კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ფსიქიატრიულში კაცი, რომელიც შედევრებს ქმნიდა

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქართველ მეფეთა შთამომავალი – კაცი, რომელიც სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ. საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ სახელოვანი გვარის ერთ-ერთ ბრწყინვალე და ბედისწერით დაღდასმული ნაშიერის ცხოვრებასა და ღვაწლს.

„მე შენზე ლოცვით

ავიდგი ენა,

მიწას ვკოცნიდი ხარბად

და სხვა ღმერთები არა მყოლია

სამშობლოს გარდა“.

მცირე პლანეტა – „მცხეთა“, აღმოჩენილი 1976 წლის 24 ოქტომბერს ღია სილაში (ჩილე) რიხარდ ვესტის მიერ. თავის განმარტებაში ვესტი წერს: „ბევრისთვის, ალბათ, უცნობია ის ფაქტი, რომ პლანეტისთვის „მცხეთა“ სახელის მინიჭება იყო პატივის მიგება, არა მხოლოდ ამ უძველესი ქალაქისადმი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემის გამოხატულება მისი გამოჩენილი შვილის, პეტრე გრუზინსკის, დიდებული პიროვნებისა და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრის მიმართ. ეს გავაკეთეთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“.

პეტრე გრუზინსკი იყო უშუალო ადამიანი – მისი ეთიკის პრინციპი ცხოვრების ფიალის ბოლომდე დაცლას გულისხმობდა. მას არ უყვარდა თავისი ბიოგრაფიის ინტიმური მხარის გადმოშლა, მუშაობდა დაუღალავად, წერდა ლექსებს კომპოზიტორებისთვის, სცენარებს – კინოსტუდიებისთვის, ლიბრეტოებს – თეატრებისთვის. თავისუფალ დროს იპოვიდა თუ არა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გადიოდა საქეიფოდ, სათევზაოდ, უყვარდა ბუნების წიაღში სეირნობა. სულით ფაქიზი კაცი ვერ იტანდა თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვას. ამიტომაც, პოლიტიკურზე ჩასვეს ციხეში, ბევრიც აწამეს, მაგრამ, როგორც დიდ ადამიანებს სჩვევიათ, ვერ გატეხეს.

მიუხედავად მისი მეფური წარმოშობისა, ძალიან მოკრძალებული იყო. მისთვის მატერიალური ფასეულობა შემოიფარგლებოდა თავისი სამუშაო ოთახით, კარგი წიგნებით, განუყრელი ნაბდითა და ჩიბუხით.

კაცი, რომლის სტიქია ლხინი იყო, მთვრალი არავის უნახავს. ლექსი მისთვის აღსარება იყო, სასიმღეროდ დაწერილი სტრიქონები კი მისი ლუკმა-პური. ნამდვილი თბილისელი მგოსანი ეთქმოდა, მარტო რად ღირს მთელ მსოფლიოში ნამღერი „თბილისო“.

პეტრე გრუზინსკი იყო საქართველოს უკანასკნელი მეფის ერთადერთი მემკვიდრე. მას ეს ქვეყანა უკვალოდ არ დაუტოვებია, მემკვიდრე დარჩა.

დღეს პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მამის, პეტრე ბაგრატიონის გვერდით განისვენებს.

ბატონ პეტრეს ოჯახში გრძელდება სიცოცხლე, მას დარჩა უსაყვარლესი მეუღლე, დიდი მეგობარი, ქალბატონი ლია მგელაძე-ბაგრატიონ-გრუზინსკი. შვილები: დალი, მზია და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები; შვილიშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ დიდ წინაპართა ნაკვალევზე სიარულს.

თუ როგორ გრძელდება ცხოვრება ქართველი ერისთვის საყვარელ და პატივსაცემ ოჯახში, ამის გასაგებად პირადად ვეწვიე სახლში და ვესაუბრე ბატონ პეტრეს მეუღლეს, ქალბატონ ლიას.

– ქალბატონო ლია, გთხოვთ, გვიამბოთ თქვენი და ბატონ პეტრეს სიყვარულის ისტორია.

