რატომ არ უღალატებს არასდროს საყვარელი მამაკაცი სალომე კასრაძეს lfდა რაში არ ეთანხმება კატეგორიულად ის ია ფარულავას
მთელი საქართველო, განსაკუთრებით ქალბატონები, სულმოუთქმელად ელოდნენ, თუ ვინ შეცვლიდა შეუდარებელ და შეუცვლელ ია ფარულავას „დღის შოუში”. იას გადაცემიდან წასვლაზე ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ მსჯელობას არ აკლებენ სალომე კასრაძეს, ულამაზეს გოგონას, რომელიც უკვე შეგუებულია იმ აზრს, რომ თითქმის ყოველდღე, ია ფარულავას შეადარებენ და რომ გარკვეული პერიოდი დასჭირდება საკუთარი ინდივიდუალურობის დასამტკიცებლად.
– ვინ შეცვალა ია ფარულავა?
– ია ფარულავა შეცვალა ოცდასამი წლის სალომე კასრაძემ, ანუ, მე. დავამთავრე მეოთხე ექსპერიმენტული სკოლა. სკოლის პარალელურად, ვსწავლობდი მუსიკალურ ათწლედში, ფორტეპიანოს განხრით. სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
– ფორტეპიანოს რატომ უღალატე?
– ვიფიქრე, რომ საკმაო მონაცემები არ მქონდა იმისთვის, ეს საქმე გამეგრძელებინა. თუ ამ მიმართულებით წახვალ, შენი ცხოვრება ფორტეპიანოს უნდა მიუძღვნა. დღეში ათი არა, მაგრამ ხუთი-ექვსი საათი მიმეცადინია, როდესაც სიმფონიურ ორკესტრთან მქონდა კონცერტები. რეპეტიციები დარბაზებში, სახლში – ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროს მოითხოვს. თუ ამისთვის დაბადებული არ ხარ და სიგიჟემდე არ გიყვარს ეს საქმე, მაშინ ჯობია, თავი დაანებო. ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, ისე არაფერი გამოდის – ტექნიკა, მეტრონომები, კატორღული შრომაა... ამას ვერ გავქაჩავდი და ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. ძალიან სასაცილო იქნება, რომ გითხრა, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი, ვიძინებდი და მესიზმრებოდა მიკროფონით როგორ დავრბოდი-მეთქი, – არა, ასე არ იყო. სკოლის პერიოდში იმასაც მეუბნებოდნენ, მოდელი უნდა გახდეო...
– მონაცემები გაქვს.
– ყველა ამას ამბობდა. სიმაღლეში ვარ 180 სანტიმეტრი, 60 კილოგრამი, მოდელის თუ ფრანგულ პარამეტრებში ზიხარო... პარამეტრებიც შესაბამისია: წელი – სამოცი, ზემოთ – ოთხმოცდაცრხა და თეძოზე – ცოტა განზე ვარ, ოდნავ მეტი. იმ პერიოდში მოდელობა კარგად გათხოვების ერთ-ერთი საშუალება იყო, სხვა მიღწევა ამ სფეროში შეუძლებელი გახლდათ. ახლა ეს სამყარო შედარებით განვითარდა, არის შოუები, მიწვევები, საინტერესო სამუშაო. მოკლედ, არ დავუჯერე და ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ „ჯიპაში” ჩავაბარე და ავიღე მაგისტრის ხარისხი მედია-მენეჯმენტის სპეციალობით, ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. სანამ „ჯიპაში” ჩავაბარებდი, სტაჟიორად მოვედი „იმედში”. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე „ქრონიკაში” როგორც სტაჟიორმა.
– ბევრს გამუშავებდნენ?
– კი, სტაჟიორებს ყოველთვის ბევრს ამუშავებენ, ყველა პროფესიაში, ალბათ, ასეა. ძალიან ბევრი უნდა იშრომო იმისთვის, რომ რაღაც დაამტკიცო, როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთან. მერე მიხვდები, რომ უკვე ზუსტად იმ პროფესიის ხარ, რაც მთელი ცხოვრება გინდა, რომ აკეთო. თუ პროფესიონალიზმის ერთ პროცენტს მაინც მიაღწევ, მერე უკვე შენი საქმისგან სიამოვნებასაც მიიღებ. თუმცა, მანამდე ძალიან ბევრს წვალობ. ახლა „ქრონიკის” კულტურის ბლოკში ვარ, გამოაჩინეს ჩემი სახე, მომანდეს უფრო სერიოზული სიუჟეტები. კორესპონდენტად მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ჯერჯერობით ვაგრძელებ „ქრონიკაში” მუშაობას. ვნახოთ, მერე რა იქნება.
