შნოიანი მეზობლები
ანუ, შეერგოთ!
რაკი საქართველოს თავის არც ერთ მეზობელთან (თურქეთის გარდა, რომელსაც სსრკ-სთან მტკიცე მავთულხლართები გამოყოფდა) საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო სამუშაოები არ ჩაუტარებია, საზღვრის გარკვეული წილი მდინარეებზე გადის, მდინარეები კი ნალექების სიუხვის გამო კალაპოტს ხშირად იცვლიან. ხოლო, რაკი იცვლიან, მიწაც ხან იქით რჩება, ხანაც – აქეთ (სამწუხაროდ, უფრო ხშირად – იქით). „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ შენიშნავს, რომ დედოფლისწყაროს რაიონში ალაზნის ადიდების გამო აზერბაიჯანს 150 ჰექტარი მიწა დარჩა, რომელიც ალაზნის ადიდებამდე საქართველოს ეკუთვნოდა. მეორე მხრივ, CENN-ის კვლევით, ალაზნის კალაპოტის ცვლილების გამო გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი (საქართველოს საზიანოდ 42 შემთხვევაა, მხოლოდ დანარჩენი 27-ია აზერბაიჯანის საზიანოდ). რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლებულ მიწას აზერბაიჯანის მთავრობა აკონტროლებს, თუმცა აი, საქართველოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადანაცვლებულ მიწას კი – ჯერჯერობით არავინ. ამიტომაც შიშობენ, რომ, თუკი აზერბაიჯანელი მოსახლეობა იმ მიწების ათვისებას დაიწყებს, მათი უკან დაბრუნება არათუ გაჭირდება, საერთოდაც შეუძლებელი შეიქნება.
ამ მიტაცებ-მოტაცების მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობა ალაზანს ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ უტარებს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობა ძალას არ იშურებს თავის მხარეს მდინარის ნაპირის გასამაგრებლად (შედეგიც აშკარაა – მდინარე კალაპოტს ჩვენკენ იცვლის). შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე უსაფუძვლოს უწოდებს ქართველების ბრალდებას მიწების მიტაცების თაობაზე და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ურჩევს („თუ ქართველი მოსახლეობა ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ აწარმოებს და თავის მიწებს არ ითვისებს, ეს ქართული მხარის პრობლემაა“). შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამ ლოგიკას (მით უფრო, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება) და წარმატება არ უსურვო მათ, ვინც მიწის ფასიც იცის, მისი მოვლისაც და ათვისებისაც.