როგორ გახდა ქეთი ორჯონიკიძე 12 წლის ასაკში ლუიზიანას შტატის საპატიო სტუმარი და როგორ აღმოჩნდა ის გარდატეხის ასაკში ოსვენციმის ბანაკში
მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. რაც მთავარია, სადაც ჩადის, იქაურ ქუდს იხურავს და ნებისმიერ სიტუაციას, ადგილს კარგად ერგება.
ქეთი ორჯონიკიძე: როცა დანიშნულების ადგილზე ჩავდივარ, მერე მიყვარს მოგზაურობა, რადგან, საქართველოდან წასვლა არ მსიამოვნებს. მიდიხარ აეროპორტში, ადიხარ კიბეებზე, მეგობრები ამ დროს ხელს გიქნევენ – ეს მომენტი მკლავს, უხეშად რომ ვთქვა, „მგრუზავს”. ყველა ერთად რომ მივდიოდეთ, უკეთესი იქნებოდა. არ მახსოვს, სადმე წავსულიყავი და მეგობრებს არ გავეცილებინე. ჩამოსვლისას, უფრო პასიურობენ ხოლმე, ძირითადად არ ვამბობ, როდის ჩამოვდივარ და მხოლოდ შიდა „სასტავები” იგებენ. ერთხელ, ჩემს მეგობარს გავუკეთე სიურპრიზი – არ გავაგებინე, რომ ჩამოვდიოდი და რომ დამინახა, კინაღამ გული გაუსკდა. თან, ლონდონიდან ჩამოვედი, ახალი ტანსაცმელი მეცვა, ჭკუაზე არ ვიყავი. ისეთ „სახეზე ვიდექი”.
– მოგზაურობის დროს ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს.
– უპირველეს ყოვლისა, ამას ადამიანი ინდივიდუალიზმის კიდევ ერთ საფეხურზე აჰყავს, სად ის, დედა რომ არის შენზე მუდმივად გადაფოფრილი და სად, რომ მარტო მიდიხარ. პირველად, 12 წლისა ამერიკაში წავედი დედაჩემის გარეშე ამერიკაში. თუმცა, პედაგოგთან ერთად ვიყავი. ლუიზიანას შტატში იყო სიმღერის კონკურსი და მუსიკალურ დარგში საპატიო მერ-პრეზიდენტის წოდება ავიღე. ანუ ლუიზიანას შტატის საპატიო მერ-პრეზიდენტი ვარ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ერთ-ერთი შტატის საპატიო სტუმარი ვარ. ასევე, მივიღე მასმედიის პრიზი.
– როგორი იყო შთაბეჭდილებები, როდესაც მშობლის გარეშე წახვედი ასე შორს?
– ეს არ იყო ჩემი პირველი წასვლა, მანამდე 8 წლის ასაკში გარმანიაში ვიყავი პიანისტთა კონკურსზე, სადაც გრანპრი ავიღე, მაგრამ მაშინ, დედაჩემიც იყო ჩემთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, გაღვიძებისთანავე საწოლში მოაქვთ ყავა, საჭმელი – მოკლედ, კარგად მივლიან მშობლები, მიუხედავად ამისა, უცნაური ადამიანი არ ვყოფილვარ. აი, ისეთი ბამბებში გაზრდილს რომ ეძახიან და ამ ქვეყანაზე რა ხდება, რომ არ იციან. დოლიძეზე ვცხოვრობ, ამ უბანში გავიზარდე და მანდ თუ გაიზარდე, ესე იგი, ცხოვრებაში ცოტა რაღაცაში გარკვეული ხარ. ერთხელ, მახსოვს, ციგიდან გადმომაგდეს. სახლში ამოვედი ტირილით, თავიდან სისხლი მომდიოდა. დედაჩემმა მკითხა, რა მოგივიდაო და ბავშვებმა როგორც იციან, ისე ვუთხარი – მიდი, დედა სცემე. დედაჩემმა ლამის აქეთ დამიმატა, ჩემთან რას მოდიხარ, წადი და შენი პრობლემები შენ მოაგვარეო. ეს ძალიან დამეხმარა და ამის შემდეგ, ჩემს პრობლემებს თვითონვე ვწყვეტ.
– რომელი ქვეყანა, ხალხი მოგეწონა ყველაზე მეტად?
