კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-18(540)

ცხოვრება თამაშია. ვთამაშობთ ყველგან და ყოველთვის, თუმცა, ხშირად უნიჭოდ და ამას თავადაც ვხვდებით. მხოლოდ ზოგჯერ გამოგვდის კარგად და მაშინაც არავინ არის ტაშის დამკვრელი. ეს ყველაფერი კი ჰგავს სცენაზე თამაშს, მაგრამ, აპლოდისმენტების იმედი არ უნდა გქონდეს. ხოლო, როცა ფარდა იხურება, ხვდები, რომ ცხოვრება დამთავრდა და მეორე შანსი აღარ მოგეცემა.

***

დევიმ მრავალმნიშვნელოვნად აათამაშა თითები მაგიდაზე. კაბინეტში ატმოსფერო დამძიმდა და დაიძაბა. დუმილიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. თემო ხელებში თავჩარგული იჯდა. მარიკა ჩაფიქრებული ატრიალებდა ხელში პლასტმასის ცარიელ ჭიქას. დევიმ სიგარეტს მოუკიდა.

– აბა, რომელი ვეტყვით ახვლედიანს ამ ახალ ამბავს? თემო, მგონი, შენგან უფრო გაუხარდება.

– ნეტავი შენსავით ხუმრობის გუნებაზე ვიყო, – ჩაიღრინა თემომ და დევის სიგარეტის კოლოფი თავისკენ მიიჩოჩა.

– ისეთი ახალი ამბავი გაქვს, წესით, უნდა იყო ხუმრობის გუნებაზე.

– მე პირიქით მგონია! – წამოიძახა მარიკამ და შეცბა, – ბოდიში. შეიძლება, ვთქვა?

– რადგან დაიწყე, უნდა თქვა კიდეც, – გაამხნევა დევიმ და თვალი ჩაუკრა.

– დიახ, ეს ამბავი ყველაფერს ცვლის. ახლა უკვე აქვს საფუძველი ჩვენს ვარაუდს, რომ ორივე მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია.

თემომ თავი გააქნია:

– მე გამაფრთხილეს, უფრო სწორად, მიბრძანეს, ეს ორი მკვლელობა ერთმანეთს არ დავუკავშირო.

– კი მაგრამ, თუ ასეთი კავშირი არსებობს? – აღშფოთდა მარიკა.

– დამშვიდდი, გენაცვალე, მაგას დამტკიცება სჭირდება, – დევიმ ხელები მოიფშვნიტა, – მაგრამ, ახვლედიანმა დღესვე უნდა გაიგოს ახალი ამბავი.

– გაიგოს მერე, მე რა შუაში ვარ. ვისაც აწერია. ეგ მკვლელობა, იმან უთხრას, – გულგრილად აიჩეჩა მხრები პაპავამ.

– დევიძეს ისეთი დაფეთებული ხმა ჰქონდა, მეეჭვება, საერთოდ რამე თქვას. არ იცით, რა ტიპია? ეგ ასე მალე გონზე ვერ მოვა.

– მაინც, არ არის ჩემი საქმე?

– ეე, შენ ახლა ნუ დაიწყე! ვხვდები, რა დღეშიც ხარ – გაბრაზდი ახვლედიანზე და, გინდა, სამაგიერო გადაუხადო. მაგრამ, შენვე ვერ მოისვენებ. აიღე, აიღე ტელეფონი და დაურეკე, ჩავამწაროთ ვახშამი, უფრო სწორად, ელჩთან ვახშმით მიღებული სიამოვნება.

– დევიძე სად არის. დაურეკე, მოვიდეს.

– კი ბატონო, დავურეკავ, მაგრამ, წინასწარ ვიცი, რასაც გეტყვით.

ნოდარ დევიძე მაშინვე არ ამოსულა, ნახევარი საათი მაინც გავიდა, ვიდრე პაპავას კაბინეტამდე მიაღწევდა. მარიკა მოუსვენრად აწრიალდა:

– ვატყობ, დღესაც გვიანობამდე ვერ მივალ სახლში, – გადაულაპარაკა დევის.

– შეგიძლია, ახლავე წახვიდე, შენ აქ ყოფნის ვალდებულება არ გაქვს. სტაჟიორს ვერაფერს ვაიძულებ, – უთხრა თემომ მკაცრად და მაშინვე დააყოლა: – ახვლედიანს მე ვეტყვი, რომ სისხლის სამართალი შენთვის შესაფერისი სფერო არ არის. წადი ადვოკატურაში, სამოქალაქოში – ერთი სიტყვით, სისხლს მოეშვი, რა! რას ერჩი საკუთარ თავს? მერე კიდევ, გათხოვდები და ქმარი უნდა გააგიჟო შენი არანორმალური გრაფიკით. რა ძალა გაქვს? მშვიდი ცხოვრება უკეთესია, დამიჯერე. მით უმეტეს, ხელფასიც არ გექნება ისეთი, ამ ყველაფრად რომ ღირდეს.

