სიბრძნე მინიატურებში
სცადე
ერთხელ, მეფემ სამეფო კარის დიდებულების გამოცდა გადაწყვიტა – აინტერესებდა, ვინ შეძლებდა მის სამეფოში მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას. მრავალი ძლევამოსილი და ბრძენი ადამიანი ეახლა მეფეს.
– ბრძენნო, – მიმართა მათ, – მე თქვენთვის რთული დავალება მაქვს. მინდა გავიგო, თქვენ შორის ვინ შეძლებს მის შესრულებას. მან ისინი ისეთ უზარმაზარ კართან მიიყვანა, რომ მსგავსი აქამდე არავის ენახა. იმ კართა შორის, რომელიც აქამდე ჩემს სამეფოში ყოფილა, ეს ყველაზე დიდი და მძიმეა. ვინ შეძლებს მის გაღებას? – იკითხა მეფემ.
ზოგიერთებმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს. ისინი, ვინც ბრძენებად ითვლებოდნენ, კარს მიუახლოვდნენ, შეათვალიერეს და გამოტყდნენ, რომ მის გაღებას ვერ შეძლებდნენ. რაკი ბრძენებმა აღიარეს, სხვებიც დაეთანხმნენ, რომ კარის გაღება ძალიან ძნელი იყო. მხოლოდ ერთი ვეზირი მივიდა კართან, ყურადღებით დაათვალიერა, ხელით შეეხო, მისი დაძვრა სცადა და ბოლოს ხელი ჰკრა. ჰოი, საოცრებავ, კარი უბრალოდ მიხურული ყოფილა და არა – ჩაკეტილი! ამის შესამოწმებლად მხოლოდ სურვილი იყო საჭირო. გაბედული მოქმედებისთვის კი – სიმამაცე. მაშინ მეფემ ბრძანა:
– შენ სასახლის კარზე თანამდებობას იმიტომ მიიღებ, რომ მხოლოდ იმას არ სჯერდები, რასაც ხედავ და გესმის, შენი საკუთარი ძალის იმედიც გაქვს და არ გეშინია, სცადო.
ყავასა და
ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე
ყოფილი სტუდენტები, რომელმაც წარმატებას მიაღწიეს და მშვენიერი კარიერაც აიწყვეს, თავის მოხუც პროფესორს ესტუმრნენ. რასაკვირველია, საუბარი სამსახურზე ჩამოვარდა – ყოფილი სტუდენტები ჩიოდნენ მრავალრიცხოვანი სირთულისა და ცხოვრებისეული პრობლემების გამო. ყავის მოსამზადებლად პროფესორი სამზარეულოში გავიდა და უკან ყავის ლანგრით დაბრუნდა, რომელზეც სხვადასხვანაირი ფინჯნები იდგა: ფაიფურის, მინის, პლასტმასის, ბროლის, უბრალოც იყო მათ შორის, ძვირფასიც და დახვეწილიც. სტუდენტებმა ფინჯნები რომ დაინაწილეს, პროფესორმა უთხრა: თუ დააკვირდით, ლანგარზე ძვირფასი ფინჯნებიდან ერთიც კი არ დარჩა, ყველა აღებულია. იაფფასიანსა და უბრალოს ხელი არავინ მოჰკიდა. თქვენი პრობლემების სათავე სწორედ ეს არის – გსურთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ძვირფასი გქონდეთ. იცოდეთ, რომ ფინჯანი არ განსაზღვრავს ყავის ავკარგიანობას. ხანდახან შეიძლება, ის ყავაზე ძვირფასი იყოს. ხანდახან კი დაფაროს და არ გამოაჩინოს, რას ვსვამთ. ის, რაც თქვენ სინამდვილეში გინდოდათ მიგეღოთ, ყავა იყო და არა – ფინჯანი. მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა მაინც გამიზნულად აირჩია მათ შორის საუკეთესო. შემდეგ კი ერთმანეთს აკვირდებოდით, ვის როგორი ფინჯანი შეხვდა. ახლა კი აი, რაზე დაფიქრდით: ცხოვრება ყავაა; სამსახური, ფული, მდგომარეობა და საზოგადოება კი – ფინჯნები. ისინი მხოლოდ ცხოვრების დამხმარე საშუალებებია. ის, თუ როგორი ფინჯანი გვაქვს, ჩვენს ცხოვრებას ვერც განსაზღვრავს და ვერც მის ხარისხს შეცვლის. ხანდახან, როდესაც მთელი ყურადღება ფინჯანზე გვაქვს გადატანილი, გვავიწყდება მასში ჩასხმული ყავით დავტკბეთ და ვისიამოვნოთ. დატკბით და ისიამოვნეთ ყავით! ყველაზე ბედნიერ ადამიანებს არ გააჩნიათ ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ ისინი იღებენ დიდ სიკეთეს იქიდან, რაც აბადიათ. ბედნიერება სწორედ ის არის, რომ გინდოდეს და გახარებდეს, რაც გაქვს და არა იმის ფლობის სურვილი, რაც არ გაქვს და გინდა, რომ გქონდეს.