– ესპანელები ყველაზე მეტად მომეწონა, თუმცა, ინგლისელები უფრო მგვანან ხასიათით. იცი, ინგლისი როგორი ქვეყანაა, შენ – შენთვის, მე – ჩემთვის. თუ რამე გჭირდება – მოდი, მითხარი, დაგეხმარები. იქ არავინ არავის საქმეში არ ყოფს ცხვირს. პირველად რომ ჩავჯექი თვითმფრინავში და გავფრინდი, მახსოვს, ყურები საშინლად მტკიოდა, თან პატარა ვიყავი, ორი კიკინით და კიდევ წინ არ მქონდა კიჭები. ბევრ ტკბილს ვჭამდი და კბილები სულ მიფუჭდებოდა. ფოტოც მაქვს, ეიფელის კოშკთან ვდგავარ, ორი კიკინით, უკბილოდ და ვიცინი. მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის ვიყავი, ლუვრით აღფრთოვანებული დავრჩი. დედაჩემს ძალიან უყვარს ხელოვნება. დამათრევდა ყველგან, თან მიხსნიდა. პირველი ერთი საათის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ უკვე სამი საათის შემდეგ, ძალიან დავიღალე. მახსოვს, სასტუმრო იყო ძალიან კარგი, პატარა სახლივით, იქაური სუნიც მახსოვს. ეიფელის კოშკზე პირველად ვნახე ცვილის ფიგურები. სულ მინდოდა, შიგნით შევსულიყავი. ფიგურებისთვის ხელი მომეკიდა, მაგრამ პოლიციელმა მითხრა – „უტუტუო“. ესპანეთში, საქართველოს დღეებზე ვიყავი. მახსოვს, ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით, ზღვასთან ორი ფეხის ნაბიჯზე და ხალხიც ძალიან კარგი იყო. პლაჟთან ქვის სცენა იყო გაკეთებული და ყოველ საღამოს კონცერტები გვქონდა, სხვადასხვა სასტუმროს კლუბებში. ლორე დე მარ – ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია და იქ ვიყავი. რადგან ყოველღამე კონცეტი მქონდა, ხალხი მცნობდა, მაშინ, საქართველოში არავინ იცოდა, ვინ იყო ქეთი ორჯონიკიძე. იქ კი ავტოგრაფებს მართმევდნენ. ფოტოებს იღებდნენ ჩემთან ერთად. აღფრთოვანებული ჩამოვედი თბილისში, თუმცა, ფეხი როგორც კი დავდგი ბედნიერი სახით, მივხვდი, რომ აქ არავინ მიცნობდა.
– მერე უკვე ლონდონში წახვედი.
– ლონდონში ორჯერ ვიყავი, უფრო სწორად – პირველად ჰაროგეითში ვიყავი ფესტივალზე, კონცერტები გვქონდა. იქ გადავწყვიტე, ფრჩხილების დაგრძელება და მასალაც ვიყიდე. ფრენჩის გაკეთება მინდოდა, მაგრამ, მაშინ, ამ ყველაფრისთვის პატარა ვიყავი. ფრენჩი ხომ ზემოდან ოთხკუთხედია და მე უკუღმა დავიკარი. ზუსტად ერთ საათში ვახშამი გვქონდა, რომელსაც ჰაროგეითის ელიტა ესწრებოდა, ლონდონიდან ჩამოსული სტუმრები. გრძელი კაბაც კი ჩამაცვეს, ისეთი სასაცილო ვიყავი, სარკეში რომ ჩავიხედე, ორი საათი ვიცინოდი. მოკლედ, რაში არ ჩამაყოფინეს ხელები, რომ ფრჩხილები დაეძროთ, მაგრამ ერთ თითზე მაინც დარჩა. ამიტომ, მთელი საღამოს განმავლობაში ცერა თითი მუშტში მქონდა დამალული და ისე ვიჯექი. რაღაცაზე ვსაუბრობდი, უცებ მუშტი გავშალე და ფილმებში რომ არის, ყველა მე მომაშტერდა. სასწრაფოდ ისევ დავმალე. საღამომ კარგად ჩაიარა, მე დავრჩი მარტო მშიერი.
– ლონდონი – შენს ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული ეტაპი იყო?
