კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გამოკეტეს ქართველი მოციგურავე ოთარ ჯაფარიძე ამერიკაში და რითი მოიხიბლა მისი ამერიკელი მეწყვილე თბილისში

ცოტა ხნის წინ რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ქართველი მოციგურავე ოთარ ჯაფარიძე და მისი ამერიკელი მეწყვილე, ალისონი იცავდნენ. ახალგაზრდების გამოსვლა ჩემპიონატზე წარმატებული იყო – მათ მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეთა შორის მეთვრამეტე ადგილი დაიკავეს. ოთარ ჯაფარიძე ჩემპიონატის შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა, სადაც უკვე ოთხი წელია, ვარჯიშობს. ჩვენ ოთარს ამერიკაში დავუკავშირდით და ჩემპიონატთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

ოთარ ჯაფარიძე: ბოლო ორ წელიწადში მე და ალისონმა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა, ამის შემდეგ იყო ევროპის პირველობა, მაგრამ, მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს შორის გამოსვლა, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემთვის და ალისონისთვის ჯერ მხოლოდ მეორე სეზონია, რაც ერთად გამოსვლა დავიწყეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა დიდი პატივი იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან წარმატებული შედეგით დასრულდა – მსოფლიოს საუკეთესო წყვილ მოციგურავეებს შორის მეთვრამეტე ადგილი დავიკავეთ. ჩვენ დაგვაჯილდოვეს დიპლომებით, საპრიზო თანხები მხოლოდ პირველ ათეულში მოხვედრილ მოციგურავეებს შეხვდათ. თავიდან ჩემპიონატის ჩატარება დაგეგმილი იყო იაპონიაში, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იქ მოხდა ცნობილი კატასტროფა და საერთაშორისო ფედერაცია დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: ან უნდა ჩაშლილიყო მსოფლიოს პირველობა, ან სასწრაფოდ, მოკლე დროში უნდა შეცვლილიყო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი. ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ მათთან ჩატარებულიყო მსოფლიოს პირველობა, მაგრამ არჩევანი რუსეთზე გაკეთდა. ჩემპიონატი ჩატარდა დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, თუმცა ეს პერიოდი მოციგურავეებისთვის იყო დამატებითი დრო, რათა უკეთესად მოვმზადებულიყავით. ჩემპიონატში თავიდან მონაწილეობდა 32 წყვილი. პირველი რაუნდის შემდეგ, საკვალიფიკაციო გამოსვლებში, საიდანაც გადიოდნენ წყვილები მთავარ ჩემპიონატზე, ჩვენ ავიღეთ მეექვსე ადგილი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეები. წყვილებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ამერიკელები – მერლინ დევისი და ჩარლი ვაი. მათ შესანიშნავი გამოსვლა აჩვენეს.

– ევროპის ჩემპიონატზე თქვენი პროგრამა ქართულ ფოლკლორზე იყო აგებული. ამჯერად როგორი პროგრამით წარსდექით მსოფლიო პირველობაზე?

– ყოველ წელიწადს საცეკვაო თემას საერთაშორისო ფედერაცია გვაძლევს, ასე რომ, არჩევანი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საცეკვაო წყვილებში, სადაც მე და ალისონი გამოვდივართ, წელს მოკლე პროგრამაში სავალდებულო იყო ვალსისა და ტანგოს ელემენტები, თავისუფალ პროგრამაში კი ბლუზი და როკ-ენ-როლი ვიცეკვეთ. შარშანდელ სეზონზე, როცა პროგრამაში ნებისმიერი ქვეყნის ფოლკლორის გამოყენების საშუალება გვქონდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართულ მელოდიებზე გავაკეთეთ აქცენტი, რაც ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა – პროგრამა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. თუ კიდევ მოგვეცემა შანსი, რომ პროგრამაში ფოლკლორი გამოვიყენოთ, აუცილებლად ახალი ქართული მელოდიებით წარვდგებით მაყურებლის წინაშე, რაც ალისონისთვის საკმაოდ დიდი მიგნება აღმოჩნდა – მას ძალიან მოეწონა ქართული მელოდიები და შინაგანად გაითავისა კიდეც.

– როგორც ჩანს, ალისონი საქართველოს მოქალაქეობას ამართლებს.

