რატომ უჯერებენ მამაკაცებს ქალები, როცა ზუსტად იციან, რომ ისინი ტყუიან
ქალებს სხვანაირად უყვართ... ყოველ შემთხვევაში, ისინი გაცილებით ხშირად თმობენ საკუთარ ინტერესებს მამაკაცის გამო. უფრო ხშირად მიდიან მსხვერპლზე და გაცილებით მეტსაც ითმენენ, ისევ და ისევ სიყვარულის სახელით. ქალმა, შეიძლება, ითამაშოს სიყვარული, მაგრამ ის ამას იმიტომ არ გააკეთებს, რომ კაცი ლოგინში შეიტყუოს. მამაკაცების უმრავლესობას კი, სწორედ ამიტომ სჭირდება სიყვარული – ასეთია ფსიქოლოგებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრება.
ცნობილია, რომ მამაკაცი უფრო მოქმედების არსებაა, ქალი კი – გრძნობების. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცს გრძნობები არ გააჩნია ან ემოციებისგან შორს არის. მაგრამ, თუ ქალს სიყვარულის დამადასტურებლად სიტყვები სჭირდება, მამაკაცისთვის დიდ გრძნობაზე ლაპარაკი არსებითად არაფერს ნიშნავს. ქალს ასეთი სიტყვების მოსმენის მოთხოვნილება სისტემატურად აქვს, ნებისმიერ დროს და განუსაზღვრელი რაოდენობით.
მამაკაცი მიდრეკილია პოლიგამიისთვის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ძლიერი სქესისა მოღალატეა. ქალებისთვის კი ეს შედარებით უცხოა. მაგრამ, ფაქტია ის, რომ ბალანსი მამაკაცების მხარეს იხრება – ისინი გაცილებით ხშირად ღალატობენ პარტნიორებს და ამას ტრაგიკულად ან ანომალიად არ აღიქვამენ. თუმცა ის რეაქცია, რომელიც ქალებს მათ საქციელზე აქვთ, მათთვის მიუღებელი და მტკივნეულია.
ვახო (37 წლის): საწუწუნოდ და ვინმეს გასალანძღავად არ მოვსულვარ. მინდა, რაღაცაში გავერკვე და, ვფიქრობ, ეს საუბარი ამაში დამეხმარება. პრინციპში, ჩემთვის გარკვეულია. მაგრამ, იმას ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ არ უნდა გამოუვიდეს ორ ადამიანს ურთიერთობა, როცა მათ შორის ნამდვილად არის სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარს ცოლი და იმასაც ვუყვარვარ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მომენტში ერთად არ ვართ.
– ეტყობა, იმას არ სჯერა, რომ გიყვართ.
– სწორედ ეს არის ის, რაშიც ვერ გავერკვიე. ჩემი ცოლის გადაწყვეტილება, გაშორების შესახებ ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამას თუ გააკეთებდა. ყველაზე რთულ პერიოდში (მქონდა ცხოვრებაში ასეთი პერიოდი) ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მხარს მიჭერდა, არაფერს ითხოვდა და არ წუწუნებდა. ერთ დღეს კი ერთბაშად გამომიცხადა, შენ ხარ ეგოისტი, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ. ჩვენი ურთიერთობა და ოჯახი შენთვის არაფერს ნიშნავს. მე მხოლოდ მოსამსახურედ გჭირდები. დავიღალე ასეთი ცხოვრებისგან, მეტი აღარ შემიძლია და ორივესთვის აჯობებს, თუ წახვალო.
– ეს ასე ერთბაშად და უცბად მოხდა? მანამდე კამათი ან ჩხუბი არ გქონიათ?
– ჩხუბს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ჩემი ცოლი ბოლო დროს ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი. მაგრამ მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი. შეიძლება, ეს ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ, ხომ შეეძლო, ადამიანურად დამლაპარაკებოდა და აეხსნა. წასვლაა გამოსავალი?
– თუ გელაპარაკებოდათ და არ უსმენდით?!