ქალბატონო ლია: მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ ამის შესახებ და როცა ცოლად გავყევი, ძალიან გამიბრაზდნენ. ხელი უკვე მოწერილი გვქონდა და იძულებულები გახდნენ, შემრიგებოდნენ. თუმცა ჩვენს სიყვარულს ბევრი განსაცდელი ელოდა. რამდენიმე თვის შემდეგ პეტრე დააპატიმრეს. იმ პერიოდში მზიაზე ვიყავი ფეხმძიმედ.

ქალბატონი მზია: მეც მახსოვს, დედას ფსიქიატრიულში რომ დავყავდი, მამას მოსანახულებლად. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მახსოვს, მამა რომ გამოვიდა, მე უკვე მოზრდილი ვიყავი. სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა.

ქალბატონი ლია: ძალიან დიდხანს აწამებდნენ საპყრობილეში. თასმებს და ყველაფერს ამდაგვარს ართმევდნენ, რომ რაიმე არ მოემოქმედა. ერთხელ, ნათურა ჩაამტვრია ფეხსაცმლით და ორჯერ გადაიჭრა ვენები. ამის შემდეგ იძულებული გახდნენ, ფსიქიატრიულში გადაეგზავნათ. რამდენიმე ექიმი ნაცნობი გამოდგა და დამეხმარნენ, საავადმყოფოში დამეტოვებინა. ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, ერთმანეთის სიყვარული არ გაგვნელებია.

– ბატონი პეტრეს მეგობრებისგან გვსმენია, რომ თქვენი თანადგომის გარეშე, ვერ შეძლებდა, ასეთი შედევრების შექმნას. რაში გამოიხატებოდა თქვენი თანადგომა?

– პეტრეს არ დაუწერია არც ერთი ლექსი, ჯერ ჩემთვის რომ არ წაეკითხა. ძალიან ენდობოდა ჩემს ინტუიციას და გემოვნებას. ლექსებს, რომელსაც თავისთვის წერდა, ეს იყო მისი სტიქია, სიმღერისთვის დაწერილი კი – შემოსავლის წყარო. ბევრჯერ შუაღამით გავუღვიძებივარ და მასთან ერთად მქონია სჯა-ბაასი ამა თუ იმ ლექსის ან სიმღერის ირგვლივ.

ჩხრეკის დროს წაიღეს ყველაფერი, ფურცლის ნაგლეჯიც კი არ დაუტოვებიათ. ამიტომ, ბევრი ლექსი დაიკარგა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პეტრეს ლექსების გამოქვეყნების უფლებას არ აძლევდნენ და ჩემი გვარით იბეჭდებოდა.

– კი მაგრამ, ქალბატონო ლია, არ ეჭვობდნენ ან ჩასწორებას არ გთხოვდნენ?

– ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევაც, ხან იძულებული ვიყავი, იქვე რაღაც ახალი ჩამემატებინა. ძალიან მკაცრ ცენზურას გადიოდა თითოეული სიტყვა. იმ დროს ძალიან რთული იყო პეტრესნაირი პირდაპირი და უშუალო ადამიანის სიტყვები თავისუფლად დაებეჭდათ. ბევრჯერ ჩამკეტეს და მეტყოდნენ ხოლმე, ეს გადაასწორეო. რა მექნა, მე თვითონ ვასწორებდი, სახლში რომ მოვიტანდი და ვეტყოდი, ასე და ასე იყო-მეთქი, მეუბნებოდა, არა უშავს, მაინც კარგად მოგიხერხებიაო.

– ერთმანეთში თუ კამათობდით და რა საკითხზე იბადებოდა კამათში ჭეშმარიტება?

– ძალიან იშვიათად, და ამის კამათსაც ვერ დაარქმევ, ასე ვთქვათ, სიმღერის ტექსტებს ვარჩევდით, ვიზიარებდით ერთმანეთის აზრებს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მოსაზრებას ძალიან დიდ პატივს სცემდა. თუმცა, იშვიათად ითვალისწინებდა და სწორედ ასეთი საუბრების შემდეგ იბადებოდა ჭეშმარიტებაც.

