სტალინს არც სიყვარულსა და ფლირტში ჰყოლია ბადალი
პროფესორი რადზინსკი ამტკიცებს, რომ სტალინი ბოლშევიკებმა „ჩაუშვეს“ და ამ ვერსიისთვის სერიოზული არგუმენტებიც მოაქვს. ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურმა ფრთამ მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ანუ კონსტრუქციული პოლიტიკის გზა აირჩია. ბუნებრივია, მგზნებარე რევოლუციონერი სოსო ჯუღაშვილი ამას არ დაეთანხმებოდა – ის კაცი არ იყო, პოლიტიკური ამინდის ცვალებადობის მიხედვით შეეცვალა პოზიციები. კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და მისი იზოლირება აუცილებლად მიიჩნიეს. მომავალში, ბელადის თანაპარტიელებს ძვირად დაუჯდათ სტალინის ღალატი. მაგრამ იმ დროს, პარტიულმა ელიტამ ქართველი ჯუღაშვილი უპრობლემოდ გადაუგდო მეფის „ოხრანკას“. გადაწყვეტილება ვოლოგოდსკის ჯურღმულში მისი გადასახლების შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც იმავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, სტოლიპინმა მიიღო. ამის შემდეგ პოლიციური რეჟიმი მზრუნველობას არ აკლებს კობას (სტალინის ცნობილი მეტსახელი). სტალინის ბიოგრაფიის მკვლევარი მეცნიერი გაოცებულია იმით, რომ ვერსად მიაკვლია პატიმრის ეტაპირების გზას ბაქოდან სოლვიჩეგორსკამდე. გაოცებას ისიც იწვევს, რომ, გამოსაცემად მომზადებული წიგნიდან – „სტალინი ჩრდილოეთში მეფემ გადაასახლა“, რატომღაც სწორედ ეს ფრაგმენტია ამოღებული. ერთადერთი, რასაც მეცნიერმა მიაკვლია, არის ვოლოგოდსკის გუბერნატორის მიერ ვოლოგოდსკის პოლიცმეისტერისადმი მიწერილი წერილი 1910 წლის 4 სექტემბერს, სადაც აღნიშნული თანამდებობის პირი კითხულობს, სად არის პატიმარი ჯუღაშვილიო. ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ გუბერნატორის ცნობისმოყვარეობა 1 სექტემბერს, კიევში, სტოლიპინზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმას უკავშირდება. კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით და ფაქტების ურთიერთდაკავშირებით, აშკარაა, რომ 1911 წლის 6 სექტემბერს კობა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო 20 დღე მოეთმინა, რის შემდეგაც ლეგალური ცხოვრების უფლება მიეცემოდა, შემთხვევით არ იღებს გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის შესახებ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ტერორისტული აქტის შესახებ დღემდე მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ის სანკტ-პეტერბურგიდან იმართებოდა და ჟანდარმერიის მთელმა იერარქიამ საქმის ირგვლივ უშედეგო ძებნით ვერაფერს მიაკვლია, – ეჭვმიტანილიც კი ვერ დააკავა, ცხადი ხდება, რომ სტოლიპინზე თავდასხმა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. ვინ გააკეთებდა ამას?
