კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ახლობელმა მირჩია, სახეზე გავიკეთო საფუარის ნიღაბი. არის თუ არა ეს კანისთვის სასარგებლო?
პასუხი: ჯერ კიდევ 25-30 წლის წინ საფუარი ფართოდ გამოიყენებოდა კოსმეტოლოგიაში, როგორც B ჯგუფის ვიტამინებისა და მთელი რიგი მინერალური ნივთიერებების დამატებითი წყარო. მაგრამ ახლა ექიმები და კოსმეტოლოგები მის გამოყენებაზე უარს ამბობენ, რადგან ვიტამინებისა და მინერალების გარდა, საფუარი შეიცავს ნუკლეინის მჟავებს, ცხიმოვან კომპონენტებსა და მძიმე ლითონების მარილებს, რომელთა სისტემატურმა მოხმარებამ, შესაძლოა, არა მარტო კანზე, არამედ მთელ ორგანიზმზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა.
კითხვა: უკვე რამდენიმე ხანია, ვამჩნევ, რომ ჩემი სახის კანმა მორუხო ელფერი მიიღო, გარდა ამისა, უფრო გამოიკვეთა თვალების ქვეშ სილურჯე და თითქოს გამრავლდა გაწყვეტილი კაპილარების რაოდენობა, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის. როგორ შეიძლება ამ ხარვეზების შენიღბვა?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ ამ პრობლემის წარმოქმნის მიზეზები. რაც შეეხება მათ შენიღბვას, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი კანის ფერზე ოდნავ ბაცი ტონალური კრემი და კორექტორი. მაგრამ, თუ მიგაჩნიათ, რომ ფერმკრთალობა არ გიხდებათ, ტონალური კრემის წასმის შემდეგ ფუნჯით გადაისვით ბრინჯაოსფერი პუდრის თხელი ფენა; ღაწვები, ლოყების განაპირა ხაზები, საფეთქლები და ნიკაპი კი ოდნავ უფრო გაიმუქეთ იმავე პუდრით.
კითხვა: რა და რა სახის დეზოდორანტები არსებობს და რომელი მათგანის ხმარებას მირჩევთ?
პასუხი: უამრავი სახისა და დანიშნულების დეზოდორანტი არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რომლის გამოყენებაა თქვენთვის უმჯობესი, გააჩნია, რა პრობლემის მოსაგვარებლად გჭირდებათ. არსებობს დეზოდორანტები მგრძნობიარე კანისთვის და დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტები, რომლებიც არ ტოვებს ლაქას ტანსაცმელზე; ასევე, ბურთულიანი ანტიპერსპირანტები, რომელიც დაგიცავთ ოფლის არასასიამოვნო სუნისგან 48 საათის განმავლობაში. თუ თქვენ შეიძენთ ნებისმიერ მათგანს საფირმო მაღაზიაში, მათი ხარისხი გარანტირებული იქნება. ძირითადი ეფექტი კი ისაა, რომ დეზოდორანტი კანს აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებასა და სისუფთავის შეგრძნებას.