როგორ დაიმარხა გარდაცვლილი შვილის საფლავის გვერდით დედა ცოცხლად და რა ნახეს სამი დღის შემდეგ საფლავის გათხრისას თვითმხილველებმა
ხშირად ადამიანები დაუდევრები ვართ და დაუფიქრებელი საქციელით მიუტევებელ ცოდვას ჩავდივართ. ზოგჯერ ისე წინდაუხედავად ვიქცევით, რომ შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები უამრავია, მაგრამ ის, რაც ქალბატონი ცისნამისგან მოვისმინე, მართლაც დაუჯერებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ცოცხლად დამარხულ ადამიანებზე ბევრი წამიკითხავს და ეს უდიდესი ცოდვა შორეულ წარსულში არაერთ ქვეყანაში მომხდარა, თუმცა ასეთი ფაქტი თუ ჩვენს საუკუნეში და, თან საქართველოში მოხდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ცისნამი: ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ, დამიჯერეთ, ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომლის წინაშეც ვიდექი და უძლური ვიყავი, რაიმე შემეცვალა. შესაძლოა, ასეთი გაქვავება იმის ბრალიც იყო, რომ არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ იმ წუთას; ან, იქნებ, ასე იმიტომ დამემართა, რომ მე მხოლოდ იმ ოჯახის სტუმარი ვიყავი და არა მათი წევრი. მოკლედ, ახლა იმ ამბავს მოგიყვებით, რომელიც წლების წინ მოხდა და მისი მოსმენა ნამდვილად შეგზარავთ. ჩვენ, ადამიანები, ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ამის შედეგებს მაშინ ვიმკით, როცა არ ველით. ამიტომაა, სანამ რამეს მოიმოქმედებ, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე. ერთი სიტყვით, ტრაგედია, რომელზეც ახლა მოგიყვებით, საქართველოს ერთ-ერთ მთიან სოფელში მოხდა და ის დღემდე განხილვისა და განსჯის საგანია. მოკლედ, ჩემს სოფელში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ვერ გეტყვით, უჭირდათ ან ბედს უჩიოდნენ-მეთქი. ოჯახის დიასახლისი, ნაირა, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდა. ქალ-ვაჟი ჰყავდა და მზე და მთვარე მათზე ამოსდიოდა. მართლაც ლამაზი გოგონა ჰყავდა, ნელი ერქვა. ნაირასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მათი ოჯახის არაერთი საიდუმლოც ვიცი, რომელსაც დღემდე ვინახავ. სულ მეუბნებოდა, მე რომ გავთხოვდი სოფელში, ესეც მეყოფა, ჩემს გოგოს აქ არ გავაჩერებ, მირჩევნია, შავი პური ჭამოს, მაგრამ ქალაქში ცხოვრობდეს და ასფალტზე იაროსო. მართლაც, ნელიკო თბილისში გათხოვდა, მაგრამ, სწორედ ამით დაიწყო ოჯახის ტრაგედია. საშინელი ქმარი შეხვდა, მსმელი. სულ იმას ფიქრობდა, რა ეჭამა, რა დაელია, სად გაეყვანა დრო თავისნაირ უსაქმურ ძმაკაცებთან ერთად. ერთი წლის თავზე ვაჟი შეეძინათ. რომ ჩამოიყვანა სოფელში, კინაღამ გავგიჟდით სიხარულით, ისეთი ლამაზი იყო. გავიდა წლები, ბავშვი გაიზარდა, მაგრამ, ვერც ხმა ამოიღო და ვერც გაიარა. ექიმმა უთხრა, დაბადებიდან დაუნის სინდრომი აქვსო. ნაირა სულ შეიშალა, მაგრამ, ხომ იცით, ადამიანი ყველაფერს ეგუება. გავიდა წლები, ის ბავშვი ზაფხულობით ჩამოჰყავდათ სოფელში და მისი ცოდვით ვიწვებოდით. უნდა გენახათ, დედა და ბებია როგორ ეფერებოდნენ, ის კი გონზე არ იყო, სულ ღნაოდა, მოძრაობდა, ერთ წამსაც კი არ ჩერდებოდა. ჭამის დროს აგრესიული ხდებოდა და, საჭმლის ჭმევა რომ დაეგვიანათ, ისეთ ხმას გამოსცემდა, ვერ აგიწერთ. ერთ დღესაც, ნაირა ჩემთან მოვიდა. ისე ტიროდა, გული მომიკვდა. მითხრა, ამ ბავშვის ჩაბარება უნდათ, მე ვერ გადავიტან, ჩემი გაზრდილია და რა წყალში გადავვარდე, აღარ ვიციო.
– ვის უნდოდა ბავშვის ჩაბარება?