– და, ბოლოს – „დღის შოუ”. ჩემი აზრით, ეს მაინც წამყვანების შოუა, სადაც ხშირად უწევთ საუბარი თავიანთ გამოცდილებაზე. არ შეგეშინდა ამ მხრივ?
– ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ქასთინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. მერე ვთქვი – რატომაც არა?! „ქრონიკაშიც” უკვე იმ ეტაპამდე ვიყავი მისული, როდესაც წამყვანობაზე ვფიქრობდი. უცებ ასეთი არაჩვეულებრივი შანსი გამოჩნდა. ქასთინგზე საერთოდ არ ვნერვიულობდი, იმაზე ვნერვიულობდი: რატომ არ ვნერვიულობ-მეთქი (იცინის). რომ შევალ, იქ არ დამემართოს რამე-მეთქი. ასე მეგონა, სახლში ყავაზე ვისხედით – მე, ნანიკო და დოდოშკა და ვსაუბრობდით იმ თემებზე, რომელიც ყველას აინტერესებს. პირველ ეთერზე ბევრად უფრო ვინერვიულე. ჩემთვის ყოველი გადაცემა აღმოჩენასავითაა, გავიგებ იმას, თუ რას ფიქრობს ხალხი ამა თუ იმ თემაზე, როგორ აზროვნებენ, საით ვითარდება ყველაფერი. სამი სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა თაობის ადამიანი შევიკრიბეთ და ერთსა და იმავე თემას, სხვადასხვა რაკურსით ვხედავთ. ვცდილობ, ამ გადაცემაში შემოვიტანო ჩემი თაობის სული, ინტერესები.
– რა აინტერესებს შენს თაობას?
– უამრავი რამ, ყველაფერი მაინტერესებს. ვიმედოვნებ, ჩემგან ახალგაზრდული მუხტი მოდის.
– იასთან შედარებები არ დაიწყო?
– რა თქმა უნდა. ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც იას ჰქონდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მექნება. რესურსი არ მაქვს ფიზიკურად იმის, რომ ია ჩავანაცვლო. დარწმუნებული ვარ, შევძლებ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და არავის ჩრდილქვეშ არ ვიქნები.
– პარალელურად, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაზე ნაცნობებთანაც კი არ ვსაუბრობ და პრესაში ამაზე ლაპარაკი, მართლა წარმოუდგენლად მეჩვენება. ერთი-ორმა ადამიანმა თუ იცის რამე ამის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ამწუთას შეყვარებული არ ვარ, აი, მაინც მათქმევინე, არანაირი ადგილი არ უკავია ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში.
– კი, მაგრამ არ არის პრიორიტეტული სიყვარული შენს ცხოვრებაში?
– კი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია სამსახური, მაგრამ თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს მოწყობილი, მაშინ კარიერასაც ნაკლები ელფერი აქვს. როდესაც ეს ყველაფერი ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან, ამას არაფერი ჯობია.
– თუმცა, ამასაც მუშაობა სჭირდება.
– თავისით არაფერი ხდება, მაგრამ არასდროს ვარ ურთიერთობების დაწყების ინიციატორი. არ შემიძლია, ოღონდ ვიღაც მყავდეს და ამისთვის ვიღაცას „ვეჩალიჩო”. არ ვარ იმის მომხრე, ქალი იყოს ურთიერთობებში აქტიური და პირველი ნაბიჯი გადადგას... თუ ვიღაც გადმოდგამს ამ ნაბიჯს, მერე ვეტყვი, ღირდა თუ არა და ასე გააგრძელოს თუ არა. თუ რაღაცას მამაკაცისგან ვიგრძნობ, მერე შეიძლება, მივცე ბიძგი.
