კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–18(540)

– ჯერ ვივახშმოთ და შემდეგ ვნახოთ, – მიუგო ჯაბამ შორენას და საცოლე პატარა, მყუდრო რესტორანში შეიყვანა.

– ფანტასტიკური საღამოა, ძვირფასო, – უთხრა ჯაბას შორენამ, შამპანური მოწრუპა და ჰკითხა – მაინც რატომ აღარ მივემგზავრებით, არ შეიძლება, მეც ვიცოდე?

– შენ რა, აქ ცხოვრება არ გინდა? – პასუხის თავიდან არიდება სცადა ჯაბამ, ბოკალი ასწია და შორენას უთხრა: – ჩვენი პლანეტის ულამაზეს გოგონას, შენ, ჩემო შორენა, შენ გაგიმარჯოს!

– მადლობელი ვარ, მაგრამ, შენ მე კითხვაზე არ მიპასუხე.

– რა კითხვაზე?

– რატომ ვრჩებით აქ?

– სად?

– გეყოფა, ჯაბა, – იწყინა შორენამ, – თუ პასუხის გაცემა არ გინდა, მაშინ, პირდაპირ მითხარი და ნუ მასულელებ!

– მაინც, რა გაინტერესებს?

– რა და, რატომ აღარ მივემგზავრებით საქორწინო მოგზაურობაში.

– მერე და ვინ გითხრა, რომ არ მივემგზავრებით? – მხრები აიჩეჩა ჯაბამ, – აუცილებლად მივემგზავრებით.

– როგორ, – გაუკვირდა შორენას, – შენ არ მითხარი, აქ ვრჩებითო?

– კი, გითხარი, რომ უცხოეთში აღარ მივემგზავრებით-მეთქი, მაგრამ, ის არ მითქვამს, რომ საქორწინო მოგზაურობა გადაიდო.

– ესე იგი, მივემგზავრებით?

– რა თქმა უნდა.

– მაინც სად?

– თუნდაც ბათუმში.

– ბათუმში? – გაიმეორა შორენამ და ჯაბას გაოცებული მზერა მიაპყრო.

– რა, ბათუმი რითაა ცუდი? მით უმეტეს, რაც ახლა იქ ხდება. გართობა არ მოგვაკლდება, ჭამა-სმა და სიმყუდროვე. მეტი რა გინდა, რა არის, აბა, საქორწინო მოგზაურობა?

– კი მაგრამ, მე მეგონა, უფრო ეგზოტიკურ ადგილას გავატარებდით თაფლობის თვეს.

– ბათუმში რა, არ გეყვარები?

– როგორ არა, მაგრამ, მე მეგონა, როგორც შენ ამბობდი, ისე იქნებოდა და ოკეანის რომელიმე კუნძულზე გავემგზავრებოდით.

– კი, ვამბობდი, მაგრამ, ეგ იმ შემთხვევაში, თუკი ძებნილობას არ მომიხსნიდნენ. ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და ასე შორს გამგზავრება რად გვინდა? მით უმეტეს, რომ მე უცხოეთში კარგა ხნით ვაპირებდი დასახლებას. თუმცა, თუ ასე ძალიან გინდა, გავემგზავროთ და სადმე კუნძულზე დავსახლდეთ.

– არა, – გაიღიმა შორენამ, თავი გააქნია და შამპანური მოწრუპა, – შენთან ბათუმშიც ბედნიერი ვიქნები და ცულის ტარზეც.

ოფიციანტმა ვახშამი მოიტანა და ქალ-ვაჟი უხმოდ შეუდგა ჭამას. დესერტიც რომ დააყოლეს, ჯაბამ თქვა:

– შუაღამე სრულდება, რა ვქნათ?

– გეძინება? – ჰკითხა შორენამ.

– არა, შენ?

– არც მე.

– მაშინ, გავისეირნოთ.

– სად?

– უბრალოდ, ქუჩაში.

– კარგი, გავისეირნოთ.

ჯაბამ ფული გადაიხადა, საცოლეს ხელკავი გამოსდო, რესტორნიდან გამოვიდა და ნაირ-ნაირი ფერებით გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირს გაუყვნენ.