დევიმ გაოცებით შეხედა მეგობარს:

– თემო, შენ, გეტყობა, ძალიან ცუდად ხარ. რას გადაეკიდე ამ გოგოს? სხვათა შორის, ბევრ ჩვენს თანამშრომელზე უკეთესად აზროვნებს და მუშაობაც არ ეზარება.

– ცუდ გუნებაზე ნამდვილად ვარ, მაგრამ, კი არ ვერჩი, ვუხსნი, რისი ატანა მოუწევს. რეალობა ხომ უნდა იცოდეს? მართლა, რა ქენი, შეხვდით იმ ქალს და ელაპარაკეთ?

– ამჟამად, ია ლომიძე, საქართველოში არ იმყოფება, სემინარზეა წასული, – სწრაფად თქვა მარიკამ და გამომძიებელს დამნაშავესავით შეხედა. თემომ მაგიდის ზედაპირს მსუბუქად დასცხო მუშტი:

– ასეც ვიცოდი. ეგ ქალი ძალიან მჭირდება. დარწმუნებული ხარ, რომ არ გეშლება? შენ გეკითხები. შემთხვევით, სხვა ია ლომიძეს ხომ არ მიადექი?

– მარიკამ წყენა ვეღარ დამალა:

– მამაჩემი ექიმია და თავის სფეროში ყველას იცნობს. სხვათა შორის, ია ლომიძე ძალიან ცნობილი გინეკოლოგია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თუ ის დასკვნა მართლა მისი დაწერილია, არავითარ შემთხვევაში არ გადათქვამს.

– ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ავტორიტეტიანი პროფესიონალებიც მიდიან ხოლმე დათმობებზე და ქრთამსაც კარგად იღებენ. ის მაინც თუ იცი, როდის შევძლებთ მასთან შეხვედრას?

– სავარაუდოდ, ორ კვირაში, შეიძლება – ათ დღეშიც.

– ვერ ვიტან ასეთ გაურკვეველ პასუხებს.

– ასე მითხრეს კლინიკაში. მასთან სახლში არ ვყოფილვარ, რატომღაც, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე.

– სანამ რამეს მიზანშეწონილად მიიჩნევდე, ან არ ჩათვლიდე, ჯერ მე შემითანხმდი, იმიტომ რომ, შეიძლება, ერთმანეთის გადაწყვეტილებები სულაც არ მივიჩნიოთ მართებულად.

მარიკამ ტუჩზე იკბინა და ოდნავ გაფითრდა. მას უკვე ვეღარავინ გადაარწმუნებდა იმაში, რომ თემურ პაპავას არ სძულდა.

ნოდარ დევიძემ აქოშინებულმა შემოაღო კარი.

– მორბოდი? – ირონიულად ჰკითხა დევიმ, – ნახევარ საათზე მეტი კი მოანდომე ორი სართულის კიბეების ამოვლას.

– ჰო, რა ვიცი. ჯერ ახვლედიანთან ვაპირებდი შესვლას, მაგრამ, მდივანმა მითხრა, გავიდა და არ უთქვამს, როდის დაბრუნდებაო. იცი, ხომ, რაც მოხდა? – დევიძემ ამოიოხრა, – მაგრად გართულდა ყველაფერი.

– ესე იგი, გუსტავ ფუგანი სულაც არ აღმოჩნდა გუსტავ ფუგანი? მაგარი რამეა, – ხელები მოფშვნიტა დევიმ, – ყველანაირ ალბათობას გამორიცხავს. ჰო, აბა, რაო, კიდევ რისი თქმა გინდოდა?

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ერთბაშად. გოგი ფაილოძე, ვის ანაბეჭდებსაც დაემთხვა და კარტოთეკაში მოიძებნა, ორჯერ არის ნასამართლევი და, ორჯერვე გაუპატიურებისთვის, ძალადობისა და მსხვერპლისთვის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მიყენებისთვის.

– ერთი სიტყვით, სადიზმისთვის.

– ბოლოს როდის გათავისუფლდა? – ჰკითხა პაპავამ.

– ათი წლის წინ და მაშინვე გაქრა თვალთახედვის არედან.

– როგორც ჩანს, გერმანიაში „მოხვდა”. იქ მოქალაქეობაც მიიღო და სახელი და გვარიც შეიცვალა, აი, პატიოსნებას კი ვერაფერი მოუხერხა. სულელი ყოფილა, რისთვის დაბრუნდა, – თემოს გადახედა დევიმ, – შენ როგორ ფიქრობ?

– მე იმას ვფიქრობ, რომ ნოდარს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს – რაც შეიძლება, მალე უნდა მოახსენოს, ამ საქმის შესახებ ახვლედიანს. მერე უნდა დააზუსტოს, მართლა არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება გუსტავ ფუგანი და გოგი ფაილოძე; რას საქმიანობდა გერმანიაში, სად ცხოვრობდა; ასევე მისი კავშირები, მეგობრები... მოკლედ, არ მშურს შენი. სიამოვნებითაც დაგეხმარებოდი, ჩემი მკვდარი რომ არ მყავდეს დასამარხი.

