როგორ აღვიძებდა ირინა სარიშვილი მეზობლებს რუსეთის ჰიმნით და რატომ ვერ აგნებდა ის საკუთარ სახლს
მას შემდეგ, რაც ირინა სარიშვილი „პოლიტიკურ შვებულებაში” გავიდა, მთელ დროს ოჯახსა და სამ შვილს უთმობს. როგორც თავად ამბობს, ასეთ პასიურ რეჟიმში არასდროს უცხოვრია. თუმცა, სამი ბიჭი უკვე იმდენ თავსატეხს უჩენს, რომ საზრუნავი საკმაოდ ბევრი აქვს. ბოლო დროს თავს წლებით გამოცდილი იმუნიტეტით იცავს და ცდილობს, არც შვილებს დაურღვიოს ის, რაც მის ცხოვრებაში ბევრი სირთულისა და ვნებათაღელვის შემდეგ მოვიდა.
ირინა სარიშვილი: ჩემი იძულებითი შვებულება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა – ასეთი პასიური პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია. ტელევიზიები აღარ მიწვევენ, არ ვარ მათთვის სასურველი რესპონდენტი. ამ ბოლო დროს მხოლოდ „რეალტივი” მწყალობს, მათზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. ოღონდ ოპოზიციას ვაგინო და, მიშა სააკაშვილის გინებასაც კი იტანენ ჩემგან (იცინის). ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია ჩემი დაკავშირება რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, თუმცა, არც ისინი მახევენ კალთებს. ამაში არც ვამტყუნებ – ამ „საქანელაში“ ნამდვილად ვერ მივიღებ მონაწილეობას, ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება კი მე არ მექნება. ახლა თითქოს რაღაცეებს აპირებენ და, ამისი, ნეტავ, თავად მაინც თუ სჯერათ? სააკაშვილი არ გვყოფნიდა თავისი ზეიმებით, უკვე ოპოზიცია რომ ზეიმობს ამ მოვლენებს სხვადასხვა ფორმით?! დაიდო ფიცი, დაინიშნა რაღაც გაუგებარი თარიღი 21 მაისი. ეს ხომ ტყუილია. აიღეს 5-დღიანი ვადა: შეხედავენ, გაქაჩავენ თუ არა 26 მაისამდე. თუ ვერ გაქაჩეს, ისევ საინფორმაციო მიტინგს დაარქმევენ და 26 მაისს კიდევ ერთ პოდიუმნარევ აღლუმს ჩაიბარებენ. მერე იტყვიან, გავიშლებით მინდორ-ველად და რეგიონებში ხალხთან გავალთო. ეს ცნობილი პარტიული ხრიკია – როცა არ იცი, რა გააკეთო, ამას აცხადებ. სექტემბერში, როგორც იტყვიან, ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი და ასე დამთავრდება ეს ყველაფერი. ახლა ერთი ოცნება დამრჩა: ეს ხელისუფლება, თავის ოპოზიციასთან ერთად, ერთ „ტიტანიკში” მომათავსებინა, ოღონდ, არავის დახრჩობა და სიკვდილი არ მინდა – მეც ხომ საიქიოში უნდა წავიდე და, არც იქ მინდა, რომ გვერდით ესენი მყავდნენ. მინდა, რომ ეს გემი სადმე, ოკეანეში გავუშვა, იქ, სადაც ძვირადღირებული ავტომანქანები გადაჰყავთ და ნიავიც კი არ უბერავს, მერე იქ დანიშნონ ხოლმე აქციები, გამოაცხადონ თარიღები და ასე შეაშინონ ერთმანეთი, იქნებ, ერთ დღეს თვითონაც კი მოუნდეთ იმ გემის ჩაძირვა (იცინის).
– ცხოვრების პასიური პერიოდი როგორ გადაგაქვთ?
