ინტიმური საუბრები
ძმამ ჩემი ქონება ნიძლავში წააგო
სამსახურის გამო, წლების წინ, ცოლშვილიანად მომიხდა მოსკოვში გადაბარგება. წესით, ერთ-ორ წელიწადში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ, საქმე ისე აეწყო, რომ შვიდი წელი მოგვიწია იქ ცხოვრება.
ჩემი თბილისის ბინა ძმას ვათხოვე, რადგან თავისი ბინა გაქირავებული ჰქონდა, თვითონ კი მეგობართან იყო შეხიზნული. ამიტომ, ვუთხარი, ჩემს ბინაში იცხოვრე ჩვენს ჩამოსვლამდე-მეთქი.
ისე მოხდა, რომ მთელი შვიდი წლის განმავლობაში არც მე და არც ჩემი ცოლი თბილისში არ ჩამოვსულვართ. ცხადია, ჩემს ძმასთან ურთიერთობა გვქონდა – ლამის ყოველ მეორე დღეს ვურეკავდით ერთმანეთს. რამდენჯერმე თვითონაც ჩამოვიდა ჩვენთან მოსკოვში. რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომსვლია, რამე მეკითხა ჩემი ბინის შესახებ. უბრალოდ, მხოლოდ იმას ვაფრთხილებდი, სახლიდან გასვლისას ან წყალი არ დაგრჩეს მოშვებული, ან რამე ჩართული-მეთქი. ჩემი ძმა უცოლო იყო და, ხომ იცით, მარტოხელა კაცი უყურადღებოა.
ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ჩვენი დაბრუნების დღეც. ჩემს ძმას დავურეკე და ვუთხარი, „ს ვეშჩამი“ ვბრუნდებით და აეროპორტში დაგვხვდი-მეთქი. რაღაც, ხმა კი არ მომეწონა, მაგრამ, მითხრა, გრიპი მქონდა და იმიტომ მაქვს ყელი ჩახრინწულიო.
მოკლედ, დავბრუნდით თბილისში მე და ჩემი ცოლ-შვილი. ყელამდე გვაქვს ბარგი. ვდგავართ, ველოდებით, ჩემი ძმა კი არ ჩანს. ავტომატიდან სახლში ვურეკავ (მაშინ მობილურები არ იყო), მაგრამ, ვიღაც უცხო იღებს და მეუბნება, სხვაგან მოხვდითო. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა – ცუდად ხომ არ არის ან გზაში ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, იძულებული გავხდი, ტაქსი დამექირავებინა. ჩემს ბინას რომ მივადექი, გამიკვირდა – კარიც და სადარბაზოს კედლებიც სხვა ფერად იყო გადაღებილი. ვიფიქრე, ძმამ სიურპრიზი გამიკეთა-მეთქი და კმაყოფილი სახით დავრეკე ზარი. ცოტა ხანში კარი სპორტულ პიჟამაში გამოწყობილმა მაღალმა მამაკაცმა გამიღო. მოკლედ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ ჩემს ძმას დიდი თანხა წაუგია ვიღაცასთან და, რომ არ მოეკლათ, ჩემი ბინა გაუყიდია.
ის ღამე ცოლის ნათესავებთან გავათენეთ, მთელი შემდეგი კვირა კი ჩემი ძმის ძებნას მოვანდომეთ. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვეთ. ჩვენ შორის რაც მოხდა, ის ცალკე წერილის თემაა, მაგრამ ბინა, რა თქმა უნდა, ვერ დამიბრუნა, ვერც მისი საფასური, რადგან თავისი ბინაც დაგირავებული ჰქონდა. ასე აღმოვჩნდი ქუჩაში ცოლიან-შვილებიანად. კიდევ კარგი, რაღაც დანაზოგი მქონდა. სანამ ახალ ბინას ვიყიდდი, ვიქირავე ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“. ჩამოსვლის შემდეგ ოთხი-ხუთი წელი დამჭირდა ფეხზე დასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თანხა მქონდა და მთლად ნულზე არ ვიყავი. ჩემი ძმა კი სამუდამოდ დავკარგე. უფრო სწორად, თვითონ ვეღარ მოდის ჩვენთან – ეტყობა, ნამუსის მაგვარი რაღაც კიდევ შერჩენია და რცხვენია, თორემ, ჩემი გულის ამბავი რომ ვიცი, რომ მოვიდეს, ბოდიში მომიხადოს და პატიება მთხოვოს, მართლა ვაპატიებ – ბოლოს და ბოლოს, მაინც ძმაა.