დევიძემ ამოიოხრა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და დევის წინ დაუდო:

– ეს, შენ რომ მთხოვე. წავედი მე, თათბირზე შევხვდებით.

თემომ თავი დაუქნია. კართან მისული დევიძე ისევ შემობრუნდა:

– ბიჭო, ახვლედიანმა კი თქვა, ეს ორი საქმე ერთმანეთისგან გამიჯნეთო, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, თუ ერთად ვიმუშავებთ, უფრო სწრაფად წავალთ წინ.

დევიძე რომ გავიდა, დევიმ კმაყოფილებით ჩაიცინა:

– ამას რაღაც უსწავლია, ხომ იცი, შენ!

– მეეჭვება. უბრალოდ, იცის ახვლედიანის რეაქცია და მხარდამჭერები სჭირდება. რა მოგიტანა?

– გუსტავ ფუგანის ფოტოა. მე და მარიკას გვჭირდება, რაღაც უნდა შევამოწმოთ, – დევიმ მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი მარიკას.

– იმედია, მეც ჩამაყენებთ საქმის კურსში.

– აუცილებლად.

– კარგი, – პაპავამ საათზე დაიხედა, დღეს, შეგვიძლია, დავიშალოთ. ხვალ ახვლედიანს ვეტყვი, რომ, სანამ ერთადერთ მოწმეს არ დავკითხავ, საქმეს ვერ დავხურავ.

– რომელ მოწმეს?

– ია ლომიძეს. მხოლოდ მას შეუძლია, მოკლული სერგი ბერაძისა და ნათია დეისაძის კავშირი დაადასტუროს. ამის გარეშე, საქმეს სასამართლოს ვერ გადავცემ, – თემო შეიჭმუხნა და უცებ, მარიკას ძალიან მეგობრული, უშუალო ტონით მიმართა.

– ერთი სათხოვარი მაქვს: ელჩის ქალიშვილის ფოტოს მოგცემ და იმ შენს მეგობარს აჩვენე. მიხვდი, ხომ, ვისაც ვგულისხმობ? მისი დაკითხვის შანსი არ მომეცემა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად, მაგრამ, მის უწყინარ, ბავშვურ ღიმილში რაღაც მაეჭვებს. ძალიან მაეჭვებს.

– კარგი, არ იქნება პრობლემა. ზეასთან მისვლას ისედაც ვაპირებდი. იმ დღეს ვერაფერი ვკითხე, რადგან შემთხვევის ადგილას გამოგვიძახეთ, – მარიკასთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი წყენას, მაგრამ პაპავას აღიარება, რომ მისი დახმარება სჭირდებოდა, ძალიან ესიამოვნა.

– ზეა? ქალია თუ კაცი?

– ოო, მაგ შეკითხვაზე მარტივად ვერ გიპასუხებთ. ჯერ თვითონ არ არის მაგ საკითხში ჩამოყალიბებული და იმიტომ, – გაიცინა დევიმ, – ვერ მოვასწარით შენთვის მოგვეყოლა, მაგრამ, მოდი, რაღაც-რაღაცეებს კიდევ დავაზუსტებთ და მერე ერთიანად მოგაწვდით ინფორმაციას.

თემომ დააპირა რაღაც ეთქვა, მაგრამ მაგიდაზე უყურადღებოდ მიტოვებული მობილური აწკრიალდა, თავი შეახსენა.

– გისმენ! ჰო, მე ვარ. სად უნდა ვიყო, რა სისულელს მეკითხები. უკვე მალე, ალბათ ნახევარ საათში. ჰო, პირდაპირ სახლში მოვდივარ. არც ვაპირებ, მოგატყუო. თანამშრომელს დავტოვებ სახლში და მოვალ. არა, ახლა არა, სახლში ვილაპარაკოთ მაგაზე, – თემომ ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიტენა, – მარიკას მე წავიყვან.

– კარგი, ბატონო, – ხელები გაშალა დევიმ, – საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მარიკა, თუ შენს ექსტრავაგანტურ მეგობართან სტუმრობას გადაწყვეტ, აუცილებლად შემეხმიანე და მეც წამოვალ – მაგ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ.

– გადაწყვეტილი მაქვს, ბატონო დევი, უნდა დავურეკო და შევუთანხმდე. ბარში ჩვენ შეხვედრას აზრი არ აქვს, სახლში უნდა მივაკითხოთ.

– მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე.

– ბატონო თემო, ნუ შეწუხდებით, მამას დავურეკავ და მომაკითხავს.

