რა პრემია მიიღო ლუქსემბურგის ჰერცოგმა ანრიმ ევთანაზიის აკრძალვის გამო და რის გამო თქვა უარი სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებაზე მისმა ვაჟმა, პრინცმა ლუიმ
ლუქსემბურგი – ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და, ამავე დროს, გავლენიანი ქვეყანაა, სადაც ევროპის უდიდესი ოფშორული ზონა მდებარეობს და სადაც მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე 28-29 ათას ევროს შეადგენს. ამ ჯუჯა სახელმწიფოში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობა, სულ რაღაც, 473 ათას ადამიანს შეადგენს. ცნობისთვის, ლუქსემბურგი მონარქიული რესპუბლიკაა და ქვეყნის პირველი პირი, ჰერცოგი ანრი მოსახლეობაში უდიდესი პატივისცემითა და პოპულარობით სარგებლობს.
* ჰერცოგი ანრი 1955 წლის 16 აპრილს დაიბადა და მისი სრული სახელია: ანრი ალბერ გაბრიელ ფელიქს მარი გიიომი. ის არის დიადი ჰერცოგის – ჟანის (რომის პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტის ნათლულის) და პრინცესა ჟოზეფინ-შარლოტის ვაჟი. დედის მხრიდან ანრი ბელგიის მეფე ლეოპოლდ მესამისა და შვედეთის პრინცესის – ასტრიდის შვილიშვილია. ანრი ბელგიის ამჟამინდელი მონარქის, მეფე ალბერტ მეორის ნათესავია. ჰერცოგ ანრის ჰყავს ორი და: ერც-ჰერცოგინია მარი-ასტრიდ ავსტრიელი და მთავრინა მარგარიტა ლიხტენშტეინი, და, ორი ძმა: პრინცი ჟან ლუქსემბურგელი და პრინცი გიიომ ლუქსემბურგელი.
* საშუალო განათლება ანრის ლუქსემბურგში აქვს მიღებული. შემდგომ მან ბაკალავრის დიპლომი საფრანგეთში მიიღო 1974 წელს. 1975 წელს კი დიდ ბრიტანეთში პრესტიჟული, სანდჰერსთის სამხედრო აკადემია დაამთავრა. გარდა ამისა, ჰერცოგს გავლილი აქვს პოლიტოლოგიის კურსი ჟენევის უნივერსიტეტში, სტაჟირება – ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში და მიღებული აქვს: კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ფერფილდის უნივერსიტეტში – ჰუმანიტარული მეცნიერების დოქტორის ხარისხი და ოქსფორდისა და მაიამის უნივერსიტეტებში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჰერცოგ ანრის მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ტაილანდის კჰონ კაენის უნივერსიტეტში და პოლიტოლოგიის საპატიო დოქტორის ხარისხი გერმანიის, ტრირის უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად ჰერცოგი ანრი ორ სამხედრო წოდებას ატარებს – იგი ლუქსემბურგის არმიის პოლკოვნიკი და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო რაზმის საპატიო მაიორია.
* ჟენევაში სწავლის პერიოდში ანრიმ გაიცნო კუბელი მარია-ტერეზა მესტრე, რომელიც იქ პოლიტოლოგიას შეისწავლიდა. მარიას მშობლები წარმოშობით კუბიდან, ჰავანიდან იყვნენ, ხოლო მათ ძარღვებში ესპანეთის ბურჟუების ოჯახებისა და თვით კონკისტადორების სისხლი ჩქეფდა. 1956 წელს ისინი რევოლუციას ნიუ-იორკში გაექცნენ. ანრი და მარია-ტერეზა 1981 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს დაქორწინდნენ. მათი ქორწინება ანრის მამის, ჰერცოგ ჟანის წინასწარი თანხმობით შედგა. ანრისა და მარია-ტერეზას ხუთი შვილი ჰყავთ: პრინცი გიიომი (ტახტის მემკვიდრე), პრინცი ფელიქსი, პრინცი ლუი, პრინცესა ალექსანდრა და ყველაზე უმცროსი, პრინცი სებასტიან ლუქსემბურგელი.