– ფანტასტიკური საღამოა – თქვა შორენამ და ჯაბას უფრო მაგრად მიეკრა.

– საღამო თუ ღამე? – თქვა ჯაბამ და შორენას ლოყაზე აკოცა.

– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ერთად ვართ.

– და ვერავინ დაგვაშორებს, – დაამატა ჯაბამ და შორენასთან ერთად ელბაქიძის დაღმართზე ჩამავალ კიბეებზე დაეშვა.

– რომელი საათია? – ჰკითხა შორენამ ჯაბას.

– პირველი სრულდება.

– საით მივდივართ?

– საითაც გზა წაგვიყვანს, – თქვა ჯაბამ და დაამატა: – ჩვენი ბედნიერებისკენ.

– სანაპიროს გავუყვეთ და, რომ დავიღლებით, მანქანა გავაჩეროთ.

– კარგი, ასე იყოს, – მიუგო შორენას ჯაბამ და საცოლე ხელში აიტაცა, შემდეგ, გზაზე გადაირბინა, გოგონა მდინარის ნაპირზე გაყოლებულ მოაჯირზე დასვა, შუბლზე შუბლი მიადო და უთხრა:

– მიყვარხარ!

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიუგო ჯაბას შორენამ და, ის იყო, კოცნა დააპირა, რომ გზის პირას პოლიციის საპატრულო მანქანა გაჩერდა და გოგონამ ჯაბას უთხრა: – პოლიცია.

– მერე რა, – მიუგო ჯაბამ და შორენას მხრებზე ხელები მოჰხვია, მაგრამ გოგონამ მას უთხრა:

– ჩვენკენ მოდის.

ჯაბამ შორენას ხელები გაუშვა, შეტრიალდა და პოლიციელს მიაჩერდა, რომელიც მათ მიუახლოვდა, მხედრულად მიესალმა და უთხრა:

– საღამო მშვიდობისა, ახალგაზრდებო, რა ხდება, რას ვაკეთებთ?

– გაგიმარჯოთ, კაპიტანო, – მიუგო პოლიციელს ჯაბამ, – რა უნდა ხდებოდეს, ვსეირნობთ.

– მტკვრის პირას? – ღიმილით ჰკითხა პოლიციელმა.

– მტკვრის პირას სეირნობა არ შეიძლება? – ჰკითხა ჯაბამ.

– როგორ არ შეიძლება. ისეირნეთ, სადაც გსურთ და რამდენიც გსურთ, მთავარია, წესრიგი არ დაარღვიოთ, – მიუგო პოლიციელმა, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ჯაბას ჰკითხა: – დიდი ხანია, აქ ხართ?

– ახლა მოვედით.

– რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ?

– არა, არაფერი.

– ვინმეს ხომ არ გაურბენია?

– არა, – თავი გააქნია ჯაბამ, – მოხდა რამე?

– გადმოგვცეს, რომ ახლომახლო უცხოელი მამაკაცი გაუძარცვავთ.

– სამწუხაროა, – მიუგო ჯაბამ, – ჩვენ ნამდვილად არაფერი შეგვინიშნავს საეჭვო.

– ბოდიში, ახალგაზრდებო, მაგრამ, თუ შეიძლება, თქვენი საბუთები მანახეთ.

– საბუთები რომ არ გვაქვს, კაპიტანო?! – უთხრა პოლიციელს ჯაბამ და დაამატა: – არ წამოგვიღია. შეყვარებულები ვართ და ვსეირნობთ.

– სიყვარული კარგი რამაა, მაგრამ, საბუთები თან უნდა ატაროთ, – მიუგო ჯაბას პოლიციელმა და დაამატა: – დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ, თქვენი პიროვნებების იდენტიფიკაცია უნდა მოვახდინო.

– რატომ, რა დავაშავეთ? – ჰკითხა ჯაბამ.

– ასეთი წესია, მეგობარო, და რა ვქნა, – მიუგო პოლიციელმა და ღიმილით დაამატა: – მანქანასთან წამობრძანდით, თქვენი სახელები და გვარები გვითხარით და კომპიუტერში გადავამოწმებთ. სულ რაღაც ათიოდე წუთს წაგართმევთ. გთხოვთ, წამობრძანდით.

