კეთილი... ჩხუბი
ვინ გითხრათ, რომ ჩხუბი ყოველთვის კატასტროფის მომასწავებელია? სულაც არა. არის ჩხუბი, როცა ურთიერთობა პოზიტივს „იღებს” და მას შემდეგ, დიდი ხნით ისადგურებს სიმშვიდე. მაგრამ, „კეთილ” ჩხუბს თავისი „კეთილი” რჩევებიც აქვს:
* ჯერ ერთი, არ უნდა მისცეთ სისტემატური ხასიათი ურთიერთობის გარკვევას. თორემ, ჩვევაში გადაგივათ და ეს უკვე ცუდია. ჩვევაში გადასული წამალიც შხამია და მას არანაირი დადებითი ეფექტი აღარ ახლავს, მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოაქვს. „დოზები” კი ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროთ.
* ფსიქოლოგების აზრით, „კარგი”, ანუ პოზიტიური ჩხუბი, მაქსიმუმ, „დასაცლელად“ სჭირდებათ. პირველ საათს ჩვენ ვგრძნობთ და გამოვხატავთ აგრესიას. ვცდილობთ, დავუმტკიცოთ პარტნიორს, რომ ის მტყუანია; მეორე საათში კი ვითარდება აპათია, სინანული და სურვილი შერიგებისა და მიზანი მიღწეულია – წყენა დავიწყებულია.
* ჩხუბისას ნუ გადაუხვევთ თემას, რომელმაც ის წარმოშვა. გირჩევთ, მოემზადოთ ამ ჩხუბისთვის. არ გაერთოთ და არ გაუხსენოთ პარტნიორს ძველი „ცოდვები”. ჯერ ერთი, ორ საათში ვეღარ ჩაეტევით და შედეგად მიიღებთ ბანალურ ლანძღვას, თქვენ კი ეს არ გინდათ. მასში ხომ პოზიტივის ნასახიც არ არის.
* თქვენ არ ხართ ფსიქოანალიტიკოსი, ამიტომ, დაანებეთ თავი ექსპერიმენტებს, მისი საქციელის ფსიქოლოგიურ გაანალიზებას: „მე ვიცი, შენ რატომაც გააკეთე ეს”. „ცოტა მემკვიდრეობა გაქვს მშობლებისგან!..“ – ეს რეპლიკები ურთიერთობას აზიანებს და შეურაცხყოფს ადამიანის პიროვნებას.
თანაც, რატომ უნდა შეეხო იმას, რისი შეცვლაც არანაირად არ შეიძლება?!
*ხანდახან ენას კბილი დააჭირეთ – დიახ. აუცილებლად ისწავლეთ საკუთარი ენის კონტროლი. ეს განსაკუთრებით გვიჭირს ქალბატონებს და გაცხარებულ კამათში ვაგებთ. უმჯობესია, ზოგჯერ გაჩუმდე, მოემზადო ახალი შეტევისთვის და შეუცდომლად მოარტყა მიზანში!