* ევროპულ სამეფო ოჯახებს შორის დიდი რეზონანსი პოვა ჰერცოგ ანრის მესამე შვილის, პრინც ლუის დაქორწინებამ ტესი ანტონიზე, რომელიც ჩვეულებრივი მოკვდავია და ამის გამო პრინცმა ლუიმ საჯაროდ განაცხადა, რომ უარს აცხადებს ტახტზე. ქორწილის შემდეგ ლუი და ტესი დე ნოსის გვარს ატარებენ. ტესი ანტონი 18 წლიდან ლუქსემბურგის არმიაში მსახურობდა, ხოლო პრინცი მან კოსოვოში, ნატოს მისიის ინსპექტირების დროს გაიცნო. მათი რომანი კოსოვოში დაიწყო და ჯერ კიდევ დაქორწინებამდე წყვილს ვაჟი – გაბრიელი ეყოლა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების გარეშე იყო დაბადებული, ლუქსემბურგის სამეფო ოჯახმა მიიღო და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. პრინცი გაბრიელი ჰერცოგ ანრის პირველი შვილიშვილია. უკანონოდ შობილი ბავშვის ოჯახში მიღების გამო ევროპულმა საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა ლუქსემბურგის სამეფო ოჯახი.
* მის აღმატებულებას, ლუქსემბურგის ჰერცოგ ანრის, ვატიკანის კარდინალის, ვან ტჰუანის პრემია აქვს მიღებული „სიცოცხლის დაცვის” დარგში. 2008 წლის დეკემბერში, ჰერცოგმა უარი განაცხადა ევთანაზიის ლეგალიზების კანონის ხელმოწერაზე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დამტკიცებული იყო ლუქსემბურგის პარლამენტის მიერ. ანრიმ თავისი ქმედება საკუთარი რელიგიური მრწამსით ახსნა, რომელიც უკრძალავდა მას ეგრეთ წოდებული „ლეგალური სიკვდილის” ლეგალიზებას. საინტერესოა, რომ, ლუქსემბურგის კონსტიტუციის თანახმად, ჰერცოგის უფლებები მკვეთრად არის შემცირებული და სამეფო ოჯახს მხოლოდ ფორმალური როლი აქვს, ხოლო კანონების მიღებას ისევ პარლამენტი განაგრძობს. ვიეტნამის კარდინალის, ფრანსუა-გზავიე ნგუენ ვან ტჰუანის (რომელიც 13 წლის განმავლობაში რელიგიის გამო დაპატიმრებული იყო), სახელობის პრემიის გადაცემა ვატიკანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ქრისტიანული პრინციპების დაცვისთვის ხდება.
* მისი აღმატებულება ლუქსემბურგის ჰერცოგი ანრი მონარქთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ეროვნულ ვალუტაზე არიან გამოსახულნი. ლუქსემბურგულ ევროებზე – რკინის მონეტებზე, ანრის გამოსახულებით სამი ვარიანტია მიმოქცევაში. ანრის პროფილთან ერთად, მონეტებზე დატანილია ევროკავშირის 12 ვარსკვლავი და გამოშვების წელი. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი თვითონ არ ჭრის მონეტებს – ამაში მას სხვა ევროპული სახელმწიფოები ეხმარებიან. სხვათა შორის, ლუქსემბურგი ევროპის ფინანსურ ცენტრად ითვლება, ხოლო ეგრეთ წოდებული „შენგენის ვიზის“ სახელწოდება ლუქსემბურგთან არის პირდაპირ კავშირში, რადგან აქ მდებარეობს სოფელი შენგენი, რომელიც თანაბრად არის დაშორებული საფრანგეთთან, გერმანიასთან და ბელგიასთან.
* ჰერცოგ ანრის აქვს ინტერესთა ფართო წრე და ცდილობს, იყოს სამაგალითო ლუქსემბურგის ნებისმიერი მოქალაქისთვის. ის გატაცებულია სპორტით (ჩოგბურთი, აფროსნობა, თხილამურები), ნადირობით, თევზაობით და უყვარს კლასიკური მუსიკა. ანრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია, ასევე, აქტიურად არის დაკავებული ეკოლოგიის საკითხებით, თუმცა, არა მშობლიურ ლუქსემბურგში, სადაც ეკოლოგიასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, არამედ, სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ ეკვადორში, რომლის საკუთრებას წარმოადგენს ჰალაპოგოსის კუნძულების არქიპელაგი. ჰერცოგი ანრი ფლობს ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს. გარდა ამისა, ანრი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად მიიჩნევა არაერთი გავლენიანი გამომცემის მიერ – მას მეშვიდე ადგილი უკავია ევროპის ყველაზე სიმპათიური და სექსუალური მმართველების რეიტინგში.