ბიუჯეტის მუჭუჭები
მზე რომ ჩავიდა, ენდი ამოვიდა
მას სავარძელი არასდროს დაუთმია; არც მაშინ, როდესაც საკუთარ თანამემამულეებს თავ-პირი დაუსია; არც მაშინ, როდესაც აგვისტოში რუსებმა თავ-პირი აქეთ დაგვისიეს (ნეტა მხოლოდ დასიება ეკმარებინათ?!); არც მაშინ, როდესაც მასაჟისტი დოთი ჩამოიყვანა და ჯავრი მის ხელებში მოინელა; მით უმეტეს, დათმობა არც ახლა უფიქრია, როდესაც რუსის ჯარი კოდორსა და ახალგორშიც (საიდანაც თბილისამდე საარტილერიო გზა 22 კილომეტრია) არ გვიშვებს, მაგრამ, რაკი არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში, მაინც დათმო, ოღონდ მხოლოდ მცირე ხნით და ისიც ისეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმისთვის, როგორიც ენდი გარსიას მიერ მისი როლის თამაში გახლდათ. მეტიც, სრულიად საქართველო ისე მიეგება ჰოლივუდელს, თითქოს თავად მზე ჩამოვიდა თავისი ფეხით. კულტურის სამინისტროს (რომელიც კარგა ხანია, ამ პროექტითაა დაქიჩმაჩებული), მხარი თბილისის მერიამაც აუბა: დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან პარლამენტისკენ დამატებითი ყვითელი ავტობუსები დანიშნა; მეტიც, მეტროპოლიტენს სამუშაო საათები ღამის პირველ საათამდეც გაუხანგრძლივა: ოფიციალური ვერსიით, იმის გამო, რომ ცნობისმოყვარე და ჰოლივუდის მოყვარულ თბილისელებს იქნებ თვალი მაინც შეევლოთ მთლად ენდისთვის თუ ვერა, მისი ჩრდილისთვის მაინც (მზე ხეირიანად არც კი იყო ამოსული, საერთო მაუწყებლები რომ მოუწოდებდნენ თბილისელებს, მოდით, მოდით, მზე რომ ჩავა, ენდი უნდა ამოვიდესო). თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ მოწოდებას (და ხალხის პარლამენტთან შეყრას) მეტად კონკრეტული მიზანი ჰქონდა: მასობრივი სცენა იყო გადასაღები, რათა ექვსი (ერთი – ჩვენი, ხუთი – სხვისი) პრეზიდენტის ხალხთან გამოსვლის ისტორიული კადრი გაეცოცხლებინათ. ხოლო, რაკი „მასოვკის“ გადაღებაც ფული ჯდება, როგორც ჩანს, მთავრობამ ამ ფანდით ფული დაზოგა და ამ სცენას მხოლოდ ყვითელი ავტობუსების ხარჯით გადარჩა, იმიტომ რომ ბიუჯეტის მუჭუჭები არიან.
ნინო ხაჩიძე