– კი, არ გვარცხვენს (იცინის). შარშან, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებზე მონაწილეობის დროს, დადგა საკითხი, რომ ის საქართველოს მოქალაქე გამხდარიყო – სწორედ მან დაიწყო ამასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება და, წლის ბოლოს, დეკემბერში, გახდა კიდეც საქართველოს მოქალაქე. ახალ წელს მე და ალისონი საქართველოში ჩამოვედით და ბათუმის საახალწლო კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა. თქვენ არ იცით, როგორი აღფრთოვანებული დარჩა ალისონი მანდ გატარებული დღეებით. ძალიან მოეწონა საქართველოს ბუნება, ხალხი, მასპინძლობა. ბათუმიდან თბილისშიც ჩამოვიყვანეთ, რამდენიმე დღე გვქონდა, ბევრი ლამაზი ადგილი ვაჩვენეთ და დავღალეთ ქართული მასპინძლობით (იცინის). ქართულ სამზარეულოზე საერთოდ გადაირია, ასეთ საჭმელს ვერსად ვერ ნახავო, – ამბობდა.

– პრეზიდენტს შეხვდა?

– დიახ, საახალწლო კონცერტის შემდეგ გაიმართა ბანკეტი, სადაც ჩვენ შევხვდით პრეზიდენტს, თუმცა, მანამდე ალისონმა ტალინში, ევროპის ჩემპიონატზე გაიცნო ჩვენი პრეზიდენტი. ალისონი ძალიან ამაყობს იმით, რომ საქართველოს მოქალაქეა, უფრო ბევრს სწავლობს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ძველი ისტორიები აინტერესებს და იკვლევს მათ ინტერნეტში, ცოტ-ცოტა ქართულიც ვასწავლე – ეს იოლი არაა, მაგრამ, გამოგვდის. ახლა, როგორც ვატყობ, ჩვენი ჰიმნის სწავლაც მოუწევს, მერე, ეგებ ერთი კარგი ქართველი ბიჭიც მოვუძებნო – დიდი ხნით თუ ჩამოვიყვან საქართველოში, იქნებ, აქ დავტოვო კიდეც (იცინის).

– ამერიკაში ერთად ცხოვრობთ?

– არა, ორივე ცალკ-ცალკე ვქირაობთ ბინას. ალისონი ნიუ-ჯერსის შტატიდანაა, ახლა ჩვენ ორივე ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი ბინები ყინულის სასახლიდან ხუთი წუთის სავალზეა. მოუნტ ლაურელი ძალიან წყნარი და მშვიდი ქალაქია, აქ დაწესებულებები არაა, მარტო სახლებია და ამერიკული ცხოვრების გიჟურ რიტმს ვერც კი იგრძნობთ. ვფიქრობ, რომ სპორტსმენებისთვის ეს სიმშვიდე განსაკუთრებით კარგია. ორშაბათიდან შაბათამდე, დღის განმავლობაში, მინიმუმ 6-7 საათი ყინულის სასახლეში ვართ გამოკეტილები, საღამოს ისეთი დაღლილები ვართ, მეგაპოლისის ხმაურს, ალბათ, ვერც გავუძლებდი (იცინის). ყინულს ისე შევეჩვიე, მის გარეშე ვეღარც კი ვძლებ; ბიოლოგიურადაც ისე ვარ გამოწრთობილი, სიცივეში უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე სიცხეში. ზაფხულში ყინულის სასახლე საერთოდ მისწრებაა – კარგად გაგრილებს. როცა შენი საქმე გიყვარს, მას განსაკუთრებული აზარტიც ახლავს და მე ამ აზარტს ყინულის სასახლეში ვგრძნობ. მაშინ კი, როცა გართობა და ხმაური გვინდა, მე და ჩემი მეგობრები მივდივართ ნიუ-იორკში, რომელიც ჩვენი ქალაქიდან 150 კილომეტრით არის დაშორებული. თავისუფალ შაბათ-კვირას იქ კარგად შეიძლება გართობა: ვათვალიერებთ ქალაქს, დავდივართ მაღაზიებში, კინოში, რესტორანში. ჩვენი ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ მძიმეა – სულ ყინულზე ვართ. ახლაც, ასე ახლოს ვიყავი საქართველოდან და მანდ ჩამოსვლა ვერ მოვახერხე – ჩემპიონატი დამთავრდა თუ არა, ამერიკაში დავბრუნდი და მეორე დღეს უკვე ვარჯიში განვაგრძე. ივნისში ორკვირიანი შვებულება მექნება და მაშინ მაინც აუცილებლად ჩამოვალ თბილისში. ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახი, მეგობრები, ძალიან მინდა მათი ნახვა, ამიტომაც ველი მოუთმენლად ივნისს. ამერიკულ ცხოვრებას უკვე მივეჩვიე, მაგრამ, სამშობლო მაინც სამშობლოა, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ.

