მხოლოდ ფაქტები
* ამერიკაში ყველაზე ცნობილი ავტორბოლა, „ინდი 500“, იმართება ქალაქ ინდიანაპოლისში, რომელიც ყველასთვის ცნობილი „ფორმულა 1-ისგან“ იმით განსხვავდება, რომ რბოლა იმართება არა დიდ ტრასაზე, არამედ, ერთი მილის სიგრძის ჩაკეტილ წრეზე, ჩვეულებრივი სტადიონის მსგავს ნაგებობაში. მაყურებლები რომ გამონაბოლქვით არ გაიგუდონ, საწვავად მანქანებში ბენზინის ნაცვლად მეთანოლი გამოიყენება.
* დედამიწაზე ცხოვრობს ხალხი, რომელთა ძირითადი საკვები რძე და რძის პროდუქტებია. ისინი ადრე ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ (მაგალითად, ბედუინები, მონღოლები). თუმცა, ჩინელების გარკვეული ნაწილი პრაქტიკულად არ იყენებს რძეს... რათა არ დაემსგავსონ მონღოლებს, რომლებიც ხშირად იპყრობდნენ მათ.
* მეოცე საუკუნის ოციან წლებში პოლონეთში გამოუშვეს პოლონეთის პირველი ენციკლოპედია. გამოცემა საკმაოდ დაბალი დონის გამოვიდა, მაგალითად, სტატია „ცხენი“ მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლებოდა: „რა არის ცხენი, ყველამ იცის და ახსნას არ საჭიროებს“.
* სამხედრო ხომალდის გემბანზე მეზღვაურები მხოლოდ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. ეს წესი დიდი ხანია, დამკვიდრდა, რათა განგაშის დროს მეზღვაურებმა ერთმანეთს სირბილში ხელი არ შეუშალონ.
* მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია ცხენების რბოლა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტარაკნების, ზღარბების, კუების, ლოკოკინების, ბაყაყების რბოლა... მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე, ბრძოლებს შორის შესვენებების დროს, ჯარისკაცები სირბილში აჯიბრებდნენ ტილებს.
* მეოცე საუკუნეში ნიუ-იორკში საბჭოთა ემიგრანტმა ახალგახსნილ რესტორანს „კავკასიური“ დაარქვა, რამაც ქალაქის შავკანიან და ყვითელკანიან საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ინგლისურად სიტყვა Caucasian აღიქმებოდა, „როგორც თეთრკანიანთა რასის წარმომადგენელი“ და, ეგონათ, რომ ეს რესტორანი მხოლოდ თეთრებისთვის იყო განკუთვნილი.
* ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ, პულმანმა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო სარკინიგზო ვაგონებს ამზადებდა, გადაწყვიტა ჩიკაგოს მახლობლად აეშენებინა ქალაქი, სადაც ქარხნის მუშები იცხოვრებდნენ და, თხოვნით, დაეპროექტებინა ეს ქალაქი, არანაკლებ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორს – სოლომონ ბიმანს მიმართა. სამუშაო რომ დამთავრდა, ბიმანმა სთხოვა, ქალაქისთვის მისი სახელი ეწოდებინა. პულმანი შეჰპირდა, ქალაქის სახელის მეორე ნაწილი შენი იქნება, პირველი კი – ჩემიო და ქალაქს დაარქვა... პულმანი.