კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მაქინაციებს მიმართავენ ქართული ბანკები ღარიბი მოსახლეობისგან, რაც შეიძლება მეტი თანხის ამოსაქაჩავად

ის, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გამართულად მუშაობს, ყველასთვის აშკარაა (მიუხედავად იმისა, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ბანკებთან თუ ცოტა გულგრილი), ოღონდ, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობისადმი ფინანსურ დამოკიდებულებაში ბანკები შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობენ. რა წილი უჭირავს ბანკების შემოსავალში კომუნალური გადასახდელების საკომისიოებს და რატომ ვიხდით ბანკის მომსახურების თანხად მოჭრილ ლარს, იმის მიუხედავად ორლარიანი ცნობა გვჭირდება თუ ასლარიანი; რატომ ახვევენ თავს მომხმარებელს საკრედიტო ბარათებს, თანაც მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების ახსნის გარეშე. ერთი სიტყვით, ქართული საბანკო სექტორის შუქ-ჩრდილებზე ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.

– 2010 წელი ქართულმა ბანკებმა დიდი მოგებით დაასრულა. ამ კრედიტუუნარო მოქალაქეებით დასახლებულ ქვეყნაში საიდან ასეთი შთამბეჭდავი ციფრები?

– 2010 წლის მოგება განპირობებული იყო იმით, რომ ბანკებმა გაასუფთავეს თავიანთი საკრედიტო პორტფელი მძიმე კრედიტებისგან, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ბანკების მოგება მაინც ცოტაა, მაშინ, როდესაც მათი აქტივები 6-7 მილიარდს აჭარბებს. ამდენად, 2010 წელს მოგების კატასტროფულად მცირე მაჩვენებლები აჩვენეს.

– შესაძლოა, მათ აქტივებთან შედარებით მათი მოგებები მცირეა, მაგრამ ეს აქტივები არ არის დაფუძნებული ადგილობრივ ფულზე. ადგილზე არსებული ფულადი რესურსის გათვალისწინებით, მოგება არცთუ ურიგოა.

– მსოფლიო ბაზარი ერთიანია და უცხოელები საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს საბანკო სექტორში. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დაგროვება არ არის დიდი, სულ 2-3 მილიარდია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და მოსახლეობას არ აქვს საშუალება, ფული დააგროვოს. ის ძირითადად „ცხელ ფულს“ იყენებს. უფრო მეტიც, ჩვენს მოსახლეობას, იმიტომ რომ ღარიბია, არ აქვს მოგვარებული ფულის ხანგრძლივი შენახვისა და დაგროვების პრობლემა. ბანკს, იმისთვის, რომ 10-15-წლიანი კრედიტი გასცეს, შესაბამისი რესურსი უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი ასეთი ხანგრძლივვადიანი ანაბრები თითქმის არ არის და ჩვენი შიდა დეპოზიტები გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე დასავლეთიდან მოზიდული სახსრები. საქართველოში დაკრედიტების მაჩვენებელი 70 პროცენტსაც კი აღწევს. რაში უნდა დააბანდოს ადამიანმა 70-პროცენტიანი კრედიტი, რომ იმ საქმიანობამ მოგება მოუტანოს?! თუმცა ის პროცენტებიც, რაც დიდ ბანკებშია: ბიზნესსესხები – 18-ად, სამომხმარებლო კი 16-პროცენტად, დიდია.

– საკმაოდ უნდა ხეირობდნენ ბანკები გადასახადების, გადასახდელების, ჯარიმებისა თუ სხვადასხვა ცნობის აღებისას დაწესებული საკომისიოებით?

