შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 23 დეკემბერს, დილით, დაახლოებით 10-11 საათზე. რომელ ქვეყანაში მივაღწევ წარმატებებს და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის წარმატებული და იდეალური ქორწინება?
პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა მორიელთან, მერწყულთან, კუროსთან, თევზებთან, უფრთხილდით სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის საშუალოა. თქვენი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. უცხოეთში მიღებული გამოცდილება, ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში უნდა გამოიყენოთ. ქვეყნებიდან უფრო მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, მაროკო, ნეპალი, უზბეკეთი, გერმანიის ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 20 დეკემბერს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ქვეყანაა ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, მუდმივად უნდა იქონიოთ კონტაქტი. გარკვეული დროით იქ ცხოვრება, დაგროვილი გამოცდილება და უნარი ძალიან დაგეხმარებათ სამშობლოში წარმატების მიღწევაში.
ქვეყნებიდან კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სპორტი, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა. აგრეთვე, კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები, მაგალითად, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში. მინდა სწავლის გაგრძელება უცხოეთში. იქნებ მირჩიოთ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თუ არ გამოიჩენთ გაორმაგებულ შრომისუნარიანობას, ნებისყოფას, ძალისხმევასა და შეუპოვრობას, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ დაგეგმილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისი, დანია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ინდოეთი, ირლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა.
კითხვა: მე დავიბადე 1983 წლის 29 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემი ქმარი კი 1978 წლის 23 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე. მაინტერესებს, ივნისის ჩათვლით, როდის არის სასურველი ქორწინების გაფორმება?
პასუხი: თქვენი ქორწინებისთვის კარგი პერიოდია 20 მაისამდე. ივნისი მაინცდამაინც სასურველი არ არის, განსაკუთრებით კი – 20 ივნისის შემდგომი პერიოდი.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 21 ოქტომბერს, 19 საათსა და 30 წუთზე. მაინტერესებს, არის თუ არა გერმანია ჩემი ბიზნესისთვის წარმატებული ქვეყანა და ვიქნები თუ არა ბედნიერი 1976 წლის 5 აპრილს დაბადებულ გერმანელ კაცთან?
პასუხი: 1976 წლის 5 აპრილს დაბადებულ მამაკაცთან ურთიერთობა თქვენთვის მისაღებია. მართალია, ის იდეალური ვერ იქნება, მაგრამ, თუ გარკვეულ კომპრომისებზე წახვალთ, მაშინ, 5-ბალიანი სისტემით, 4 ბალით შეგვიძლია, ეს ურთიერთობა შევაფასოთ. ასევე, თქვენთვის გერმანიიდან მეტად მისაღებია ბავარიის მხარე და მიუნხენი, დანარჩენი გერმანიის ნაწილი საშუალოა.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 5 მაისს, ღამის 1 საათზე და ვაპირებ ქალაქ ჰამბურგში გამგზავრებას. წარმატებული იქნება თუ არა ჩემი იქ ცხოვრება და რამდენად მისაღებია 1964 წლის 12 მარტს დაბადებულ კაცთან ქორწინება?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია, ამიტომ იქ ყოფნა სასიკეთოა, თუმცა, გერმანია თქვენთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის, უფრო საშუალოა. უკეთესია ურთიერთობა ინგლისთან, ესპანეთთან ან დანიასთან. 1964 წლის 12 მარტს დაბადებულ მამაკაცთან მოსალოდნელია მცირეოდენი კონფლიქტები, თუმცა, ეს ადვილად მოგვარდება. თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი თქვენ საქმიან პარტნიორად უფრო გამოგადგებათ, ვიდრე სასიყვარულო პარტნიორად. მასთან ურთიერთიობა საშუალოა და ხანდახან კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.