ჯაბამ მობილური ტელეფონი ამოაცურა და გაშალა, რომ დაერეკა.

– სად რეკავთ? – ჰკითხა პოლიციელმა.

– გაუგებრობის მოსაგვარებლად, – მიუგო ჯაბამ.

– რა გაუგებრობის?

– მინისტრს ვურეკავ, კაპიტანო, და ის გეტყვით, ვინ ვართ, – მიუგო ჯაბამ და ნომერი უნდა აეკრიფა, მაგრამ პოლიციელმა მას ტელეფონი გამოსტაცა და კოპებშეკრულმა უთხრა:

– გეყოთ მაიმუნობა, მანქანასთან გამომყევით და იქ გავარკვიოთ ყველაფერი!

– ტელეფონი დამიბრუნეთ! – ხმას აუწია ჯაბამ.

– წამოდით! – გაიმეორა პოლიციელმა და ჯაბას საყელოში ჩაავლო ხელი.

შორენამ მობილური ამოიღო და დარეკვა დააპირა, მაგრამ პოლიციელმა მოულოდნელად მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა ქამრიდან და შორენას გულის მიმართულებით ესროლა. ჯაბამ მოასწრო, ხელი აუკრა, გოგონას ტყვია მხარში მოხვდა. შორენა მოაჯირს გადაეკიდა და მოულოდნელად მტკვარში ჩავარდა.

– ეს რა ქენი! – წამოიძახა ჯაბამ და პოლიციელს ხელი ჰკრა, შემდეგ ჯებირზე შეხტა და მტკვარში გადაეშვა, რომ საცოლე დახრჩობისგან ეხსნა.

პოლიციელმა მაყუჩიანი პისტოლეტიდან მთელი მჭიდი დააცალა წყალში ჩამხტარ ჯაბას, შემდეგ პოლიციის საპატრულო მანქანაში ჩახტა და საჭესთან მჯდომ უნიფორმიან მამაკაცს უთხრა:

– დაქოქე, აქედან მოვხიოთ!

– რა ქენი? – ჰკითხა კაპიტნისფორმიანს საჭესთან მჯდომმა.

– ქალს მოვარტყი, ბიჭი კი, თვითონ გადახტა წყალში.

– ეგ მეც დავინახე, მაგრამ ბიჭს თუ მოარტყი?

– რა ვიცი, მთელი აბოიმა კი დავაცალე. დაიხრჩობა. სწრაფი დინებაა, თანაც ღამეა. მოკლედ, აქედან სწრაფად ავახვიოთ, სანამ პოლიცია მოსულა.

– „სწრაფი დინებაა, ღამეა, დაიხრჩობიან“... – გამოაჯავრა საჭესთან მჯდომმა და დაამატა: – შენ გითხრეს, გასაღებიც მოიტანე და ბიჭიც მოიყვანე, უკიდურეს შემთხვევაში, მოკალიო. შენ კი, შე კრეტინო, ვერც გასაღები მოიტანე და ისიც ხელიდან გაუშვი!

– კარგი, გეყოფა, წავედით, – თქვა კაპიტნისფორმიანმა.

საჭესთან მჯდომმა მამაკაცმა მანქანა დაქოქა, მაგრამ, სანამ ადგილიდან დაძრავდა, კაპიტნისფორმიანს მაყუჩიანი პისტოლეტი მიადო და ორჯერ ესროლა. შემდეგ მოკლული მამაკაცი მანქანიდან გზის პირას გადააგდო და საპატრულო მანქანით იქაურობას გაეცალა.

მტკვარში გადამხტარ ჯაბას კაპიტნისფორმიანის ნასროლი არც ერთი ტყვია არ მოხვედრია. ის დინებას გაჰყვა, მარჯვედ გაუსვა ხელი, თან მთვარით განათებულ მდინარეს იმ იმედით გახედა, რომ საცოლეს მოჰკრავდა თვალს.

– შორენა! შორენა! – მთელი ძალით დაიყვირა ჯაბამ, რადგან ორმოცდაათიოდე მეტრში წყალში მცურავ საგანს მოჰკრა თვალი, თუმცა, ვერ გაარჩია, რა იყო.

