კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მოხვდა ნიკა წულუკიძე პწკენა-პწკენით და ჩქმეტა-ჩქმეტით და რატომ აღარ ეკუთვნის ის საკუთარ თავს

ოცდასამი წლის მეიგავე, ნიკა წულუკიძე ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. უამრავი წარმატებისა და დაფასების შემდეგ, ნიკა, ამჯერად ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინა და თავისი ძალიან დახვეწილი, შეფარვითი იუმორით ტელემაყურებელთა სიყვარული დაიმსახურა. მიუხედავად ამ წარმატებისა, ნიკას თავის ნომერ პირველ „საქმედ“ მაინც იგავების წერა და ამ გზით უკმაყოფილებისა თუ კმაყოფილების გამოხატვა მიაჩნია.



ნიკა წულუკიძე: ამ კრიზისისა და უბედურებების დროს, მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც იმის ნაცვლად, რომ რომელიმე სამსახურიდან გამომაგდონ, პირიქით, მიმრავლდება და მიმრავლდება სამუშაო ადგილები. (იცინის) ამჟამად, ამ რიცხვმა ხუთ სამუშაო ადგილს გადააჭარბა. ჩემი მეგობრები დამცინიან, სადაც მერიამ ავტობუსის გაჩერება გააკეთა, ნიკას ყველგან სამსახური აქვსო. მართლა ასეა მგონი. არ არის თბილისში უბანი, სადაც სამსახური არ მაქვს. (იცინის) ჩემი მრავალმხრივი საქმიანობა წვდება როგორც პედაგოგიურ, თეორიულ, პრაქტიკულ, ასევე ტელეჟურნალისტურ მოღვაწეობას. ამგვარად, გამოვიდა ისე, რომ არაფრისთვის მცალია. მგონი, მალე იქამდე მივალ, ამდენ ხელფასს რომ ავიღებ, ვეღარც კი მოვახერხებ მის დახარჯვას. არა, ვახერხებ დახარჯვას, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენს ვეღარ ვხარჯავ, როგორც ადრე. მივსდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ ვეწევი, არ ვსვამ ზომაზე მეტს, თორემ რაც საჭიროა იმდენს კი ვსვამ და თამადობაც მიყვარს, დავდივარ აუზზე, ვცურავ და ასე შემდეგ. მართალია, გარეგნულად არ მეტყობა ეს ამბავი, მთლად თხლად და წიწკვი ბიჭივით ვერ გამოვიყურები, მაგრამ რომ არ ვვარჯიშობდე, ალბათ რა დამემართებოდა. თან ახლა ამას ითხოვენ ჩემგან. მეცინება ხოლმე, როდესაც მეუბნებიან, შენ უკვე მოგეთხოვება, შენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი... (იცინის).

– მოკლედ, საზოგადო მოღვაწეობის დრო დაგიდგა.

– ასეა. (იცინის) ამ ხუმრობა-ხუმრობაში ასე გამოვიდა. საერთოდ, ყველაფერი შემთხვევით და მოულოდნელად ხდება. ერთადერთი ცოცხალი მეიგავე, ერთადერთი ადამიანი, ვინც გარითმულ იგავ-არაკებს წერს – ეს ეპიტეთები თავისით მოვიდა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ პწკენა-პწკენითა და ჩქმეტა-ჩქმეტით გამხადეს მეიგავე. მიდი დაწერე, მიდი დაწერე, კარგად გამოგდის. დავწერე და მეიგავე ხარო, მითხრეს. იგივე მეთოდით გავხდი ტელეწამყვანი.

– იგავ-არაკებშიც ჩანს ეს შენი ფარული ირონია, სარკაზმი, საზოგადოების ქილიკი. ახლა კი ამისთვის განსხვავებული სფერო მოგცეს.

– იგავ-არაკი სწორედ ის ჟანრია, როდესაც რაღაც გაწუხებს და ამას შეფარულად ამბობ. თუ არ გაწუხებს და თუ შეყვარებული ხარ – ლექსს დაწერ მინდორზე, ვენახზე, ყანაზე, ტყეზე, გოგოზე ილაპარაკებ. მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ის დროა საქართველოში, როდესაც კაცმა იგავები უნდა წეროს. სიმართლის ცხოველებზე გადატანა მომწონს. ისინი ძალიან სახიერები არიან. მიხარია, რომ ეს შევძელი და გავაკეთე, აი, კარგად თუ ცუდად, ეს უკვე მკითხველის შესაფასებელია. მთავარია, რომ ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თეატრალურის მისაღებ გამოცდებზე აუცილებელია გარითმული იგავ-არაკის წაკითხვა. ეს არის ან კრილოვის იგავ-არაკები, რომელიც აკაკი წერეთლის თარგმნილია და ან ჩემი იგავები. ჟიურის წევრები მეუბნებიან, იმდენი კითხულობს ამ შენ იგავებს, ჩვენც ზეპირად ვისწავლეთო. ეს ბავშვებიც მოდიან, თქვენი იგავ-არაკები ზეპირად ვიცითო და ჰგონიათ, ჩემი სახით ვიღაც განსაკუთრებული გაიცნეს. (იცინის) მეცინება ხოლმე ამ ყველაფერზე, მაგრამ თან მიხარია. იმერული ანდაზაა – ხომ არაფერია ეს ხაჭაპური, მაგრამ რომ ჭამ როგორ გსიამოვნებსო. ზუსტად ასეა, ჩემი ამბავიც. ხომ არაფერია ეს ქება, მაგრამ ისე მსიამოვნებს. (იცინის).