– ძალიან მძიმედ. არადა, ამ ბოლო დროს სულ საოჯახო საქმეში ვარ. სამი კაცი რომ გყავს სახლში და სამივე გადის დილით სახლიდან, ერთი საათი მარტო ამათი „ნასკების“ ძებნაში ვარ, რომელ ოთახში დატოვეს. თან, სამივე ურეჟიმოდ გავზარდე – ნერვებისთვის კარგიაო, მითხრეს, მაგრამ, მგონი, ეს ჩემს ნერვებზე აისახა: სამივეს სხვადასხვა დროს შია და, საერთოდ, სხვადასხვა დროს უნდებათ ყველაფერი. მოსამსახურე და დამხმარე სახლში არასდროს მყოლია, მაგრამ, არც ასეთ რეჟიმში მიკეთებია საოჯახო საქმე. როცა მუშაობ და სახლიდან გიწევს გასვლა, პატარ-პატარა საქმეების კეთება ძალიან ძნელი არაა, ასე მაქვს გატარებული ცხოვრება 18 წლის შემდეგ. ახლა კი სახლში ყოფნის რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიე. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ნაგირავებ სახლში ვცხოვრობ, რომელსაც საკუთარი სახლისა და შინ ყოფნის აღქმა მაინც არ ახლავს, ამას გარკვეული დისკომფორტები მოსდევს. ღმერთმა უსმინოს ყველას, ვინც მაბრალებს, რომ ბევრი ფული მაქვს. ნეტავი, ვინმეს ნათქვამი ახდეს. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. რაღაც პრობლემების გამო მომიწია ბინის გაყიდვა, იმ დროს ბინები იაფი იყო, ერთ თვეში კი ბინის ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ახლა უკვე ისეთ ფასებზეა საუბარი, ცა თუ გაიხსნება და ვინმე ფულს მაჩუქებს, მხოლოდ ეს მიშველის. ძალიან ხშირად იმასაც ვფიქრობ, ირგვლივ იმდენი უბედურება ხდება, რომ, საკუთარი ბინა თუ არ გაქვს, ტრაგედია ნამდვილად არაა, მთავარია, თავზე ჭერი გქონდეს. ასე, შეიძლება, საკუთარ სახლზე ვიღაცის ყუმბარაც დაგეცეს. მე ახლა უფრო ყოფითი პრობლემები მაწუხებს, ვიდრე ბინის საკითხი.
– სამი შვილის გაზრდა იოლი არაა. როგორ ახერხებთ მათ რჩენას „შვებულებაში“ მყოფი?
– ცხოვრებაში არ მიწუწუნია, მაგრამ, რეალურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვარ. ახლა მე შემოსავალი საერთოდ არ მაქვს, სადეპუტატო პენსიასაც არ მაძლევენ, იმიტომ რომ, თურმე, მაქვს წყვეტა 25-წლიან სამუშაო სტაჟში. ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული მოძრაობის დასაწყისში გამომიშვეს სამსახურიდან, საუბარია იმ სამ წელიწადზე, სანამ ედპ ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა. თუმცა, იმ პერიოდში პარტიაც ძალიან აქტიური იყო და მეც. 4-5 წელი მაკლია სრული სამუშაო სტაჟის შესრულებას და უნდა მოვითხოვო, ეგებ, მერიაში მაინც მამუშაონ (იცინის). რომ არა ჩემი მეგობრები, არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში ვიქნებოდი, ჩვენ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით ვართ, ხან მე მაქვს ფული, ხან მათ და გავდივართ ასე. ეს პერიოდიც ისე გავატარე, ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებიათ, თუმცა, უფროსი ბიჭები, რომლებიც რაგბის თამაშობენ, რამდენჯერმე ვერ გავუშვი „ზბორებზე”, ადრე კი ამის პრობლემა არ მქონდა. უმცროს ბიჭზე უფრო ნაკლებად ვნერვიულობ, ჯერ 8 წლის არის და არ აქვს დიდი მოთხოვნები, უფროსებზე კი ძალიან მწყდება გული – კაცობაში შედიან და ახლა სჭირდებათ ჩემი თანადგომა. ბოლო დროს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა – ადამიანის ცხოვრების წესის ასე რადიკალურად შეცვლა იწვევს შინაგან შფოთვას, დეპრესიას, ამას დაემატა ჩემი