ვინ არის პლანეტის ყველაზე მდიდარი „ლიფტიორი“ და რატომ უწოდებენ ამერიკელ მილიარდერს, ჯო ჯამეილს „სამოქალაქო კოდექსისQ მეფეს“
„ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის ყოველი პუბლიკაციის შემდეგ, იწყება დათვლა: რამდენი მამაკაცი ან ქალია რეიტინგში, რამდენია დაოჯახებული და რამდენი – დასაქორწინებელი, ანდა, რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან ყველაზე მდიდრები. 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ყველაზე ბევრი მილიარდერი საინვესტიციო ბიზნესითაა დაკავებული. მეორე ადგილზე საცალო ვაჭრობისა და მოდის სფეროში მოღვაწე მილიარდერები მოხვდნენ. მესამეზე კი ენერგეტიკის სფერო გავიდა. რეალტორები, მენავთობეები, მეშახტეები, ფინანსისტები, მეტალურგები – ამ სფეროს წარმომადგენლებიც მრავლად არიან „ფორბსის” სიაში. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც კაპიტალი ყველასგან განსხვავებულ სფეროში დააგროვეს და ამა თუ იმ მიმართულების ერთადერთ წარმომადგენლებად ითვლებიან მილიარდერთა რეიტინგში.
ალიკო დანგოტე (¹51 – 13,8 მილიარდი) – ყველაზე მდიდარმა ნიგერიელმა და აფრიკის შაქრის მეფედ წოდებულმა ალიკო დანგოტემ გასულ წელთან შედარებით, თავისი კაპიტალი 557 პროცენტით გაზარდა. მისთვის ქონების ზრდის კატალიზატორად ცემენტის ბაზრის ათვისება იქცა აფრიკის რეგიონში. ნიგერიის მთავრობასთან დაახლოებულმა დანგოტემ ბიზნესი შაქრის ვაჭრობით დაიწყო. შემდგომში კი, ცემენტის წარმოებითა და გაყიდვით დაკავდა. ამჟამად მისი უზარმაზარი კონგლომერატი „დანგოტე გრუპი” მთელ ნიგერიაში აკონტროლებს შაქრის, ბრინჯის, მარილის, ნავთობის, გადაზიდვებისა და სატრანსპორტო ბიზნესს. იგი ფლობს საწარმოებს ზამბიაში, ტანზანიაში, განაში, სიერა-ლეონეში, ლიბერიაში, კონგოში და ეთიოპიაში. თავის 54-ე დაბადების დღეზე დანგოტემ საკუთარ თავს 45 მილიონ დოლარად ღირებული თვითმფრინავი – „ბომბარდიერი” აჩუქა.
ლი შინ ჩენგი (¹208 – 5 მილიარდი) – მალაიზიელმა მილიარდერმა ბიზნესი პალმის ზეთის წარმოებით დაიწყო, რომელიც საკვებ და კოსმეტიკურ საშუალებებში, მეტალურგიულ საწარმოებში გამოიყენება. მოგვიანებით, იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად იქცა ამ სფეროში და მისი ბიზნესჯგუფი „იოი გრუპი“, ამჟამად მალაიზიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და ამერიკაში დეველოპერული საქმით არის დაკავებული. ჩინელი ქუჩის მევაჭრის შვილი, ლი შინი 11 წლიდან კაუჩუკის პლანტაციაში მუშაობდა. საშუალო განათლება ჰქონდა და მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა. სწორედ ინგლისურის არცოდნის გამო არ მიიღეს იგი პალმის ზეთის მწარმოებელ კომპანიაში, რომელიც მან, მოგვიანებით, მთლიანად შეიძინა და ამ ფაქტით დღემდე ამაყობს. საინტერესოა, რომ პალმებს, რომელთა საშუალებითაც ის მილიარდერი გახდა, მოფერებით „თავის დაქალებს” უწოდებს.
ჩუ ლამ იუ (¹409 – 2,8 მილიარდი) – ამ ჰონკონგელი მილიარდერის სახელი როგორც კომპანია „ჰუაბაუ ინთერნეიშენალის” პრეზიდენტის, 2008 წლამდე მსოფლიოსთვის უცნობი იყო. ანუ, მანამ „ფორბსის” რეიტინგში არ გამოჩნდა. იმ წელს მისი კაპიტალი 1,3 მილიარდი გახდა და 708-ე ადგილი დაიკავა რეიტინგში. ჩუს არანაირი მემკვიდრეობა არ მიუღია. მან თვითონ მიაღწია ყველაფერს. პარფიუმერიული ბიზნესითა და სუნელების გაყიდვით ჩუმ საინვესტიციო იმპერია შექმნა და ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად მილიარდერად ითვლება.
ანტი ჰერლინი (¹651 – 1,9 მილიარდი) – ფინელი მილიარდერი, რომელსაც მამისგან და ბაბუისგან მემკვიდრეობით ლიფტების მწარმოებელი ფირმა „კონე” ერგო. იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ლიფტიორად ითვლება და რომ არა და-ძმასთან გაყოფილი ქონება, შესაძლოა, მას უფრო მაღალი პოზიცია დაეკავებინა „ფორბსის” რეიტინგში.