– მამას დაურეკავს. საბავშვო ბაღში კი არ ხარ, რომ მშობელმა მოგაკითხოს. წამოდი, წამოდი, მიგიყვან როგორმე. თუ, ისევ ბრაზობ ჩემზე და ამიტომ მეუბნები, მამა მომაკითხავსო?

– არა, არ ვბრაზობ, – ნაძალადევად გაუღიმა მარიკამ.

– ძალიან კარგი. არ მიყვარს, როცა ქალი იბუტება, – თქვა თემომ და მაშინვე საკუთარი ცოლი გაახსენდა.

***

ქალი ფანჯარასთან სცემდა ბოლთას. ქუჩიდან შემოსული მანქანების ხმაზე დაძაბული ჩერდებოდა და მიაყურადებდა ხოლმე. თითებს შორის გაჩრილი სიგარეტი ისევ მოუკიდებელი დაჰქონდა. ერთბაშად გაჩერდა და სავარძელში ნებიერად მოკალათებულ ბიჭს შეხედა:

– ნახე, რომელი საათია? აი, ასეა ყოველდღე, გამონაკლისის გარეშე. ახლა მაინც ხვდები, რატომ ვარ ასე გაღიზიანებული? რომელი ქალი გაუძლებს ამას, რომელი?

– რა ქნას, მუშაობს კაცი, – მშვიდად თქვა ბიჭმა, – ცოლად ვის მიჰყვებოდი, უნდა გცოდნოდა. იმას ხომ ვერ იტყვი, რომ ახლა შეიცვალა? რაც მას ვიცნობ, სულ ასეა. ტიპია ასეთი და სამსახურიც შესაფერისი აქვს. შენ კი გულს ასკდები. დამშვიდდი, რა!

დამშვიდების ნაცვლად ქალმა, სიგარეტს მოუკიდა აკანკალებული ხელით და ბიჭს საყვედურით მიმართა:

– შენ აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ, რომ ჩემს ქმარს ადვოკატად დაუდგე. შველა და თანადგომა მე მჭირდება, მას კი არა!

– რა გინდა, ხომ მოვედი? ეს არაფერს ნიშნავს? სხვათა შორის, ვარჯიში გავაცდინე.

– ჰოდა, რა, მადლობა გითხრა? მაყვედრი, რომ მოხვედი? – ქალმა სატირლად მობრიცა ტუჩები.

– ეე, კარგი რა, რას გაყვედრი, საიდან მოიტანე ეგ სისულელე! მოიცა, მოდი აქ, მოდი, ბიჭი ადგა, ქალთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელი და მკერდზე მაგრად მიიკრა. ქალი ჯერ გაუძალიანდა, მერე ჩაეხუტა! სახე მის მკერდში ჩამალა და ასლუკუნდა.

– აუ, ოღონდ არ იტირო! ვერ გაიზარდე, რა... პატარა ბავშვივით იქცევი. აქ იმიტომ ვარ, რომ მოგეფერო და დაგამშვიდო. ვერ ვუძლებ შენს ცრემლებს. თემო კი... მეეჭვება...

– თემოზე ნუღარ მელაპარაკები! – ნერვიული კანკალით შეაწყვეტინა ქალმა, – მინდა, ცოტა დავმშვიდდე, რომ, როცა მოვა, საშინელი ისტერიკა არ მოვუწყო.

– არა, ეგ არ გააკეთო. იმას თუ არა, საკუთარ ნერვებს მაინც უნდა გაუფრთხილდე. დამპირდი, რომ არ ინერვიულებ, – ბიჭმა ნიკაპზე მოჰკიდა ხელი ქალს, სახე წამოუწია და თვალებში ჩახედა, მერე ორივე ლოყაზე აკოცა.

– იცი, რა ძალიან მიყვარხარ? შენს ცრემლებს არავის ვაპატიებ.

– მეც ძალიან მიყვარხარ. დათ, ხომ მომეხმარები, მაგ საზიზღარს ჭკუა ვასწავლო?

– იმაში მოგეხმარები, რომ ცუდი ყველაფერი დაივიწყო. თუ გინდა, ჩაიცვი და სადმე გავისეირნოთ – ბარში წაგიყვან, ცოტას დავლევთ, ვიცეკვებთ.

– არა, არა, არსად არ მინდა წასვლა. უნდა ვნახო, რომელ საათზე მობრძანდება სახლში, უნდა ვნახო, – გაჭირვეულდა მაკა. დათომ ამოიოხრა.

– ამით იმას მიაღწევ, რომ საკუთარ თავს დაიზიანებ. დაანებე რა, შენს ქმარს თავი, სდიოს თავის დამნაშავეებს და იყოს. დამიჯერე, სხვა პრასვეტი მაგას არა აქვს. შენ კი თავს იტანჯავ.

– ეგრე გეგონოს! პრასვეტების მეტი რა აქვს, კაბაწამოხდილი სტაჟიორებითაა სავსე იქაურობა.