– რა არის, იცით? ქალები ცოტა სხვანაირები ხართ. მაქსიმუმს მოითხოვთ მამაკაცისგან: მან კიდეც უნდა იმუშაოს, საჩუქრებითაც უნდა გაგანებივროთ, ოჯახზეც უნდა იზრუნოს და ყოველ წუთს სიყვარულიც უნდა გიმტკიცოთ. არ არის ეს ადვილი. ადვილი კი არა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მითხარით, რატომ არის აუცილებელი, ქალს ყოველდღე უთხრა, რომ გიყვარს?
– არ არის აუცილებელი და ამას არც ვითხოვთ. თქვენ ახლა თავის გამართლებას ცდილობთ.
– არაფერსაც არ ვცდილობ. ჩემი ცოლის საქციელი გაუმართლებლად მიმაჩნია. მე არ ვიმსახურებდი იმას, რომ გავეგდე თავისი ცხოვრებიდან. არ უარვყოფ, არ ვიყავი იდეალური ქმარი, მაგრამ, ნამდვილად ბევრს ვჯობდი.
– ეს რას ნიშნავს? რისი თქმა გინდათ ამით? რომ არ სცემდით?
– არა, არა, ცემა რა უბედურებაა, ეს როგორ იფიქრეთ?! აბსოლუტურად სხვა რამეს ვგულისხმობ: არაფერში ვზღუდავდი, ზედმეტად არ ვაწუხებდი, ვზრუნავდი მასზე, არც მოფერებას ვაკლებდი.
– ეტყობა, რაღაც მაინც დააკელით.
– ტიპური ქალის პასუხია. ყველაფერი უნდა მომაყოლოთ და მათქმევინოთ? თავიდან, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, იყო რაღაც, რაც, ჩემი აზრით, დიდი ხნის დავიწყებული უნდა ჰქონოდა ჩემს ცოლს. იმიტომ რომ, პირადად, მე აღარც მახსენდება ქალი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი მეგონა.
– ანუ, სხვა ქალის ფაქტორი მაინც არსებობს.
– ვერ დავარქმევ ამას „სხვა ქალის“ ფაქტორს, რადგან, რაც ცოლი მყავს, სხვა ქალი არ მყოლია. არც სუპერერთგული ქმრის როლს ვთამაშობ და არც თქვენთან ვაპირებ თავის მოწონებას. რაც სიმართლეა, იმას ვამბობ. მანამდე კი მიყვარდა სხვა. ყოველ შემთხვევაში, მე მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა. ხომ ხდება, როცა გული ერთს გკარნახობს, გონება კი – მეორეს. ეს გრძნობა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო. მაშინ გავიგე, რას ნიშნავს უძილო ღამეები.
– არ უყვარდით?
– არ ვიცი. ალბათ, არ ვუყვარდი, მაგრამ, მაწვალებდა: ხან მიმიშვებდა თავისთან, ხან გამირბოდა. ზოგჯერ ვფიქრობდი, ჩემზე გიჟდება-მეთქი, თუმცა, შეეძლო, რამდენიმე წუთში დეპრესიაში ჩავეგდე თავისი საქციელით. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ყველა მამაკაცი ამის ღირსია. პრინციპში, მართლა ვიყავი ღირსი – რა მინდოდა, რას ვეძალებოდი? ახლა მიკვირს, საერთოდ როგორ მომივიდა აზრად მისი სიყვარული-მეთქი.
– თქვენ ეს ყველაფერი ცოლს მოუყევით?
– მოვუყევი კი არა, ამ ყველაფრის მოწმე იყო პირველივე დღიდან. საქმე ისაა, რომ მე და ჩემი ცოლი ჯერ მეგობრები ვიყავით. თვითონ ყოველთვის ვუყვარდი, ჩვენი ნაცნობობის პირველივე დღიდან.
– გეუბნებოდათ ამას?
– თქმა რად უნდოდა, ისედაც ყველაფერს ვხვდებოდი. ალბათ, ნაძირალა გგონივართ, მაგრამ, საერთოდ ასეა, გვიან აფასებ იმას, რაც ისედაც შენია და წვალების გარეშე გივარდება ხელში. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცები ასე ვართ. მე ძალიან მომწონდა თიკოსთან მეგობრობა, მასთან თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ, რატომღაც მეგონა, რომ ეს არ იყო სიყვარული. შეიძლება, ჩემს ნერვებზე რომ თამაშობდა და სულ მაღიზიანებდა, ამით ვყავდი ანკესზე წამოგებული. მისგან გაგიჟებული და გაცოფებული, თიკოსთან გავრბოდი და მისი სითბოთი ვიყავი განებივრებული. ეს, რატომღაც, ბუნებრივად მიმაჩნდა. თიკო არაფერს ითხოვდა, უბრალოდ, გვერდით იყო ყოველთვის, როცა მჭირდებოდა.
