მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ქრისტიანულია თუ არა საკურთხის ცნება და რომელ დღეს უნდა მივიტანოთ ის ეკლესიაში?
პასუხი: საკურთხი, რა თქმა უნდა, ქრისტიანული მცნებაა. თვითონ სიტყვიდან ჩანს, რომ რაღაც უნდა იკურთხოს, ამ შემთხვევაში პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიცვალებულთა სახელზე მიგვაქვს. კურთხევა ხდება პანაშვიდის დროს, რის შემდეგაც საკურთხი უნდა გაიცეს მიცვალებულის სახელზე. საკურთხი ეკლესიაში შეგიძლიათ, მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათ დღეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ბავშვის ოთახში მოვაწყო ხატების კუთხე?
პასუხი: აუცილებელია, ბავშვის საძინებელ ოთახში იყოს ხატი ან ხატების კუთხე. მართლმადიდებლურ ოჯახებში უძველესი დროიდან არსებობდა ასეთი ტრადიცია, ბავშვის საწოლის თავზე მისი მფარველი წმიდანის ხატს კიდებდნენ. ამგვარად, ბავშვებს მცირე ასაკიდანვე აჩვევდნენ ხატთან დამოკიდებულებას, ლოცვას, მასთან მიახლებასა და მთხვევას.
კითხვა: შეიძლება თუ არა ერთდროულად ორი ჯვრის ტარება?
პასუხი: ორი ჯვრის ტარება ერთდროულად შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ გაქვთ სასულიერო პირის კურთხევა ან რომელიმე წმიდა ადგილიდან წამოღებული ჯვარი, მაგალითად, თუ ის უფლის საფლავზეა ნაკურთხი. ასეთ დროს შეიძლება, ასეთი ჯვარი ატაროთ ნათლობის ჯვართან ერთად. სხვა შემთხვევაში, ქრისტიანმა ერთი ჯვარი უნდა ატაროს, რადგან იესო ქრისტე ერთ ჯვარზე იყო ვნებული.
კითხვა: ეკლესიებში შემინიშნავს ფულის შესაწირავად გამოყოფილი რამდენიმე ყუთი, წარწერით: „შესაწირავი მღვდელმსახურებისთვის“, „შესაწირავი ეკლესიისთვის“ და ასე შემდეგ. მიზანშეწონილია რამდენიმე შესაწირავის არსებობა ეკლესიაში?
პასუხი: შესაწირავი შეიძლება იყოს ერთიც და რამდენიმეც, ამაში გასაოცარი არაფერია. ერთით შეგროვილი თანხა შეიძლება მოხმარდეს ეკლესიის სამშენებლო სამუშაოებს, მეორით შეკრებილი თანხა კი, რომელიც მღვდელმსახურებისთვისაა განკუთვნილი, შეიძლება დაურიგდეთ სტიქაროსნებსა და ეკლესიაში მომუშავე სხვა ადამიანებს. ასევე, შეიძლება, მოძღვარმა გამოიყენოს სხვადასხვა საჭიროებისთვის ეკლესიაში.