სად მოეწყო სულში ჩამწვდომი პოეზიის საღამო
მისი ლექსები ძალიან ქალურია... ქალის ენაზე დაწერილი და ქალური სევდით გაჟღენთილი... ძალიან შენი და სულში ჩამწვდომი. 12 მაისს ლიტერატურულმა კაფემ ახალგაზრდა პოეტის, თამუნა ხელაძის პოეზიას უმასპინძლა. მშვენიერი ქალი და მშვენიერი სტრიქონები, ზაალ სულაკაურის მიერ პოეტისთვის მიძღვნილი შარჟ-პორტრეტი, ლექსებისა და მათი ავტორის შარმით მოხიბლული პოლიტიკოსი კახა კუკავა... კარგია, როცა პოლიტიკოსს მარტო მიტინგზე კი არა, პოეზიის საღამოზეც ხედავ. მალე თამუნას ლექსების კრებულიც გამოვა. რატი ამაღლობელმა და ვაჟა ხორნაულმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს პოეტს. საღამოს თამუნას ის მეგობრებიც ესწრებოდნენ, პოეტი სოციალური ქსელის წყალობით რომ გაიცნეს და მისი თანამოაზრეები გახდნენ... მაგალითად, ბატონი შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ქალბატონი ბელა ალანია ოდნავ სევდიანი ღიმილით და მოკრძალებული აღფრთოვანებით უსმენდა ლექსებს. კაფეში ხან ზამთრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ხან გაზაფხულის სურნელმა გააბრუა იქ მყოფები და... ერთი საათის განმავლობაში ყველა პოეზიით სუნთქავდა.