლოცვაც უფლისგან იქნება შესმენილი. რადგან, თუ დავკიდებთ ხატებს და მათ წინაშე არ ვილოცებთ, მაშინ, რა აზრი ექნება ასეთი ხატების ქონას, თუ ის თავის ფუნქციას, დანიშნულებას არ შეასრულებს, თუ ადამიანი არ მივა ხატთან და მასზე გამოსახული წმიდანის დახმარებით არ მიიღებს ზეციურ ჯილდოს, საზღაურს საკუთარი ლოცვიდან გამომდინარე?!


скачать dle 11.3