კაფე WRC-ში ავტომრბოლელთა დაჯილდოება გაიმართა
შაბათს, 7 მაისს, გაიმართა შეჯიბრება ფიგურულ სლალომში „ჯიმჰანა თბილისი 2011”, სადაც მონაწილეობას ქალბატონებიც იღებდნენ. შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა ლესელიძის ქუჩა ¹18-ში, ახალგახსნილ კაფე WRC-ში, ეგრეთ წოდებულ „რალი კაფეში”, როგორც მას უკვე შეარქვეს. იმ დღის შეჯიბრების გამაჯვებულებთან ერთად გაიმართა „რომპეტროლის” გასული წლის სეზონის მრბოლელების, იმ ჩემპიონების გალა დაჯილდოება, რომლებიც ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი წლის განმავლობაში აგროვებდნენ ქულებს და წლის ბოლოს საუკეთესოს ტიტულიც მოიპოვეს. წრიული რბოლის მონო-კლასის გამარჯვებული გახდა ლევან კვინიკაძე, ხოლო „აბსოლუტ კლასში“ პირველობა უკვე მეორე წელია, არავის დაუთმო მევლუდ მელაძემ. რალიში გამარჯვებულები სხვადასხვა კლასის მიხედვით გამოვლინდნენ. „აბსოლუტ კლასში“ პირველობა ქეთი ბოჭოიძისა და გოგა არჯევანიძის ეკიპაჟს დარჩა. იმ საღამოზე სულ ორმოცამდე დიპლომი გაიცა სხვადასხვა კლასისა და სახეობის მიხედვით. „რომპეტროლის” წლევანდელი სეზონი ავტოსპორტში უკვე წარმატებულად არის დაწყებული და სპორტსმენები უკვე აგროვებენ ქულებს საბოლოო გამარჯვებისთვის.