უცნაური მდგმური
ეს 1896 წელს მოხდა, ჰოლმსისგან წერილი მივიღე – სასწრაფოდ თავისთან მიხმობდა. როდესაც ბეიკერ-სტრიტზე მივედი, თამბაქოს კვამლით სავსე ოთახში ჰოლმსის წინ უკვე იჯდა ხანში შესული ქალი.
– ეს მისის მერილოუა სამხრეთ ბრიქსტონიდან, – თქვა ჰოლმსმა და ქალზე მიმითითა, – იგი საინტერესო ისტორიას მოგვიყვება, რომელიც, შეიძლება, ისე განვითარდეს, რომ თქვენი დასწრება აუცილებელი გახდეს. მაშ ასე, მისის მერილოუ, თუ სწორად გაგიგეთ, მისის რონდერი უკვე შვიდი წელია, თქვენი მდგმურია და ამ ხნის განმავლობაში მისი სახე მარტო ერთხელ ნახეთ.
– ჯობდა, საერთოდ არ მენახა.
– ანუ, ის ძალიან დამახინჯებულია?
– იცით, მისტერ ჰოლმს, იმას, რაც ვნახე, სახეს საერთოდ ვერ უწოდებთ. იგი ვუალს არასდროს იწევდა, მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით დავინახე. თუმცა, ეს არ არის პრობლემა. ჩემთვის მთავარია, რომ ქირას კარგად იხდის, მაგრამ, ბოლო დროს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა – პირდაპირ ჩემ თვალწინ დნება. ეტყობა, რაღაც საშინელება ტანჯავს. ძილში ხანდახან წამოიყვირებს ხოლმე. ერთხელ გავიგონე, როგორ ყვიროდა: „სასტიკო! ცხოველო! ურჩხულო!” ვურჩიე, თუ რამე აწუხებდა, პოლიციისთვის ან მღვდლისთვის მიემართა, მაგრამ, არ ისურვა. ბოლოს თქვენზეც ვუთხარი. ამ იდეით აღფრთოვანდა. მითხრა: „გთხოვთ, მიდით მასთან და უთხარით, რომ რონდერის ცოლი ვარ, ცირკის ცხოველების მომთვინიერებლის და კიდევ უთხარით: – აბას პარვა“.
– კარგი, – თქვა ჰოლმსმა, – მე და ჩემი მეგობარი მისტერ უოტსონი სამი საათისთვის გესტუმრებით.
მისის მერილოუ ოთახიდან გასული არ იყო, რომ ჰოლმსი კუთხეში მიყრილი რვეულების გროვას ეცა და რაღაცის ძებნა დაიწყო. ბოლოს კმაყოფილმა გამოაცხადა, ვიპოვე, რასაც ვეძებდიო.
– თავის დროზე, აბას პარვაში მომხდარმა შემთხვევამ ჩემი ყურადღება მიიქცია, – ამიხსნა მან, – მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დასკვნის სიმცდარეში დარწმუნებული ვიყავი, საიდუმლოს ამოხსნა მაინც ვერ შევძელი. ნუთუ არ გახსოვთ ეს შემთხვევა? მაშინ, ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობდით. რონდერის სახელი ნამდვილად გეცოდინებათ. ის ძალიან პოპულარული იყო. თუმცა ბოლოს სმა დაიწყო და მისი საქმეები უკან-უკან წავიდა. სწორედ მაშინ მოხდა ის საშინელი ტრაგედია: მისი მოძრავი ცირკის ქარავანი ღამის გასათევად აბას პარვაში გაჩერდა – ეს პატარა სოფელია ბერკშირში. სხვა ცხოველებთან ერთად, ცირკში აფრიკული ლომი ჰყავდათ, სახელად „საჰარის მეფე”: რონდერი და მისი ცოლი მასთან გალიაში მუშაობდნენ. რონდერი გარეგნულად ურჩხულს ჰგავდა, მისი ცოლი კი – ანგელოზს. ლომს ღამღამობით ან მორიგეობით აჭმევდნენ, ან – ორივე ერთად. შვიდი წლის წინ, როდესაც ისინი გალიაში შევიდნენ, ის ტრაგედია მოხდა. შუაღამისას მთელი ბანაკი ცხოველის ღრიალმა და ქალის განწირულმა კივილმა გააღვიძა და ცირკის მსახიობების თვალწინ საშინელი სანახაობა გადაიშალა: ღია გალიიდან ათი მეტრის დაშორებით რონდერი ეგდო ჩამტვრეული თავის ქალით. გალიის გაღებული კარის გვერდით მისი ცოლი იწვა. გამხეცებული მხეცი ქალის სახეს გლეჯდა. ცირკის რამდენიმე მსახიობმა, მათ შორის მძლეოსანმა ლეონარდომ და კლოუნმა გრიგემ, როგორღაც მოახერხეს ლომის შეჩერება და გალიაში შეგდება. ვერავინ ამბობდა, ტრაგედია როგორ მოხდა. ერთადერთი, რასაც იხსენებდნენ, იყო ის, რომ როდესაც მისის რონდერი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ის ყვიროდა: „მოღალატევ! მშიშარა!” ჩვენების მიცემა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შეძლო, თუმცა, მნიშვნელოვანი