– თქვენ რომ ნახოთ ბანკების მოგების სტრუქტურა, ნახავთ, რომ საკმაოდ სწრაფად იზრდება საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები. ეს არის საკომისიოები, რომლებიც უკავშირდება კომუნალურ მომსახურებას, ანაბრებს, კრედიტ-ბარათებს. არც კი იცის მოსახლეობამ, რომ, თუ, მაგალითად, გაქვთ „თი ბი სი ბანკის“ ბარათი, თუ „თი ბი სი-ში“ გაანაღდებთ, კაპიკები ჯდება, ხოლო, თუ სხვაგან გაანაღდებთ, გაცილებით ძვირი. არ იცის მოსახლეობამ, რომ, თუ ბარათით ახორციელებთ ანგარიშსწორებას მაღაზიებთან, ჩამოგეჭრებათ საკომისიო. ამის ჯამი მთლიანობაში საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სხვა რამაა. ბანკს საკომისიოს აღებისას უწერია ასეთი რამ: ამა და ამ თანხაზე საკომისიო შეადგენს ამდენსა და ამდენს, მაგრამ უნდა იყოს არანაკლებ ამ კონკრეტული თანხისაო. რადგან ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად მცირე თანხებს იხდის, მუდმივად ხვდება ამ არანაკლების კატეგორიაში და ყოველთვის პროცენტულად უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ყველა მომსახურებისას მძიმე ტვირთად აწვება ეს ტარიფები, რომლებიც ერთ-ერთი მაღალია ჩვენთან და, მეორე მხრივ, ბანკების შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა. ბანკები საკმაოდ გაწაფული არიან ამ მომსახურებაში და ურჩევნიათ, გაზარდონ ეს სფერო, ვიდრე თავი იმტვრიონ იმაზე, თუ როგორ გამოუშვან ახალი ბიზნესსესხი და დააინტერესონ მომხმარებელი.

– თუ სწორად გავიგე, ბანკი მოერგო მოსახლეობის სიღარიბეს და ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს ამ სიღარიბიდან გამოსვლასა და ბიზნესის დაწყებაში, ღარიბად ტოვებს და საკომისიოებით ქაჩავს ფულს მათი ისედაც ცარიელი ჯიბეებიდან?

– ბუნებრივია, როდესაც ბანკი გიწევთ მომსახურებას, მან საკომისიო უნდა აიღოს. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება, ენერგოკომპანიები და ბანკები შეთანხმდნენ და ისე გაკეთდეს, რომ ამ საკომისიოთი მხოლოდ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

– მომხმარებელთა შესახებ კანონში არის მოთხოვნა, რომ ბანკებმა კომუნალურ გადასახდელებში საკომისიო არ უნდა აიღონ, მაგრამ ისინი მაინც იღებენ?

– ეს არის როგორც მოსახლეობის, ისე ენერგოკომპანიების საქმე და იდეა არის ის, რომ ენერგოკომპანიებმა თავიანთ თავზე აიღონ საკუთარი წილი ამ საკომისიოში. ამის მოსაგვარებლად უამრავი ბერკეტი არსებობს, რომ მოსახლეობას ეს ტვირთი შეუმსუბუქდეს.

– ძალიან საინტერესო რამ მოხდა, სანამ კომუნალური გადასახდელების ერთიან ადმინისტრირებას შემოიღებდნენ, აბონენტი შუქის, წყლისა და დასუფთავების გადასახდელის დაფარვისას ბანკს 50 თეთრს უხდიდა მომსახურებაში, ახლა კი ქვითარი ერთიანია, საკომისიო კი გაორმაგდა. ეს სადაური წესია?

– ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. რადგან, წარმოიდგინეთ, დასუფთავების ტარიფი დაბალია, საკომისიო კი ამის ფონზე საკმაოდ მაღალია.

– სახელმწიფოს არ ეკუთვნის ჩარევა იმ საკითხის დარეგულირებაში, თუ რომელ რგოლს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პრობლემის მოუგვარებლობის გამო?

– მორალური პასუხისმგებლობა საკომისიოს ოდენობის გამო აქვს ენერგოკომპანიებს, მარეგულირებელს, ამის შემდეგ მთავრობას, შემდგომ კი – ბანკს. მე რომ მკითხოთ, როდესაც ბანკს აქვს გარანტირებული შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი თავისუფალია და ყველა ბანკი იღებს გადასახდელებს, ბანკს მაინც აქვს ინიციატივის უფლება, რომ ეს საკითხი ენერგოკომპანიებთან ერთად მოაგვაროს, მაგრამ ენერგოკომპანიამ თავის თავზე უნდა აიღოს საკომისიოს ნაწილი. ვიმეორებ, ბევრი ბერკეტია ამის დასარეგულირებლად. კიდევ ერთი მომენტი, რაც ჩადებულია ბანკების მომსახურებაში: კრედიტების გაცემის დროს მოქმედი სხვადასხვანაირი მომსახურება და ტარიფები. მაგალითად, კრედიტზე მიბმულია დაზღვევა და ეს იქცა საპროცენტო ყოველთვიურ შენატანად. შემდეგ არის კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო, ვლაპარაკობ კრედიტზე გასაცემი ფულის საკომისიოზე. თუ თქვენ აიღებთ 30 000 ლარის კრედიტს, რომ გაიტანთ, ბანკს საკომისიო უნდა გადაუხადოთ.

