რატომ აპირებს გათხოვების შემდეგ ცირა სუქნიძე სტიუარდესობას და როგორ დააინტრიგა ის მომავალმა მეუღლემ
8 მაისს „მის საქართველომ“, ცირა სუქნიძემ, რომელიც ქორწილში „მარიონელას“ საპატარძლო კაბაში იყო გამოწყობილი და მისმა მეუღლემ, გიორგი გოგოლაძემ, რომელიც მომავალი პილოტია (მისი ბაბუა სამხედრო პილოტი იყო), ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს. მათ ერთმანეთი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაიცნეს, მალევე გაუგეს ერთმანეთს, ოჯახი შექმნეს და ახლა უვე პატარა გოგონას ელოდებიან. მე ამ მშვენიერ წყვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ!
ცირა: ისეთი პროფესია აქვს, რომ ძალიან მეშინია, თან, სულ წასული უნდა იყოს. იმედია, ისეთ განრიგს აირჩევს, რომ ოჯახისთვის მოიცლის. მერე მეც სტიუარდესად დავიწყებ მუშაობას და ერთად ვიქნებით ჰაერშიც, მიწაზეც და ბავშვსაც მივუჩენთ თვითმფრინავში ადგილს.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ერთმანეთი გაგვაცნო გიორგის მეგობარმა, რომელიც ჩემი ნათესავია, თან, სრულიად შემთხვევით – გიოს მანქანა დაგვჭირდა და ერთად წავედით.
გიორგი: იმ მომენტში არავის უთქვამს, რომ ცირასთან ერთად მივდიოდით, მერე გავიგე. თუმცა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე მომეწონა. მოგვიანებით, როდესაც სუფრასთან მოვხვდით ერთად, გავიგე, ვინც იყო. გავოცდი – როგორ არ ვიცოდი, „მის საქართველო“ რომ იყო-მეთქი.
ცირა: იცი, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ვინ არის ეს ხეპრე-მეთქი, იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი სახე ჰქონდა. მანქანიდან ისე გადმოვიდა, არც „გამარჯობა“ მითხრა და არც შემომხედა; თან, გამოპრანჭული ვიყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი „მის მსოფლიოდან“, ვკეკლუცობდი, ეს კი „გამარჯობას“ არ მეუბნებოდა. თავიდანვე რომ არ გამოიჩინა ყურადღება, ეს უფრო გამომწვევი და დამაინტრიგებელი იყო.
გიორგი: უბრალოდ, დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე.
ცირა: ახალი წლის მერე ყველამ გადავწყვიტეთ, ბაკურიანში წავსულიყავით.
გიორგი: აღმოვჩნდით რომელიღაც სოფელში, სადაც არც წყალი იყო, არც თოვლი, მარტო ტალახი იყო.
ცირა: ყველას დაემართა ვირუსი, მეც კი ცუდად ვიყავი, მაგრამ, ყველას ვუვლიდი. პირველი გიო დავირუსდა.
გიორგი: ისე მივლიდა, რომ ამით შემაყვარა თავი. ჩემთან სპეციალურად მოდიოდა და ხან ჩაის მიკეთებდა, ხან სიცხეს მიზომავდა. ჩვენი ურთიერთობის ერთი წელი ლამის სამ წელს უდრის. ერთი დღე არ ჩაგვიგდია, სულ ერთად ვიყავით.
ცირა: მაინც სულ სხვაა შეყვარებულობის პერიოდი, ახლაც მენატრება. გიო ძალიან კარგი ადამიანია, გამგები, ყველაფერი ესმის. ასეთია, ან, მე მინდა, რომ ასეთი იყოს.
გიორგი: ცირაში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია, თავისი ტიტული თავში არ ჰქონდა ავარდნილი. უპირველეს ყოვლისა, ამან დამაინტერესა და მერე უკვე ხასიათის სხვა თვისებებმა.
– ალბათ, არის საკითხები, რაზეც კამათობთ?
– ცოტახნიანი გაბუტვები გვქონდა, მაგრამ, ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე, ვრეკავდით და ვრიგდებოდით.
ცირა: რომ წავიდოდი, სად ხარო, მეკითხებოდა და ოც წუთში ისევ ვხვდებოდით. დაქორწინება ნოემბერში გადავწყვიტეთ და ახალ წლამდე უკვე ერთად ვიყავით.
გიორგი: ჯვრის დაწერაც მალევე გვინდოდა, მაგრამ, ჩემი ნათესავი გარდაიცვალა და ამიტომ გადავდეთ მაისისთვის.
– რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ, ორსულობამ ხასიათი შეგიცვალა?
ცირა: ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ. თავიდან უფრო ვიყავი ჭირვეული.
გიორგი: ძალიან ჭირვეული არ ყოფილა. მარწყვი უნდა, მაგრამ, არ ვაჭმევ – მეშინია, არ მოიწამლოს.
ცირა: სენტიმენტალური გავხდი, გიოსთან ყველაფერზე კამათი მომდიოდა და ბოლოს ტირილით ვამთავრებდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებდა, ჭკუა ვისწავლე და ბევრ რამეს, მაგალითად, თუ გვიან მოვა სახლში, აღარ ვაქცევ ყურადღებას.
გიორგი: ამ დროს ყოველთვის ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ, რომ გაბრაზდება, მერე რთულია ამის დამშვიდება. უფრო სწორად, ამ დროს არაფერს გეუბნება, თავისთვის არის მოწყენილი და ძნელია, კარგ ხასიათზე რომ დააყენო.
ცირა: თავიდან, რომ გავიგე ჩემი ფეხმძიმობის შესახებ, ამისთვის არ ვიყავი მზად. არ ვიცოდი, უნდა გამხარებოდა, უნდა მეცინა თუ მეტირა. მოკლედ, თავზარი დაგვეცა. თავიდან ექოსკოპიაზე ბიჭი გვითხრეს და გიოს ძალიან გაუხარდა. მერე გოგო გვითხრეს და გიო გაჩუმდა. დარწმუნებული ხართ, რომ გოგოაო? – იმედოვნებდა, რომ ბიჭი იყო.
– ქორწილში კარგი დრო გაატარეთ, ბოლომდე გაერთეთ?
გიორგი: მე ვნერვიულობდი, მინდოდა, ყველასთვის მიმექცია ყურადღება და კარგად ვერ გავერთე, სულ დავრბოდი.
ცირა: როდესაც ცეკვა „ქართული“ დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ გიოს ფეხსაცმელი არ უცურავდა და გასმები ვერ გააკეთა. შუა ცეკვაში მიმატოვა, მე მაინც გავაგრძელე. მერე სხვა ბიჭი გადმოხტა და ის მეცეკვა. არადა, მთელი თვე დავდიოდით ცეკვაზე.
გიორგი: სამაგიეროდ, კარგად ვიმღერეთ.
ცირა: არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი და, სმენა აქვს. ერთად ვიმღერეთ და ძალიან კარგი გამოვიდა, ვისიამოვნეთ.