დაბდღეზე არ დაგვპატიჟებენ?!
8 თუ 9 ?! - საკითხავიც, აი, ეს არის!
განა იმიტომ, რომ მახათების სიმცირეა, სავსებით ლეგიტიმური მიზეზით (ძირს ძველი მენტალიტეტი, გაუმარჯოს ახალს!), ჩვენს საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასია ამტყდარი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი ვაღიაროთ თუ, მაინცდამაინც 9. რაკი ევროპაში 8-ა მიჩნეული, სახელისუფლო პოლიტიკური და საზოგადოებრივ-ლიბერალური ფრთა სწორედ 8-სკენ იხრება, დანარჩენები (იმავე დატვირთვის მქონე სეგმენტი მაქვს მხედველობაში) 9-ზე რჩებიან (პირადად ჩემთვის, არ დაგიმალავთ და სულერთია). უფრო მეტიც, პირველები (ლიბერალები და სახელისუფლო ელიტა) 9 მაისს ევროპის დღესაც აღნიშნავენ. შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში, წელს 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებაც ვიზეიმეთ და ევროპის დღეც მივაყოლეთ (ან – პირიქით).
ევროპის დღეობის აქციის მონაწილეებმა ვარდების მოედნიდან ცაში სიმბოლურად 28 მანათობელი გაუშვეს. ღონისძიება ზუსტად 22 საათსა და 47 წუთზე დაიწყო, ანუ მაშინ, როდესაც 66 წლის წინათ გერმანიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოცხადდა და ამ ამბავს არც ფოიერვერკის გარეშე ჩაუვლია.
ახლა კი ევროპული 9 მაისის ისტორიას გადავხედოთ: 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა, ამიტომაც ეს თარიღი (9 მაისი) ევროკავშირის დაბადების დღედ აღიარეს. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვერც ჩვენ ჩამოვრჩებოდით ევროპის მაჯისცემას (და მერე რა, რომ ჩვენთვის ჯერჯერობით კარიც არ გაუღიათ?!).
ამის პარალელურად, ევროპაში წლევანდელ 9 მაისს სხვა ღირსშესანიშნავი ამბავიც მოხდა (ღირსშესანიშნავი-მეთქი, რადგან ქართული ელმედია ფრიად გაშმაგებით აშუქებდა ბრიტანეთის პრინცის ქორწილს პრე თუ პოსტფაქტუმ): პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, როგორც იქნა, საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. საქორწინო მოგზაურობა კი იმ მიზეზით გადაიდო, რომ პრინცი (სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე) მანამ არ გაათავისუფლეს, სანამ შემცვლელი არ მოუძებნეს (და სულაც არ დაგიდევდნენ მის „ცისფერსისხლიანობას“). უფრო მეტიც, პრინცმა თავისი სამხედრო კორტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა (და, სავარაუდოდ, ცხელ წერტილებშიც მოუწევს საკუთარი მოვალეობის შესრულება).
მართალია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა მის დასავლურობაში ეჭვი არავის ეპარება. აქედან გამომდინარე კი იბადება რიტორიკული კითხვა: ვითომ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების ნაცვლად ევროპის დღის ზეიმი უშველის ჩვენს გაევროპელებას?!