კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კანონებს არღვევს ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი და რა ვერ იპოვა მან ევროპაში ცხოვრების შემდეგ თბილისში

საქართველოში ექვსი წლის წინ, პატარა ხუჭუჭ მიმისთან ერთად დაბრუნდა. ერთ ცნობილ ტელეშოუში მოხვედრით ისეთი სკანდალური იმიჯი შეიქმნა, რომ მის დანგრევას უკვე დიდი ხანია, ცდილობს. ოჯახში რუსა ამირეჯიბის „ამბოხებს” შეჩვეულები იყვნენ: „გაქცევა” ევროპაში, ქორწინება შავკანიან ნიგერიელთან... ახლა კი ცხოვრებაში სხვა ეტაპიც დადგა: სტილიც შეიცვალა და ცხოვრების წესიც – კვიცი გვარზე ხტისო და, წერაც დაიწყო. ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი ახლა იმ ვალდებულებებით ცხოვრობს, რაც ცნობილი ოჯახის წინაშე აკისრია.

– რუსა, წლების წინ ერთი ტელეპროექტის წყალობით ძალიან პოპულარული სახე გახდი, თუმცა, მალევე გახვედი კულისებში და აღარსად ჩანხარ. რატომ?

– მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ, დღესაც ახსოვთ რუსა ამირეჯიბი იმ შოუდან, რომელში მონაწილეობაც ჩემს შეცდომად მიმაჩნია. დღეს ბავშვი მაღაზიაში წავიყვანე და გამყიდველმაც კი მიცნო – შენ ის არ ხარ, შოუში რომ იყავიო? სიმართლე გითხრათ, ეს აღარ მომწონს, სულ იმას ვფიქრობ, როგორ დავანგრიო ეს იმიჯი, რა გავაკეთო, როგორ მოვაწყო ერთი „კეთილი” და „კარგი” სკანდალი, რომ ხალხს ის რუსა დავავიწყო. ცხოვრებაში არაფერი მინანია, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ იმ შოუში არ უნდა წავსულიყავი, თუმცა, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ახლა, 36 წლის ასაკში, გოგო მგონია თავი, ექვსი წლის წინ კი, როცა შოუში მოვხვდი, მოზარდობის ასაკი მქონდა – მე ასეთი სტანდარტები მაქვს ასაკთან დაკავშირებით, ჩემთან ყველაფერი თავდაყირა დგას (იცინის). მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში და, სიმართლე გითხრათ, აქაური მენტალიტეტი ასე თუ ისე დავიწყებული მქონდა, საქართველოს ჯერ კიდევ ევროპის გადმოსახედიდან ვუყურებდი. საკმაოდ პატარა ასაკში დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრება გერმანიაში. თინეიჯერობის ასაკში, როცა პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება, ვიყავი უცხო გარემოში, აბსოლუტურად მარტო, ჩემიანების გარეშე, თუმცა, იმ ქვეყანაში ცხოვრებას ჰქონდა ერთი დიდი ხიბლი – იქ ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რაც არასდროს მიგრძნია ჩემს ქვეყანაში. გერმანიიდან ჩამოსულს აქაურობა სხვანაირი მეგონა, მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა. მე აქ მეშინია, რომ ვიყო კარგად, ირგვლივ იმდენი ცუდი რამ ხდება, რაც ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. როცა მაშინ თბილისში ჩამოვედი, გონზე მოსვლა და გაცნობიერება ვერ მოვასწარი. კარგად რომ მიმეხედ-მომეხედა ირგვლივ, ალბათ, შოუში არ მოვხვდებოდი. თუმცა, შინაგანად ძალიან ინოვაციური ტიპი ვარ (იცინის) – შოუში შესვლამდე სულ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ გამოვჩენილიყავი, მაგრამ რითაც მაშინ პოპულარობას მივაღწიე, ახლა ამას ვნანობ. ის იარლიყი, რაც მაშინ მივიწებე, ჩემი ნამდვილად არ იყო, თუმცა, უსამართლობას ვერც მაშინ მოვითმენდი და ვერც ახლა ავიტან, ამის გამო კონფლიქტებს არც ახლა გავექცევი. მე ვარღთვევდი იმ შოუში სხვის მიერ დადგენილ წესებსა და კანონებს, კანონები ხომ იმისთვის არსებობს, რომ დავარღვიოთ?! (იცინის).

– სკანდალური, სექსუალური და ეპატაჟური იმიჯი ძალიან კონსერვატორული სტილით გაქვს შეცვლილი. რა გახდა ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი?

– ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ და ეს ჩემს ხასიათზეც ვლინდება – მთელი ცხოვრება ხან ასეთი ვარ – ჩვეულებრივი, ხან კი, ისეთი – რადიკალურად განსხვავებული (იცინის). ჩემი რადიკალური ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უკვე გავიზარდე და ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გადაფასდა ღირებულებები. ის, რაც ადრე პრიორიტეტული იყო ჩემთვის, ახლა არაფერს ნიშნავს. ჩემი ოჯახი ჩემგან მიჩვეული იყო ჩემს „ამბოხებს“, ჭაბუა პაპაც კი ჩემი იდუმალი მეკავშირე იყო და სხვათა შორის, დღესაც ასეა, რადგან, ის არის ადამიანი, ვისაც არასდროს არაფერი უკვირს და ძალიან თავისუფლად აზროვნებს. 3 წლის ვიყავი როცა პირველად გავიპარე სახლიდან. ძალიან ბევრი მეძებეს და, როცა მიპოვეს და ტაკოზე მომცხეს, მე ჩემებს ვუთხარი: მინდოდა წასვლა და რატომ არ უნდა წავსულიყავი-მეთქი? ჩემოდანი სულ ჩალაგებული მქონდა და ხან აჭარაში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ხან – მაღალმთიან რეგიონებში. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ, როცა რამეს აკეთებ, უნდა მიმოიხედო ირგვლივ, შეხედო შენს ოჯახს, იფიქრო იმაზე, ვინ დგას შენ უკან. მე ამას არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მე მინდოდა და, სიმართლე გითხრათ, დღესაც ასე ვცხოვრობ. თუმცა, ახლა აღარც იმის სურვილი მაქვს, რომ სკანდალურ ისტორიებში გავეხვიო და უფრო მეტად ვიყურები გარშემო (იცინის). თუმცა, ვერავის გამო ვერაფერს ვერ ავუკრძალავ საკუთარ თავს – ეს ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია, რაზეც ძალიან მძაფრი რეაქცია მაქვს.

– ამჟამად რას საქმიანობ?

– უკვე ხუთი წელია, რაც ბავშვებს ვამეცადინებ ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა, ეს არის ჩემი საქმე. მყავს აბიტურიენტებიც, მაგისტრანტებიც, პოლიციელიც მიმეცადინებია და ბალერინაც (იცინის). სექტემბრისთვის სახელმძღვანელოს გამოცემას ვგეგმავ. პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ვწერ საკმაოდ ბევრს. ბოლო ორი წელია, რაც ჩემი მოთხრობები იბეჭდება თითქმის ყველა წარმატებულ ლიტერატურულ ჟურნალში, „ლიტერატურულმა პალიტრამ“ ბოლო ხუთი წლის საუკეთესო ნაწარმოებებს შორის ჩემი მოთხრობაც წარადგინა წიგნის ფესტივალზე.

– არ შეგეშინდა, ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა წერა რომ გაბედე?

– არა, არ შემეშინდა, მე არ მაქვს პრეტენზია გენიოსობაზე და არც ჭაბუას ჩრდილში ყოფნა მომიწევს (იცინის). ბავშვობიდან ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს, საავტორო გადაცემებიც მაქვს გაკეთებული. სერიოზულად რომ მომეკიდა ხელი წერისთვის, ეს იდეა დედამ მომაწოდა – ეს იყო სამი წლის წინ, როცა ჭაბუას პირველად მივუტანე ჩემი ნაწერები. ვერ შეეგუა, ჩემი წერის სტილი ვერ მიიღო. როგორც ჩანს, კლასიკოსისთვის ჩემი სტილი უცხო იყო. გავიდა დრო და ჭაბუას აზრი შეეცვალა – მითხრა კიდეც, ცოტა უცნაური სტილი გაქვს, მაგრამ, ეს ინდივიდუალიზმი კარგიაო. ახლა ყოველ მისვლაზე, პირველად ამას მიწერს – რამეს წერო? ჭაბუა და დედაჩემი არიან ჩემი დამრიგებლები, მასწავლებლები, ცენზორები. ჩემი „ფეხსაცმელი” ჭაბუას ისე ძალიან მოეწონა, რომ შემაქო კიდეც, რაც მისგან იშვიათად ხდება (იცინის).

– შენი ცხოვრების წესი შენი ახალი სტილის მსგავსად კონსერვატორულია?

– ახლა, იცით, როგორ ცხოვრებას ვეწევი? სახლი, სამსახური, ისევ სახლი და ისევ სამსახური. ასეთი მოსაწყენი ცხოვრება არასდროს მქონია, არც კინოში დავდივარ, არც კაფეში, არც მეგობრებთან. ბევრი დრო დავკარგე და უკვე ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. ისე მეჩქარება, დროს ვეღარ დავუთმობ ძონძებზე ფიქრსა და ლაპარაკს. ძალიან შევიცვალე, სხვანაირი გავხდი. მე თვითონ მიკვირს, როგორ ვძლებ ასე. ალბათ, იმ ვალდებულებების გამო, რაც მაკისრია, მაგრამ, ვიცი, ასეთი რუტინული ცხოვრება დიდხანს ვერ გამიგრძელდება; გული მიგრძნობს, რომ რაღაც დიდი, ირმის ნახტომი შეიძლება გავაკეთო და სადმე, ასტრალში ამოვყო თავი (იცინის). ახლა ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ჩემს შვილს – მიმის. დედობაც სხვანაირად გავაცნობიერე და ეს ალბათ, ასაკის ბრალია. მინდა, რომ მიმი საუკეთესო ადამიანი დადგეს. თავისი განსხვავებულობის გამო დისკომფორტი არ აქვს, თუმცა ხანდახან რაღაც-რაღაცეებს მძაფრად განიცდის. ახალ სკოლაში მინდოდა, გადამეყვანა, მაგრამ, მითხრა, სანამ იქ შემეჩვევიან, ბავშვები დამცინებენო. ძალიან ემოციური ბავშვია, ხასიათით მე მგავს. ამბობს, რომ დედასავით ქოთქოთაა და მტკიცე. ჩემსავით ცოტა ზარმაციც არის, თუმცა, მე თავს ვეღარ ვაძლევ უფლებას, რომ ვიზარმაცო.

