მამათა შეგონებანი
ალექსი ბერი: ადამიანი სანამ ხორცში მყოფობს, ცხოვრება მისი ყოველმხრივ უბედურების ღაღადისია. ვინც უნდა იყოს იგი, ხელმწიფებასა შინა მყოფნიც, იგივე უბედურების მსხვერპლია.
არქიმანდრიტი რაფაელი: ადმიანმა თავის გული უწყვეტლივ უნდა წმინდოს ზრახვებისა და ვნებებისგან. ყველაზე მთავარი და უნივერსალური ვნება – ეს საკუთარი თავის სიყვარულია, რომელიც თავს სიამაყეში იჩენს. ეს სულიერი იზოლაციონიზმია, საკუთარი თავის დაპირისპირებაა არა მხოლოდ ხალხთან, არამედ ღმერთთანაც.
***
ამაყი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია. იგი არ შეიძლება, ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს. ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისი გულით მარადისობას ვერ შეიგრძნობს, რამდენადაც მასში მოუნანიებელი ცოდვები, ვნებები ბუდობს. ამაყს ხომ არ შეუძლია მოინანიოს, ის ყველაფერში მართალია. მას არ შეუძლია ილოცოს, თუნდაც კითხულობდეს ლოცვის სიტყვებს, რადგან მიაჩნია: რამეზე რომ ევედროს და ითავხედოს – ეს მას არ შეშვენის.
ბერი იაკობი: უკუაგდე ბოროტი აზრები და ფანტაზიები; რასაც სატანა გთავაზობს, აინუნშიც ნუ ჩააგდებ.
მარკოზ განშორებული: ბოროტის გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი. მაგრამ, არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.
ზოსიმე პალესტინელი: თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფლისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა. ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი – ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისთვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდვები შევინანოთ. თუ მას მწუხარებით შევხვდებით, ეშმაკზე უფრო ძლიერი მტერი შევიქმნებით ჩვენი სულებისა და დიდად ვავნებთ საკუთარ თავს.
სიმეონ ღვთისმეტყველი: ვნებებით შეპყრობილი გონებისთვის შეუძლებელია ღმერთთან მიახლოება და შეერთება. ამიტომ, სანამ იგი ვნებებსაა დაქვემდებარებული, ღმერთის წყალობასაც ვერაფრით ეღირსება, თუნდაც დღემუდამ ლოცულობდეს. ხოლო თუ შეძლებს და განიშორებს ვნებით აღსავსე ფიქრებსა და სურვილებს, გულშემუსვრილი დაიწყებს ტირილსა და სინანულს, რომელშიც თავის დასამდაბლებლად დიდხანს დაჰყოფს, ბოლოს მაინც მიაღწევს იმას, რომ ღმერთისკენ მიაქციოს საკუთარი სულის ნებელობითი ძალა.
ბასილი დიდი: მომხვეჭელობის ვნება ხშირად მშობლებშიც ბუნების ხმას ახშობს, აღძრავს ძმათა შორის შუღლს, უდაბნოებს ავსებს მკვლელებით, ზღვებს – ყაჩაღებით, ქალაქში წარმოშობს ცილისმწამებლებს.
ბერი პორფირი: ლოცვა, შვილო ჩემო, თავად ღმერთთან – სამყაროს შემოქმედთან, დამბადებელთან საუბარს ნიშნავს! ეს მან შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. მანვე დაბადა ყოველივე ხილული და უხილავი. ის არასოდეს შეგაქცევს ზურგს; პირიქით, ყოველთვის მზად არის გულისყურითა და სიყვარულით მოგისმინოს, როგორც კეთილმა მამამ შვილს. ღმერთი იმ შემთხვევაში შეგისრულებს თხოვნას, თუ იგი სასიკეთოდ წაადგება ჩვენს სულს.