– ჯაბა აქ ვარ, ნუ გეშინია! – მოესმა ჯაბას შორენას ხმა და უფრო სწრაფად გაცურა, რომ საცოლეს დახმარებოდა.

ათიოდე წამში ჯაბა შორენას გვერდით გაჩნდა და ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– არა მიშავს, მარცხენა მხარში ვარ დაჭრილი.

– ნუ გეშინია, საყვარელო, მოგეხმარები და წყლიდან ამოვალთ.

– მოხმარება არ მინდა, მე თვითონ შევძლებ. შენ მხოლოდ ადგილი შეარჩიე, რომ წყლიდან ამოვიდეთ.

– მარჯვნივ გამოცურე, კორტებთან ამოვიდეთ, – მიუგო შორენას ჯაბამ და ხუთი წუთის შემდეგ წყვილი უკვე სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ამოვიდა წყლიდან, რომელიც უკაცრიელი იყო და ისინი არავის დაუნახავს.

როდესაც უზარმაზარ ბეტონის ბლოკს შეეფარნენ, ჯაბამ შორენას ჰკითხა:

– როგორ ხარ?

– ახლა უფრო ამტკივდა, წყალში ისე ვერ ვგრძნობდი, – უთხრა ჯაბას შორენამ, სახე შეჭმუხნა და გასისხლიანებულ მარცხენა მხარზე მიიდო ხელი.

ჯაბამ მაისური შემოიხია, ჭრილობა შეუხვია და უთხრა:

– სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.

– წავიდეთ, მაგრამ, ფრთხილად, – მიუგო შორენამ, – თორემ გამორიცხული არაა, რომ ის მკვლელები კუდზე გვასხდნენ.

– მართალი ხარ, ფრთხილად უნდა ვიყოთ – დაეთანხმა საცოლეს ჯაბა, – შენ აქ დარჩი, მე კი საიმედო მანქანას შევათვალიერებ და დაგიძახებ.

– კარგი, მაგრამ, ფრთხილად იყავი, – უთხრა შორენამ ჯაბას და ბეტონის ბლოკს მიეყუდა.

ჯაბა შემოღობილი ტერიტორიიდან ფრთხილად გაძვრა და ღამის თბილისში მოძრავ მანქანებს დაუწყო დაკვირვება, შემდეგ წითელი „მერსედესი” გააჩერა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა მიმაგრებული და უთხრა:

– არამიანცში რამდენად გამიყვან?

– ათ ლარად – მიუგო ტაქსისტმა ჯაბას, – დააკვირდა და უთხრა: – რა გჭირს, ძმაო, სველი რატომ ხარ? თან, მაიკაც შემოხეული გაქვს.

– მტკვრიდან ამოვედი, – მიუგო ჯაბამ.

– მტკვრიდან? – გაოცდა ტაქსისტი.

– ჰო, მტკვრიდან.

– ცურაობდი?

– არა, ჩავვარდი.

– დაჯექი, წავედით.

– ახლავე, უფროსო, მეორესაც მოვიყვან და მოვალ.

– ვინ მეორეს?

– ვინც ჩემთან ერთად ჩავარდა მტკვარში.

ტაქსისტმა ეჭვის თვალით შეათვალიერა ჯაბა და უთხრა:

– კარგი, წადი და მალე მოდით.

ჯაბა ღობეში შეძვრა და შორენა მოიხმო, მაგრამ, – ტაქსი იქ აღარ დახვდათ და ჯაბამ თქვა:

– შეეშინდა და გაიქცა.

– სხვა მანქანა გავაჩეროთ, – უთხრა შორენამ და ტკივილისგან სახე დაეღრიჯა.

უცებ, ქუჩაში მდგომ წყვილს პოლიციის მანქანამ შუქი მიანათა და ჯაბამ შორენას ხელი ჩაავლო და დაიყვირა:

– ჩქარა, გავიქეცით!

წყვილმა მხოლოდ ოთხიოდე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. პოლიციის მანქანა მათ წამოეწია, იქიდან კი პისტოლეტმომარჯვებული პოლიციელი გოგონა გადმოხტა და ქალ-ვაჟს უღრიალა:

– არ გაინძრეთ, თორემ გესვრით!

გაქცევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ახლო-მახლო არც გასაძრომი იყო და არც დასამალი, ამიტომ, ჯაბა გაჩერდა, შორენას გადაეფარა და პოლიციელს მიუგო:

– არ ისროლო, გავჩერდით.

პოლიციელ გოგონას პისტოლეტი კვლავ წყვილისკენ ჰქონდა მიშვერილი, თან ყურადღებით ათვალიერებდა მათ და ბოლოს ჯაბას უღრიალა:

– მეორე გამოაჩინე!

ჯაბა განზე გაიწია და შორენა გამოაჩინა, თუმცა, ხელი არ გაუშვია მისთვის.

– ხელი გაუშვი და ორივემ ხელები ასწიეთ – ბრძანა პოლიციელმა გოგონამ.

– ვერ ასწევს, დაჭრილია, – მიუგო ჯაბამ.

– დაჭრილია? – გაიმეორა პოლიციელმა და, როცა დარწმუნდა, რომ წყვილი შეუიარაღებელი იყო, პისტოლეტი შეინახა, ქალ-ვაჟს მიუახლოვდა და შორენას ჭრილობა დაათვალიერა, თან ჰკითხა:

– რა დაგემართა?

– ტყვია მომხვდა, – მიუგო შორენამ.

– ტყვია? კი მაგრამ, ვინ გესროლა?

– პოლიციელმა.

– პოლიციელმა? – გაუკვირდა გოგონას.

– ჰო, პოლიციელმა, – თქვა ჯაბამ და დაამატა – წამოდით საავადმყოფოში წავიდეთ და გზაში ყველაფერს მოგიყვებით.

პოლიციელმა გოგონამ ქალ-ვაჟი საპატრულო მანქანაში ჩასვა და მეწყვილეს უთხრა:

– ჩქარა, საავადმყოფოში!

პოლიციელმა მანქანა ადგილიდან დაძრა და თავის მეწყვილეს ჰკითხა:

– რაშია საქმე?

– დაჭრილია, – მიუგო პოლიციელმა გოგონამ თავის კოლეგას.

– რითი?

– ტყვიით.

– ტყვიით?

– ჰო, პოლიციელს დაუჭრია.

– პოლიციელს? – უფრო გაოცდა მძღოლი, რატომ?

– არ ვიცი, თვითონ იტყვიან, – მიუგო კოლეგას პოლიციელმა გოგონამ და ჯაბას გადახედა.

– ტელეფონი გაქვთ? – ჰკითხა ჯაბამ პოლიციელ გოგონას.

– დიახ.

– შეიძლება, დავრეკო?

– სად?

– ახლობელთან, – მიუგო ჯაბამ და დაამატა: – მინდა, ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ და საავადმყოფოში მოგვაკითხონ.

– ინებეთ, – პოლიციელმა გოგონამ ჯაბას მობილური ტელეფონი მიაწოდა.

ჯაბამ ნომერი აკრიფა, დაელოდა და თქვა:

– გაგაღვიძე?

– არა, არ მეძინა, ჯაბა შენ ხარ? – მოესმა ჯაბას მინისტრის ხმა.

– ჰო, მე ვარ.

– მოხდა რამე?

– მე და შორენა პოლიციის საპატრულო მანქანაში ვიმყოფებით და საავადმყოფოში მივდივართ.

– რატომ?

– შორენა მარცხენა მხარში ტყვიითაა დაჭრილი.

– რატომ, რა მოხდა?

– რა და, ელბაქიძის დაღმართიდან სანაპიროზე გავედით სასეირნოდ და პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ქილერები დაგვესხნენ თავს. ჩვენ მტკვარში გადავხტით, ნაპირ-ნაპირ გამოვცურეთ და კორტებთან ამოვედით, იქ კი თქვენიანებმა ჩაგვავლეს.

– ნამდვილად პოლიციელები არიან?

– მე მგონი, კი.

– აბა, ერთი დამალაპარაკე, – უთხრა ჯაბას მინისტრმა.

ჯაბამ მობილური ტელეფონი პოლიციელ გოგონას მიაწოდა და უთხრა:

– დაელაპარაკე.

– ვინაა? – იკითხა პოლიციელმა გოგონამ.

– მინისტრი, – მიუგო ჯაბამ.

– ვინ მინისტრი? – დაიბნა გოგონა.