– ნელიკოს ქმარსა და მის მშობლებს. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ბავშვი ნაირამ წამოიყვანა სოფელში და თავად ზრდიდა. ნაირას ბიჭმა რომ ცოლი მოიყვანა, მერე დაიწყო კოშმარი: რძალი ვერ იტანდა ბავშვის ქცევებს, ეშინოდა, სულ ეჩხუბებოდა და ამის გამო დედამთილსა და რძალს შორისაც დაიძაბა სიტუაცია. რამდენიმე ხანში, ნელიკო ჩამოვიდა სოფელში, თურმე, მეორე შვილზე იყო ორსულად, დაავლო ხელი ბავშვს და წაიყვანა. არ გავიდა ერთი თვე და, ისევ გადარეული შემოვარდა ნაირა ჩემთან სახლში. ისევ ტიროდა – ნელიკოს ნერვიულობით მუცელი მოეშალაო. ასეთ ტირილსა და კვნესაში იყო საწყალი ქალი წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნელიკო, ასეთ გაჭირვებაში და ტრაგედიაში იყო, მაინც სულ ცდილობდა სხვისთვის არ ეჩვენებინა თავისი მდგომარეობა, მუდმივად გამოპრანჭული იყო და ისე გამოგელაპარაკებოდა, ისეთი ხალისით მოგიკითხავდა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა ის ბავშვი, იტყოდი, ამას არაფრის დარდი აქვს დედამიწის ზურგზეო. ერთ დღეს, გავიხედე, სოფელში ატყდა ერთი ამბავი, კივილი, წივილი... გავვარდი და რას ვხედავ: ნაირა მიწაზე გდია და მიწას თავს ურტყამს. თურმე, თბილისიდან დაურეკავთ – ნელიკო გარდაიცვალაო.
– კი მაგრამ, რამ მოკლა?
– რამ და, თურმე, სამეზობლოს ქალებს უქეიფიათ და, ესეც დაპატიჟებული ყოფილა. ცოტა ხანს მისულა და უკან გამოქცეულა სახლში, რადგან ბავშვი ქმართან ჰყავდა დატოვებული. ცოტა ხანში კუჭი ასტკიებია. უფიქრია, მაიონეზიანი სალათა ვჭამე და, ალბათ იმან მომწამლაო. კუჭის ამორეცხვა გაუკეთებია, მაგრამ, უფრო გაძლიერებულა ტკივილი. სასწრაფო რომ მოსულა, უთქვამს, ეს ვჭამე და მერე დამეწყო ტკივილიო. მათაც კუჭის ამორეცხვა გაუკეთებიათ და უცებ ჩაკვდომიათ ხელში. თურმე, კუჭი კი არა, გულის ბრალი ყოფილა. ამ დროს, ხომ იცით, გადაცემითი ტკივილი იცის კუჭზე და მისი ამორეცხვა, არაფრით არ შეიძლება. შვილის სიკვდილის დღიდან დაიწყო ნაირას ნამდვილი ჯოჯოხეთი. რასაკვირველია, ნელიკო სოფელში გადმოასვენა. საწყალი ქალი ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე და მისი კივილი და მოთქმა სოფელს ყოველ დილა-საღამოს აყრუებდა. მასთან ხშირად მივდიოდი, ვცდილობდი, ამეხსნა, რომ მის შვილს აქედან სჭირდებოდა პატრონობა და თავი ასე არ უნდა დაეტანჯა. არც კი მისმენდა, მარტო იმას იმეორებდა, ჩემს შვილთან უნდა წავიდე. თავს ვერ მოვიკლავ – იმქვეყნად რომ ვერ ვნახო, მერე რაღა ვქნა. ამიტომ, ისე მოვიქცევი, რომ შევებრალო და თავად წამიყვანოსო. ნელიკოს დასაფლავებიდან სულ რაღაც ოც დღეში ბავშვიც გარდაიცვალა. მამა რას მოუვლიდა? ბებიას მისთვის არ ეცალა და ასე შიმშილსა და სიბინძურეში ამოხდა სული. წარმოიდგინეთ, ხომ ვერ ლაპარაკობდა და, დედის სიკვდილის შემდეგ მარტო „დედას“ ყვიროდა, თურმე.
– ალბათ, ისიც დედის გვერდით დაასაფლავეს.
