კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ითხოვს ჯაბა კილაძე ქალებისგან და რატომ არ სჭირდება მას ცოლების „კოლექცია“



მსახიობი ჯაბა კილაძე საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს: გარდა იმისა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუგო გემო პროფესიულ წარმატებას, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, იღბლიანია საკმაოდ ბევრ „ფლანგზე“: გაუმართლა ოჯახში, მეგობრებში, სიყვარულში... მართალია, ჯერ კიდევ ვერ იპოვა ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, მაგრამ კმყოფილია იმ ემოციებით, რაც აქამდე ჰქონდა და მომავალშიც ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობას ელის იღბლისგან.



ჯაბა კილაძე: ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, ნამდვილად არ მაქვს სასაყვედურო ჩემს იღბალსა და ცხოვრებაზე. ზოგს იმის მეათედიც არ აქვს, რაც მე მარგუნა ბედმა. ბევრ რამეში მიმართლებს და უამრავ სიურპრიზს ვიღებ ცხოვრებისგან, თუმცა ამ ყველაფრისთვის მეც ბევრი რამე გამიღია, იღბალს თავადაც უნდა წააშველო ხელი. ჯერ 28 წლის ვარ და ვერ ვიტყვი, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, თუმცა იმაში დავრწმუნდი, რომ, როდესაც იღბალი გაძლევს შანსს, ის ხელიდან არ უნდა გაუშვა. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა შანსი გამოვიყენო, რაც კი მეძლევა... შეცდომებს ვუშვებ, რის შედეგადაც, ალბათ, რაღაცას ვაგებ, მაგრამ არაფერს ვნანობ და მუდმივად წინ ვიყურები. არასდროს ვვარდები დეპრესიაში. თუ დეპრესია ოდნავ შემომიტევს, გამალებული ვებრძვი მას (იცინის). ძალიან გამიმართლა პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს არ გაუმართლა ისე, როგორც მე. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაც იყო, რომ ხელოვანი ადამიანების ოჯახში დავიბადე. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში სასტიკად ვერ ვიტანდი თეატრს და დედაჩემს ძალით დავყავდი სპექტაკლებზე, რადგან იქ წასვლას ეზოში თამაში მერჩივნა, ჩემი მშობლების შვილი სხვა პროფესიას მაინც ვერ აირჩევდა. ჩემგან ინჟინერი და მშენებელი, ალბათ, არ დადგებოდა. ჩემი მშობლები არ იყვნენ სიმდიდრით გამორჩეული ხალხი, მაგრამ მათ მომცეს ყველაზე მთავარი: მე არასდროს შემრცხვენია ჩემი მშობლების გამო და მათზე ვერავინ ვერაფერს წამომაძახებს, ეს კი ჩემთვის ძალიან ღირებულია. მსახიობის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სად მოხვდები. მე ძალიან გამიმართლა, რომ თავიდანვე მოვხვდი ძალიან კარგ და წესიერ რეჟისორთან. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ჯერ სადიპლომო სპექტაკლიც არ მქონდა ნათამაშები, როდესაც დათო დოიაშვილთან „ჯინსების თაობაში“ აღმოვჩნდი. იმ მომენტში ამაზე არ მიფიქრია, თუმცა მერე მივხვდი, რომ ამ როლით ძალიან დიდ რისკზე წავედი. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი კარიერა, ეს როლი რომ წარუმატებელი გამომდგარიყო.

– ფიქრობ, რომ ამ სპექტაკლზე მოხვედრა იღბლის დამსახურება იყო?