– მოსკოვში გყავდათ გულშემატკივრები შენ და ალისონს?

– გვყავდა, თან, საკმაოდ ბევრი. ჩვენი გამოსვლის დროს ქართული დროშებიც ფრიალებდა. მოსკოვში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ძირითადად ისინი გვგულშემატკივრობდნენ, მათ შორის იყვნენ ჩემი მეგობრებიც. ამერიკიდანაც უნდოდათ მეგობრებს წამოსვლა, მაგრამ, მოსკოვი ისე შორსაა ამერიკიდან, რომ გაუჭირდათ იქ ჩამოსვლა. არ დაგიმალავთ, რომ მეც და ალისონიც ძალიან ვღელავდით ფინალში გამოსვლის წინ. ეს ბუნებრივიც არის, როდესაც ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე გიწევს გამოსვლა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყინულზე შეცდომა არ გვქონია, სამივე პროგრამა კარგად ვიცეკვეთ. შეცდომები და წაქცევები უფრო ვარჯიშის დროს არის ხოლმე (იცინის). ალისონი ძალიან კარგი და ნიჭიერი პარტნიორია. საერთოდ, როდესაც წყვილი იქმნება, მათი პირველივე გამოსვლის დროს შეიძლება ითქვას, წყვილი შედგება თუ არა, თუ მოცეკვავეებმა ერთმანეთის მიმართ ჰარმონია და კომფორტი არ იგრძნეს, ისინი ერთად ცეკვას ვერ შეძლებენ. ეს გამოცდა მე და ალისონმა პირველივე მცდელობის დროს ჩავაბარეთ, ის ძალიან მშვიდი და წყნარი ადამიანია, ჩვენ თითქმის არ ვჩხუბობთ ერთმანეთთან, რაც წყვილებს შორის იშვიათი შემთხვევაა – მე ვიცი წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ხშირად ჩხუბობენ, ჩვენ კი ეს ტრადიცია დავარღვიეთ (იცინის).

– ეს მსოფლიოს ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ელენე გედევანიშვილისთვის. როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

– ელენემ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა – ინდივიდუალურ მოცეკვავეებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ათ მოციგურავეს შორის აღმოჩნდა. ელენე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ. ელენე სხვა ქალაქში ცხოვრობს და ხანდახან ვახერხებ ხოლმე მასთან ჩასვლას. ყოველთვის გვიხარია ერთმანეთთან შეხვედრა, ვსაუბრობთ ჩვენს პროფესიაზე, კოლეგებზე, პირად საიდუმლოებებსაც ვუმხელთ ერთმანეთს, ცოტას ვჭორაობთ კიდეც კონკურენტებზე – მე და ელენეს ამერიკაშიც ქართული ამბები გვაქვს (იცინის).

– ალბათ, არც საქართველოდან გაკლებენ ქართულ ,,ამბებს”?

– დიახ შემოდგომაზე ვითხოვ ხოლმე ჩურჩხელას, რადგან ჩურჩხელა აქ დიდ „პატივშია”. თავიდან ჩემი კანადელი მეგობარი გაოცებული იყო ჩურჩხელით, ვერ მიხვდა, რა იყო, რაღაც ეგზოტიკური ნივთი ეგონა, ისე მოეწონა, რომ საჭმელად დაენანა. ვისწავლო ხინკლის გაკეთება, მერე ნახეთ ჩემი კანადელი მეგობრის გადარევა საქართველოზე!.. (იცინის). ახლა უკვე მეგობრებისთვის ვითხოვ ჩურჩხელებს – შემოდგომობით ქართული დღესასწაული აქვთ ხოლმე... ამერიკული ცხოვრების წესი მომწონს – იქ ყველაფერი განსხვავებულ რეჟიმშია და მომწონს ეს რეჟიმი, თუმცა, ჩემი მეგობრები სულ ამბობენ, რომ, როგორც ქართველი, მათგან ძალიან განვსხვავდები. ვფიქრობ, რომ ეს არის მენტალიტეტი, რომელიც მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვაქვს.

– 22 წლის ბიჭს, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს სხვაგან ატარებს, ქართული მენტალიტეტი გაქვს?

– რატომაც არა. მე, როგორც ქართველების უმეტესობა, ემოციურობით გამოვირჩევი, თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ეს ხასიათი ჩანს მხოლოდ და მხოლოდ საციგურაო მოედანზე – იქ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ, როგორც კი მოედნიდან გამოვალ, მაშინვე მშვიდი, დინჯი და ბუნჩულა რაჭველი ვხდები. (იცინის).


скачать dle 11.3