კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხმძიმე ცოლთან შერიგების მაღარიჩი 29 წლის ახალგაზრდას 10 წელი პატიმრობად დაუჯდა

შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 29 წლის ახალგაზრდას 10 წელი პატიმრობა მიესაჯა. დანაშაულის ჩადენის მოტივი ცოლის შეურაცხყოფა გახდა. განსასჯელი, რომელიც ცოლთან გაყრილი იყო, სწორედ იმ დღეს შეურიგდა ცოლს. ის აცხადებს, რომ დანაშაული სწორედ მისი დაცვის გამო ჩაიდინა, მაგრამ სასამართლომ მისი ვერსია დაუჯერებლად მიიჩნია.

საქმის მასალების თანახმად, 23 ოქტომბერს მამუკა ლ. ფეხმძიმე ცოლს შეურიგდა. ამ დღის აღსანიშნავად, ცოლთან და მათი შერიგების ინიციატორებთან – ცოლისდასთან და ქვისლთან ერთად, სტუმრად ძმის ოჯახში წავიდა. მათ დასახვედრად ძმის ოჯახი საგანგებოდ მოემზადა, თუმცა, ქეიფისა და დროსტარების შემდეგ, სუფრის წევრებმა მამუკა ლ-ს იმავე უბანში მცხოვრები დეიდაშვილის სახლში გადაინაცვლეს, სადაც, ასევე, სუფრა გაიშალა.

ვინაიდან ძალიან გვიან იყო, მამუკა ლ-მ ცოლთან, ცოლისძმასთან და ქვისლთან ერთად ძმის სახლში დარჩენა გადაწყვიტა, მამუკა ლ-ს ქვისლს კი ავტომანქანა უნდა გაეჩერებინა და ავტოსადგომზე ცოლთან ერთად წავიდა. ვინაიდან შეაგვიანდა, ყველანი ერთად ქუჩაში გავიდნენ, რა დროსაც მამუკა ლ-მ დაინახა, რომ მის ქვისლს უცნობი პიროვნება რაღაცას ედავებოდა, ცოლი კი აწყნარებდა. ამიტომ, მათთან მივიდა, მაგრამ სიტუაცია უფრო დაიძაბა და დავა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც მამუკა ლ-მ ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო. დანის დანახვაზე უცნობი თავისი საცხოვრებელი სახლისკენ გაიქცა და, ფაქტობრივად, შეასწრო კიდეც, მაგრამ მამუკა ლ. მას სახლამდე მიჰყვა და უცნობი საკუთარ სახლში დაჭრა. მომხდარს თავად დაზარალებულის დედაც შეესწრო, რომელმაც დანამომარჯვებულ ახალგაზრდას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, რომ მისი შვილისთვის მეორე ჭრილობა არ მიეყენებინა, შეშინებული ქალი კივილით უხმობდა მეზობლებს. ამიტომ, უცნობი თავდამსხმელი გარეთ გამოვარდა, მაგრამ ამჯერად კართან მას დაჭრილის ძმა, სიმონ დ. შეეფეთა, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისიც დაჭრა და გაიქცა...

დაჭრილ ძმებს, გოჩა დ-სა და სიმონ დ-ს, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. სახიფათო ჭრილობების მიუხედავად, ძმები გადარჩნენ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გოჩა დ-ს მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, მას ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული. ხოლო მეორე ძმას, ერთი შემავალი ჭრილობა მუცელში ჰქონდა, რამაც ნაწლავები დაუზიანა. ექსპერტებმა ორივე ძმის მდგომარეობა მძიმე ხარისხს მიაკუთვნეს.

დანაშაულში ბრალდებულ მამუკა ლ-ს წაუყენეს უმძიმესი – შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლი, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა, სასამართლომ მას სასჯელის ნახევარი მიაკუთვნა.

მამუკა ლ-მ, რომელიც წინასწარ გამოძიებაში დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლოზე პოზიცია შეიცვალა და სასამართლო კოლეგიას მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსია მოუთხრო.