დათოს გაეცინა და თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა:

– ხომ არ აჯობებს, მეც მასთან მოვძებნო რამე სამსახური? ასეთი შანსების ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

– საზიზღარი! – ქალმა გამეტებით დაუშინა მუშტები და გაანჩხლდა.

– გეხუმრე, რა დაგემართა, რა დღეში გაქვს ნერვები! – დათომ ორივე ხელი დაუჭირა და მსუბუქად შეანჯღრია, – აბა, მორჩი ნერვიულობას, მორჩი და გამიღიმე! ჰე, მიდი, შენი ქმრის გულის მოგება თუ გინდა, უნდა გაიღიმო. სიცილი ძალიან გიხდება.

***

რომ შეიძლებოდეს, სამყარო ორ ნაწილად გაყო და ერთმანეთისგან გამიჯნო სიკეთე და ბოროტება, თანაც, პირველივე წუთიდან სიკეთის სადარაჯოზე დადგე, შეიცვლებოდა ამით რამე? რამდენი მსურველი გამოჩნდებოდა, ადგილი იმ ნაწილში რომ, „დაეჯავშნა”, სადაც ბოროტება იქნებოდა ერთპიროვნული მბრძანებელი? ადამიანები არც ისეთი თამამები და გულახდილები არიან, სააშკარაოზე გამოიტანონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები – სულის გაშიშვლება და გამომზეურება არავის უნდა. საქმე ის არ არის, ეშინიათ თუ არა მათ ჯოჯოხეთის სატანჯველის. ჯოჯოხეთში ექსკურსია რომც მოუწყო და დაათვალიერებინო მისი ღირსშესანიშნაობები, გულს მაინც ვერ შეუწუხებ და შეუთრთოლებ მარტივი მიზეზის გამო – ადამიანებს არ უნდათ, დაიჯერონ ცუდი, მით უმეტეს ის, რომ ეს ცუდი მათ გადახდებათ თავს... შეიძლება, ამიტომაც არავის უფიქრია, სამყარო ბოროტ და კეთილ ნაწილებად დაეყო...

***

... სატელეფონო დიალოგი საკმაოდ ლაკონური იყო: ერთი მხრიდან ელჩი ლაპარაკობდა, მეორე მხრიდან... მისი სიტყვების ადრესატი არ ჩანდა... საუბრის მანერითა და ტონით გასაგები გახდა, რომ შინაარსი არაფრით არ იყო სასიამოვნო... ელჩი იჭმუხნებოდა, ტუჩებს მკაცრად კუმშავდა და თითებსაც ნერვიულად ათამაშებდა ყურმილის მემბრანაზე... საუბარს რომ მორჩა, ყურმილი დადო და მდივანი გამოიძახა:

– ჩემი ქალიშვილი სად არის?

მდივანი დაიბნა:

– მე მეკითხებით?

– დიახ. დაცვამ უნდა იცოდეს მისი ყოველი ნაბიჯი. მე ასე მინდა. სანამ აქ არის, მაქსიმალური კონტროლი დასჭირდება. ოღონდ, თვითონ ვერაფერს ვერ უნდა მიხვდეს. დაცვის უფროსი მოვიდეს. თქვენ კი მიბრძანდით და ნახეთ, სად არის ჩემი ქალიშვილი. კიდევ ერთიც: ისე გააკეთეთ, რომ ალკოჰოლზე არ მიუწვდებოდეს ხელი... არანაირზე. გაიგეთ, ხომ?

– დიახ, რა თქმა უნდა.

– თუ ყველაფერი გაიგეთ, რაღას დგახართ? მიხედეთ საქმეს! 2 საათზე მინისტრთან მაქვს შეხვედრა. თარჯიმანი არ დამჭირდება. არც თქვენ. პრივატული შეხვედრაა. ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს.

მდივანმა თავი დაუქნია. ცოტა ხანს კიდევ შეყოვნდა და ჩუმად გაიხურა კარი. ელჩი სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა...

***

მარიკა ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ეცვლებოდა პაპავას გამომეტყველება...

– იმ ახალ ამბავზე ფიქრობთ? – ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა.

– რა ვიცი, მე სულ ვფიქრობ... – ცოტაოდენი დუმილის შემდეგ უპასუხა პაპავამ, – ელჩის ქალიშვილის ფოტო აიღე? ხომ არ დაგავიწყდა?

– არა, აქ მაქვს. ფიქრობთ, ეს რამე ხელჩასაჭიდს მოგვცემს?

– არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, უნდა შევამოწმოთ. ყველა საფუძვლიანი ეჭვი უნდა გადამოწმდეს. არც ერთი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.

– თუ საქმეს დახურავთ, მაინც?

პაპავამ უცნაურად შეხედა გოგოს:

– გიკვირს?

– არა. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ იქცევა პროფესიონალი მაძებარი, როცა მას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

– კარგად თქვი – მაძებარი... ეძებს... მიუხედავად ყველაფრისა, ეძებს...

