მალხაზ ქვრივიშვილმა თავისი სიყვარული დააკანონა
მალხაზ ქვრივიშვილისა და მარიამ ახობაძის რომანს საოცარი აჟიოტაჟი მოჰყვა მთელ საქართველოში. ამ წყვილზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ხმამაღლა და უფრო მეტს – ჩურჩულით. ინტერვიუებში მახო ხშირად ამბობდა, რომ რაღაც ეტაპამდე ამ ურთიერთობის დაკანონებას არ აპირებდა, რადგან წყვილი თავს მშვენივრად გრძნობდა და სიყვარულის დასამტკიცებლად მათ ოფიციალური საბუთები არ სჭირდებოდათ. თუმცა, როგორც ჩანს, მახოსა და მარიამის ურთიერთობა იმდენად გაღრმავდა და გასერიოზულდა, რომ ჯვრისწერა გადაწყვიტეს. 7 მაისს ლურჯ მონასტერში შეყვარებულებს ჯვარი დასწერა მამა გიორგიმ (გუგუშვილმა). ჯვრისწერაზე მხოლოდ მეჯვარეები და მათი მეგობრები იყვნენ, მათ შორის ცნობილი – არავინ. ჯვრისწერას ესწრებოდა მახოს უფროსი შვილი, ლიკატო, რომელიც, პატარძლის მსგავსად, ღია კრემისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. გულდახურული კრემისფერი კაბა და ესპანური სტილის თმისსამაგრი პატარძალს საოცრად უხდებოდა. სიძე-პატარძალმა მცირერიცხოვან სტუმრებთან ერთად რესტორანში გადაინაცვლა, სადაც გვიანობამდე აღნიშნავდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენც ვულოცავთ მახოსა და მარიამს და მარადიულ სიყვარულსა და გამრავლებას ვუსურვებთ მათ!