უფროსი შვილების გარდატეხის ასაკი, რაც ბიჭებში უფრო რთულად მიმდინარეობს. ყველაფერი ერთად კი უკვე რთული გადასატანია. ამიტომ, არ დაგიმალავთ, რომ ნევროზი მაქვს მსუბუქი ფორმით (იცინის). კიდევ კარგი, საცხოვრებლად ამ უბანში გადმოვედი – ქალაქის ცენტრში ვარ და ფეხით დავდივარ ყველგან, მე კი ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. მე და მანქანა დიდად არც ვმეგობრობთ, არ ვიცი მანქანის მართვა. სულ ერთადერთხელ ვიჯექი ავტომანქანის საჭესთან, ისიც ამერიკაში, ჰაივეიზე, ოღონდ, ისე, „უპრავოდ”. მე ფეხითაც არ ვარ შორს გასაშვები, ჩემი გეოგრაფიული ორიენტაციის უნარი ნულის ტოლია. როცა ფეხით მივდივარ, არასდროს არ ვაკვირდები გზას, ვიყურები ქვემოთ, ასფალტისკენ, ასფალტი კი ყველგან ერთნაირია. იყო შემთხვევები, როცა საკუთარ სახლსაც კი ვერ ვაგნებდი. როცა ყიფშიძეზე გადავედი საცხოვრებლად, ბავშვები პატარები მყავდა. სასეირნოდ რომ გავიყვანდი, პირველ გადასახვევამდე მიმყავდა ხოლმე, მერე უკან ვბრუნდებოდი, რომ გზა არ დამკარგვოდა. აბა, შეიძლება ჩემი დაჯდომა მანქანაზე?! ის ზუსტად ვიცი, რომ ჰაივეიდან ვერსად გადაფრინდები, ტროტუარიც კი არაა, პირდაპირ თუ ივლი, გადახვევა არაფრის დიდებით არ შეიძლება. ახლა საცხოვრებლად ეს ადგილი იმიტომაც მომეწონა, რომ აქ ვერ დავიკარგები. ვცხოვრობ საოცრად მშვიდ, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“. ჩემ გარდა აქ არავის ხმა არ ისმის, დილის რვის ნახევარზე, ჩემი შვილების გაღვიძებისა და მათი დაძინების დროს, მეზობლები საათებს ჩემს კივილზე ასწორებენ (იცინის).
– ამ მდგომარეობაში სამი ბიჭის გაზრდა იოლი არ უნდა იყოს.
– ვაიმე, უკვე დაიწყო თავსატეხები. ერთს სახლში აქვს რთული ხასიათი და გარეთ უპრობლემოა, შუათანა – პირიქით, სახლში არაჩვეულებრივად იქცევა და, გარეთ რომ გადის, ვაი ჩემს თავს, კვირაში ერთხელ მანდატურებს სკოლაში კედელთან ვყავარ აყუდებული. ხანდახან ისეთ რამეს მეტყვიან ხოლმე, ისევ კედელთან ატუზვა მირჩევნია მეორე მხარეს ყოფნას. ამას წინათ, ჩემი ერთ-ერთი შვილი თავისმა თანატოლმა დააბეზღა. იმ თანატოლის დედის ადგილზე, ჩემს შვილს, არ ვიცი, რას ვუზამდი. როგორც კი გავიგებ, რომ მანდატური მიბარებს, პირველ ყოვლისა, ჩემს შვილს ვეცემი ხოლმე და ვეკითხები: ახსნა-განმარტებაში ვინმეზე რამე ხომ არ ჩაგიწერია-მეთქი? ამას არც გააკეთებენ, მაგრამ, მე მაინც ვნერვიულობ. ბიჭის გაზრდა გოგოს გაზრდაზე მეტად სანერვიულოა, მაგრამ, უფრო იოლია. მე ბიჭის გაზრდა უკეთ მესმის, ვიცი, როგორ უნდა დადგეს ის კაცად. შესაძლებელია, ეს შესასრულებლად რთულია, მაგრამ, როცა იცი, რა გზით უნდა წახვიდე, შედეგსაც აღწევ. ქალის შემთხვევაში კი ეს საკმაოდ რთულია. მე რომ ქალიშვილი მყავდეს, ნამდვილად არ ვუსურვებდი, რომ იმ ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც მე ვიცხოვრე. ის, რაც მე გავიარე, იყო საკმაოდ რთული და, როგორ უნდა აირიდოს ეს ქალმა თავიდან, არ ვიცი, ალბათ, ამიტომაც ვერ გავზრდიდი გოგოს. ხომ შეგხვედრიათ ადამიანები, ვისაც ყველაფერი გამოსდის და სტანდარტულად, კარგად ცხოვრობენ? ეს რომ გამოგივიდეს, რაღაც სხვა უნდა გქონდეს. მე არ ვიცი, რა არის ეს „სხვა“, რა უნდა ასწავლო გოგოს, რომელიც იმდენად მეცოდება, ხუმრობით ვამბობ ხოლმე: ჩემი შვილები რომ ცოლებს მოიყვანენ, სხვისმა დედებმა ინერვიულონ-მეთქი (იცინის).