– ბევრი გადაუტანია თქვენს მეუღლეს.
– ზოგჯერ მეც ვფიქრობ ამაზე. ის მართლა ჩემთვის ცხოვრობდა. მივდიოდი ხოლმე და „დავგრუზავდი“ ჩემი პრობლემებით. არასდროს მიკითხავს, იქნებ მასაც ჰქონდა პრობლემები. მით უმეტეს, რომ მე ვიყავი მისი მთავარი პრობლემა. მაგრამ, ითმენდა და თავის დროს ელოდებოდა.
– ამას თქვენ ფიქრობთ თუ როდისმე გილაპარაკიათ ცოლთან ამაზე?
– ვფიქრობ და გვილაპარაკია კიდეც. თქვენ გგონიათ, მე თიკოს ვიყენებდი, უსინდისო ეგოისტივით ვექცეოდი?.. ალბათ, ასეც იყო, მაგრამ, ბოლოს ხომ მივხვდი, ვინ იყო ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი. როცა იმ ქალისგან საბოლოოდ უარი მივიღე და საკმარისზე მეტადაც ვიწვნიე დამცირება, როცა პირდაპირ მითხრა, არ მჭირდები, სხვა მყავსო, მაშინღა მოვედი აზრზე. თიკოსთან განადგურებული მივედი და დავრჩი მასთან, რამდენიმე თვე გაგრძელდა ჩემი თვითგვემა. თიკო კი, უბრალოდ, გულში მიხუტებდა და მეფერებოდა. მერე დავქორწინდით.
– დაქორწინდით იმიტომ, რომ თიკოსთან ყოფნა ჩვევად გექცათ?
– რაღაც მაგდაგვარი მოხდა. ხომ ხედავთ, ძალიან გულწრფელი ვარ. მერე კი მართლა შემიყვარდა.
– როდის მერე? ანუ, როდის იგრძენით, რომ თიკოს მიმართ გრძნობა გაგიჩნდათ?
– გულახდილად გითხრათ – რამდენიმე დღეა. უფრო სწორად, ხმამაღლა ახლა ვამბობ ამას, თორემ, საკუთარ თავთან დიდი ხნის წინ ვაღიარე.
– ცოლთან თუ აღიარეთ?
– როგორ არა. თუმცა, მგონი, ეს აღიარება ცოტა დაგვიანებული გამომივიდა. იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ცოლ-ქმარი ვართ, სიყვარულზე თიკოსთან არ მილაპარაკია – ვფიქრობდი, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა.
– რატომ არ გჭირდებოდათ? ქალს სჭირდება მეუღლისგან სასიყვარულო სიტყვების მოსმენა. მით უფრო, რომ იცოდა თქვენი გრძნობების შესახებ.
– ჰო, მაგრამ, ცოლად ხომ ის მოვიყვანე და მასზე ახლობელი ადამიანი აღარავინ მყავდა?! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. გვყავს შვილი, რომელზეც ვგიჟდები... ჩხუბი ჩვენ არ მოგვსვლია და სერიოზული უთანხმოება. ახლა კი, აღმოჩნდა, რომ მთელი ეს წლები ჩემი ცოლი ეჭვიანობით კვდებოდა. შოკში ვარ, გეფიცებით. მგონი, ასეთი რაღაც მარტო ქალებს შეუძლიათ.
– მამაკაცები არასდროს ეჭვიანობთ?
– მამაკაცები არასდროს ვეჭვიანობთ უაზროდ და უსაფუძვლოდ. იმაზე ეჭვიანობა, რაც იყო, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა. კომედიაა, ტრაგედია რომ არ იყოს. ვერაფერს ვხვდები და სრულ გაუგებრობაში ვარ. ოჯახი იმიტომ უნდა დამენგრას, რომ რამდენიმე წლის წინ ვიღაც ქალზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული? გეკითხებით, ეს ახლოს არის ლოგიკასთან? თუ არის, მაშინ, ვიტყვი, რომ დამნაშავე ვარ.