– თქვენი მინისტრი.

– ჩვენი მინისტრი?

– ჰო, ნუ გეშინია, მიდი, დაელაპარაკე!

პოლიციელმა გოგონამ ჯაბას მობილური ტელეფონი გამოართვა და მინისტრს ელაპარაკა, ორიოდე წუთის შემდეგ კი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მეწყვილეს უთხრა:

– ჩქარა, სამინისტროში წადი.

– სად სამინისტროში? – ვერ მიხვდა მძღოლი.

– სად და, ჩვენს სამინისტროში, – გაიმეორა პოლიციელმა გოგონამ, – ამ წუთას მინისტრი მელაპარაკა და მიბრძანა, რომ ეს ადამიანები მასთან მივიყვანოთ.

– მართლა? – გაოცდა მძღოლი, სირენა ჩართო და დიდი სისწრაფით გაქანდა.

– ჰო, მართლა, – გაიღიმა პოლიციელმა გოგონამ, ჯაბასა და შორენას შეხედა, – ასე თქვა ბატონმა მინისტრმა, რომ ექიმი იქ დაგვხვდება და დახმარებასაც იქვე აღმოგიჩენენ.

– ძალიან კარგი, – მიუგო ჯაბამ, – დიდი მადლობა, ჩემო კარგო, რომ ასე ოპერატიულად მოქმედებთ.

– ეს ჩვენი მინისტრის დამსახურებაა, – მიუგო პოლიციელმა გოგონამ ჯაბას, შეტრიალდა და ყელი ამაყად მოიღერა.

მინისტრი პირადად შეეგება ჯაბასა და შორენას და პირადადვე გადაუხადა მადლობა თავის ხელქვეით საპატრულო ეკიპაჟს, მეგობრულად გაისტუმრა ისინი უკან და კვლავ ქალ-ვაჟს მიუბრუნდა.

– კინაღამ გემრიელი ყავის მომხარშავი გამოგეცალათ ხელიდან, ბატონო მინისტრო, – უთხრა შორენამ მინისტრს, რითაც წინა დღით შემდგარ შეხვედრას გაუსვა ხაზი.

– კარგი ადამიანები ასე ადვილად არ იღუპებიან, – მიუგო შორენას მინისტრმა, – ექიმი უკვე აქაა და მოგხედავს, ჩემო კარგო, ასე რომ, საშიში არაფერია.

შორენა მედპუნქტში შეიყვანეს, სადაც მას საუკეთესო ექიმები ელოდნენ. მინისტრი და ჯაბა კი მინისტრის კაბინეტში განმარტოვდნენ.

– მართლაც რომ სასწაულებრივად ხართ სიკვდილს გადარჩენილები, – უთხრა მინისტრმა ჯაბას და გააბოლა.

– მიზეზი ხომ არ გაგირკვევიათ? – ჰკითხა ჯაბამ მინისტრს.

– თითქმის.

– მაინც?

– იქ, სადაც თქვენ გესროლეს, ერთ-ერთის გვამი აღმოვაჩინეთ. კაპიტნის ფორმაშია გამოწყობილი და სამი ტყვია აქვს მორტყმული.

– აი, სწორედ ეგ კაპიტანი დაგვესხა თავს.

– ჰო, ეგ იქნებოდა, – დაადასტურა მინისტრმა, – როგორც ჩანს, პაძელნიკმა მოკლა, რომელიც მანქანაში ელოდებოდა.

– პაძელნიკმა?

– ჰო, პაძელნიკმა. მანქანაც ვიპოვეთ. ჩვენი არაა, მაგრამ, ჩვენს ფერებშია შეღებილი და ნომერიც ჩვენი აქვს. აშკარაა, რომ შენს მოსახელთებლად სერიოზული ხალხია აქ გამოგზავნილი.

– გამოგზავნილი?

– გამოგზავნილი, – გაიმეორა მინისტრმა, – მოკლულ კაპიტანში ლენცის ქილერი ამოიცნეს.

– ლენცის?

– ჰო.

– ესე იგი, შენი მოადგილე არ ცრუობდა, როდესაც ლენცის ქილერებზე ლაპარაკობდა?

– რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, თვითონ უნდოდა ძალაუფლების მოპოვება და ამან დაღუპა, თორემ, რასაც ის ლენცზე ამბობდა, ყველაფერი სიმართლეა.

– გამოდის, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა?

– ჩვენი ბრძოლა არასდროს დამთავრდება – ჩაეცინა მინისტრს.

– ესე იგი, ისევ მალვა და ჭახა-ჭუხი იქნება?

– ყოველ შემთხვევაში, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გავარკვევთ, შუაღამით დაუცველად სიარული რეკომენდებული არაა.

– გასაგებია, – ჩაეცინა ჯაბას, – მოკლედ, პერმანენტული სამიზნე ვარ და, ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება მხოლოდ უნდა ვინატრო.

– ჩვენ ყველა პერმანენტული სამიზნეები ვართ, – მიუგო ჯაბას მინისტრმა და ხუმრობით დაამატა: არარეალურს კი ნუ ინატრებ, რადგან ნორმალური ცხოვრება ჩვენთვის ისევე მიუწვდომელია, როგორც ინდაურისთვის – ჭადრაკის თამაში.

– მართალი ხარ.

– ვიცი, რომ მართალი ვარ. ასე რომ, ჩემო ჯაბა, ამ წუთიდან შენ და შორენას ექვსი კარგად გაწვრთნილი და ერთგული პირადი მცველი გეყოლებათ. ისინი არ შეგაწუხებენ და მხოლოდ გადაადგილებისას შეგახსენებენ თავს. მაგრამ, მათ უნდა დაუჯეროთ და, რასაც გეტყვიან, ის გააკეთოთ.



– გასაგებია, – მიუგო ჯაბამ.

– თანაც, – განაგრძო მინისტრმა, – დღეიდან შენ და შორენა დაცულ სახლში იცხოვრებთ და რასაც მოისურვებთ, ადგილზე მოგართმევენ.

– გასაგებია, – გაიმეორა ჯაბამ.

– რას იზამ, ჩემო კარგო, ახლა ასეა საჭირო, მერე კი ვნახოთ.

– გასაგებია, – მესამედ თქვა ჯაბამ.

მინისტრმა ჯაბას მეგობრული მზერა მიაპყრო და უთხრა:

– ძალიან კარგი. ახლა კი შენი მშვენიერი საცოლე მოვინახულოთ. ვნახოთ, რას გვეტყვის ექიმი.

მედპუნქტში შესულ ჯაბასა და მინისტრს ქალაქში ცნობილი ექიმები დახვდათ, რომლებსაც ძირითადი საქმე უკვე დამთავრებული ჰქონდათ და შორენას ჭრილობის შეხვევას ადევნებდნენ თვალყურს.

– როგორაა საქმე, ბატონებო? – ჰკითხა მინისტრმა ექიმებს.

– კარგად, ბატონო მინისტრო, – მიუგო მინისტრს ყველაზე ცნობილმა პროფესორმა და ღიმილით დაამატა: – ძალიან ყოჩაღი გოგონაა. ერთიც არ დაუკვნესია, ტყვია ისე ამოვუღეთ.

– ტყვია ჰქონდა ჩარჩენილი? – იკითხა მინისტრმა და შორენას გაუღიმა, – როგორ ხარ?

– კარგად, – მიუგო შორენამ.

– ძალიან კარგი, მოხარული ვარ, – თქვა მინისტრმა და პროფესორს ჰკითხა:

– ტყვიას რამე ხომ არ დაუზიანებია?

– არა, ბატონო მინისტრო, საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არაა. უბრალოდ, ორიოდე კვირა ჭრილობის გაღიზიანებას უნდა მოერიდოს და მხარი არ დაძაბოს. კარგი მოვლა-პატრონობა და მკურნალობა სულ მალე გამოიღებს შედეგს.

– კეთილი, ბატონებო, თქვენი დიდი მადლობელი ვარ და პატივისცემა ჩემზე იყოს, – უთხრა მინისტრმა ექიმებს და ისინი პირადად გააცილა მედპუნქტიდან, შემდეგ უკან დაბრუნდა, ქალ-ვაჟი თავის კაბინეტში წაიყვანა და უთხრა:

– ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, – შემდეგ საათს დახედა და დაამატა: – დილის 5 საათი სრულდება. ალბათ, ძალიან დაიღალეთ. ახლა, თქვენ სახლში წაგიყვანენ და შეგიძლიათ, მოისვენოთ.