ციმბირი – რუსი ქალები
რამდენიმე წლის დევნისა და არალეგალურად ცხოვრების აუტანელი პირობების შემდეგ, 1913 წელს სოსო ჯუღაშვილი, ფაქტობრივად, სამუდამოდ გადაასახლეს. პატიმარმაც იცოდა, რომ ყველამ გაწირა და ვინ იცის, რომ არა თებერვლის რევოლუცია, თუ ეღირსებოდა თავისუფლება. ციხეებსა და კოლონიებში გამობრძმედილ სტალინს ერთი წამითაც არ დაუკარგავს რწმენა, სასოწარკვეთილებას არასდროს მიცემია, პირიქით, ყოველთვის სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩეოდა. ბელადის 120 წლის იუბილემ მისი ბიოგრაფიის მიმართ ინტერესის ახალი ტალღა წარმოქმნა. რუსეთის რეგიონების სტალინმცოდნეებმა მრავალი საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს. მათ შორის, ციმბირელებმაც. აღმოჩნდა, რომ უდრეკი გმირი-რევოლუციონერი კარგად ახსოვდათ. მას „ახირებულ იოსებსაც“ ეძახდნენ, რადგან გადასახლებაში მყოფ კავკასიელს სერიოზული კვალი ჰქონდა დატოვებული ციმბირში. ვოლოგოდსკის გუბერნატორის, ხვოსტოვის (შემდგომში რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი) მემუარებში წერია, რომ 1911 წლის 6 ივლისს ჯუღაშვილს ვოლოგდაში შესვლის უფლება მიეცა, სადაც 6 სექტემბრამდე ცხოვრობდა (მანამდე, სანამ დედაქალაქში გაიქცეოდა). სანკტ-პეტერბურგში, მისი მორიგი დაპატიმრების შემდეგ, 5 დეკემბერს ის ისევ ვოლოგდაში გადაასახლეს, საიდანაც კვლავ გაიქცა 1912 წლის 28 თებერვალს. ამგვარად სტალინმა იმ დროისთვის ჩრდილოეთის ბანაკებში 18 თვეზე მეტი გაატარა, რამაც არცთუ ისე კარგი მოგონებები დაუტოვა მომავალ ბელადს.
ვასილ ბელოვმა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ციმბირელების ისტორია და მათ ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა, წიგნში „დიდი გარდატეხების წელიწადი“, ბელადის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიჩნია ერთი ეპიზოდის გახსენება. ეს იყო დეპეშა არხანგელსკიდან, რომელთან დაკავშირებითაც სტალინი მკაცრი ტონით უბრძანებს პოსკრებიშევს (ბელადის სამდივნოს უფროსი): „დაუკავშირდით ბერგავინოვს, აუხსენით, რომ ქალაქებისთვის სახელების შეცვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე სოციალიზმის მშენებლობა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არხანგელსკს ეწოდოს სტალინოპორტი. მემარჯვენეებს მიხედოს“. ბერგავინოვი ჩრდილოეთის ოლქის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ციმბირის ცენტრის ვოლოგოდსკიდან არხანგელსკში გადატანა უნდოდა და ასე მლიქვნელობდა – საიუბილეო მისალოცი წერილიც გაუგზავნა.
კობა ციმბირში სხვა საქმეებითაც ყოფილა დაკავებული. ვოლოგდის მაცხოვრებლებისთვის საიდუმლო არ იყო მისი ამურული თავგადასავლები. საკმარისია, ქორწინების გარეშე შობილი მისი შვილის, კონსტანტინე კუზაკოვის გახსენება, რომელსაც 20-იან წლებში ყველა კარგად იცნობდა, ადგილობრივი კომკავშირლებიც კი. თავად კუზაკოვი, როცა 90 წლის შესრულდა, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ გამოუტყდა, რომ პატარაობისას გაიგო, რომ სტალინის შვილია. დედა – მატრონა პროკოფის ასული კუზაკოვა, სოლვიჩეგორსკში ცნობილი, როგორც რევოლუციონერებისთვის „სტუმართმოყვარე“ დიასახლისი. არქივებში ახალგაზრდა