კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეწყვეტს კომპიუტერული სისტემა მოსწავლეთა ტესტირებას საატესტატო გამოცდებზე და როგორ არის დაცული ტესტები ჰაკერებისგან

სულ რამდენიმე დღე და, სკოლებში გამოსაშვები საატესტატო გამოცდები დაიწყება. მოსწავლეებს რვა გამოცდის ჩაბარება იმ უნიკალური კომპიუტერული პროგრამით მოუწევთ, რომელიც ჩვენთან შეიქმნა და მას, უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საგანმანათლებლო სისტემაში პრეცედენტი არ აქვს. როგორ ჩატარდება გამოცდები და როგორ არის მოწყობილი საგამოცდო ლოჯისტიკა, ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების უფროსს, ბატონ დავით ჭანკოტაძეს გავესაუბრეთ.

დავით ჭანკოტაძე: როდესაც საატესტატო გამოცდებისთვის მომზადება დავიწყეთ, პირველ ყოვლისა ჩატარდა მეთორმეტეკლასელთა რეგისტრაცია. საქართველოს 2 200 სკოლიდან დამამთავრებელი კლასი ჰყავს 1 920 სკოლას. ის სკოლები, სადაც მეთორმეტე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ხუთ მოსწავლეზე ნაკლებია, გამოცდებს ჩაატარებენ უახლოეს სამ კილომეტრზე მდებარე სკოლებში. შესაბამისად, მოხდა საგამოცდო სკოლების გამსხვილება და გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება 1 506 სკოლაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელშიც შედის 48 000 მეთორმეტეკლასელი. ამ ბაზაში ვერ მოხვდა 4 000-მდე მოსწავლე, რომელთაც არ სურთ საატესტატო გამოცდების ჩაბარება და, შესაბამისად, ისინი ვერ აიღებენ ატესტატს. ყველა სკოლაში მოწყობილი იქნება საგამოცდო ცენტრები. მოსწავლეები დაიყოფიან სესიებად და ერთ საგამოცდო დღეს ჩატარდება რვა ერთსაათიანი ხანგრძლივობის სესია. ლოჯისტიკურად ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ, ერთი დღის განმავლობაში ყველა მოსწავლემ უნდა ჩააბაროს ერთი საგანი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, არ არის გამორიცხული, კომპიუტერი გამოვიდეს მწყობრიდან, ან, დავუშვათ, ელექტროენერგია შეუწყდეს რომელიმე სკოლას. ასეთ შემთხვევაში ამ სკოლებისთვის დაწესდება ორი დამატებითი საგამოცდო დღე – 2 და 3 ივნისი. კიდევ ერთი ტექნიკური დეტალის შესახებ მოგახსენებთ: თუ ტესტირება შეწყდა რაიმე ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც გამოსწორდა მცირე დროში, ლოჯისტიკური სქემა იძლევა ტესტირების გაგრძელების საშუალებას, მოსწავლე ტესტირებას განაგრძობს იქიდან, სადაც გაჩერდა, პროგრამული სისტემა კი ახერხებს, შეინახოს უკვე გაცემული პასუხები.

– ყველა სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებითა და ინტერნეტქსელით საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად?

– განათლების სამინისტრომ ტენდერის შედეგად აიყვანა 300-დან 500-მდე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, თითოეულს გამოეყო 4-5 სკოლა და დაევალათ სკოლებში იმ კომპიუტერული სისტემების მოწესრიგება, რომელიც შეიქმნა პროგრამა „ირმის ნახტომის” ფარგლებში. საატესტატო გამოცდებისთვის გამოყენებული იქნება კომპიუტერები, რომლებიც უკვე შეიძინა განათლების სამინისტრომ. ეს არის თანამედროვე „ნეთბუქების“ ტიპის კომპიუტერები, რომლებსაც აქვთ 10 დიუმი ზომის ეკრანი. მათი წარმადობა სრულიად საკმარისია გამოცდის ჩასატარებლად. პროგრამული სისტემა იქმნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ, შესაძლოა, ყველა მეთორმეტეკლასელს არ ჰქონდა საშუალება, აქტიური ურთიერთობა ჰქონოდა კომპიუტერთან, ყველანაირად შევეცადეთ, რომ სისტემამ გამოსაცდელისგან არ მოითხოვოს დამატებითი კომპეტენციები კომპიუტერის ცოდნაში. შესაბამისად, ვცადეთ, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო როგორც სისტემასთან ურთიერთობა, ასევე – ეკრანი. ფაქტობრივად, მხოლოდ „მაუსის” სწორ პასუხამდე მიტანა და ორი „დაკლიკებაა“ საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლემ დავალებას პასუხი გასცეს.

– როგორც ვიცი, გარდა საგამოცდო ტესტებისა, ეკრანზე ჩანს დრო – რამდენი რჩება მოსწავლეს ტესტის დასრულებამდე.

– ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება ნაკლებად მიგვეწოდებინა მოსწავლეებისთვის ინფორმაცია, რომელზეც მათ დამატებით დასჭირდებოდათ ფიქრი, მაგრამ, თავი ვერ ავარიდეთ დროის დაფიქსირებას, რომელიც შეზღუდულია და შეადგენს 1 საათსა და 40 წუთს. რეალურად არსებობს საშიშროება, რომ მოსწავლე ერთ ამოცანას ძალიან დიდხანს ჩაუღრმავდეს, მასზე დაკარგოს ბევრი დრო და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ვეღარ მოასწროს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გვაქვს შემოღებული დროის რეზერვის ცნება. მოსწავლეს თითო დავალების შესასრულებლად საორიენტაციოდ აქვს 2 წუთი, ასევე, სარეზერვო 10 წუთი – რთული ამოცანებისთვის, რომელიც თვითონ შეუძლია გადაანაწილოს. თუ ამოცანის ამოხსნისთვის მას დასჭირდა 5 წუთი, ეს ნიშნავს, რომ მან გამოიყენა 2 წუთი, რაც გათვალისწინებული იყო, სამი წუთი კი აიღო დროის რეზერვიდან. თუ მოსწავლე კარგად, 2 წუთზე ადრე პასუხობს ერთ დავალებას, დარჩენილი დრო ემატება დროის რეზერვში, რომლიდანაც რთულ ამოცანას უკვე 10 წუთზე მეტს დაუთმობს. მოსწავლე საკუთარ დროის რეზერვს ხედავს ეკრანზე, რომელიც გრაფიკულად გამოსახულია პატარა ზოლით. თუ მარჯვნივ იზრდება ეს ზოლი, ნიშნავს, რომ მას რეზერვი ეზრდება, რაც უფრო პატარავდება ეს ზოლი, მოსწავლე ხვდება, რომ სარეზერვო დრო შეუმცირდა.

– მოსწავლე ტესტირების დროს ხვდება სწორ პასუხს სცემს პროგრამას თუ არა? და, როგორ იგებს ის საკუთარ შეფასებას?

– მოსწავლე შეფასებას მიიღებს სკალაზე, 5 დან 10 ქულამდე. შეფასებას წერს პროგრამა ტესტიტრების ბოლოს, ანუ, გამოცდიდან გამოსულმა მოსწავლემ უკვე იცის, როგორ შეფასდა მისი ცოდნა. მოსწავლეს ნიშნის აპელირების საშუალება არ ექნება, ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგალითზე, მოგეხსენებათ, რომ აპელირება შეიძლება მაშინ, როცა გასწორების პროცესში ერევა ადამიანი. რაც შეეხება კომპიუტერულ პროგრამას, აქ განთავსებული ამოცანები არის ბევრჯერ გამოცდილი და აპრობირებული, მათი სირთულე და სწორი პასუხები დადასტურებულია სტატისტიკურად და შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ შეფასება სწორი არაა, აქ, უბრალოდ, შეუძლებელია. რაც შეეხება შეკითხვების სირთულეების გრადაციას, ეს დადგინდა არა ექსპერტების მიერ, არამედ აპრობაციის შედეგად. აპრობაციის დროს საკმაოდ ბევრი დავალება დაიბლოკა და ეს დავალებები მოიხსნა ტესტირებიდან. ამ სისტემით გამოცდა რომ ჩატარდეს, თითოეულ საგანში 400-ზე ნაკლები დავალება არ უნდა იყოს, ჩვენ არც ერთ საგანში არ გვაქვს 450-ზე ნაკლები დავალება. სისტემის შექმნის პროცესში ბევრი ვიმსჯელეთ, რა ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსწავლეებისთვის; საჭირო იყო თუ არა იმის ჩვენება, რამდენ დავალებას უპასუხა სწორად და რამდენს – არასწორად. მოსწავლეებთან გასაუბრების, ფსიქოლოგების რჩევისა და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, სადაც ამ ტიპის გამოცდები ტარდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსწავლემ გამოცდის პროცესში არ მიიღოს ინფორმაცია, სწორად უპასუხა თუ არა დავალებებს – ამით თავიდან ავიცილებთ სტრესს.

ტესტირება გაგრძელდება მანამ, სანამ სისტემა არ ჩათვლის, რომ მოსწავლის ცოდნის დონე შეფასებულია. არსებობს შეკითხვების მინიმალური რაოდენობა, რომელსაც უპასუხებს ყველა მოსწავლე, ეს არის 15 შეკითხვა ყველა საგანში. შეკითხვების მაქსიმალური რაოდენობა კი 45-ია. ტესტირება დაიწყება საშუალოზე დაბალი სირთულის შეკითხვებით. თუ მოსწავლე ამ შეკითხვებს უპასუხებს კარგად, შემდეგი შეკითხვა იქნება ცოტა უფრო რთული, ვიდრე წინა შეკითხვა, ანუ, დადებითი პასუხების შემდეგ კითხვები შედარებით რთულდება, უარყოფითი პასუხების შემთხვევაში კი კითხვები მარტივდება. სისტემა მაშინ წყვეტს ტესტირებას, როცა დაადგენს მოსწავლის ცოდნის დონეს, ეს შეიძლება მოხდეს მეოცე შეკითხვაზე, ან – ოცდამეხუთეზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სისტემამ ტესტირება შეწყვიტოს მეთექვსმეტე შეკითხვაზე, ჩვენი აზრით, სისტემა მოსწავლეს 20 დან 30-მდე შეკითხვას დაუსვამს.