– გამოვიდა წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა სპექტაკლს „მოხუცი ჯამბაზები“...

– როდესაც ადამიანი გაიგებს, რომ რუსთაველის თეატრში უნდა დაიდგას სპექტაკლი, სადაც გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, კარლო საკანდელიძე, მარი ჯანაშია, მარინა კახიანი და სხვები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თამაშობენ, გიჟდები კაცი. როგორ შეიძლებოდა, ამის შესახებ რამე არ გამეკეთებინა. უამრავი საინტერესო ეპიზოდი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც წიგნში არ ასახულა. ქალბატონი მედეა და ქალბატონი ზინა, ეს ორი უდიდესი მსახიობი მართლა გიჟდება ერთმანეთზე. მაგრამ, გარდა სიყვარულისა, მათ შორის, შინაგანი შეჯიბრისა და კონკურენციის მომენტი სულ არის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმს. ქალბატონი მედეა ოთხმოცდაათ წლამდეა უკვე, ქალბატონი ზინა კი ოთხმოც წლამდე. პირველი რეპეტიციაა. ქალბატონმა მედეამ სათვალე გაიკეთა. უცებ ქალბატონი ზინა ამბობს, სათვალეს არ ვხმარობო. მედეამ არ დააყოვნა, მეც პროფილაქტიკის გამო მეკეთა, თორემ ისე არც მე მჭირდებაო და სათვალე მოიხსნა. რვა თვე ისე გავიდა, ერთმანეთის ჯიბრით არც ერთს, არც მეორეს სათვალე არ გაუკეთებია. ბოლოს უზარმაზარი შრიფტით ვწერდით პიესებს, მაგრამ სათვალეს მაინც არ იკეთებდნენ და გვაჩვენებდნენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები და ჯან-ღონით სავსენი არიან. ჩემი აზრით, ეს უდიდესი ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის გამოხატულებაა. ყველანი მოდიოდნენ ნახევარი საათით ადრე, საგრიმიორო სარკესთან მეტყველებას ივარჯიშებდნენ. აი, რად უნდა ახლა გურამ საღარაძეს ენის გასატეხების ძახილი, მაგრამ მუშაობდნენ, სარეპეტიციო სამოსს იცვამდნენ, მობილურებს თიშავდნენ. ეს წიგნიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. აგრონომი ხარ, ინჟინერი თუ მსახიობი, ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა აკეთო. ძალიან ბევრს ვიცინოდით რეპეტიციებზე. ქალბატონი ზინა ვერ იტანდა უწმაწურ სიტყვებს. ბატონმა კახიმ და გურამმა, რომ იცოდნენ, ზინა ამაზე გიჟდებოდა, ყველანაირ უზრდელ სიტყვებს ამბობდნენ თუკი სადმე ჭყ, პყ, ტყ ურევია. წამოხტებოდა ზინა, რეპეტიციიდან გავარდანას ცდილობდა, ჩვენ კართან ვხვდებოდით და იყო ერთი „გამიშვი“ და „გამატარე“. რვა თვის განმავლობაში ყოველი დღე ჩემთვის ზეიმი იყო. წარმოიდგინე, ერთ პატარა ოთახში ზის ათი კაცი და ამ ათიდან მხოლოდ შენ არ წარმოადგენ არაფერს, დანარჩენები გენიოსები არიან.

– ახალგაზრდა თაობა?

– მოდის ახალგაზრდა თაობა, რომელთა უმრავლესობაც ჩემი მეგობარია. „შუა ქალაქის“, თავისუფალი თეატრის მსახიობები. სწორედ ისინი თამაშობენ ჩემს იგავ-არაკებზე დადგმულ სპექტაკლში, თან არაჩვეულებრივად. ისეთები იყვნენ დები ღლონტები, ვერ აღგიწერთ. კაჭკაჭებს, ჭორიკანა ქალებს თამაშობდნენ გასაოცრად. ზაფხულში მე, ჯაბა კილაძე, კახა მიქიაშვილი ყოველთვის ერთად ვისვენებთ ჯაბას აგარაკზე ფასანაურში. თამარა ბებოს ხინკლებზე ხშირად გვიქეიფია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ყველანი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ახლა სხვანაირი არტისტები მოდიან. არანაკლებ ნიჭიერები, მაგრამ მაინც განსხვავდებიან წინა თაობისგან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თიკა ჯამბურიას მიერ, რომელიც წელს აბარებს თეატრალურში, კონსულტაციაზე წაკითხული იგავ-არაკი. უნდა ვთქვა, რომ ასეთი ნიჭიერი ბავშვი, დიდი ხანია არ მინახავს. ისე კარგად წაიკითხა, გავგიჟდი.