ბონდო, 48 წლის.
პირველ ცოლზე მეორედ დავქორწინდი
ძალიან ახალგაზრდამ შევირთე ცოლი – 22 წლის ვიყავი. ლალი 21-ის იყო. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ამ ხუთი წლიდან ოთხი წელი ჩხუბში გავატარეთ. არადა, ისე გვიყვარდა ერთმანეთი, ჭკუას ვკარგავდით. არ ვიცი, ჩვენი ახალგაზრდა ასაკის გამო ხდებოდა ასე თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მაგრამ, შეგვეძლო, ბაღის ბავშვებივით გვეკინკლავა ყველაფერზე, რაც მერე ხელჩართულ ბრძოლასა და ლანძღვა-გინებაში გადადიოდა. ისიც კარგი ჯიუტი და თავისნათქვამა იყო, მაგრამ, მეც არა მიშავდა რა, თან ძალიან ფიცხი ხასიათი მქონდა და ვერ ვიტანდი, ვინმე რამეში რომ მეწინააღმდეგებოდა, მით უმეტეს – ცოლი. ამიტომ, როგორც იტყვიან, „ტორმუზი“ აღარ მქონდა და ისეთ „მოუკრეფავში“ გადავდიოდი, რომ ყველაფერს ვაკადრებდი ხოლმე ლალის. ამის გამო რამდენჯერმე გაიქცა სახლიდან დედამისთან (რა თქმა უნდა, ბავშვიანად), მაგრამ, ზუსტად ორი-სამი საათის მერე ისე ცუდად ვხდებოდი, სახლში მისი ხმა რომ აღარ მესმოდა, ჭკუიდან გადავდიოდი. თურმე, ლალისაც ასევე ემართებოდა. ისეც მომხდარა, რომ შუადღეს გაქცეული ცოლის უკან დასაბრუნებლად საღამოს წავსულვარ და შუა გზაში შევხვედრივართ ერთმანეთს – თვითონაც ვერ გაუძლია უჩემოდ და საკუთარი ფეხით ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ, ასეთი სიყვარულის მიუხედავად, ჩვენი ოჯახი მაინც დაინგრა. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი – უბრალოდ, ერთმანეთის სიყვარულს ვეღარ გავუძელით: ვწვავდით ერთმანეთს, ვანგრევდით, ენერგიას ვაცლიდით. ერთი სიტყვით, ბოლოს მაინც გავეყარეთ. ბავშვი, ცხადია, ლალისთან დარჩა, მაგრამ ყურადღებას არ ვაკლებდი.
მერე ისე მოხდა, რომ ცოლი შევირთე. არ იყო ცუდი გოგო, მაგრამ, მის მიმართ ის სიყვარული არ მქონდა, რაც ლალისთან. ჩემდაუნებურად, სულ პარალელებს ვავლებდი ლალისა და ირმას ყოველ სიტყვასა და საქციელს შორის და, მიუხედავად იმისა, რომ ირმა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, წინდახედული და საქმიანი იყო, ოჯახსაც უკეთ უვლიდა და მეც მიწყობდა ხასიათს, მაინც ლალი მერჩივნა. მოკლედ, ორი წლის შემდეგ ირმასაც გავშორდი. ამასობაში ლალიც გათხოვდა. ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, კინაღამ შევეწირე ამაზე ნერვიულობას. დავურეკე კიდეც და ვუთხარი, უფლება არ გქონდა, ასე მომქცეოდი-მეთქი. ვიცი, არ ვიყავი მართალი, ამას რომ ვეუბნებოდი, მაგრამ, რომ გათხოვდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სამუდამოდ დავკარგე. სანამ ის გათხოვდებოდა და მეც ცოლს მოვიყვანდი, კი ვფიქრობდი ლალიზე, მაგრამ, ერთხელაც არ დამირეკავს. პრაქტიკულად, არც მინახავს. შაბათ-კვირას, ბავშვის წამოსაყვანად რომ მივდიოდი ხოლმე, მაშინაც დედამისი მხვდებოდა – ეტყობა, ლალი შეგნებულად არიდებდა თავს ჩემთან შეხვედრას. ჩვენი ცალ-ცალკე დაოჯახების შემდეგ კი ყოველ მეორე დღეს დავიწყე მასთან რეკვა. ისე ავიკელი, რომ ერთხელ თვითონ დამირეკა და მითხრა, რა გინდა, რატომ მინგრევ ოჯახს, ერთხელ რომ გამაუბედურე, საკმარისი არ არისო? თურმე, ეჭვიანი ქმარი ჰყოლია და ჩემი ყოველი დარეკვის შემდეგ საშინელ დღეში აგდებდა. მეორედ დაქორწინების შემდეგ ორივეს გვეყოლა შვილები. ბავშვის გაჩენამ ცოტა ხნით