თითოეულ საგამოცდო სექტორში გამოცდას ჩააბარებს მაქსიმუმ 15 მოსწავლე. ყველა სექტორი აღჭურვილია ვიდეოთვალით, რომელიც იწერს ფერად გამოსახულებას, წამში არანაკლებ 18 კადრისა და, ასევე, ხმას, ვიდეოთვალი დამონტაჟებულია ისე, რომ თითოეულმა მოახერხოს შვიდი მოსწავლის სამუშაო პროცესის მეთვალყურეობა. თუ მოსწავლეს ექნება პრეტენზია საგამოცდო პროცესის ან არსებული პირობების გამო, შეუძლია გამოცდის დასრულების შემდეგ გააკეთოს ტექნიკური აპელაცია, შესაბამისი მოწყობილობიდან მოხდება ჩანაწერის ამოღება და გაანალიზდება ბავშვის პრეტენზია. საგამოცდო სექტორში 15 მოსწავლეს ეყოლება ერთი მეთვალყურე, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ევალება წესრიგის დამყარება, ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეს. ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდების ჩასატარებლად მომზადდა სპეციალური უწყისები, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში იგზავნება სკოლებში. მათში მითითებულია უნიკალური კოდი, რომლის გარეშეც მოსწავლე საგამოცდო პროგრამაში ვერ მოხვდება. ამ უწყისს მოსწავლის თვალწინ ხსნის მეთვალყურე, რომელიც ვალდებულია, თავად შეიყვანოს უნიკალური კოდი კომპიუტერში, მას შემდეგ, რაც მოსწავლე პირად, თერთმეტნიშნა კოდს შეიყვანს. ეს უწყისები იბეჭდება თითო ეგზემპლარი და მათი კოპირება ან სხვა სახით ვინმეს ხელში მოხვედრა შეუძლებელია. სპეციალური ოთხნიშნა კოდი იცვლება ყველა მოსწავლისთვის და ყოველ სესიაზე ეს კოდი განსხვავებული იქნება.

– როდის დაიწყება საატესტატო გამოცდები?

– გამოცდები დაიწყება 23 მაისს და დამთავრდება 1 ივნისს. მოსწავლეები დაისვენებენ როგორც 26 მაისს, ასევე, კვირას, 29 მაისს. ყველა გამოცდა დაიწყება ერთსა და იმავე დროს: დასავლეთ საქართველოში არსებულ სკოლებში – 9 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებში კი – 9-ის ნახევარზე. გამოცდები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მეორე – უცხო ენაში. ამის შემდეგ ჩატარდება გამოცდები ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში. ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ეს თანმიმდევრობა, იმის გამო, რომ სისტემა ახალია და მოსწავლეები გარკვეული სტრესის ქვეშ არიან. ამიტომ, ჯობია, გამოცდა დავიწყოთ ისეთი საგნით, რომელიც მარტივი იქნება მათთვის. ქართული ენა და ლიტერატურა უკვე დიდი ხანია, რაც ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი საგანია და მოსწავლეთა უმეტესობა ამ საგანში მომზადებული უნდა იყოს. ამას გარდა, ეს არის მშობლიური ენა და მოსწავლეებს ყველაზე მეტი ცოდნა ამ საგანში აქვთ. თითქმის იმავე პრინციპით შეირჩა მეორე გამოცდად უცხო ენა. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია, მათი ჩაბარება მოუწევთ მას შემდეგ, რაც გამოცდებთან დაკავშირებულ პირველ ემოციებს გადალახავენ.

ის მოსწავლე, ვინც ვერ ჩააბარებს რომელიმე გამოცდას, ვერ აიღებს ატესტატს, თუმცა, მომავალი წლისთვის შეენახება ყველა ის შეფასება, რაც ჩაბარებულ საგნებში მიიღო. არ იქნება საშემოდგომო გამოცდის მექანიზმი – მოსწავლეს მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს ექნება საშუალება, თავიდან ჩააბაროს ის საგანი, რომელშიც კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. რადგან, ეს არის პირველი წელიწადი, როცა ტარდება გამოსაშვები გამოცდები, ჩვენ გავითვალისწინეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს და გადაწყდა, რომ კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში დადგინდება ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ვფიქრობ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კომპეტენციის ზღვარი იქნება ძალიან დაბალი, მაგრამ, არ იქნება ნული. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს პირველი წელია, მაგრამ, მოსწავლეს მაინც მოეთხოვება რაღაც მინიმალური ცოდნა და სწორედ ის მინიმუმი იქნება კომპეტენციის ზღვარი.


скачать dle 11.3