ჯუღაშვილის სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლებთან კავშირების შესახებაც მრავალადაა საინტერესო ინფორმაცია. პირველი გაქცევა სოლვიჩეგორსკიდან 29 წლის „არესტანტმა“ პედაგოგი ქალის, მოკრეცოვას მეშვეობით განახორციელა. მან ქალის სამოსში გამოაწყო სტალინი და ნავამდე ჩააცილა, საიდანაც პატიმარმა მიმალვა შეძლო. გადასახლებულ კავკასიელს თბილად იხსენებს იმ დროს 17 წლის სოფია კრიუკოვაც, რომელიც კერვას სწავლობდა სტალინის დიასახლისთან. „იოსებ ბესარიონის ძე არ დამივიწყებდა. ის ყოველთვის ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ“, – არ დაუმალავს რუს ქალბატონს. სამაგალითოა ჯუღაშვილის ურთიერთობა წყვილთან, რომელთა ქორწინება არ შედგა. სოსოს ყველაზე სანდო ახლობელი ვოლოგდაში პეტია ჩიჟიკოვი იყო. ის ვაჭრობის მუშაკი გახლდათ, მანამდე კი – მასავით გადასახლებული. სწორედ მისი პასპორტით გაიქცა სტალინი პეტერბურგში 1911 წლის 6 სექტემბერს. მომავალი ბელადის გამგზავრებამდე, რამდენიმე ხნით ადრე მოხდა ისე, რომ 23 წლის პეტკასთან (როგორც მას სტალინი ეძახდა) სიმპათიური გოგონა პელაგეა (პოლია) ანუფრიევა ჩავიდა, ტოტემსკის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ. საარქივო დოკუმენტებიდან და ევგენი გრომოვის წიგნიდან, გამომდინარე „სტალინი: ძალაუფლება და ხელოვნება“, ახალგაზრდებს ქორწინება ჰქონდათ გადაწყვეტილი. აღსანიშნავია გარემოება, რომელიც ნათელს ჰფენს სოსოს და პოლიას ურთიერთობას. საქმე ის არის, რომ სტალინზე ვოლოგდელ ჟანდარმებს 24-საათიანი მეურვეობა ჰქონდათ დაწესებული. მეტიც, ყველას, ვისაც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, მეტსახელები ჰქონდა. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. პეტიას „კუზნეცი“ შეარქვეს, პოლიას – „ნარიადნაია“, სოსო ჯუღაშვილს – „კავკაზეცი“. იუმორს იწვევს აგენტების შეტყობინებები, კავკაზეცმა მალევე ჩაშალა ქორწინება; აგვისტოსა და სექტემბერში ის დიდი ხნით ჩერდებოდა ნარიადნაიასთან, კავკაზეცი ნარიადნაიასთან ერთად ბესპალოვის სახლიდან „აიყვანეს“, შემდგომში მათ კუზნეციც შეუერთდა. კუზნეცი მოგვიანებით მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს, კავკაზეცი და ნარიადნაია კი, ჯერ ლინდერის აფთიაქში შევიდნენ, შემდეგ კი ისევ ბესპალოვის ბინაში დაბრუნდნენ, საიდანაც ოთხი საათის შემდეგ გამოვიდნენ.
P. S. შემონახულია ნარიადნაიას მოგონებები სტალინთან შეხვედრების შესახებ; ასევე წიგნიც, სადაც ბელადისთვის დამახასიათებელი იუმორით გაკეთებულია წარწერა: „საზიზღარ პოლიას ახირებული იოსებისგან“ და ორი ღია ბარათიც, რომლებიც ფორმითაც საინტერესოა და შინაარსითაც. პირველზე ნიმფებია დახატული შიშველი მკერდით, მეორეზე კი – მამაკაცისა და ქალის სკულპტურული ფიგურებია, სადაც ისინი ერთმანეთს მხურვალედ კოცნიან. ტექსტი ხომ განუმეორებელია: „საზიზღარო პოლია, ვზივარ სუფრასთან და შენს სადღეგრძელოს ვსვამ, ნება იბოძე და შენც მიირთვი ახირებული იოსების სადღეგრძელო“. და მეორე ტექსტი: „ჭკვიანო პოლია, ერთი კოცნა მმართებს, გიგზავნი არა უბრალო, არამედ მხურვალე კოცნას (ისე კოცნა არ ღირს). იოსები“. ნათელია, რომ სტალინს არც სიყვარულსა და ფლირტში ჰყოლია ბადალი.