განსასჯელის ჩვენებიდან: „ვინაიდან ჩემს ქვისლს დააგვიანდა, ყველა გარეთ გავედით. ღვინო მქონდა დალეული, მაგრამ, მთვრალი არ ვყოფილვარ. არ ვიცი, ჩემი ქვისლი ვისთან კამათობდა. რომ მივედი და ვიკითხე, რაში იყო საქმე, უცნობმა აგდებით მითხრა, შენ ვინღა ხარო, შემაგინა და ჩემს ცოლს გადახედა, რომელიც იქვე იდგა. შემდეგ მე მომიტრიალდა და დაცინვით მითხრა – ეს ქალი დამითმეო. მიუხედავად მისი გამოწვევისა, პირველმა მაინც მან დამარტყა და გაიქცა. დანა ამოვიღე. ჩემი ძმა და ქვისლი ცდილობდნენ, წაერთმიათ, მაგრამ დავუსხლტი და გაქცეულს დავედევნე. მისი მოკვლა არა, მაგრამ, მსუბუქად დაჭრა მინდოდა... მოგვიანებით ჩემთვის უცნობ ახალგაზრდასაც დავარტყი დანა. არავის მოკვლის განზრახვა არ მქონია. ეს არ იყო შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვიყავი, ცოლს იმ დღეს შევურიგდი... ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელმაც აღნიშნა, რომ უცნობი, რომელიც კართან შეხვდა, იმიტომ დაჭრა, რომ დედა შეაგინა...

განსასჯელის ჩვენებას მისი თანმხლები პირები, მათ შორის, მისი მეუღლეც ადასტურებდა, მაგრამ მოკვლეული მასალები სულ სხვაზე მეტყველებდა.

დაზარალებული გოჩა დ-ს მიცემული ჩვენებიდან: „იმ დღეს სახლში მთვრალი ვბრუნდებოდი. სახლთან ახლოს უცხო ავტომანქანა დავინახე, რომელშიც ორი უცნობი პირი იჯდა. ჩემი მეზობელი შევნიშნე, რომელიც ამ უცხო პიროვნებას სიგარეტს სთხოვდა. ჩემს მეზობელთან მივედი, ვუთხარი, რომ სიგარეტი მე მქონდა და მე მივცემდი. რატომღაც, უმისამართოდ შევიგინე. უცნობმა – რატომ იგინებიო. ამ პერიოდში ჩემი მეზობელი წავიდა, რადგან ბავშვთან ერთად იყო, ჩვენ კი წავკამათდით. ჩვენს ჩხუბში უცნობი ახალგაზრდაც ჩაერია. ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენეთ, ამ დროს შევნიშნე, რომ უცნობმა ჯიბიდან დანა ამოიღო, რის გამოც სახლისკენ გავიქეცი, მაგრამ, გამომეკიდა. სახლში უკვე შესული ვიყავი, როცა დანა მუცელში დამარტყა, ამას დედაჩემიც შეესწრო. მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი ძმაც დაჭრა”.

რაც შეეხება მეორე ძმას, სიმონ დ-მ განაცხადა: „მეზობელთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი. რამდენიმე ჭიქა ღვინო მქონდა დალეული. ღამის 2 საათი სრულდებოდა, სახლში რომ ვბრუნდებოდი. დავინახე, ჩემი ძმა სახლისკენ მირბოდა, უკან კი ვიღაც მისდევდა. მეც სახლისკენ გავიქეცი, მაგრამ ჭიშკართან რომ მივედი, უცნობი პირი უკვე გამოდიოდა. ერთმანეთს კართან შევხვდით, მოულოდნელად მან დანით ჭრილობა მომაყენა, დაჭრილი ვიყავი, მაგრამ დავუსხლტი და გავიქეცი. მე და ჩემმა ძმამ საავადმყოფოში თითქმის სამი თვე გავატარეთ, მაგრამ, საბედნიეროდ ორივე გადავრჩით”.

რადგან დაჭრილი ძმების მკურნალობის ხარჯები დამნაშავის ოჯახმა სრულად დაფარა, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც, სასამართლო პროცესზე დაზარალებულების ინტერესში დამნაშავის მკაცრად დასჯა აღარ შედიოდა და ჩვენებები შეარბილეს. დაზარალებულმა გოჩა დ-მ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში ახალი დეტალი თქვა – მამუკა ლ-ს შეეძლო, მოვეკალი, მაგრამ, არ მომკლაო...