– გიყვარს ყველაფერი დაგეგმილი თუ პირიქით?
– არასდროს არაფერს ვგეგმავ. ერთადერთი, ჩემი გეგმა ისაა, რომ „ქრონიკაში” მოვდიოდი დილით, ახლა უკვე „დღის შოუში” ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ სტუმართან და გადაცემასთან დაკავშირებით. სხვა გეგმა არ არსებობს. ექსპრომტად მომინდება დასვენება, სადმე წასვლა, მოგზაურობა. რომ გეგმავენ, ორი კვირის მერე სალონში უნდა ჩავეწერო, მერე იქიდან ვარჯიშზე წავიდეო – ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.
– სხვა რა გიყვარს, რით ერთობი?
– ვუკრავ ძალიან ხშირად, მაგრამ თითქმის არასდროს ვმღერი.
– ერთი „თბილისოც” წაგვიმღერეო, მსგავსი თხოვნები არ ისმის?
– არ არსებობს. არ მიყვარს ქალაქური სიმღერები და მით უმეტეს, როცა ქალი მღერის ქალაქურ სიმღერებს. ძალიან წინააღმდეგი ვარ ამის.
– კიდევ კარგი, ნინო ჩხეიძე შენ მისვლამდე იყო „დღის შოუში”.
– შეიძლება ვერ გაგვეგო ერთმანეთისთვის?! არა, გავუგებდით. ყველას თავისი ადგილი და გემოვნება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ მე თუ არ მომწონს, კარგი არ არის. მე კლასიკურ მუსიკას ვასრულებ და თუ განტვირთვის საღამო გვაქვს მეგობრებთან ერთად, ვუკრავ ხოლმე. ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ ძალიან კარგად არ მაქვს ნაწარმოები მომზადებული, არ ვუკრავ. სხვა, რაღაც ექსტრემალური გასართობები, არ მაქვს. მთამსვლელობით არ ვარ დაკავებული. ვცდილობ, ყველგან, ნებისმიერი სიტუაციაში, ისეთი პირობები შევიქმნა, რომ ყოველი დღე განსხვავებული და საინტერესო იყოს. იქ ვგრძნობდე კარგად თავს, სადაც ვარ. ბედნიერი ვარ, როდესაც კარგი რესპონდენტი შემხვდება და ზუსტად იმას ამბობს, რაც უმთავრესია ჩემი სიუჟეტისთვის. ბედნიერი ვარ სამონტაჟოში ყოფნისას, როდესაც ვხვდები, რომ ის, რაც გავაკეთე, საინტერესოა და მერე, როცა ჩემი უფროსის კაბინეტში ჩამოვდივარ და მაქებს.
– შექება გიყვარს?
– ბავშვივით ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია. ძალიან მაგრად ვგრძნობ თავს, როცა უკვე დაღლილი მივალ სახლში, ჩემს ოთახში დავჯდები, მუსიკას ჩავრთავ ან რომელიმე წიგნს ავიღებ. ასე ვგრძნობ, რომ ვცხოვრობ. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს კლუბი, ადგილი, სადაც შემიძლია მოვეშვა, ვიცეკვო, ენერგია დავხარჯო.
– ანუ, ესტროგენებსა და ჰორმონებზე საუბარი „დღის შოუში” დამთავრდა?
– არ დამთავრდა. რადგან ია არ არის, არ ნიშნავს, რომ იმ თემებზე არ ვისაუბრებთ, რომლებსაც ია ლობირებდა.
– როგორც ია ამბობდა, ყველა მამაკაცი ღალატობს ქალს. ეთანხმები ამას?
– არაფერიც, კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, კაცი, რომელთან ერთადაც ვიცხოვრებ, არ მიღალატებს. შეიძლება, შენ თვითონ გააკეთო ცხოვრების განმავლობაში ისეთი რამ, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი, არ ვგულისხმობ ღალატს. როდესაც ვიქნები იმ კაცის გვერდით, რომელიც ვიცი, ჩემი მეორე ნახევარია, ყველანაირად ვეცდები, შევქმნა ისეთი პირობები, რომ ღალატის სურვილი არ გაუჩნდეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი რჩეული არ მიღალატებს-მეთქი. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, არ მოხდება.