– არა, ბებიამისმა გაიგიჟა თავი – ამის ნერვიულობას გადაჰყვა ჩემი შვილი და აქ არ დავინახო მოსვენებულიო. არც პანაშვიდებს დასწრებია და არც გასვენებას. საფლავიც კი არ ნახა, ისე წავიდა ამქვეყნიდან. ბავშვის სიკვდილიდან სულ მალე, მამამ კიდევ უფრო მოუმატა სმას და შემთხვევით ნახეს მეზობლებმა სახლში ერთი კვირის გარდაცვლილი. სიმართლე გითხრათ, სიძის სიკვდილი დიდად არ განუცდია სიდედრს. მერე გავიგე, თურმე, ნაირა მთელი ორმოცი დღე, სანამ ნელიკოს ორმოცი იქნებოდა, სახლში სულ შებოლილ ღორის ქონს ჭამდა და წითელ ღვინოს სვამდა – იქნებ, წნევამ ამიწიოს და მეც მოვკვდეო. ეს რომ გავიგე, გავგიჟდი. მივვარდი, ხან ვეჩხუბე, ხან დავუყვავე, მაგრამ, ვერ გადავათქმევინე. ნელიკოს ორმოცი გადაიხადეს და ნაირამაც დაიკრიბა გულზე ხელები...
– ვეღარ გაუძლო ამდენ დარდს და შვილზე დარდს გადაჰყვა?
– სწორედაც რომ გადაჰყვა. ახლა იტყვით, ეს ქალი რაებს ბოდავსო, მაგრამ, მართლა ასე მოხდა. ის უბედური ცოცხალი დამარხეს.
– როგორ თუ – ცოცხალი?
– როგორ და, წნევამ დაარტყა და გაითიშა. შვილმა და რძალმა სასწრაფოდ მოუტანეს სასახლე და ჩააწვინეს. წარმოიდგინეთ, მთელი ხუთი დღე არ გაციებულა, ვარდისფერი კანი ჰქონდა და არც გაქვავებულა, რბილი იყო. თან, გაუჩერებლად მოსდიოდა ცრემლი. ყველა დასტიროდა, ოჯახის ზურგს უკან კი მალულად ქილიკობდნენ: გაგვიგია, მიცვალებულს ცრემლი სდიოდეს, მაგრამ, არ გაცივდეს და ისევ ვარდისფერი და რბილი კანი ჰქონდეს პირველად ვხედავთო. ამაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, მოკლედ, დაკრძალეს საწყალი და მეორე დღესვე დამესიზმრა: მიშველე, გოგო, ცოცხალი დამმარხესო. ეს რომ ჩემს მეუღლეს მოვუყევი, მითხრა, ნაირაზე ბევრს ფიქრობ. რძალს რომ ძალიანაც მოენდომებინა, შვილი როგორ იკადრებდა მაგას, რაებს ბოდავ, ღმერთი მაღლიდან იყურება და ნუ სცოდავო. ზუსტად მესამე დღეს ნაირას შვილი მოადგა ჩვენს ჭიშკარს და ჩემს მეუღლეს სთხოვა, ხვალ დედაჩემის საფლავი უნდა გავთხარო და იქნებ მომეხმაროთო. როგორც გაირკვა, თურმე, ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ ესიზმრებოდა – ეს რა ქენით, ღმერთს რად შესცოდეთ, ცოცხალი როგორ მიმაბარეთ მიწასო.
– მერე, რა ქნეს? დაუჯერეს სიზმრებს და ხელმეორედ გათხარეს საფლავი?
– თქვენ წარმოიდგინეთ, დაუჯერეს. ჩემი მეუღლე მიყვებოდა, სასახლეს თავი რომ ავხადეთ, მიცვალებული ამობრუნებული იწვა, თითები კი სიმწრისგან სულ დაკვნეტილი ჰქონდაო. ეს ამბავი მთელ რაიონში გავრცელდა. ხალხი შეაჩვენებდა ნაირას შვილს – ეს რა ქნა, დედა ცოცხლად როგორ დამარხა, ღმერთი ამ სასჯელს სასტიკად დაუბრუნებსო... სხვათა შორის, შვილი ძალიან დარდობდა, განიცდიდა, სულ თავდახრილი დადიოდა და, ერთ დღესაც, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. გაიარა მკურნალობა და დღეს ისევ სახლშია. ამ ამბავს აღარ ახსენებენ, მაგრამ თავად ხომ იცის, რაც ჩაიდინა, სოფელში კი ეს ვინმეს დაავიწყდება?! უამრავი ისტორია გამიგია, მაგრამ ასეთი არსად მსმენია. სულ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამის მოყოლა, მაგრამ, ვფიქრობ, კარგია სააშკარაოზე რომ გამოვიტანე, რადგან, ალბათ, ყველამ არ იცის, რომ კლინიკური სიკვდილის პერიოდში, ადამიანს გრძნობათა ორგანოები ეთიშება და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნევა. ამ დროს, შეიძლება, სასწაული მოხდეს და ის ამქვეყნად მობრუნდეს, შეიძლება – არა, მაგრამ, ასეთ კომატოზურ მდგომარეობაში, შესაძლოა, თვეები დაყოს და ის ამ დროს ცოცხლად ითვლება და არა გარდაცვლილად.