– სხვა მიზეზი მართლა არ არსებობს? მეუღლე იმიტომ შემოგწყრათ, რომ ვერ დაივიწყა თქვენი ძველი სიყვარულის ამბავი?
– დიახ, არ არსებობს სხვა მიზეზი. ბუნებრივია, ჩემი ცოლი ამას არ აღიარებს. მითხრა, შენ მაინც ვერ შემიყვარე. ვერაფერში ვერ ვგრძნობ, რომ ის ქალი დაივიწყე და მთელი სულით და გულით ჩემთან ხარ. უბრალოდ, მე რომ ზედ გყვები და ყველანაირად განებივრებ, ეს მოგწონს, კომფორტს ვერ ელევი, თორემ, ჩემში, საყვარელს ვინ ჩივის, ქალს საერთოდ ვერ ხედავო. ეს არის სრულიად უსაფუძვლო ბრალდება, რითაც მე საშინლად ვარ აღშფოთებული. არც დამიმალავს, რომ ძალიან მეწყინა. ვუთხარი კიდეც ჩემს ცოლს, საერთოდ არ მიცნობ-მეთქი. ვერ დავმალავ, რომ ძალიან გავბრაზდი. მთელი ხუთი წელი რატომ იყო ჩუმად? მითხარით, მე რამე ბრალი მიმიძღვის?
– იცით, მე მესმის თქვენი მეუღლის.
– იმიტომ გესმით, რომ თქვენც ქალი ხართ, ოღონდ, ამას საწყენად არ გეუბნებით. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მამაკაცი ზუსტად ჩემსავით აღშფოთდებოდა. შეიძლება, მართლაც ძალიან განსხვავებულები ვართ, არ ვიცი.
– უბრალოდ, მამაკაცები საკმაოდ ხშირად თამაშობენ სიყვარულს კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ. მაგრამ ვითომ, ქალები არ თამაშობენ სიყვარულს, რომ გათხოვდნენ?
– რატომ უნდა უნდოდეს ქალს, გათხოვდეს კაცზე, რომელიც არ უყვარს?
– აბა, რა გითხრათ. მაგალითად, საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად... რა, არ თხოვდებიან მამაკაცის ფულების ხიბლით? რატომ გაიოცეთ? არ უყვართ, მაგრამ თამაშობენ სიყვარულს. კაცს აბრიყვებენ, თვალს უბამენ და, თავისას რომ გაინაღდებენ, მერე სხვა ჰანგზე მღერიან. იცით, როგორც ხდება. არ შეიძლება, მარტო კაცისგან შეიქმნას მტრის ხატი, ქალები კი წამებულებად შევრაცხოთ. ქალებს სხვანაირად უყვართო. ჩემს ცოლსაც ვუყვარდი „სხვანაირად“ და, აი, სადამდე მივედი. ჯერ არ იღებდა ხმას, მერე ამოიღო და, ისეთი, რომ ვერანაირი ბოდიში ვეღარ ჭრის. მე ჩემი ცოლი არასდროს მომიტყუებია. არც მაშინ მითქვამს, რომ მიყვარდა, როცა სხვაზე ვფიქრობდი და არც ახლა ვტყუი, როცა ვამბობ, რომ მიყვარს. მამაკაცებმაც ვიცით სიყვარული. მართლა ასეც არ არის საქმე.
– თქვენმა მეუღლემ სიყვარულისთვის, ანუ, თქვენთვის, მართლა გაიღო მსხვერპლი. ამის არდანახვა შეუძლებელია.
– კარგი, რა! მერე, ხომ დაუფასდა ეს მსხვერპლი? დღეს ის ჩემი ცოლია და ჩემი შვილის დედა. მითხარით, რა საჭიროა წარსულის ქექვა, მით უმეტეს, როცა ამ წარსულს ჩემთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს? ღირს კი ჩვენი კარგი ოჯახის დანგრევა ამ სისულელისთვის? მართალია, არ მიყვარდა, როცა ცოლად შევირთე, მაგრამ, ახლა ხომ მიყვარს. ეს არ უნდა იყოს მისთვის მთავარი?!