რა უცნაური სახელები გვხვდება საქართველოში
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილებაში ყოველწლიურად დგება სხვადასხვა სტატისტიკა. ჩვენი რესპონდენტი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ეკა მამალაძე გაგვაცნობს ინფორმაციას, თუ რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული 2011 წელს, რომელია ყველაზე იშვიათი სახელები და რომლებია ყველა ასაკში პოპულარული სახელები საქართველოში.
– ქალბატონო ეკა, რომელია 2011 წლის პოპულარული სახელები?
– მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზსა და მარიამს არქმევენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელი გიორგი ინარჩუნებდა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 წლის სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი (907, მათ შორის – 131 ნიკა), გიორგი (767), ლუკა (516), საბა (508), დავითი (474), ალექსანდრე (340, მათ შორის – 145 სანდრო), ანდრია (229), მათე (157), დემეტრე (130), ილია (119), ირაკლი (106) და სხვა.
– გოგონებს შორის რომელი სახელები ლიდერობს?
– ახალშობილ გოგონებს შორის პოპულარული სახელებია: მარიამი (977), ნინო (721, მათ შორის – 215 ნინი), ანა (584, მათ შორის – 158 ანი, 121 ანანო), ელენე (425), ანასტასია (419), ბარბარე (368), ლიზი (338), ნია (136), სალომე (135), ლიკა (93), თამარი (91) და სხვა.
– ეს, რაც შეეხება ამ წლის პოპულარულ სახელებს. ყველა ასაკის პოპულარული სახელები რომლებია?
– სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელებია: მამაკაცის სახელები: 1. გიორგი, 2. დავითი, 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე, 5. ლევანი, 6. თეიმურაზი (თემური), 7. ნიკოლოზი, 8. მიხეილი, 9. თამაზი, 10. ირაკლი და სხვა. ქალის სახელები: 1. ნინო 2. თამარი, 3. მარინე (მარინა), 4. მარიამი, 5. ლია (ლიანა), 6. მაია, 7. ქეთევანი, 8. ანა, 9. ნანა, 10. თინათინი და სხვა.
საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, მინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.