მომაბრუნა ჩემი მეორე ოჯახისკენ, მაგრამ, ერთ დღესაც, ჩემმა მშვიდმა და გაწონასწორებულმა ცოლმა (ირმამ) მითხრა, სხვა შემიყვარდა და მასთან ერთად მივდივარ უცხოეთში და სანამ იქ მოვეწყობით, ბავშვს შენ გიტოვებო. ყველაფერს მოველოდი მისგან, ამის გარდა. როდესაც პასუხი მოვთხოვე ამ საქციელის გამო, მითხრა, შენთვის არასდროს ვარსებობდი როგორც ქალი. რაც შენი ცოლი ვარ, ისევ იმ კაპას ქალს დასდევ და მისტირი. დავიღალე მარტო ყოფნით. თან გადაგყევი, მაგრამ მაინც ვერაფერი დაგანახვე. ამიტომ, იმასთან მივდივარ, ვინც ჩემი ფასი იცის და ვისაც მართლა ვუყვარვარო. მერე ჩაალაგა თავისი ნივთები და მძინარე ბავშვი ისე დატოვა, არც კი უკოცნია.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. არც და მყავდა და არც დედა, რომ დახმარება მეთხოვა ბავშვთან დაკავშირებით. ვიჯექი ასე სულელივით და თავი სიზმარში მეგონა. მაგრამ, მაშინ უნდა გენახეთ, ბავშვმა რომ გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. ირმას გამზადებული საჭმელიც კი არ დაუტოვებია და არ ვიცოდი, რა უნდა მეჭმია რამდენიმე თვის შვილისთვის. ძალიან ბევრი ვიფიქრე და, რომ გადავირიე, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ავდექი და ლალის დავურეკე – მიშველე-მეთქი. ნახევარ საათში ჩემთან გაჩნდა. ბავშვისთვის საჭმელიც კი თან წამოიღო საწოვარიანი ბოთლით. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემს შვილს ძუძუ მოაწოვა (თვითონაც ხომ რამდენიმე თვის ჰყავდა მეორე შვილი). მერე ბავშვს საფენები გამოუცვალა, ყველანაირად მოაწესრიგა, მასწავლა, როგორ უნდა მეჭმია საჭმელი და წავიდა. მეორე დღეს კიდევ მოვიდა, მერე – კიდევ. ასე დადიოდა ერთი კვირის განმავლობაში: ჩემს შვილს ძუძუს აწოვებდა, ბანდა, უვლიდა და მიდიოდა. ერთხელაც, ვკითხე, შენმა ქმარმა რომ გაიგოს, აქ რომ დადიხარ, ალბათ, ორივეს დაგვხოცავს-მეთქი. ჩემი ქმრისგან წამოვედიო, მითხრა. თურმე, ეჭვიანობის ნიადაგზე ხელითაც კი შეხებია. რამდენიმე დღე ვადროვე (ძლივს შევიკავე თავი) და მერე მუხლებზე დაჩოქილმა ვთხოვე, შემირიგდი და დამიბრუნდი-მეთქი. არ გაჰკვირვებია, უბრალოდ, მითხრა, ჩვენი შვილის გარდა, მე კიდევ მყავს შვილი, რომელსაც ერთი დღითაც ვერ მივატოვებ ვერავის გამოო. მე ვუთხარი, ამას არც არავინ გთხოვს, ისიც ჩვენი შვილი იქნება-მეთქი. რაღა დაგიმალოთ და, კარგა ხანს დამჭირდა ხვეწნა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლალის ისევ მე ვუყვარდი და უნდოდა შერიგება. ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე. ერთ მშვენიერ დღეს კი ბავშვებიანად მოვიყვანე ჩემს სახლში. ლალის შვილსა და ჩემს შვილს შორის სულ რამდენიმე თვეა სხვაობა, ამიტომ, ტყუპებივით გავზარდეთ. არც ირმას და არც ლალის მეორე ქმარს, თავები არ დაუხოცავთ შვილებზე ზრუნვით. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საერთოდ არ ნახულობდნენ. ალბათ, ორ-სამჯერ თუ მოიკითხეს ტელეფონით (მაშინაც სხვა საქმეზე დარეკეს ჩენთან და სხვათა შორის იკითხეს შვილები). მერე ლალის ქმარი რაღაცაზე დაიჭირეს და ერთ წელიწადში ციხეში გარდაიცვალა. მისმა ნათესავებმაც რომ არასდროს აღარ მოიკითხეს ბავშვი, ჩემს გვარზე გადმოვიყვანე და საკუთარი შვილივით გავზარდე. სამივე ისე მიყვარდა, მართლა არასდროს გამირჩევია ერთმანეთისგან.