***

... გაათავისუფლებთ ფიქრის ნაყოფს, ანუ აზრს გულუბრყვილობისგან (ზედმეტია, დაგვიჯერეთ); უმატებთ ცოტაოდენ სკეპტიციზმს (ასეა საჭირო), ბლომად ირონიას (ნუ დაგენანებათ, მნიშვნელოვანი ინგრედიენტია), ცინიზმს, ცოტაც ათეიზმს (მერე რა, გულში გწამდეთ ღმერთი, ვინ გიშლით)... აგნოსტიციზმიც შეიძლება, თუ ათეიზმი ვერ მოიძიეთ და მზად არის – თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული და აღიარებული ტიპაჟი სახეზეა. მას ყველგან ხსნილი აქვს გზა, ყველგან სასურველი სტუმარია, ყველა ცდილობს, დაუახლოვდეს და მერე თავი მოიწონოს მასთან ნაცნობობით. თუმცა, არავის არ უყვარს. ზოგჯერ მისივე ოჯახის წევრსაც კი... სამაგიეროდ, არ იცის, რა არის იმედგაცრუება, არც სულის ტკივილი აწუხებს და არც სინდისის ქენჯნა... მაგრამ თუ გადაწყვეტთ, საკუთარ თავში გააზავოთ ეს „კოქტეილი“, არ დაგავიწყდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი: გულუბრყვილობის საფარველის ქვეშ არის მოთავსებული ნდობის ძალიან თხელი ფენა და გირჩევთ, მას მაინც არ შეეხოთ, მიზეზს ნუ იკითხავთ... სიტყვაზე გვენდეთ!

***

დათომ ყავის ფინჯანი დადგა და ქალს თმა ალერსით მოუჩეჩა.

– მოდი, ახლა წავალ, ასე აჯობებს. არ მინდა შენს ქმარს აქ დავხვდე. არც შენ გინდა ეს, მერე დაგირეკავ.

ქალმა თავი დაუქნია.

– მგონი, მართლა ასე აჯობებს. ისე ვარ გაღიზიანებული, შეიძლება, რაღაც ვუთხრა და სკანდალიც ატყდება. არ მინდა, ამ ყველაფრის მოწმე გახდე.

– არა, ასე არაფერი გამოვა, – ცოტათი გაბრაზდა ბიჭი, – შენ ხომ მითხარი, დავმშვიდდიო. დამპირდი, რომ ჩხუბს არ დაუწყებ.

– ვეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები.

– მაშინ იძულებული გავხდები, დავრჩე და ქარიშხალი ისე აგაცილო.

– წადი, არ იქნება ქარიშხალი... – ამოიოხრა ქალმა, – შენ მართალი ხარ, არავინ ღირს ჩემს ცრემლებად და ნერვებად.

– თუ მაგას ისე არ ამბობ, ჩემთვის თვალის ასახვევად და, მართლა გაიგე, რაც გელაპარაკე, ძალიან კარგი.

– ჰო, გავიგე. შენც არ დაგავიწყდეს, დახმარებას რომ შემპირდი.

– არ დამავიწყდება და, თუ შენს ქმარს მართლა ჰყავს საყვარელი, აუცილებლად გამოვიყვან სააშკარაოზე.

– და... აქტიურ მოქმედებაზე გადახვალ.

– „აბორდაჟზე“ ავიყვან, „აბორდაჟზე“, – გაიცინა დათომ და ქალს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – შენ ოღონდ დამშვიდდი და ყველაფერს გავაკეთებ...

***

... ახვლედიანს უსიამოვნოდ გაჰკენწლა გულმა, დილაუთენია სამმართველოში მოსულს, საკუთარ კაბინეტთან ატუზული გამომძიებელი დევიძე რომ დაინახა.

– შენ აქ რას აკეთებ? თათბირი თერთმეტ საათზეა, ისიც ჯერ არ გადამიწყვეტია. შეიძლება, წასასვლელი გავხდე.

– აუცილებელი საქმეა, ბატონო გიორგი, ახლავე უნდა დაგელაპარაკოთ.

– ჰო? ძალიან აუცილებელი? ბომბი ხომ არ არის შენობაში? გვაფეთქებენ? – გახუმრება სცადა ახვლედიანმა, მაგრამ გამომძიებლის მოჟამულ სახეს რომ შეხედა, წარბი შეიკრა და ხმა გაიმკაცრა:

– კარგი, შემოდი... ჰო, შემოდი და დაჯექი... ან მე მაცადე დაჯდომა, შენი ახალი ამბით ძალიან რომ არ დავიზაფრო.

– ბატონო გიორგი, მოკლულის თითების ანაბეჭდები ჩვენს კარტოთეკაში გადავამოწმე...

ახვლედიანი დაიძაბა.

– მერე? – იკითხა მოღუშულმა და უსიამოვნო სიახლის მოლოდინში ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდის ზედაპირზე.