– რა თქმა უნდა, თან ამდენი ხანი მარტო ვცხოვრობდი. ქართველს სულ ოთხჯერ შევხვდი. თუ ინტერნეტს არ ჩავთვლით, ქართველებთან ურთიერთობა არ მქონია. უფრო ცვლილებების შიში მაქვს, მაგრამ ამან არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი. თუნდაც, კონკურსში მონაწილეობაზე, საბუთების გაგზავნაზე რომ მიდის საქმე, სულ ვკოჭლობ, არ მინდა, გავაგზავნო. დედაჩემია ამ დროს ყველაზე კარგი ენერგოსტიმულატორი, მე თუ უკან ვიხევ, ის – არასდროს. ლონდონში ძალიან მიყვარს „ბიგ-ბენი,“ ღამით შეგიძლია მინდორზე წამოწვე, საოცრად სუფთა ქალაქია. ბუკინგემის სასახლეში რომ ვიყავი, ძალიან მომეწონა გაშლილი სუფრა, შვიდი-რვა ჩანგალი რომ იდო. ასე მეგონა, სამეფოში მოვხვდი და მეც ამ სამეფოს ნაწილი ვარ-მეთქი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე პოლონეთში ოსვენციმის ბანაკმა. მე ხომ საშინელებათა ჟანრის მოყვარული ვარ, მაგრამ იქ, რაც ვნახე, არ ვიცი, რა იყო. შედიხარ ბანაკში, ნისლია, პატარა ფეხსაცმელები აწყვია. თან, იმდროინდელი, გაზის კამერაში რომ კლავდნენ დიდებს და პატარებს და ისევ ისეა ყველაფერი დალაგებული. დიდი ვიტრინებია, სადაც სულ ქალების თმებია გამოფენილი, არის – ფეხსაცმელების ვიტრინა. ზოგში – თავების ჩემოდნებია, მოკლედ, საშინელება იყო. ხომ ამბობენ, ადამიანი ისე არ უნდა მოკვდეს, ეს რომ არ ნახოსო. მართლა არ უნდა მოკვდე ისე, რომ ეს ბანაკი არ ნახო, რადგან ძალიან ბევრ რამეს მიხვდები – რის გაკეთება შეუძლია ადამიანს სხვა ადამიანისთვის, რაზეა ის წამსვლელი. ჩემი იქ ყოფნა გარდატეხის ასაკს დაემთხვა და ძალიან ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. იქ ისეთი საშინელი ფოტოები ვნახე, ინტერნეტშიც კი არ დევს.
– ეგზოტიკურ ქვეყნებში არ ხარ ნამყოფი?
– არა, ძალიან მინდა, ბორა-ბორაზე წასვლა. მე და ჩემი მეგობრები ფულს ვაგროვებთ. ადრე იტალიაზე ვიყავი „ჩაციკლული“. იქ მინდოდა, წასვლა, მაგრამ ახლა ბორა-ბორაზე, პატარა ქოხში, შუა ოკეანეში რომ დგას, იქ მინდა ვიყო. მთავარია, იყოს ცხელი წყალი, ლოგინი და ტელევიზორი, რადგან მულტფილმების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. კარგი, ტელევიზორი თუ არ იქნება, ინტერნეტი მაინც იყოს. ტელეფონი არ მინდა, ტყუილად ნერვებს მომიშლის. სადმე რომ ჩავდივარ, მაშინვე ვამოწმებ, რომ იყოს ტელევიზორი, კარგი „ვანა-ტუალეტი“ და წესიერი ლოგინი. მარტო საკუთარ თავს უკეთ ვუვლი, უფრო მობილიზებული ვხდები და ყველაფერი „აჟურში“ მაქვს.
– თავიდან თქვი, დედაჩემი საწოლში მომართმევს ხოლმე ყავას და საჭმელსო. რომ გათხოვდები, ალბათ, მეუღლისგანაც მოითხოვ ამას?
– რატომაც არა. ხომ იცი, მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. დედაჩემი ან მამაჩემი დილით რომ მეტყვიან – გაიღვიძე, ჩაი თუ ყავაო? მეც ვეუბნები, რაც მინდა. თუ არ მშია, ნამცხვარს მაინც მომიტანენ. აბა, უჭმელი სახლიდან, როგორ გავალ – ჩიტი დაგწყევლისო, თუ როგორც ამბობენ. მამაკაციც თავიდანვე კარგად გაიგებს რა მინდა. არ არსებობს ჩემს გარშემო ადამიანი, რომელსაც არ უნახავს, რომ ლოგინში მივირთმევ. თან, არ მგონია, რომ ეს ცუდი იყოს, თუ პონტია, რატომ არ უნდა გამოიყენო?
– უცხოეთში ყოფნისას, არ გაქვს ხოლმე ფლირტი, სასიყვარულო თავგადასავლები?
– არის ფლირტი, მაგრამ თუ საქმეზე ვარ გადართული, ეს გამორიცხულია. თან, არ მიყვარს ერთ დღეს უწუ-პუწუ და მეორე დღეს, რომელი ხარ საერთოდო. ანუ, თუ ასე ხდება, შეიძლება, მეორე დღეს, სახეზეც არ მახსოვდეს. ამის გამო, ერთხელ სერიოზული კონფლიქტი მოხდა და ამიტომაც აღარ მინდა. თუ ადამიანთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, არ ვიმახსოვრებ და ვერ ვიმახსოვრებ. ჩემს ტვინს ავტომატური ფუნქცია აქვს – რაც არ არის საჭირო, იმას „დილეითს” უკეთებს. შესაბამისად, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. როცა წასული ვარ, არც დრო მაქვს და თან, იმდენად ორიენტირებული ვარ საქმეზე, რომ სხვა რაღაცას ვეღარ მივაქცევ ყურადღებას. არც დიდხანს გავჩერებულვარ და შევჩვეულვარ გარემოს ისე, რომ სხვა რაღაცეებზე დამეწყო ფიქრი.