ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი უღირსი მემკვიდრე და სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს ის?
პასუხი: უღირსი მემკვიდრეა და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას; ანდა, ჩაიდინა განზრახ დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. გარემოებები, რომლებიც უღირსი მემკვიდრისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
კითხვა: არსებობს ჩემი ოჯახის გარდაცვლილი წევრის რამდენიმე ანდერძი. ყველა ანდერძში ერთი და იგივე მემკვიდრეები ფიგურირებენ, მაგრამ თითოეულ ანდერძში განსხვავებულია მემკვიდრეთა წილობრივი მაჩვენებლები. რომელი ანდერძის მიხედვით უნდა მოხდეს სამკვიდროს განაწილება მემკვიდრეთა შორის?
პასუხი: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ, ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით. თუ შედგენილი ანდერძები შინაარსით განსხვავებულია, უპირატესობა ენიჭება ყველაზე ახალ, ბოლო თარიღით შედგენილ ანდერძს, ანუ იმას, რომელშიც მოანდერძის უკანასკნელი ნება-სურვილია გამოხატული. ამასთან, თუ რამდენიმე ანდერძიდან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი – არა, უპირატესობა ენიჭება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს და, არ შეიძლება, მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით, თუნდაც მის შემდეგ შედგენილით.
კითხვა: ყველას გაგვიგია იურიდიული პირების აღნიშვნისას სიტყვა „კომპანია“, რას ნიშნავს იურიდიული ტერმინი, რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება და რომელ იურიდიულ პირებს შეიძლება, ვუწოდოთ „კომპანია“?
პასუხი: „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, იმ საწარმოს მიმართ, რომლის სახელწოდებაც შეიცავს სიტყვას „საზოგადოება”, მაგალითად კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ასე შემდეგ „საზოგადოების” ნაცვლად, შეიძლება, შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მიხედვით გამოყენებულ იქნეს სიტყვა „კომპანია”; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნაცვლად კი, შეიძლება, მხოლოდ ტერმინ „კომპანიის” გამოყენება.
კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდებისთვის“?
პასუხი: 2006 წლის 28 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული „ცვლილების შედეგად“ მოხდა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის წოდების კრიმინალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადია როგორც კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, ხოლო „კანონიერი ქურდის“ სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე.
კითხვა: ჩემი დაუდევრობით მეზობელს დავუზიანე ავტომანქანა, კერძოდ, ეზოში მდგარ ავტომანქანას გავუტეხე წინა საქარე მინა და დავუზიანე ჭერი. თუ დროულად არ ავუნაზღაურებ ზიანს, მეზობელი მემუქრება, რომ მიჩივლებს და დააჭერინებს ჩემს თავს. არის თუ არა ჩემი ქმედება დანაშაული და ასეთ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა დამეკისრება?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ან განადგურებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია. ზიანი მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ზარალი 150 ლარს აღემატება. შესაბამისად, თუ თქვენ მიერ ავტომანქანის დაზიანებით მეზობელს 150 ლარზე მეტი ოდენობის ზარალი მიადგა, შეიძლება, თქვენი მოქმედება ჩაითვალოს დანაშაულად. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო, ვადით ერთ წლამდე, ანდა, თავისუფლების შეზღუდვა ვადით ორ წლამდე. სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, აქვს მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ, თუ ის ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო, ვადით 2 წლამდე, ანდა, თავისუფლების შეზღუდვა ვადით 3 წლამდე, ან, თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე. თუ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, მაშინ სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
კითხვა: რას ნიშნავს ევთანაზია?
პასუხი: ევთანაზია, ანუ მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და გულისხმობს მკვლელობას მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და, მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილია მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით. „ევთანაზია“ სიტყვასიტყვით „ტკბილ სიკვდილს“ ნიშნავს. ესაა პრივილეგირებული მკვლელობა და, მარტივი მკვლელობისგან განსხვავებით, მისი ჩადენისთვის ნაკლები სასჯელია დაწესებული. კერძოდ, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე, მაშინ, როდესაც მარტივი მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
კითხვა: რა არის პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველი და რა განსხვავებაა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის?
პასუხი: პირი დაკავებისთანავე, ან, თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობისთანავე, ითვლება ბრალდებულად, ვიდრე მის მიმართ არ იქნება გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, განსხვავება ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის ისაა, რომ პირველის მიმართ არსებობს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბრალდებული მსჯავრდებულის სტატუსს იღებს მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. თუ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ბრალდებულის შემდგომი სტატუსი იქნება გამართლებული, რაც შემდგომში გარკვეულ სამართლებრივ შედეგებთანაა დაკავშირებული.
კითხვა: რა შემთხვევაშია სავალდებულო, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი?
პასუხი: დაცვა სავალდებულოა, ანუ, წინასწარი გამოძიების ეტაპზე სავალდებულოა, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ ის არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება ან დადგენილება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
ლ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.