ჟამი მანდატების შეგროვებისა
აყირავებულები
რაკი ქვეყანაში აქეთ – გაქანებული აღმშენებლობაა (თითქმის სოცშეჯიბრია გამოცხადებული), იქით – დემოკრატიის ახალ ტალღებზე ვეხეთქებით (იმდენად მძლავრად, რომ ამ ხეთქება-ხეთქებაში ენდი გარსიასაც კი ფეხებში ჩავუცვივდით), ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს თავის მოსაფხანი დრო არ აქვს. ან კი როგორ ექნება, როდესაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზეც კი იმსჯელა. ამ ყოველივემ, ბუნებრივია, ხალხის რჩეულებს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, მიკროფონების წინაც ეყელყელავათ, თუმცა, რაკი ყელყელაობის შესაძლებლობების სიმცირეს არ უჩივიან, ეს კონკრეტული საკუთარი პატრიოტული მისწრაფებების გამოსამზეურებლადაც გამოიყენეს (რადგან ჩვენ არ ვეთანხმებით ბისმარკს, სადაც ის ამბობს, „პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარიაო“). ერთი სიტყვით, ხალხისა და ქვეყნის ამაგდარ პარლამენტს საქმეც მიეცა, ოდესღაც ერთ-ერთ არასაპარლამენტოელს (კონსტანტინე გამსახურდიას) კი – საბაბი, რომ ადრე თავის მიერვე დახეული მანდატის ნაგლეჯები მიეწებ-მოეწებებინა და იქ დამჯდარიყო, საითკენაც, როგორც ჩანს, მანდატის დახევიდან დღემდე გულიც მიუწევდა (დაბრუნება ასე გაფორმდა: ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას უნდა უხელმძღვანელოს). ჯერჯერობით სხვა მანდატდახეულების საქმე გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ყველას მისცა შესაძლებლობა, დასაჯდომი სკამი დაებრუნებინათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ხელისუფლებისთვის ჰაერივით აუცილებელია საკუთარი დემიმიჯის განმტკიცება (და მერე რა, რომ ამას დემოკრატიასთან ისეთივე საერთო აქვს, როგორც მე – მაროკოს პრინცთან). ასეა თუ ისე, ბ-ნმა გამსახურდიამ (კონსტანტინემ) გვამცნო, რომ საპარლამენტო სკამიდან განაგრძობს ბრძოლას (იქ მეტ საქმეს გავაკეთებო). მისი ერთ დროს კოლეგები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, კორექტულად შენიშნავენ, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ერთი კაცი (რომელიც ჭამაშიც კი ცოდვააო), ვერაფერს შეცვლის, სამაგიეროდ, აწი იმ ერთი კაცის ცხოვრება შეიცვლება (პარლამენტარის მაღალი ხელფასი, ზედაც გარანტირებული 560-ლარიანი პენსია, პრივილეგიები და უცხოეთში აქეთ-იქით სიარული დაემატება). შესაბამისად, ქართული რეალობა აყირავებს ცნობილ ჭეშმარიტებას: რაც არ შეიძლება, იყიდო ფულით, შესაძლებელია, იყიდო დიდი ფულით, რადგან აქ ყველაფრის ყიდვა მხოლოდ ფულითაც შეიძლება.
ნინო ხაჩიძე