– მიმი, უკვე დიდი გოგო ხარ, შენ როგორ ცხოვრობ?

მიმი: სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ, მაგრამ, ძალიან კარგად არა. უკვე ოთხი წელია რაც მუსიკაზე დავდივარ. ძალიან მინდა, რომ გამოვიდე მომღერალი და პიანისტი. როცა გავიზრდები, დედაც თუ გამომყვება, ძალიან მინდა, რომ ამერიკაში წავიდე საცხოვრებლად, იქ გავაგრძელო მუსიკალური კარიერა, გავხდე როგორც ალიშა ქეი – მე თვითონ დავწერო მუსიკა და თან ვიმღერო. მომწონს ამერიკა, ისიც მიხარია, ჩემსავით შავკანიანი პრეზიდენტი რომ ჰყავთ (იცინის).

– მამის სამშობლოში, ნიგერიაში არ გინდა წასვლა?

– არა, ჩემი სამშობლო თბილისი და საქართველოა. მამაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მამა დაიკარგა, არ მკითხულობს, არ აინტერესებს, როგორ ვცხოვრობ, მაგრამ, სამაგიეროდ, მის ცოლთან გვაქვს კონტაქტი – ის გერმანიაშია და ინტერნეტით გვემეგობრება. გვარის შეცვლა მინდოდა, მინდა, ჩინეკეს ნაცვლად ამირეჯიბი ვიყო, მაგრამ დედა უარს მეუბნება, მარტო შენ კი არ ხარ, ვისაც მამა არ ნახულობს, ზოგიერთი თბილისში გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს და მაინც არ უვლის შვილებსო. დედას მოსწონს ჩემი გვარი, ამბობს, რომ ჩინეკე ნიგერიაში ძალიან ცნობილი გვარია, მამაჩემის დები და ძმები – ყველა წარმატებული ადამიანები არიან, ბებიაჩემი კი ისეთი ცნობილი მომღერალი ყოფილა, როგორც საქართველოში ნანი ბრეგვაძეა. თურმე ბებია რომ მოკვდა, მის გასვენებაზე მთელი აფრიკა ყოფილა ჩასული და პანაშვიდები იმდენ ხანს მიმდინარეობდა, რომ სამი თვე ვერ დამარხეს. ეტყობა, მეც იმიტომ ვმღერი ასე კარგად (იცინის).

– ამირეჯიბებს ჰგავხარ წიგნის სიყვარულით?

– არა, მე ჯერ ვერ ვკითხულობ დიდ წიგნებს, მარტო ზღაპრებსა და მოთხრობებს ვკითხულობ, როცა ცოტა კიდევ გავიზრდები, პირველ რიგში „დათა თუთაშხიას” წავიკითხავ. გამიგია, რომ საქართველოში ყველას უყვარს ეს წიგნი, რომელიც ერთ ყაჩაღზეა დაწერილი. ის კაცი სხვებს ჰპარავდა და მერე სხვა ადამიანებს აძლევდა.

– შვილი, საქმე, სახლი... რუსა, შენს პირად ცხოვრებაში მეტი არაფერი ხდება?

რუსა: პირად ცხოვრებაში კარგად ვარ – რამდენიმე წელია შეყვარებული ვარ და კარგად ვგრძნობ თავს, მშვიდად და წყნარად. გათხოვებაზე არ ვფიქრობ, მთავარია, არსებობს ადამიანი, ვისაც ვენდობი. მე ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი და ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე დავშორდებოდი მას. მინდოდა, გაგვეზარდა შვილიშვილები, ერთად დავბერებულიყავით. ეს იყო დიდი, მაგრამ შეუგნებელი სიყვარული, რომელსაც არ ვნანობ. მჯერა, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ცუდი ხდება იმიტომ, რომ მერე კარგი მოხდეს – ცუდი კარგის სარჩულია... საკმაოდ ბევრი რთული პერიოდი გადავიტანე ცხოვრებაში, სიყვარულშიც მტკენია, იმედგაცრუებულიც ვყოფილვარ... მაგრამ, ყველაფერმა გაიარა და ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვიდა სიყვარული, როცა ზუსტად ვიცი, რატომ მიყვარს (იცინის).


скачать dle 11.3