– მგონი, ტყუილად უჩივით ბედს – ისეთი წარმატებული და პოპულარული ადამიანის მეუღლე იყავით.
– არა, ბედს არ ვუჩივი, ჩემი ცხოვრებით ყველა ასპექტში ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო და სავსე ცხოვრება მქონდა, თუმცა, ქალიშვილი რომ მყავდეს, შევეცდებოდი, ბევრი ისეთი რამისთვის ამეცდინა, რასაც მე ვერ ავცდი. ამის მიუხედავად, ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ყველაფერს ისევ ისე გავივლიდი და, ალბათ, იმ შეცდომებსაც ისევ დავუშვებდი, რადგან მე ასეთი ვარ. ამ ჭკუით 20 წლის ასაკში რომ დამაბრუნა, რეალურად არაფერს შევცვლიდი, მაგრამ, ნერვებს ნაკლებად მოვიშლიდი, უფრო ვიმხიარულებდი, უფრო მეტად დავტკბებოდი ცხოვრებით და არ მექნებოდა მძაფრი რეაქციები იმაზე, რაზეც მქონდა. ამ გამოცდილებით ადამიანი უფრო მეტად რბილი და შემწყნარებელი ხდები – ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ დამეწყო, ახლა, უბრალოდ, სახლში დიდხანს ჯდომამ გადამრია.
– არ მითხრათ, რომ დღეები მხოლოდ სადილის კეთებასა და სახლის დალაგებაში გადის.
– არა, ხშირად ვხვდები მეგობრებს, ან მათთან ერთად მივდივარ სადმე, ან ჩემთან მოდიან სტუმრად. ძალიან დავუმეგობრდი ტელევიზორს, ოღონდ, არც ერთმა ქართულმა არხმა არ მიიღოს ეს თავის თავზე, სხვა არხებთან ვარ დამეგობრებული. ახალი გადმოსული ვიყავი ამ ეზოში, როცა, ტელევიზორის გადამკიდე ძალიან სახალისო ამბავი დამემართა: ღამით თითქმის არ მძინავს – ასე ვარ ბავშვობიდან, ყოველთვის დილის 4 საათზე ვიძინებ. ერთხელაც, რუსეთის ერთ-ერთ არხზე ფილმის ყურების დროს ჩამეძინა. დილის 7 საათზე ყველა რუსულ არხზე ახალი სატელევიზიო დღე რუსეთის ჰიმნით იწყება. მე სულ რამდენიმე დღის გადმოსული ვიყავი ამ ეზოში და, უცებ, დილით, ბოლო ხმაზე აწეული ჩემი ტელევიზორი რუსეთის ჰიმნს ასრულებს (იცინის). კარგა ხანს მე თვითონ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუმცა, მერე დიდხანს ვიხალისეთ ამ ამბით. რამდენადაც ძალიან მიყვარს ტელევიზორი, იმდენად ვერ ვმეგობრობ კომპიუტერთან, მხოლოდ ფოსტას ვნახულობ. აქ რაც უფრო ცნობილი ხარ, მით უფრო უნდა მოერიდო სოციალურ ქსელებს. არც ყანას ვთოხნი და არც კატებს ვზრდი (იცინის), მინდა, ვიყო მშვიდად, გაზეთებსაც ისე, ცალი თვალით გადავათვალიერებ ხოლმე. სულ ვეუბნები ჩემს ახლობლებს, რაც არ უნდა წაიკითხოთ ჩემზე, არ გამაგებინოთ-მეთქი.