ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ორი კვირის წინ მაჩუქეს ჩაუ-ჩაუს 2 თვის ლეკვი. მითხრეს, რომ ამ ჯიშის ძაღლებს სიცხე არ უყვართ. მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
პასუხი: მართალი უთქვამთ. ჩაუ-ჩაუს უფრო სიგრილე უყვარს, მაღალ სიცხეს ვერ იტანს. მათზე სიცხე იმდენად მოქმედებს, რომ ამის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს და სულ რაღაც 5-6 წელი ცოცხლობენ. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ჩაუ-ჩაუ 12-14 წელი ცოცხლობს. ასე რომ, კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული ჩაუ-ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამიტომ, შეეცადეთ სიცხეში გარეთ არ გაიყვანოთ და გყავდეთ გრილ ადგილას.
კითხვა: მინდა, ძაღლი პროფესიონალ მწვრთნელს მივუყვანო, რომელიც შეასწავლის ბევრ საჭირო რამეს. მითხარით როგორ უნდა მივხვდე, რომელია პროფესიონალი მწვრთნელი?
პასუხი: პირველ ყოვილსა მას ძალიან დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს; მეორე, უნდა გიჩვენოთ თავისი აღზრდილი ძაღლი; მესამე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ბაზა, ანუ, უნდა ჩანდეს, რომ ეს საქმე მისი ბიზნესია. ადამიანი, რომელიც მეტროსთან, გაზეთით ხელში შეგხვდებათ, მის პროფესიონალიზმში ეჭვი უნდა შეიტანოთ.
კითხვა: ხშირად, როცა ძაღლს ვასეირნებ, მაწანწალა ძაღლების მოგერიება მიწევს, რადგან მრავლად არიან ქუჩაში. ყოველთვის მეშინია, არ დამიკბინონ ძაღლი. მაინტერესებს, იმ შემთხვევაში თუ მაინც მოხდა ეს ინციდენტი, რა შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის დაკბენამ?
პასუხი: უმჯობესია, ეს ყოველივე თქვენს ძაღლს თავიდან აარიდოთ და იქ ნუ გაასეირნებთ, სადაც მრავლად არიან ქუჩის ძაღლები. მათი ხროვისგან ყოველთვის ვერ დაიცავთ თქვენს ძაღლს. გაითვალისწინეთ, რომ დაკბენამ, შეიძლება, გამოიწვიოს დაზარალებული ძაღლის მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, ასევე თავის ქალის ძვლების დაზიანება. ცხოველის დაკბენა შეიძლება ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც, რადგან, შეიძლება, მოხდეს ისეთი საშიში დაავადების გადაცემა, როგორიცაა ცოფი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ, შეიძლება, ყველაზე ზერელე ნაკბენიც კი სერიოზულად გართულდეს.