– მხოლოდ ეს იყო, მეტი არაფერი. მე მოვხვდი საჭირო ადგილზე საჭირო დროს, რაც მხოლოდ იღბლის ნიშანია. დათო დოიაშვილი მიცნობდა, მაგრამ ისე, შორიდან. ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც დათო სპექტაკლისთვის მსახიობებს არჩევდა. მარჯანიშვილის თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესის საიუბილეო საღამო იყო, სადაც ჩემი მშობლებიც იყვნენ დაპატიჟებული. მამა თბილისში არ იყო და დედაჩემმა „შემჭამა“ – გთხოვ, წამოდი, მარტოს ნუ გამიშვებო. ვერაფრით ვერ გადავათქმევინე და იძულებული გავხდი, წავსულიყავი. დოიმ იქ მნახა. ვფიქრობ, უცებ გაუჩნდა იდეა, რომ გეგას რაღაცით ვგავდი და ეს როლი მოეცა. იმ საღამოს იქ რომ არ შევხვედროდი დოის, შეიძლებოდა, საერთოდ არ გახსენებოდა ჯაბა, რომელიც სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი. მოკლედ, მამაჩემი რომ არ წასულიყო თბილისიდან, დედას რომ ძალიან არ ეხვეწა ჩემთვის, შეიძლებოდა, იმ როლზე არც კი მოვხვედრილიყავი (იცინის). თუმცა, ამ სპექტაკლმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. მერე, უკვე მეოთხე კურსზე რომ გადავედი, წამოვიდა და წამოვიდა როლები, ერთდროულად სამ სპექტაკლში ვმონაწილეობდი. იმდენი საქმე მქონდა, რომ სულ დაღლაზე ვწუწუნებდი. იმდენი ვიძახე დავიღალე, დავიღალე-მეთქი, რომ მერე წელიწად-ნახევარი თითქმის უმუშევარი დავრჩი. ვთამაშობდი კვირაში ერთ სპექტაკლს, მქონდა უამრავი თავისუფალი დრო, რის გამოც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დეპრესიული პერიოდი. მას შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დააფასო ის, რაც გაქვს და არასდროს არ უნდა იწუწუნო. ადამიანი უნდა დატკბე იმით, რაც გეძლევა. ახლა ძალიან კარგი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში შემოქმედებითი თვალსაზრისით, ძალიან მომწონს სერიალი, რომელშიც ასევე შემთხვევით მოვხვდი. ქასთინგზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ძალიან დიდი ალბათობა არსებობდა, ამ სერიალში მე არ დავეკავებინე. ძალიან მომწონს ჩემი როლი, ვიცი, რომ სანდრო განსაკუთრებით პოპულარული ბავშვებშია (იცინის). ამ სერიალმა მომიტანა ის, რაც, შეიძლება, არ მოეტანა ფილმს, სპექტაკლს. ერთია, როცა ხარ პოპულარული და მეორე – რადიკალურად განსხვავებული და, თანაც, ხალხს უყვარხარ. ბოლო დროს უამრავ ადამიანს ვხვდები ქუჩაში, რომლებიც ისე მეფერებიან, თითქოს მათი ოჯახის წევრი ვიყო. ეს სიყვარული ძალიან მავსებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– პირად ცხოვრებაში იღბლიანი ხარ?

– ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ჩემი პირადი ცხოვრებით. 28 წლის ბიჭი, შვილიანი და ცოლს გაშორებული, ვიღაცას შეიძლება უიღბლო ეგონოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. რაც მოსახდენია, ის ხდება – ოჯახის ძალით შენარჩუნებას აზრი არ აქვს. ჩემს ირგვლივ არსებობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვინც ზრუნავს, რომ მე ბედნიერი ვიყო და, ვფიქრობ, რომ მეც ვანიჭებ მათ ბედნიერებას. ასე რომ, პირადი ცხოვრებაც მშვენივრად მიდის (იცინის).

– ძალიან ბევრი გოგონას ოცნების ობიექტი ხარ, ასე რომ, ამ „ფრონტზეც“ უნდა გიმართლებდეს.

– როგორც წესი, ყველა კაცს მოსწონს ქალები და, შესაბამისად, ქალებიც არ რჩებიან გულგრილები კაცების მიმართ, მე ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მონადირის სტატუსი უნდა მქონდეს (იცინის). მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ქრისტიანული მორალით ვიცხოვრო, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის მაინც თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ვარ. ცხოვრებაში ძალიან ცოტაჯერ მიყვარდა, ერთი ხელის თითებიც კი „მომრჩება“, მათი რაოდენობა რომ ჩამოვთვალო. როცა შეყვარებული ვარ, ძალიან ვიცვლები, მომწონს ის ყველაფერი, რაც შეყვარებულობას ახლავს თან. სიყვარულისთვის ბევრს ვიხარჯები, ძალიან ბევრ ენერგიას და ემოციას გავცემ და იმავეს ვითხოვ მეორე მხრისგანაც.

– ახლა შეყვარებული ხარ? დაოჯახებას არ გეგმავ?

– მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ახლა ძალიან კარგად ვარ, თუმცა ჩემთვის დაოჯახების საკითხი ცოტა რთულად დგას. არ მინდა, რომ ცოლების კოლექცია მქონდეს, არაა ჩემი ჰობი ცოლების შეგროვება. თუ ვინმეს ცხოვრებას დავუკავშირებ, მინდა, რომ ის მუდმივად იყოს ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ქალის მიმართ ჩემი კრიტერიუმები ძალიან მაღალია. წუნია არ გეგონოთ, მაგრამ ქალის შეფასებისას უკვე ძალიან ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. ეს წლებს მოაქვს – თუ ადრე ქალში ვხედავდი ტუჩს, მკერდს, ფეხს, ახლა ვიზუალთან ერთად მისი შინაგანი სამყაროც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ოჯახი რომ არ მაქვს, ეტყობა, იმის ბრალიც არის, რომ ჯერ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ. (იცინის).

– აზარტულ თამაშებში თუ მოგიგია რამე? ფულს ძნელად შოულობ თუ ამ მხრივაც გიღიმის ფორტუნა?