ვერაფერი თქვა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. მიუხედავად ამისა, ბერკშირის პოლიციის ახალგაზრდა გამომძიებელი ედმუნდსი რაღაც-რაღაცეებმა მაინც დააეჭვა. სწორედ მისგან მოვისმინე ამ საქმის დეტალები. წარმოიდგინეთ, ლომი გალიიდან გამორბის, რამდენიმე ნახტომს აკეთებს და რონდერთან ჩნდება. მომთვინიერებელი გარბის. ბრჭყალების კვალი ხომ მის კეფაზე იყო. ლომი მას იატაკზე ანარცხებს და იმის მაგივრად, რომ გზა განაგრძოს, უკან, ქალთან ბრუნდება, რომელიც გალიის გვერდით დგას და მას თავს ესხმის. როგორ ფიქრობთ, ლომის ასეთი საქციელი უცნაური არ არის? თან, არ დაგავიწყდეთ ქალის სიტყვები, რომელიც, ალბათ, ნიშნავდა, რომ ქმარმა იმედები გაუცრუა. თუმცა აქ სხვა საინტერესო დეტალიცაა. საქმეში იყო მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ლომმა დაიღრიალა, ხოლო ქალმა შეკივლა, შეშინებული მამაკაცის ყვირილი გაისმა. ეს რონდერი ვერაფრით იქნებოდა, რადგან მას უკვე თავის ქალა ჰქონდა ჩამსხვრეული. რაც შეეხება მტრებს, ისინი რონდერს ბლომად ჰყავდა. რადგან, როგორც ამბობენ, ნამდვილი ურჩხული იყო. მაგრამ, ახლა მარჩიელობას აზრი აღარ აქვს. ჯობია, ყველაფერი საქმის მონაწილისგან მოვისმინოთ.
როდესაც მისის მერილოუს სახლთან მივედით, დიასახლისი პარმაღზე დაგვხვდა. მას აშკარად აშფოთებდა კარგი მდგმურის დაკარგვის საფრთხე. მისის მერილოუმ მეორე სართულზე აგვაცილა. მისის რონდერი ბნელ კუთხეში სავარძელში იჯდა. სახეს ვუალი უფარავდა. ხმა მშვიდი და სასიამოვნო ჰქონდა.
– შეიძლება, ცუდად მოვიქეცი, – უთხრა მან ჰოლმსს მისალმების შემდეგ, – როდესაც თავის დროზე პოლიციას ყველაფერი არ მოვუყევი, მაგრამ ჩემს სიტყვებზე კიდევ ერთი ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული. შეიძლება, ის ადამიანი საბოლოო ჯამში, არარაობა აღმოჩნდა, მაგრამ მისი დაღუპვა არ მსურდა. ჩვენ ისე ახლოს ვიყავით! ახლა კი ეს წინააღმდეგობა აღარ არსებობს, რადგან, კაცი, რომელზეც ვსაუბრობ, უკვე დაიღუპა. ამასთან, მინდა, ვიღაცამ მაინც იცოდეს სიმართლე. თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ, პოლიცია და ზედმეტი სკანდალი არ მჭირდება.
ქალი კარადასთან მივიდა და სურათი გამოიღო. ფოტოზე გამოსახულ კაცს ეტყობოდა, რომ ათლეტი იყო. საოცარი აღნაგობა ჰქონდა.
– ეს ლეონარდოა, – თქვა მან. – შეიძლება, ითქვას, რომ მე ცირკში გავიზარდე. 10 წლისა უკვე სცენაზე გამოვდიოდი. როდესაც წამოვიზარდე, რონდერს შევუყვარდი. ისე მოხდა, რომ დავქორწინდით და მას შემდეგ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. ის ეშმაკად გადაიქცა, რომელიც მაწამებდა. როდესაც თვრებოდა, საერთოდ ურჩხული ხდებოდა. ცირკში ყველას ვეცოდებოდი, მაგრამ რონდერის ისე ეშინოდათ, ხმას ვერავინ იღებდა. ერთადერთი, ლეონარდოს ვერაფერს უბედავდა. ნელ-ნელა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. ქმართან შედარებით, იგი ანგელოზად მეჩვენებოდა. ვეცოდებოდი და, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა. საბოლოოდ, ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ქმარმა ეჭვი აიღო. ლეონარდოს ვერაფერს უბედავდა, ამიტომ მე კიდევ მეტად მაწამებდა. მალე მე და ლეონარდო მივხვდით, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, ჩემი ქმარი უნდა მომკვდარიყო. ყველაფერი ლეონარდომ მოიფიქრა. მან მძიმე ხელკეტი დაამზადა, თავზე ხუთი გრძელი ლურსმანი დაამაგრა და ისე განალაგა ისინი, თითქოს ლომის თათიდან გამოშვერილი ბრჭყალები იყო. სწორედ ამ კეტით უნდა მოგვეკლა რონდერი, შემდეგ კი გალიიდან ლომი გამოგვეშვა.