მოწმის სტატუსით რამდენიმე პირი, მათ შორის, განსასჯელის ძმა და მეუღლე დაიკითხნენ. ისინი იმეორებდნენ ბრალდებულის ვერსიას, რომ მას პირველმა დაზარალებულმა გოჩა დ-მ დაარტყა და სწორედ ამის შემდეგ გახსნა მამუკა ლ-მ დანა.

„უცნობი თავისი სახლისკენ გაიქცა, მას ჩემი ძმაც მიჰყვა. როდესაც მამუკა იმ სახლიდან გამოვიდა, ხელში გასისხლიანებული დანა ეჭირა, რომელიც მეუღლემ წაართვა”, – აცხადებდა განსასჯელის ძმა.

რაც შეეხება განსასჯელის ქვისლს, მანაც დაადასტურა, რომ ვიღაც წვერიანმა სიგარეტი სთხოვა და კონფლიქტი მასთან მოუხდა: „უცნობმა სიგარეტი მთხოვა, უარი ვუთხარი. ის კაცი მიდიოდა, მაგრამ, ვიღაც უცნობი მოვიდა და ჩვენი მისამართით შეიგინა. მანქანიდან გადმოვედი და უცნობს ვკითხე, რატომ იგინებოდა. თან განვუმარტე, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვარ, ვიცი, შენი ადგილი სადაცაა და, ჯობია, წესიერად მოიქცე-მეთქი. სწორედ ამ დროს მოვიდა მამუკა. მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, შემდეგ ის ბიჭი გაიქცა და მამუკა გაეკიდა. მე არ დამინახავს, როგორ დაჭრა”.

დაზარალებული ძმების დედის ჩვენებიდან: „გვიანი იყო, მაგრამ, არ მეძინა, შვილების დაბრუნებას ველოდებოდი. ერთმა სტუმრები გააცილა, მეორე კი მეზობელთან ტელევიზორს უყურებდა. სახლში შემოსულ ჩემს შვილს უცხო მამაკაცი შემოჰყვა და შვილი თვალწინ დამიჭრა. ხელზე დავეტაკე და დანის განმეორებით გამოყენების საშუალება არ მივეცი. ვკიოდი და შველას ვითხოვდი. მეზობლები მოცვივდნენ, რის შემდეგაც იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი მეორე შვილიც დაჭრა...”

გამოძიებაში მიცემული ასეთი ჩვენების მიუხედავად, დაზარალებულების დედამ სასამართლოზე ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა – არ დამინახავს ჩემს შვილს დანა რა ვითარებაში დაარტყაო. ცხადია, სასამართლო დაინტერესდა, რატომ იყო მისი ჩვენება განსხვავებული, რასაც დედამ ახსნა მოუძებნა: ალბათ, მაშინ ძალიან აღელვებული ვიყავი და ამიტომ მივეცი ასეთი ჩვენებაო. ის სასამართლოს სთხოვდა, მისი ახალი ჩვენება გაეზიარებინა.

დაზარალებულების ჩვენების შეცვლის მიუხედავად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სახეზე იყო შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა: „განსასჯელი ძმებს დანას სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას – მუცლის არეში ურტყამდა. ის არ მოქმედებდა გაუცნობიერებლად. ის გაქცეულს გამოეკიდა, სახლამდე მიჰყვა და წინასწარ განზრახვით დაჭრა. მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი მოქმედებაც და შედეგიც, მაგრამ, დაზარალებულის დედის აქტიური წინააღმდეგობისა და მეზობლების გამოჩენის გამო, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დაზარალებული გოჩა დ. მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ასეთივე მდგომარეობაში ჩაიდინა მან დანაშაული მეორე ძმის მიმართაც, რომელმაც თავს ასევე გაქცევით უშველა”, – ნათქვამია განაჩენში, ანუ, სასამართლო კოლეგიამ განსასჯელი წაყენებულ ბრალდებაში მთლიანად დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რა მოხდა რეალურად? დანაშაულის მოტივი რეალურად უცნობი დარჩა. არაოფიციალური ვერსიით კი, დანაშაული განსასჯელის პათოლოგიური სიმთვრალის გამო მოხდა, რადგან, გაირკვა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მას მსგავსი დანაშაული ადრეც ჰქონია ჩადენილი, მეტიც – მეუღლე მას სწორედ ამ მიზეზის გამო გაეყარა...


скачать dle 11.3