ჰე ჩიაუონი (¹782 – 1,6 მილიარდი) – ჩინელი, ლანდშაფტის დიზაინერი, რომლის დაარსებული კომპანია „ბეიჯინგ ორიენტ ლედსკეიპი” მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმაა თავის სფეროში. კომპანიაში 400-მდე ლანდშაფტის დიზაინერი მუშაობს და ნებისმიერ მათგანს შეუძლია, გოლფის მოედანი აქციოს შესანიშნავ პეიზაჟად რომელიმე ფერმწერის ტილოდან. თვითონ ჰეს პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის უცნობია და მის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ წვიმაში სეირნობა უყვარს.
რალფ ზონენბერგი (¹782 – 1,6 მილიარდი) – ჰოლანდიელ რალფ ზონენბერგს „ჩრდილის მილიარდერს” უწოდებენ, რადგან მართლაც ჩრდილის საშუალებით შეაგროვა მილიარდიანი კაპიტალი. მამამისმა ჰენრი ზონენბერგმა, ჯერ კიდევ 1919 წელს დააარსა ალუმინის პლასტინების წარმოება ვენეციური ჟალუზებისთვის. დღესდღეობით კომპანია „ჰანტერ დუგლასი” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ხარისხიანი ჟალუზების მწარმოებლად ითვლება. მისი საწარმოები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 100 ქვეყანაშია გახსნილი. სულ ახლახან „ჰანტერ დუგლასმა” ჟალუზებით მოამარაგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დუბაის „ბურჯ-ჰალიფა”.
ჯო ჯამეილი (¹833 – 1,5 მილიარდი) – ამერიკის ყველაზე ცნობილ და ძვირად ღირებულ ადვოკატს ჯო ჯამეილს სამშობლოში „სამოქალაქო კოდექსის მეფეს” უწოდებენ. ძნელად მოიძებნება პლანეტაზე ადვოკატი, რომელსაც ჯამეილზე მეტი საქმე აქვს მოგებული სასამართლოში. 1985 წელს მან მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული, ორ ნავთობკომპანიას შორის გამართული სასამართლო დავა მოიგო და „ტექსაკო ოილს” უპრეცედენტოდ დიდი თანხის, 11 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა „პენზოილის” სასარგებლოდ. ამ საქმიდან ჯამეილმა, ჰონორარის სახით, 335 მილიონი დოლარი მიიღო.
ჯოან როულინგი (¹1140 – 1 მილიარდი) – „ჰარი პოტერის” ავტორმა უკვე წიგნიც რომ აღარ დაწეროს, გაყიდული წიგნების ჰონორარით, სუვენირებისა და ატრაქციონებიდან შემოსული თანხებით მთელი ცხოვრება უზრუნველად იქნება. მისი წიგნები მსოფლიოში 400-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და თარგმნილია 60 ენაზე, მათ შორის, ლათინურსა და ძველ ბერძნულზეც კი. ჯოან როულინგი უნიკალური მწერალია, რომლის ერთადერთმა პერსონაჟმა მილიარდიანი კაპიტალი მოუტანა ერთ დროს გაჭირვებაში მცხოვრებ ლიტერატორს.
ოლეგ ბაჰმატიუკი (¹1140 – 1 მილიარდი) – ბაჰმატიუკს უკრაინის „კვერცხების მეფეს” უწოდებენ. ერთ დროს მძლავრი „ნეფტოგაზ უკრაინის” აქციონერმა, გაყიდა თავისი აქტივები და მთლიანი კაპიტალი კვრეცხის წარმოების ბიზნესში დააბანდა. მისი კვერცხების იმპერია დღეს აერთიანებს – 19 მეფრინველეობის ფერმას, ქათმის საკვების მწარმოებელ 6 სპეციალიზებულ ქარხანას, კვერცხების დამუშავების საწარმოს. ბაჰმატიუკის ჰოლდინგს უკრაინის ბაზრის მეოთხედი უკავია, ხოლო წარმოებული კვერცხის 17 პროცენტი ევროპაში გადის ექსპორტზე. ახლო მომავალში ბაჰმატიუკი აზიური ბაზრის ათვისებას გეგმავს.
ჰოაკინ ლუსმან ლოერა – (¹1140 – 1 მილიარდი) – „ფორბსის” მილიარდერებს შორის ლოერა, სავარაუდოდ, ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოში და უმეტესწილად, სამართალდამცავ სტრუქტურებში ქურდული მეტსახელით იცნობენ. სინალოას კარტელის ნარკობარონს „ელ ჩაპოს”, ანუ ჯუჯას უწოდებენ და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში შემავალი ნარკოტიკული საშუალებების მეოთხედს აკონტროლებს. ცნობილია, რომ მისმა გამოჩენამ „ფორბსის” რეიტინგში არაერთი მეწარმისა და ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. საინტერესოა, რომ მშობლიურ სინალოაში ჰოაკინი „რობინ ჰუდის” თიკუნით არის ცნობილი, რადგან გაჭირვებულებს ფინანსურ დახმარებას უწევს.