როდესაც ღამით მე და ჩემი ქმარი ლომის დასაპურებლად წავედით, ლეონარდო ფურგონებს შორის იმალებოდა. გვერდით ჩავუარეთ, იგი სამალავიდან გამოვარდა და ჩემ ქმარს კეტი თავში ჩასცხო. მე გალიასთან მივირბინე და ურდული გადავწიე. შემდეგ კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. კარგად იცით, როგორ მოქმედებს მხეცებზე სისხლის სუნი, ჩვენ კი ეს ვერ გავითვალისწინეთ. ლომი გალიიდან გამოვარდა და პირდაპირ მე მეცა. ლეონარდოს შეეძლო, დასახმარებლად მოსულიყო, მაგრამ, დაიბნა, დაიყვირა და გაიქცა. ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე. ლომი უკვე ჩემს სახეს ძიძგნიდა. შევეცადე მშველელისთვის მომეხმო. მალე მთელი ბანაკი ფეხზე დადგა. სხვებთან ერთად, დასახმარებლად ლეონარდოც დაბრუნდა, მაგრამ გონება უკვე თითქმის დაკარგული მქონდა. მეტი აღარაფერი მახსოვს. საავადმყოფოში დიდი დრო გავატარე. ბოლოს, როდესაც საკუთარი სახე სარკეში დავინახე... ღმერთო ჩემო! საშინელება მჭირდა. მას შემდეგ მარტოობაში ვცხოვრობ და სიკვდილს ველოდები. ასეთია ეჟენ რონდერის დასასრული.
ჩვენ დიდხანს ვისხედით ჩუმად. ბოლოს ჰოლმსი წამოდგა და ქალს ხელი მხარზე დაადო.
– თანაგიგრძნობთ, – წარმოთქვა მან. – ლეონარდოს რა მოუვიდა?
– მას შემდეგ აღარ მინახავს, მაგრამ, არ განმისჯია. მე ხომ ვნახე, რაც მიქნა ლომმა. მე ის ისევ მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ლომის ხახაში მიმატოვა, შემდეგ კი საერთოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, მე მისი ციხეში გაშვება მაინც არ შემეძლო. დამიჯერეთ, იმიტომ არა, რომ სასჯელი მეც მემუქრებოდა. განა არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ჩემი ყოფაა? ერთი თვის წინ კი გაზეთებში ამოვიკითხე, რომ სადღაც მარგეიტთან, ბანაობის დროს დაიღუპა.
ჩვენ წასასვლელად მოვემზადეთ, მაგრამ უცებ, ჰოლმსი ქალისკენ შემობრუნდა:
– გახსოვდეთ, მისის რონდერ, ცხოვრება, როგორიც უნდა იყოს ის, მაინც მშვენიერია. ცხოვრება – ეს ბედისწერაა, საკუთარ ბედისწერას კი ვერ გაექცევი.
– და ვის სჭირდება ასეთი ცხოვრება ან ბედისწერა?
– ჭირის დათმენის მაგალითი, ჩვენი სამყაროსთვის, თავისთავად, კარგი გაკვეთილია, ძვირფასო, ეჟენ რონდერ.
ამ სიტყვებზე ქალის რეაქცია საშინელი აღმოჩნდა. მან ვუალი აიწია და სინათლეზე გამოვიდა. ეს საშინელება იყო! სიტყვით იმას ვერ გამოთქვამ, რაც ჩვენ დავინახეთ. მშვენიერი, ცოცხალი თვალები კუთხეში მომწყვდეულივით მოგვჩერებოდნენ, ჩვენ კი მხოლოდ მის ერთ დროს მშვენიერ სახეზე, რაღაც გაურკვეველ მასას ვხედავდით.
როდესაც ორი დღის შემდეგ ჩემს მეგობარს შევუარე, მან სიამაყით მიმითითა ბუხარზე შემოდებულ პატარა ფლაკონზე. მე ის ხელში ავიღე. ეტიკეტი იუწყებოდა, რომ ეს შხამი იყო.
– ფოსტით მომივიდა, – ამიხსნა ჰოლმსმა, – წერილიც მოჰყვა, სადაც ეწერა: „ჩემს ცდუნებას გიგზავნით. თქვენს რჩევას დავუჯერებ”.
– ვფიქრობ, ჩვენთვის ამ წერილის გამომგზავნის სახელის გამოცნობა, თქვენთვის პრობლემა არ იქნება, უოტსონ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