– არასდროს ფული არ მიპოვია, არც მილიონერი ნათესავი მყოლია, რომელიც დიდ მემკვიდრეობას დამიტოვებდა. ფული ჩემთან მოდის შრომის შედეგად. არასდროს მომიგია, თუ არ ჩავთვლი რამდენიმე ასეულ დოლარს, რომელიც კაზინოში მაქვს მოგებული. თუმცა, კაზინოში დავდიოდი მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშის პროცესი მომწონდა. ვიღაცას ბარში დალევა ანიჭებს სიამოვნებას, მე თამაში მირჩევნია. ძალიან მიყვარს კარტი, ძალიან აზარტული ვარ კარტის თამაშის დროს, მაგრამ არ ვარ იმ დონის „კარტოჟნიკი“, რომელიც თამაშის გამო ყველაფერს წააგებს. არასდროს მითამაშია ლატარია, არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ გათამაშებაში. ასე მგონია, ვერაფერს მოვიგებ და ამიტომ არც კი ვცდი ბედს. ჩემი ყველაზე დიდი მოგება იყო სკუტერი, რომელიც ამ ზაფხულს კინოთეატრ „ამირანში“ მოვიგე. მეგობარმა მაჩუქა რამდენიმე ბილეთი, რომელიც მე სხვა მეგობარსაც ვუწილადე. როდესაც გათამაშება დაიწყო, ამოიღეს ბილეთი, რომლის მფლობელიც ადგილზე არ იყო. მეორედ ამოიღეს ბილეთი და გამარჯვება უკვე მე მერგო. ცოტა ხანს ვირბინე მოგებული სკუტერით და მერე გავყიდე.

– კომერციაც „დაგიტრიალებია“?

– მხოლოდ მცირემასშტაბიანი. ჯერ საკუთარი თავი ბიზნესში არ გამომიცდია, თუმცა, მგონია, ხელოვნებასთან დაკავშირებული კომერცია რომ წამოვიწყო, თავს გავართმევ. სახლებს ვერ ავაშენებ და ვერ გავყიდი, ვერც მანდარინის ბიზნესს წამოვიწყებ, მაგრამ ბარს კი ავამუშავებდი – თან ფულს ვიშოვიდი, თან სიამოვნებასაც მივიღებდი (იცინის). ფული ცხოვრებაში აუცილებელი ფაქტორია.

– რა იყო შენი ცხოვრების ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი?

– რამდენიმე წლის წინ ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდნენ ოჯახის ახლობლები – უკრაინელი ცოლ-ქმარი, მათ ჩემს მშობლებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. უკვე დიდი ხანია, რაც დუბაიში ცხოვრობენ. როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ მანქანა არ მყავდა, შემპირდნენ, რომ მანქანას მაჩუქებდნენ. იმ პერიოდში ბანკიდან კრედიტის გამოტანას და მანქანის ყიდვას მართლაც ვაპირებდი, რადგან მათი დაპირება სერიოზულად ვერ აღვიქვი. საქართველოში მანქანის ჩუქება, თუ ოჯახის წევრი არ გჩუქნის, ცოტა უცხო ხილია. საერთოდ რომ არ ველოდი, ისე გამომიგზავნეს დუბაიდან დაპირებული მანქანა – „ბანტიანი როვერი“. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიურპრიზი, რომელსაც მერე თბილისში მოჰყვა ახალი ჭორები: ჯაბას ქალმა მანქანა აჩუქაო, მაგრამ, ვინ იყო ის ქალი, არავინ იცოდა (იცინის). ალფონსი კი არ ვარ, ქალებისგან მანქანები რომ ვიჩუქო. თუმცა, ვინც ამას აკეთებს, იმასაც თავისი გზა აქვს და მე ვერ გავაკრიტიკებ.

– ჭორები ყოველთვის ბევრია შენ ირგვლივ.

– საბედნიეროდ, დიდ სკანდალებში არ მოვხვედრილვარ, ერთხანს ჭორაობდნენ, რომ მორფინისტი ვარ, თუმცა, მერე მოსწყინდათ ამაზე ლაპარაკი, ძალიან არ მესიამოვნა ეს ჭორი, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე დამივიწყეს „ჭორის დედებმა“ (იცინის). როცა პოპულარული სახე ხარ, უნდა მიეჩვიო იმასაც, რომ შენზე იჭორავებენ. არის რაღაც, რასაც ჩემს თავს არ ვაკადრებ – კლუბში ვიღაცას მუხლებზე არ შემოვისვავ და ინტიმურ სცენებს არ გავმართავ, თუმცა, არ ვარ ჩარჩოებში მოქცეული ადამიანი. ხშირად ჩემი „ჩარჩოები“ მაქვს: ვაკეთებ იმას, რაც მე მიმაჩნია სწორად და ამ გზით ისე მივდივარ, ჯერჯერობით არავისთვის არაფერი არ გამიფუჭებია. ყველანაირად ვცდილობ, რომ ცუდის სათქმელი მიზეზი არავის მივცე, ამიტომ, ძალიან ბევრ რამეზე ვამბობ უარს. იოლად არაფერი მოდის, ყველაფერს თავისი საზღაური აქვს (იცინის).



თამუნა ნიჟარაძე


скачать dle 11.3