– ბანკებს აუწყვიათ ცხოვრება ამ კრედიტუუნარო მოსახლეობის ხარჯზე.

– ამ სახეობის შემოსავლები ზრდის ბანკის შემოსავლებს. ბანკი საკმაოდ მკაცრი ორგანიზაციაა, მაგრამ, თუ რეალურად არ შევისწავლით ბაზარს, აღმოვჩნდებით სასაცილო სიტუაციაში, დავკარგავთ ბაზარს და ეს უკვე ხდება კიდეც. დღეს ბანკებს აქვთ ფული, მაგრამ არ ჰყავთ კრედიტის ამღები ადამიანი. ამ სფეროს დასარეგულირებლად შევქმენით საინფორმაციო ბიურო, რომ შეგვედგინა ურჩი გადამხდელების სია, შეგვყავდა ყველა, ვინც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ორი დღითაც კი დააგვიანებდა საკრედიტო ბარათის ოვერდრაფტის დაფარვას. საქართველოში 400 000-500 000 ადამიანი მოხვდა ამ სიაში. გაამრავლეთ ეს ციფრი ოჯახის წევრების რაოდენობაზე და აღმოჩნდა, რომ ვერავინ იღებდა კრედიტს. ამის შემდეგ ბანკებმა განაცხადეს, არა უშავს, იყავით შავ სიაში, თუ რამე საბუთები გაქვთ, მოდით, მაინც მოგცემთ კრედიტსო. თუ ჩვენ ასე მივუდგებით ბაზარს, ის ისედაც პატარაა და საერთოდ კოლაფსის წინაშე დავდგებით. თუ, ერთი მხრივ, ბანკებმა არ გაზარდეს დაკრედიტების მოცულობა და ამით პროვოცირება არ გაუკეთეს ბაზრის ზრდას, არც წარმოება განვითარდება და არც მოსახლეობის კეთლდღეობა გაუმჯობესდება. ხოლო, თუ მხოლოდ იმას დაველოდებით, ხელფასი როდის გაიზრდება და მოსახლეობა დააგროვებს თანხას, ამას ძალიან ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. არადა ბანკებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსახლეობას, რომ ბიზნესიც გააკეთოს და ფულიც დააგროვოს. მესმის, რომ გართულებულია სიტუაცია, რისკი მაღალია, მაგრამ მეტი უნდა იმუშაოს ბანკმა და არა ის, რომ კრედიტი 300 და 500-პროცენტიანი უზრუნველყოფით გასცეს. ეს წარმოუდგენელია. აიღოს 120-პროცენტიანი ქონებრივი უზრუნველყოფა, შეიწავლოს საქმე და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, დააკრედიტოს თუ არა. ძირითადად, ბანკები 300-400-პროცენტიან გირაოს იღებენ და ამის შემდგომ გასცემენ კრედიტს. ეს აფერხებს ბაზრის განვითარებას, სამომხმარებლო კრედიტი კვდება, ბაზარი ვიწროვდება. ერთადერთი გადარჩენაა ბანკების იაფფასიანი რესურსები. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა მაშინ, როდესაც „თი ბი სი-მ“ გამოუშვა 11-პროცენტიანი სესხები, რომლითაც შესაძლებელი იყო ძველი კრედიტების გადაფარვაც. დღეს რეალურად ბანკებს შეუმცირდათ ბაზარი, შეუმცირდათ მოგება და დარწმუნებული ვარ, დღითი დღე უფრო ნაკლებ მოგებას მიიღებენ, იმიტომ რომ შენახვის დიდი ხარჯები აქვთ იმავე მოგების ფონზე. ჩვენთან კრედიტიც ძვირია და დეპოზიტის პროცენტიც მაღალია. ათ პროცენტად დეპოზიტის ჩადება ევროპასა და ამერიკაში წარმოუდგენელია, ამიტომ ბევრ უცხოელს მოაქვს აქ ფული. თუ ჩვენ ვსვამთ კითხვას, რამდენად დაცული არიან ჩვენი მოქალაქეები ბანკებისგან? უნდა ვთქვათ, რომ არ არიან დაცულები.