შარშან ჩემმა მეორე შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, მხოლოდ მაშინ გამოგვეცხადა ირმა და ბავშვს გადაბირება დაუწყო – ჩემთან თუ წამოხვალ, ამერიკაში წაგიყვან და იქ მიიღებ განათლებასო. თან, მანქანის ყიდვასაც შეჰპირდა. მოზარდი ბიჭისთვის ცდუნება დიდი იყო, მაგრამ ჩემმა შვილმა გაუძლო. რაღაც მომენტში კი შევამჩნიე, რომ ორჭოფობდა, მაგრამ ბოლოს დედამისს უთხრა, შენთან ხშირად მოვალ, მაგრამ, ჩემი ოჯახი აქ არის და აქ უნდა ვიცხოვროო. ერთი სიტყვით, კაცურად მოიქცა.
ახლა მე და ლალი უკვე ასაკში ვართ და შვილების ბედნიერებას შევხარით.
ზურაბი, 56 წლის.
ჩემი ყოფილი შეყვარებული
მენატრება
ამბობენ, სიყვარული ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეწვევაო. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა. ძალიან, ძალიან მიყვარდა და ვიცოდი, რომ მასაც ვუყვარდი, რადგან მისგან ისეთ სითბოსა და უზომო სიყვარულს ვგრძნობდი, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია. გადიოდა წუთები, საათები, დღეები, ჩვენი სასიყვარულო ისტორია გრძელდებოდა და მეგონა, რომ ეს არასდროს დასრულდებოდა. მასთან გატარებულ ერთ წუთსაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. მაგრამ, ამ ჩვენს გრძნობას მაინც ადგა ჩრდილი – მიუხედავად იმისა, რომ საბაბი არასდროს მიმიცია, საშინლად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. ქუჩაში რომ თანაკლასელი შემხვედროდა და მივსალმებოდი, იმაზეც კი შეეძლო ერთი ამბავი აეტეხა. მესმის, რომ, თავისი ჭკუით, ასე ცდილობდა, შევენარჩუნებინე, არ უნდოდა ჩემი დაკარგვა, მაგრამ, ხომ გრძნობდა, რომ მთელ ქვეყანას მერჩივნა და რატომ მექცეოდა ასე?! უახლოეს დაქალთან წასვლასაც კი მიკრძალავდა, ყველას ჩამომაშორა. ვიცი, სიყვარულის გამო ყველაფერი უნდა ამეტანა, მაგრამ, ვეღარ გავუძელი – დავიღალე, მომბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე, ყოველდღე ეჭვიანობის სცენები, აკრძალვები, ნიშნის მოგებები... საშინელებაა, როცა ადამიანი მთელი გულით გიყვარს, ის კი არ გენდობა. თავიდან ვითმენდი და არ ვეპასუხებოდი, მერე კი, ძალიან რომ „გააჭენა“, მეც აღარ ვიხევდი უკან და ამიტომ სულ ვჩხუბობდით. ბოლო ხანებში კი საერთოდ აღარ მენდობოდა და ჩემი აღარაფერი სჯეროდა. მეუბნებოდა, ქალი მზაკვარი არსებაა, ყოველ ნაბიჯზე უნდა აკონტროლოო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ, ამ შეხვედრებისას აღარ იგრძნობოდა ის დიდი ცეცხლი და ერთმანეთის დანახვის სიხარული, რომელსაც ერთ დროს ვერ ვმალავდით. მერე ნელ-ნელა ყელში ამომივიდა ყველაფერი და მივხვდი, რომ სხვა ბიჭებიც დადიან ქალაქში, სხვა ცხოვრებაც