– ასევე ცნობილია, რომ ბატონი პეტრე ქალს აღმერთებდა, თუ გიეჭვიანიათ ოდესმე?

– არასდროს მიეჭვიანია მის მეგობარ ქალბატონებზე. მათთან მხოლოდ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მქონდა. მის პირველ მეუღლესთან ყოველთვის ვინარჩუნებდი კარგ ურთიერთობას. პეტრე ქალბატონებს ყოველთვის მოწიწებით და პატივისცემით ექცეოდა, რაც მისი ლექსებიდანაც კარგად ჩანს.

– პირადად თქვენ თუ გიძღვნიდათ ლექსებს?

– კი, როგორ არა, ძალიან ხშირად, ძირითადად მკარნახობდა და მე ვწერდი, სიმღერებს კი თვითონ ასწორებდა მარცვალ-მარცვალ. ძალიან უყვარდა ლექსების ზეპირად გადმოცემა.

ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ასამდე ლექსი გამოიტანა ზეპირად, ბევრი დაიკარგა კიდეც, ზოგიც მეგობრების მცდელობით გახმაურდა. ერთი ასეთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. თბილისის დაარსების 1 500 წლისთავთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა – შექმნილიყო სიმღერა. ბატონმა რევაზ ლაღიძემ სთხოვა პეტრეს ტექსტის დაწერა. პეტრემ დაუწერა, მაგრამ კონკურსში მონაწილეობისთვის არა. საღამო იყო, გაიმართა ლხინი. ამ დროს იქ იყო ჩვენი ოჯახის მეგობარი საჯაია, რომელიც კულტურის სამინისტროში მუშაობდა. მან ლექსი მალულად წაიღო სამინისტროში და საკონკურსო ჟიურის ჩააბარა. პეტრემ და ბატონმა რეზომ შემდეგ შეიტყვეს, რომ მათმა სიმღერამ – „თბილისომ“ გაიმარჯვა.

– საზოგადოების მხრიდან თქვენი ოჯახისადმი ინტერესი დიდია, როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველ მეფეთა შთამომავლები?

– ჩვეულებრივად. როგორც ყველა სხვა. მთავარია, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. ნუგზარი რეჟისორია, მისი მეუღლე უძვირფასესი ადამიანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რძალი შემხვდა. დალიც გამორჩეულია და სანიმუშო ოჯახი აქვს. ასევეა, მზიაც, თავმდაბალი და შრომისმოყვარე. ამ მხრივ, გული დამშვიდებული მაქვს.

– თქვენი ოჯახისადმი თანადგომას გრძნობდით საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებისგან?

– რა თანადგომა! როცა პეტრე გარდაიცვალა, საბურთალოს პანთეონში დასაკრძალი ადგილიც არ გამოუყვეს. მხოლოდ მერე, მეგობრების დიდი მცდელობით, მოხერხდა საბურთალოს პანთეონში გადასვენება. შემდგომში კი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ოჯახის მოთხოვნით, გადაასვენეს სვეტიცხოველში, თავისი წინაპრების გვერდით. გასულ წელსაც, როცა დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა, არავის გახსენებია. მეგობრები ცდილობდნენ ღირსეულად აღენიშნათ, დაჰპირდნენ კულტურის სამინისტოროდან, თუმცა პირობა პირობად დარჩა. ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია.

– თქვენ ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, ბევრი გასაჭირი გადაიტანეთ ბატონ პეტრესთან ერთად, ყოველივე ამის შემდეგ როგორ უყურებთ მომავალს?

– მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება – ისე, როგორც უნდა იყოს, როგორც ქართველ ერს ეკადრება. ჩვენმა ხალხმა საუკუნეებს გაუძლო ღირსეულად, ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა, აქამდე არ დაუკარგავს თავისი თვითმყოფადობა და მით უმეტეს, ახლა, არ დაკარგავს, როცა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ.


скачать dle 11.3