– ძალიან კაბალურია ბანკების მიერ სესხის გაცემის ხელშეკრულებები.

– ადამიანი, რომელსაც სჭირდება სესხი, არც კი კითხულობს, რა წერია იმ ხელშეკრულებაში.

– რომ წაიკითხოს, რას შეცვლის?!

– ბანკს აქვს უფლება, პირდაპირ გადაიფორმოს ქონება, თქვენ გარეშე განკარგოს ეს ქონება ისე, რომ სასამართლოშიც კი არ დაკარგოს დრო. მე მახსოვს, როდესაც გამოვიდა ყვითელი ფერის ბარათები, არ დავასახელებ, რომელი ბანკის იყო, მოსახლეობას უთხრეს, აი, თქვენ ათასი ლარი, თქვენგან არაფერი გვინდა და დახარჯეთ ეს ათასი ლარიო. გაგიჟდა ადამიანი: ათასი ლარი კარგი ფულია, იყიდა მაცივარი, ტელევიზორი, ცოტა პური, ხახვი და ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პროცენტი დაურიცხეს და ეს ათასი ლარი უცბად გახდა 5 000. დღემდე გრძელდება ეს დავები ბანკებთან. მეტსაც გეტყვით, აიღო ათასი ლარი, დაფარა რაღაც თანხა და შემდეგ უთხრეს, თქვენ რომ თანხა დაფარეთ, ჩვენ ის ამ თანხის დაზღვევაში გავუშვითო. ანუ ადამიანმა არც კი იცოდა, რომ თანხა დააზღვიეს და იმაშიც ფული უნდა გადაეხადა. ამიტომ პროცენტიც დარჩა გადასახდელი და პროცენტის პროცენტიც. თუ გვინდა, რომ ადამიანები დავიცვათ, გასაგებად უნდა გავაცნოთ სესხის პირობები. 27 გვერდზე კი არა, ერთ გვერდზე უნდა ეწეროს, რა მოგივათ ამ და ამ შემთხვევაში და ადამიანს ეცოდინება, რომ იღებს არა ათას, არამედ სამი ათას ლარს.

– მაგრამ, თუ დაწვრილებით აუხსნიან, იმის ნახევარიც არ აიღებს შეთავაზებულ ბარათს 1 000 ლარით?

– ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს ბარათები და კრედიტები „შევტენეთ“ მოსახლეობას. ჩვენი ბანკები არაადამიანურად მკაცრები არიან მოსახლეობის მიმართ, ასევე, მკაცრები არიან ფირმების მიმართაც. ფირმას აქვს რთული პერიოდებიც, რადგან საქმე ხან კარგად მიდის, ხან – ცუდად. ამიტომ მათთან ურთიერთობა ერთ თარგზე არ უნდა იყოს მოჭრილი. ბანკს უნდა შეეძლოს, გადაუვადოს ფირმას კრედიტი, გადაუვადოს პროცენტის გადახდა და ეს ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენი ბანკები კი მოჭრილად მუშაობენ, ეს კი არ არის ის რეალური მიდგომა, რასაც მოითხოვს საბაზრო ეკონომიკა.

– დავთვალოთ სახელდახელოდ, იძლევა თუ არა ჩვენი ბანკების მიერ ბიზნესის დასაწყებად შეთავაზებული კრედიტები ბიზნესის დაწყების რეალურ საშუალებას. ალბათ, არსებობს საშუალო მოგების გათვლა, შევადაროთ ის არსებულ საპროცენტო განაკვეთებს?