არსებობს. მეც, ჩემდაუნებურად, მივხვდი, რომ უფლება მაქვს, სხვანაირად ვიცხოვრო, სხვა ადამიანებთანაც მქონდეს ურთიერთობა. მერე, სრულიად შემთხვევით, ერთი ბიჭი გავიცანი და ერთმანეთი მოგვეწონა. მე ორმაგი თამაში არ მიყვარს, ამიტომ ზუკას ყველაფერი მოვუყევი და დავშორდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო და სხვა ბიჭს ვხვდებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, საშინლად ვიტანჯებოდი – ზუკა აშკარად მენატრებოდა და მის გარეშე ვერ ვძლებდი. ამასაც ვეღარ გავუძელი, ჩემს ახალ თაყვანისმცემელს დავშორდი და ისევ ზუკას შევურიგდი, მაგრამ ის უფრო ეჭვიანი გახდა – ვერ მაპატია, სხვა რომ მომეწონა და ყოველდღე მწარე-მწარე სიტყვებით მახსენებდა და მაყვედრიდა ამას. ისევ დამღალა, ისევ შემშალა და ბოლოს სულ გავწყვიტე მასთან ურთიერთობა. თითქოს, დავისვენე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისევ ზუკა მენატრება. არ ვიცი, ეტყობა, ეს არის ნამდვილი სიყვარული, მაგრამ, ვგრძნობ, რომ ჩვენ ერთად ვეღარასოდეს ვეღარ ვიქნებით, რადგან ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები და, მაინც, მინდა, ხმამაღლა ვუთხრა: ზუკა! მე შენ სულ მეყვარები!
გვანცა, 25 წლის.
რატომ დამენგრა ოჯახი
მე და ჩემს ქმარს ისეთი იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა. მართალია, საკმაოდ ახალგაზრდები დავქორწინდით, მაგრამ, ათი წელი ისე გავატარეთ ერთად, პრაქტიკულად, უსიამოვნება არ მოგვსვლია და ამით ყოველთვის ვამაყობდით.
ერთ დღეს ჩემი ქმარი სახლში მოვიდა და მითხრა, ჩვენი სამსახური „ამხანაგობის“ (მაშინ ასე ეძახდნენ) სახლის აშენებას აპირებს და, ბინა მეც რომ მომცენ, ფიქტიური გაყრა უნდა გავაკეთოთო. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ადამიანს უფლება არ ჰქონდა, კანონიერი გზით შეეძინა მეორე ბინა; აუცილებლად რაღაც მაქინაციები უნდა ჩაგეტარებინა, რომ კანონს „მორგებოდი“. თავიდან ძალიან ვიუარე, რადგან ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ გადასატანი იყო თუნდაც ფიქტიური განქორწინება, მაგრამ, ჩემმა ქმარმა ისე აიჩემა, თუ არ დამეთანხმები, სამოთახიან ბინას დავკარგავთო, რომ ბოლოს მეც დავეთანხმე – ვიფიქრე, სამი შვილი გვეზრდება და, მართლაც, რა დაშავდება, რომ დავუჯერო. მერე კი, ბინას რომ მივიღებთ, ხელმეორედ მოვაწერთ ხელს – ვითომ შევრიგდით-მეთქი. მოკლედ, ფიქტიურად განვქორწინდით, მაგრამ, ის „მერე“, როცა ისევ უნდა „შევრიგებულიყავით“, აღარასდროს აღარ დადგა.
არავინ თქვას, ქაღალდსა და საბუთს რა ჭკუა აქვს, მთავარი გრძნობა და ურთიერთობააო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჭკუაც აქვს და მნიშვნელობაც, თანაც – გადამწყვეტი.