– მოკლული ვინმე გოგი ფაილოძესთან იდენტიფიცირდა, წარსულში ორჯერ ნასამართლევთან.

ახვლედიანი გაწითლდა:

– დევიძე, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც ახლა მეუბნები?

– ბატონო გიორგი... – აიწურა გამომძიებელი.

– ჰო, კარგი... დავუშვათ, თითების ანაბეჭდები არ ტყუის... დავუშვათ, რომ ამ შემთხვევაში შეცდომა გამორიცხულია. რა იცვლება ამით? ეს ამბავი კიდევ ვინ იცის?

გამომძიებელმა მაშინვე არ უპასუხა. ფიქრობდა, რა ეთქვა. ახვლედიანი გააღიზიანა მისმა დუმილმა.

– ვინ იცის-მეთქი ეს ამბავი?

– პაპავამ და მაჩაბელმა. ჰო, ის გოგოც იყო ოთახში, პაპავას სტაჟიორი რომ არის.

– ვერ მოიცადე, სანამ მე მეტყოდი? ჰმ, პაპავას ურჩევნია, ბერაძის მკვლელობის საქმეს მიხედოს. შენ კი განაგრძე მუშაობა, განაგრძე...

დევიძეს სახეზე გაოცება გამოესახა.

– ჰო, რა იყო? ვერ გეტყვი, ძალიან გამახარა-მეთქი იმან, რაც მითხარი, ნამდვილად არ გამხარებია, მაგრამ, შენი და ჩვენი სამსახური ასეთია – ნებისმიერ მოულოდნელობას უნდა ველოდეთ.

– დიახ, მართალი ბრძანდებით, მეც სწორედ ამის თქმა მინდოდა. გამორიცხული არ არის, ამ მკვლელობას ელჩის სიძის მკვლელობასთან ჰქონდეს რაღაც კავშირი.

ახვლედიანი გაშტერდა, გაფითრდა და მოულოდნელად მაგიდის ზედაპირს დასცხო გაშლილი ხელისგული.

– არა!.. რა შუაშია ელჩის სიძე? თავი დაანებეთ ამ პროვოკაციას და იმუშავეთ... იმუშავეთ!..

– ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“... წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ, ნურც შენ და ნურც პაპავა. ნურც ეცდებით, ყველაფერი გაართულოთ. ქართველიც რომ იყოს ეგ ვიღაც გერმანელი, მაინც არაფერ კავშირში იქნება ბერაძის მკვლელობასთან. ახლა წადი და საქმეს მიხედე. პაპავასთან პრივატულ თათბირებსა და მოლაპარაკებებს კი თავი დაანებე.

დევიძე უხმოდ გაიძურწა კაბინეტიდან. მხოლოდ დერეფანში მისცა თავს ბუზღუნის უფლება. ახვლედიანმა ჩვეულებას უღალატა – ორი ფინჯანი ყავა ზედიზედ დალია და მდივანი გამოიძახა.

– მე „მთავართან“ მივდივარ. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არ დამირეკო...

ახვლედიანმა მოვლენებს დაასწრო და, სანამ „მთავარი“ დაიბარებდა, თვითონ გამოცხადდა მასთან მოკლე, მაგრამ „ფაქტებით გაჯერებული“ ანგარიშით. გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ ეს საქმე მის კარიერულ წინსვლას შეუწყობდა ხელს, ავტორიტეტსა და სახელს მოუხვეჭდა. დიდ იმედს ამყარებდა ჯერ გამოუძიებელ, უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტით სავსე დანაშაულზე. ყველაფერი გამოუვიდოდა, თუ პაპავა მის მითითებებს შეასრულებდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად იმედმოცემული წარდგა „მთავარის“ წინაშე, რომელმაც ზუსტად ათ წუთში გადაასხა ცივი წყალი მის აღფრთოვანებას... „მთავარის“ კაბინეტიდან ახვლედიანი გაცეცხლებული გამოვიდა. შიგნით ყველაფერი უდუღდა და გაღვიძებული ვულკანივით ბობოქრობდა. არ სურდა, ეღიარებინა, რომ, რაც „მთავარმა“ უთხრა, მისი არაპროფესიონალიზმის პირდაპირი შედეგი იყო. პაპავას ელჩის ქალიშვილთან პირისპირ გასაუბრება უნდოდა, მან კი ამის საშუალება არ მისცა და აღმოჩნდა, რომ შეცდომაც დაუშვა. „მთავარმა“ არაპირდაპირ მიანიშნა, რომ თავისი პროფესიული ვალი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა შეესრულებინა...