– რაც მთავარია, შენს ტელეკარიერაზეც უნდა გვესაუბრო.

– ხუთი წიგნი მაქვს გამოცემული, ამდენი ხანია იგავ-არაკებს ვწერ, თეატრალური კრიტიკოსი ვარ, მაგრამ გამოვჩნდი თუ არა ეკრანზე მაშინვე პოპულარული გავხდი. რამდენიმე ხნის წინ სიღნაღში ვიყავი, პიკასოს ტილოების დასათვალიერებლად. მუზეუმთან რიგი იდგა, ჯერ ხომ იქ გამიშვეს ურიგოდ, ბატონო ნიკა, მიბრძანდით, მიბრძანდითო. მერე საჭმელად გავჩერდით „კაჭრეთის ჩემპიონში“, სადაც ერთმა კახელმა ოფიციანტმა მომაძახა ერისთავის „აჩკებიი“. (იცინის) ბოლოს საგარეჯოს ბაზარში, ყველის საყიდლად რომ შევედით, იქ ხომ საერთოდ ერთი ამბავი ატყდა. მეთქი, მორჩა, ვრჩები კახეთში. ეს გადაცემა გათვლილია ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომლებსაც პრიმიტიული იუმორით ვერ მოხიბლავ. რამდენად ვახერხებთ ჩვენ ამას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ იდეაში ასეა. „ვღადაობთ“ იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება.

– ყველაზე კარგი იუმორის თემა დღესდღეობით, პოლიტიკაა.

– კი, მაგრამ ჩვენ გადაცემაში ვცდილობთ, პოლიტიკა არ იყოს ნახსენები, არც პოზიცია და არც ოპოზიცია. როგორ რაღაცეებს ვყვებით იცი?! მაგალითად, ამერიკაში ბავშვმა, რომელმაც თქვა სიტყვა ინდეფერენტული, ასეთი რთული სიტყვის თქმისთვის 40 000 დოლარი გადასცეს. წარმოიდგინეთ, ამ ბავშვს იქვე რომ ეთქვა, ეს ქათამი ხან იქით გადამხარბარკალკურტუმკისერდებოდა, ხომ სულ მთლად გადაირეოდნენ. ასეთ საოცრებებს რომ ვიგებთ, როგორ არ უნდა იცინო.

– პირადში რა ხდება?

– გადაცემაშიც ვრთავთ ხოლმე პირადს. (იცინის) მაგალითად, ასეთი ამბავი გვქონდა, გერმანელმა მეზობელს უჩივლა, სექსის დროს ისე ხმამაღლა კივის, ვერ ვიძინებო. ვთქვი, რომ მეც ვაპირებ მეზობელ ქალს ვუჩივლო, რადგან ისიც იმხელას ყვირის, ოღონდ სექსის გარეშე-მეთქი, როცა ქვედა მეზობელს ეჩხუბება, სარეცხი ჩამოხსენი მე უნდა გავკიდოო, რომელ სექსზეა საუბარი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, (იცინის) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, როგორც კი ვინმე მომეწონება, მაშინვე გადავდებ გვერდით ყველაფერს. რომ გითხრა, ქუჩაში ვდგავარ, რომ არიქა, ვინმემ გამოიაროს, ვეცე და სახლში წამოვიყვანო-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცხოვრების იმ საფეხურზე შევდექი, როდესაც შემიძლია, ოჯახი შევქმნა. ასაკობრივ საფეხურს კი არ ვგულისხმობ, ეკონომიკურ საფეხურზე ვამბობ. ვარ ახალგაზრდა, რომელიც ცოლად მოიყვანდა ახალგაზრდა, შუშპარა და მჩქეფარე გოგოს. ცოტა ხნის წინ მყავდა მეგობარი გოგონა, საკმაოდ ცნობილი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით.

– როგორ მოხდა, რომ ოცდასამი წლის ასაკში, უკვე ასე ფიქრობ?

– არ ვიცი. რაღაც ადრე მოხდა ყველაფერი. რომ გითხრა სკოლაში გამოვირჩეოდი სწავლით-მეთქი, მოგატყუებ. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ტექნიკურ საკითხებში. ფიზიკაში ნიუტონის ერთი კანონი დავიზეპირე, ახლაც მახსოვს – სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს. ერთი ოთხი წელი ამის ხარჯზე ფიზიკაში სამიანს მიწერდნენ. ჩემთვის ყველაფერი იყო თეატრი. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი სკამი მქონდა და სულ იმ ადგილზე ვიღებდი ბილეთებს. ქვეყანა რომ ინგრეოდა, გვშიოდა, გვწყუროდა, ჩემთვის ფულის საზომი ერთეული ის იყო, თეატრის ბილეთი მომივიდოდა თუ არა.

სალომე გველესიანი

скачать dle 11.3