მე და ჩემი ქმარი მხოლოდ ფიქტიურად განვქორწინდით და ისევ ჩვეულებრივად ერთად ვცხოვრობდით ჩვენს სამ შვილთან ერთად, მაგრამ, ჩვენ შორის ურთიერთობა რომ აშკარად გაგრილდა, ამას აშკარად ვგრძნობდი. თავიდან ვფიქრობდი, ეს ფსიქოლოგიური მომენტია და, ალბათ, იმიტომ მაქვს ეს დისკომფორტი-მეთქი, თანაც, ჩემი ქმარი ყველა შესაძლო შემთხვევაში, ყველა სიტუაციაში „ღადაობდა“: მე და ლეილა (ანუ მე) გავეყარეთ, ახლა ორივე თავისუფლები ვართ და, შეგიძლიათ, გაგვეპრანჭოთ კიდეც. პირადად მე ლეილას სრულ თავისუფლებას ვაძლევო. ამაზე ბევრს იცინოდნენ ჩვენი მეგობრები და ჩვენც ვხალისობდით. მაგრამ, ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ისე დაგვემართა ჩვენც. თან, სახლის მშენებლობა (და, შესაბამისად, ჩვენი ხელმეორედ „დაქორწინება“) ისე გაჭიანურდა, თანდათან შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ გაყრილები ვართ და ამან აშკარად იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე – შინაგანად აშკარად დავშორდით ერთმანეთს. ქმარი რომ ისე აღარ იყო ჩემ მიმართ, ამას ნამდვილად ვგრძნობდი (ხომ იცით, ქალს ასეთი რამე არ ეშლება), მაგრამ, არაფერს ვამბობდი – იქნებ, მეჩვენება, იქნებ ეს კაცი არაფერ მსგავსს არ ფიქრობს და მე ხომ არ შევაგულიანებ-მეთქი. მაგრამ, ძალიან მალე გაირკვა, რომ არ ვცდებოდი. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ იმ „ამხანაგობის“ მშენებლობაც დასრულებულა და ბინებიც დარიგებულა, მაგრამ ჩემს ქმარს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. რომ ჩავეკითხე, სიტყვა ბანზე ამიგდო და მითხრა, ერთ-ორ თვეში ყველაფერი დამთავრდებაო. მე გულმა რეჩხი მიყო, ჩუმად დავრეკე სამსახურში და ეშმაკური კითხვებით დავადგინე, რომელი ნომერი ბინა შეხვდა ჩემს ქმარს და მეორე საღამოს იმ ბინის კარს მივადექი. სიმართლე გითხრათ, რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ იმას მაინც არ ველოდი, რაც იქ დამხვდა. კარს მიღმიდან ლაპარაკის ხმა შემომესმა და ყური არც კი მიმიგდია, ეგრევე ზარი დავრეკე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა კარი გაიღო და ჩემი ქმარი და მისი თანამშრომელი ახალგაზრდა გოგო ნახევრად შიშვლები დავინახე, მაგრამ, ჩემი გაოცება რა სათქმელია, თქვენ ჩემი ქმრის სახე უნდა გენახათ – შეშინებული, დაბნეული და, რაღაცნაირად, არაკაცური. მის სახეს რომ შევხედე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, ვისთან მიცხოვრია ამდენი წელი და ვინ მყვარებია. ცოტა გონს რომ მოვედი, იმ ქალის გამობზეკილი მუცელი შევნიშნე და ყველაფერი გასაგები გახდა.
იმავე საღამოს ჩავალაგე აწ უკვე მართლაც ყოფილი ქმრის პირადი ნივთები და მის მეგობარს გავატანე. თან შევუთვალე, რომ ჩვენი მისამართი დაევიწყებინა. ჰოდა, დაივიწყა კიდეც – მას მერე ერთი წელი ისე გავიდა, არც კი მოუკითხავს შვილები. ცოტა მოგვიანებით გავიგე, ის ბინა რომ მიუღია, იმ ქალთან ხელიც მოუწერია და როგორც ოფიციალური ცოლი, ისე შეუყვანია ახალ ბინაში.
ასე დამენგრა ოჯახი. მართალია, მერე რაღაცეებს კი ეხმარებოდა თავის შვილებს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, მარტომ გავზარდე სამი შვილი, მარტომ დავაყენე ფეხზე და, სრულიად ახალგაზრდა ქალმა მარტო გავატარე ცხოვრება.
ახლა უკვე ასაკში ვარ. ჩემი ყოფილი ქმარიც საკმაოდ „მოყანყალდა“ და, როგორც ჩანს, ცოლს ნერვებს უშლის, რადგან, ამას წინათ დამირეკა და მითხრა, ამასთან აღარ და მედგომება და, შეიძლება, შენთან გადმოვიდეო? სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, მაგრამ, მაინც უარი ვუთხარი – ნამდვილად არ მაქვს ვინმეს მოვლის თავი, იქით ვარ მოსავლელი და ყველამ თავი დამანებოს.
ლეილა, 68 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.