– ბატონო მინისტრო, სახლში მინდა დავრეკო და ჩემები გავაფრთხილო, რომ არ ინერვიულონ, – უთხრა შორენამ მინისტრს.

– ნუ დარდობ, ჩემო კარგო, – მიუგო მინისტრმა, – თქვენები უკვე საქმის კურსში არიან და მოუთმენლად გელიან.

ოთახში ოფიცერი გოგონა შემოვიდა, რომელსაც რამდენიმე ფუთა ეკავა ხელში და მინისტრს ჰკითხა:

– როგორ მოვიქცე, ბატონო მინისტრო?

– ჩვენ გავალთ და საქმეს შეუდექი, – მიუგო მინისტრმა ოფიცერ გოგონას, შემდეგ შორენას მიუბრუნდა:

– ეს გოგონა ჩაცმაში მოგეხმარება, მე და ჯაბა კი გარეთ დაგელოდებით.

მოხდენილად გამოწყობილი შორენა თხუთმეტი წუთის მერე გამოვიდა მინისტრის კაბინეტიდან. მას ოფიცერი გოგონა მოჰყვებოდა, რომელიც მინისტრის წინ შეჩერდა. მინისტრმა შორენას კომპლიმენტები უთხრა და დაამატა:

– ეს გოგონა, ჩემო შორენა, მოგეხმარება, სანამ გამოჯანმრთელდები. ხოლო, თუ მისი კმაყოფილი იქნები და სურვილიც გექნება, შენთან დარჩება.

– არა, რა საჭიროა, – იუხერხულა შორენამ.

– ასეა საჭირო და, გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, – გაუღიმა მინისტრმა შორენას და ჯაბას მიუბრუნდა:

– მე მგონი, ყველაფერი გარკვეულია. ახლა კი შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ. იმედი მაქვს, ბინას არ დაიწუნებთ.

– არ დავიწუნებთ? – გაიმეორა შორენამ – რატომ უნდა დავიწუნოთ?

– სულ დამავიწყდა თქმა, – გაეღიმა მინისტრს, – თქვენ დღეიდან ახალ ბინაში იცხოვრებთ. ჯაბას ვუთხარი და, მეგონა, რომ შენც იცოდი.

– ახალ ბინაში? – თქვა შორენამ.

– დიახ, ახალ, კომფორტულ და კარგად დაცულ ბინაში, – მიუგო მინისტრმა, შემდეგ ქალ-ვაჟი და მათი თანმხლები პირები მანქანამდე მიაცილა, გამოემშვიდობა და უკან დაბრუნდა.

სამი მანქანისგან შემდგარი ესკორტი სამინისტროს ეზოდან გავიდა და თბილისის იმ ფეშენებელური უბნისკენ დაიძრა, სადაც ახალაშენებულ სახლში ჯაბასა და შორენას უზარმაზარი ბინა მდებარეობდა.

– ასეთი პატივი რასთან დაკავშირებით გვერგო? – ჰკითხა ჯაბას გაოცებულმა შორენამ, როდესაც ახალ, რვაოთახიან, ანტიკვარიატით გაწყობილ ბინაში შედგა ფეხი.

– უკეთესად რომ იგრძნო თავი, – მიუგო ჯაბამ, – თანაც, აქ კარგად ვიქნებით დაცულები.

– რატომ, არ მეუბნები, ჯაბა, რა ხდება ჩვენს თავს? – თქვა შორენამ.

– ცუდი არაფერი.

– კარგი რა, – ჩაეცინა შორენას, – აბა, ის იყო კარგი, რომ კინაღამ დაგვხოცეს და ღამით მტკვარში ვიბანავეთ?

– ასეთი რამ აღარ განმეორდება, – მიუგო ჯაბამ.

– შენი პასუხი არ მაკმაყოფილებს – უთხრა შორენამ, მაგრამ უცებ ელენე დაინახა, მისკენ გაქანდა და ჩაეხუტა.

გაგრძელება შემდეგ ნომერშიგაგრძელება.


скачать dle 11.3