– ყველა დამწყები ბიზნესმენის ოქროს რჩევა ასეთია: როდესაც ბიზნესს იწყებ, გათვალე, რამდენის წაგება შეგიძლია. თუ ეს არ ვიცით, ბიზნესი არ უნდა დავიწყოთ. ვთქვათ, ვიწყებ რაღაც ბიზნესს და ვდებ 50 000 ლარს, მე შემიძლია, წავაგო 30 000 ლარი. თუ ჩემი შესაძლო ზარალი მართლაც 30 000 ლარი იქნება, მე უნდა დავიწყო ეს ბიზნესი. მეორე, ყველა ლეგალურ ბიზნესში, თუ ის მონოპოლიური არ არის, მოგების პროცენტი 17-მდეა. მე არ ვლაპარაკობ ფარმაცევტიკაზე, რეალურ ბიზნესში, სადაც ადამიანს ხელი მიუწვდება, 17 პროცენტზე მეტი მოგება არ არის. ამიტომ ბანკებთან მაქვს შენიშვნა, როდესაც 18 პროცენტად აძლევ სესხს, ესე იგი, მთელი მოგება შენ უნდა მოგცეს?! ამის პასუხად ბანკები ამბობენ: წილობრივად უნდა ვაკეთოთ ბიზნესი, თუ საბრუნავი თანხა 100 000 ლარია, 50 000 თქვენ დადეთ, 50 000-ს მე დავდებ. შესაბამისად, ჩემი 50 000-ის მოგება სულ მე მომეცი, შენი 50 000-ის დაიტოვეო. ეს უსამართლოა, მით უმეტეს, რომ საქართველოში 17-პროცენტიან მოგებაზე მეტი მოგების გათვლა შეუძლებელია, ყველა ხარჯის გათვალისწინებით კი, ეს მაჩვენებელი 12 პროცენტი გამოდის.

– ესე იგი, თუ ბიზნესი არ არის მონოპოლიური ან საქმე არ გვაქვს კარტელურ გარიგებასთან, საქართველოში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია, თუ რა, თქმა უნდა, ბანკის გამდიდრების ალტრუისტული სურვილი არ გკლავს?

– თუ ბიზნესი ორიგინალური და ჰაი-კლასია, ამის გაკეთება საქართველოში აუცილებლად ღირს და ის ყოველთვის უფრო მეტ მოგებას მოიტანს, ვიდრე დეპოზიტზე დარიცხული პროცენტი. ბიზნესი ყოველთვის ღირს, თუ ის გათვლილია. არ არის კარგი გადაწყვეტილება, თქვენც გააკეთოთ რესტორანი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს და კარგად მუშაობს. ბიზნესში ყოველ მეტრს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვბაძავთ ერთმანეთს, ბაძვით დაწყებულ ბიზნესს კი შედეგი არ მოაქვს. სახელმწიფო დგას მცირე და საშუალო ბიზნესზე, ამიტომ მისი მთავარი ამოცანაა, აიძულოს ადამიანი, დაიწყოს ბიზნესი, ხელი შეუწყოს მას და შეუმსუბუქოს ბიზნესის კეთება. ბიზნესის დაწყება ისე ადვილი არ არის, როგორც ეს ქართველებს ჰგონიათ. ბიზნესის დაწყებისას კარგად უნდა გაითვალოს საკუთარი და კონკურენტების შესაძლებლობები, დაწყების დრო, სივრცე და ადგილი. ფული ასე ადვილად რომ კეთდებოდეს, მაშინ ყველა გააკეთებდა და ამიტომ ფული აღარ გაკეთდებოდა. ბიზნესის დაწყების დროს, თუ 17 პროცენტი შეიძლება, მოვიგო, 18-პროცენტიანი კრედიტი არ უნდა ავიღო. გათვლილი უნდა იყოს, რა შეიძლება, წავაგო. გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ პერიოდზე, კადრზე და გუნდზე და ამის შემდეგ თქვენ ნახავთ, რომ საქართველოში კადრი არ არსებობს. ქართველისთვის დილის 9 საათი, საუკეთესო შემთხვევაში, არის ათის ნახევარი, მაგრამ ექვსის ნახევარი არის ექვსი საათი. ან რა უბედურებაა ამდენი დასვენების დღე?! აბა, უცხოეთში, გაბედეთ და ჩართეთ „სკაიპი“ სამუშაო საათებში?! სამსახურში თქვენ არ ეკუთვნით არც ქმარს, არც ცოლს, არც მეგობარს და არც ვინმე სხვას, იმ რვა საათის განმავლობაში თქვენ ეკუთვნით დამქირავებელს. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს სპეციალისტები.


скачать dle 11.3