რას ვაზიანებთ გრძელი მანძილის დამუხრუჭებით გავლისას
ავტომობილის გამძლეობა მისი შერჩევისას ყველაზე სერიოზული განმსაზღვრელია. მაგრამ, ამ გამძლეობას ყველაზე მეტად ჩვენი დამოკიდებულება განაპირობებს – როგორ ვუვლით, ხშირად ვსარგებლობთ თუ არა სერვისით და საერთოდ, როგორ მოვიხმართ მას. მევლუდ მელაძესთვის ნელა სიარული ავტომობილის მოვლას სულაც არ ნიშნავს.
მევლუდ მელაძე: ქალი მძღოლების ძირითადი პრობლემა, უმნიშვნელო ნაკაწრები და მომტვრეული სარკეებია. სარკეები კი, ყურადღებით სიარულისთვის უმნიშვნელოვანესია. უამრავ მანქანას თბილისში გვერდითა სარკეები არ აქვს – ან მოპარეს, ან მოტყდა და აღარ აკეთებენ, ამის ფული სად აქვთ. სინამდვილეში კი ელემენტარული გარეგნული დაზიანება – „ჟეშტის” გასწორება, შეღებვა უძვირესია. თან, დიდი განსხვავება არ არის მანქანა ძვირად ღირებულია თუ დაბალი კლასის. „ჟეშტის“ შემკეთებელი და მღებავი ყველაზე მეძვირეები არიან. გაცილებით ნაკლები ჯდება ძრავას რემონტი, სიჩქარეთა კოლოფის ან სავალი ნაწილის რომელიმე დეტალის შეცვლა. ახალგაზრდების შემთხვევაში, სარკეების უქონლობას ემატება ის, რომ განსაკუთრებით საცობებში ჰგონიათ, მაინც გაძვრებიან და ბოდიში ამ სიტყვაზე, „ეტენებიან” თუკი რამე, პატარა სივრცე დაინახეს. სწორედ ასეთ საცობებში ხდება პატარა დარტყმები. არადა, ერთი წერტილის გასწორება თავის შეღებვიანად, დაახლოებით, 60-80 ლარი ჯდება. რაც შეეხება სარკეებს, თუ ისეთი მოდელი გყავთ, რომელსაც სარკეებს ხშირად პარავენ – „ბეემვე”, „ფოლკსვაგენი”, „ოპელი”, მაშინ უნდა გაუკეთოთ ჩარჩოები ან ამოატვიფრინოთ ნომერი. მაგრამ, ამის გაკეთებაც ეზარებათ.
– ასეთივე მნიშვნელობა აქვს სალონის სარკესაც?
– სალონის სარკეც აუცილებლად მორგებული უნდა გქონდეთ. როდესაც რაღაც მანევრს აკეთებ, aწამის მეასედებში, დინამიკურად უნდა მოხდეს. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, მანქანა შეიძლება, ატარო ნელა და დააზიანო, ან პირიქით – ჩქარა და არ დააზიანო. ეს რაღაცეები ერევათ ხოლმე, მაგრამ, რადგან ჩვენს გზებზე მაინც ძალიან ბევრი ორმოა, ახალდაგებულ ასფალტზეც კი უკვე ტალღებია გაჩენილი, ამიტომ მაინც ჯობია, საშუალო სიჩქარით იაროთ, რომ თხრილის შემთხვევაში, მანქანის აცილება მოვახერხოთ. რაც შეეხება ქვაფენილს, მასზე ნელა გადავლის შემთხვევაში, მანქანის სავალი ნაწილი, მისი რეზინები სულ მუშაობაშია. იმ პატარა უსწორმასწორობებში საბურავის ჩაყოფისას, სავალი ნაწილის ძირითადი დეტალები საკმაოდ ზიანდება. ამიტომ, თუ მოძრაობა საშუალებას გაძლევთ, რაც შეიძლება, სწრაფად აიარეთ. ანუ, ქვაფენილზე ასვლა ჯობია სწრაფად, ვიდრე ნელა. უფრო კარგად რომ მიხვდეთ, ვარაზისხევის ქვაფენილის ავლა, თუ რა თქმა უნდა, საცობი არ არის, 60-70 კილომეტრ-საათში სიჩქარით ჯობია, ვიდრე – 40-ით. კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან რჩევას მივცემ მძღოლებს, ვისაც მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილი მანქანა ჰყავს. ასიდან ოთხმოცი პროცენტი მძღოლებისა, „ცეპლენიის” პედალზე ფეხის დაჭერის შემდეგ, ფეხს აღარ იღებს. მიკითხავს ამის შესახებ და უთქვამთ, უბრალოდ გვიდევს ფეხიო...
– მეც მიდევს, მაგრამ არ ვაჭერ.
– აი, კონკრეტულად შენზეც გეტყვი – ვითომ, რომ არ აჭერ. არ არსებობს, ფეხი პედალზე გედოს და მას არ აჭერდე. ჯერ ერთი, ფეხს თავის სიმძიმე აქვს და სულ ჰაერში ვერ გექნება და მეორე, მანევრის, მოხვევის დროს, ინსტინქტურად, საკმაოდ კარგად აწვები. ძალიან ბევრი მძღოლი იქცევა ასე. ამ დროს სისტემატურად მიმდინარეობს მოდების ცვეთა და ის ძალიან მალ-მალე გახდება შესაცვლელი. შემდეგ ეს უხარისხობას აღარ დააბრალოთ. ყველა მანქანას მოდების პედალის გვერდით აქვს ფეხის დასადები ადგილი და სვლის დროს, მარცხენა ფეხი იქ უნდა გედოთ.
– რაც შეეხება მუხრუჭს.
– ერთი ძალიან ცუდი ჩვევა აქვთ ქართველ მძღოლებს. საკმარისია, ორას მეტრში დაინახონ, რომ შუქნიშანი ანთია და ამ ორასივე მეტრს მუხრუჭზე ოდნავ დადგმული ფეხით მიგორავენ. ეს ძალიან აზიანებს მთელ სამუხრუჭე სისტემას. ამ დროს, უბრალოდ, ფეხი უნდა აიღოთ გაზის პედლიდან. ავტომობილი თავისთავად შეანელებს სვლას და ბოლოს, ერთი კარგი მუხრუჭით უნდა გაჩერდეთ იქ, სადაც გსურთ. ამასთან, საშინელ დისკომფორტს ქმნის მუხრუჭზე ფეხის რამდენჯერმე დადგმა, მანქანა ძიგძიგებს. რაც შეეხება ეკონომიურად სიარულს, ბევრისგან გამიგია, რომ როცა პირველ-მეორე სიჩქარეს ამოწურავენ – ძალიან მაღალ ბრუნზე ამუშავებენ და მერე ერთ სიჩქარეში ჩააგდებენ, ანუ მესამეს მაგივრად – მეოთხეში, ამით ნაკლებ საწვავს დახარჯავენ. ეს მცდარია. დაბალ ბრუნზე, სიჩქარის შეცვლის შემთხვევაში, ყველაზე ეკონომიურადაც ივლით და, სიჩქარეთა კოლოფსაც გაუფრთხილდებით.