ახვლედიანი საკუთარ ნერვებსა და გულს ასკდებოდა: ამათი ვერაფერი გავიგე: ხან გეუბნებიან, დროზე მოაშორე ეგ საქმეო, ხან თითს გიტრიალებენ ცხვირწინ – რამე შეცდომა არ დაუშვაო... პაპავას მოქმედების თავისუფლება რომ მივცე, დიპლომატიური სკანდალი არ აგვცდება... ნეტავი, ამას მაინც რისი თქმა უნდოდა, მიკიბულ-მოკიბული რომ დამიწყო, დანაშაული ჩვენს ტერიტორიაზეა მომხდარი და ყველაფერზე პასუხისმგებლები ვართო?.. ბოლოს მე აღმოვჩნდები ყველაფერზე პასუხისმგებელი... გაცეცხლებულმა ახვლედიანმა წიხლი მანქანის საბურავს მიჰკრა. მძღოლმა განცვიფრებით გამოხედა.

– სამმართველოში? – ჰკითხა, როცა ახვლედიანი მანქანაში ჩაჯდა.

– არა, სახლში მიმიყვანე. ერთი საათი უნდა დავისვენო. შენ დამელოდები.

***

... კარი თავად ზეამ გაუღო. გოგოს დანახვამ გაახარა, მაგრამ, მარიკას მოეჩვენა, რომ მის ყოფილ მეგობარსა და მეზობელს შეშინებული სახე ჰქონდა. თვალებსაც ხაფანგში გამომწყვდეულივით აცეცებდა. მარიკა ოთახში შეიპატიჟა და მაშინვე ის ჰკითხა, გარეთ საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავსო.

– საეჭვო რა უნდა შემენიშნა? – გაეღიმა მარიკას.

– რა ვიცი, გოგო, ბოროტებით გაივსო ქალაქი, მეხი დავაყარე მაგათ! არავის არ ვენდობი, არავის... ნუ, შენ გამონაკლისი ხარ, საყვარელო. როგორ მიხარია, რომ შეგხვდი!..

– შენი მეგობარი სახლში არ არის? იმაზე გეკითხები, ბარში რომ გამაცანი. მგონი, მითხარი, ბინას ერთად ვქირაობთო.

ზეა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. წამწამები კი ისე ააფახულა, ძალიან შეურაცხყოფილი ადამიანივით:

– ნუ, მარიშკა, რანაირი ხარ. ხომ გთხოვე, ქირა არ ახსენო-მეთქი? ნუ, ძალიან, ძალიან ისე ჟღერს, ხომ ხვდები, არასვეტსკურად.

– დიდი ამბავი, მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს... – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – ბინებს, სახლებს ქირაობენ და ისე კვდებიან, საკუთარის შეძენის სურვილიც არ უჩნდებათ, მით უფრო, ევროპაში.

– ნუ, ევროპა – ევროპაა, ჩვენ კი ჯერ ისევ ამ გამოქვაბულში ვცხოვრობთ, დაბოღმილი, შურიანი ადამიანებით გარშემორტყმულები. ზოგჯერ ისე მეშინია... – ზეა ჩურჩულზე გადავიდა, – ჰო, მარიშ, მეშინია... მით უმეტეს, იმ ყველაფერის შემდეგ, რაც ენცოს თავს ხდება...

მარიკა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მოსასმენად მოემზადა...

– შენ მითხარი, საყვარელი ადამიანი დაკარგა და იმას გლოვობსო... – საუბრის საჭირო მიმართულებით წასამართავად შეაშველა სიტყვა.

– მერე, ვინ აცდის გლოვას? ურეკავენ, მარიშ, ურეკავენ და ისეთ საშინელებებს ეუბნებიან, თმა ყალყზე მიდგება... – ზეამ მკერდზე მიიდო გაშლილი ხელისგული, – ვაიმე, საყვარელო, რომ იცოდე, როგორ ვიგრუზები... წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო...

– ახლა სად არის?

– ვინ, ენცო?

– ჰო. ისე რა ჰქვია?

ზეა გაიფხორა:

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ენცო არ მოგწონს? გია ჰქვია, მაგრამ შენ ენცო დაუძახე, თორემ, ყურადღებას არ მოგაქცევს. დეპრესია აქვს და ოთახიდან არ გამოდის... დეპრესია ექნება, გენაცვალე, აბა, რა მოუვა... სერგის სიკვდილი ვერ მოუნელებია და ახლა საკუთარი სიცოცხლე გაუხდა სადარდებელი... – ზეამ ამოიოხრა და შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელის კეკლუცი მოძრაობით გადაიყარა უკან, – ვეტყვი, რომ სტუმარი გვყავს, იქნებ გამოვიდეს... ჰო, მართლა, ის შენი სიმპათიური ჭაღარა რატომ არ წამოიყვანე, უკეთ გაცნობა მინდოდა... ყავაზე ვუმკითხავებდი... იცი, რა კარგად გამომდის? შენა, მარიშ... ჩვენნაირებზე გართულება ხომ არ აქვს? რა ვიცი, ერთი შეხედვით, ყველა ნორმალურს ჰგავს... მერე რეკავენ და ათასგვარ სისაძაგლეს გეუბნებიან...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3