ვისი წარმოსაჩენი და დიდრონი მკერდი ხიბლავს ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს და რისგან არის დაუკმაყოფილებელი შორენა ბეგაშვილი
შინაურ ცხოველებზე საუბარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების სერიოზული განხილვის თემად იქცა. უკვე დაქორწინებული, ძალიან კარგი ქმარი, ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი და შეყვარებული შორენა ბეგაშვილი თავიანთ ურთიერთობებზე გულახდილად საუბრობენ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია შორენა ბეგაშვილი
– გიყურებ და მთელი ოჯახით გგულშემატკივრობ (იცინიან). შენ თუ უყურებ „იღბლიან ბორბალს”?
– კი, სხვათა შორის, რაღაც სიტყვებს ხშირად გამოვიცნობ ხოლმე და თამაშის სურვილიც გამოვთქვი. მაგრამ, როგორც ამიხსნეს, არ შეიძლება.
– ცნობილი ადამიანები არ შეიძლება, თან იმავე არხის თანამშრომელი. ვიცი, რომ ახალი დაოჯახებული ხარ და, გაყრას როდის აპირებ?
– გაგაგებინებ აუცილებლად.
– კარგი, მაშინ მომიყევი, რა და როგორ მოხდა, ქორწილი, თაფლობის თვე...
– ქორწილის შემდეგ, თვე-ნახევარში, ოჯახში მატება გვქონდა. ახლა მეშვიდე თვეშია, არის შავი, ყურები არ აეწია, მაგრამ, მხიარული, კარგი, ალერსიანი არსებაა. დავარქვით „დუჩი“. გერმანული ნაგაზია.
– აუ, ეგეთი ნამატი მეც მყავს, ოღონდ, ჩემი ცოტა მახინჯია. ბაყაყს ჰგავს, თუმცა, მაინც „პენელოპა“ ჰქვია. ძალიან უშნოა, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს.
– ჩემი დუჩიც გოგოა, თან – ლამაზი, მაღალ ფეხებზე, ჩავარდნილი წელით, ამოწეული უკანალით. მკერდიც საკმაოდ წარმოსაჩენი, დიდრონი აქვს, სახე – გამოწეული.
– ამბობენ, ძაღლები პატრონებს ემსგავსებიანო. ამსგავსებ დუჩის საკუთარ თავს? მაგალითად ჩემი ძაღლი ჩემს შეყვარებულს ჰგავს, რომელმაც ის მაჩუქა.
– ჩემი ძაღლი ჯერ გადაწყვეტის პროცესშია, ვერ გაერკვა, მე დამემსგავსოს თუ ჩემს მეუღლეს.
– გარდატეხის ასაკშია?
– ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალებას ვაძლევთ. მგონი, საკუთარ თავს დაემსგავსება, გამოამჟღავნებს იმ ნიჭსა და გენს, რომელიც მას აქვს და ბოლოს იტყვის: აი, მე თქვენ კი არ დაგემსგავსეთ, თქვენ დამემსგავსეთ, თუ კარგია.
– ეს კარგია, მაგრამ, საკუთარს როდის აპირებთ?
– ჩვენი საკუთარი მიშვებულია, მოვა, ღმერთს როგორც უნდა. ხელოვნური დაბლოკვა არ ხდება, მუშაობის პროცესში ვარ. ბავშვები გვინდა, თან – ბევრი, ოთხი-ხუთი მაინც. იყოს რა, ერთი, ორი, ხუთი, ირბენენ, გაიზრდებიან... ბიჭი თუ იქნება, ძმაკაცს ეტყვი: „წამომეზარდა შვილი, წავიყვანოთ სადმე“...
– დილით გაღვიძება არ გიჭირს? თვალს რომ ძლივს ვახელ და პირის დაბანას ვიწყებ, თქვენ უკვე ეთერში სხედხართ დაგრიმულები.
– ადრე არ მიჭირდა: ვიღვიძებდი, მარტო ვიყავი, საწოლში არავის ვტოვებდი, ეგრევე ვდგებოდი და სამსახურში მოვდიოდი. ახლა ცოტა რთულია, თბილი ლოგინიდან ადგომა, მეუღლის დატოვება. თან, მას რომ სძინავს, შენ გღვიძავს და, გინდა, მასზე ადრე გაღვიძებულმა, რაღაც ასიამოვნო, მოუმზადო, არადა, ამ დროს სამსახურში გარბიხარ.
– სხვა დროს მასზე ადრე არ იღვიძებ ხოლმე?
– კი, თავისუფალ დღეებშიც ვიღვიძებ მასზე ადრე და დილის საუზმესაც ხშირად ვახვედრებ. ვცდილობ, ბრიტანული საუზმე მოვუმზადო: ერბოკვერცხი, ყავა, ახალგაწურული ქართული ფორთოხლის წვენი... ამ ყველაფერს, შეიძლება, ამშვენებდეს ეზოში მოწყვეტილი ვარდი...
– ეზო გაქვთ?! რა კარგია!
– თუ უკვე წასული ვარ, ჩემს ფუნქციას ძაღლი ასრულებს. ოღონდ, ის უხეშად მივა, თათს სახეში ჩაარტყამს და მაიკოც იძულებულია, გაიღვიძოს. სანამ მძინავს, ძაღლი ლოგინში არ მოძვრება, რომ გავდივარ, მერე უკვე ეგრევე ადის.
– მეუღლე არ გეუბნება, იდეალური ქმარი ხარო?
– არა...
– რატომ, მძიმე ხასიათი გაქვს?
– არა, რას ამბობ! თავიდან რაღაცეები იმაზე რთულად მოვაჩვენე, ვიდრე იყო: „არ მაქვს ეს, არ მაქვს ის, მაქვს ასეთი და ასეთი ხასიათი“... თუ მართლა უყვარხარ და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამოგყვება ცოლად, ეს ნიშნავს, რომ შენიანია თავიდან ბოლომდე. „ქინდერი” შეჭამა, უგემრიელესი შოკოლადი და მერე შიგნით საჩუქარიც დახვდა.
– რა მაგარია! ანუ, ბიჭები თქვენს ცუდ მხარეებს აჩვენებთ და, თუ ამაზე გოგო მაინც წამოვა, მერე აჩვენებთ „მოიცა, ასეთი კი არ ვარ, დილით საუზმისას ვარდს მოვწყვეტ და ისე მოგართმევ“.
– აბა, ის ჯობია, ჯერ სულ ვარდები მოუწყვიტო და, რომ გამოგყვება, მხოლოდ ეკლები დარჩეს?! არა, ასეც არ არის, რომ მხოლოდ ცუდს ვაჩვენებდი და რაღაც სტრატეგიები მქონდა, უბრალოდ რაღაცეები თვითონ ოჯახმა მოიტანა, ეტაპიობრივად დალაგდა ყველაფერი. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.
– იდეალური არა, მაგრამ კარგი ქმარი ხომ ხარ?
– კი, კარგი ქმარი ვარ.
– რა არის კარგი ქმრობისა და ცოლობის კრიტერიუმები?
– კარგი ქმარი არის მოსიყვარულე, ალერსიანი, მზრუნველი მამაკაცი... ასევე, უნდა იყოს მკაცრი – ცოტა სიმკაცრე აუცილებელია. აი, ცოლიც რეკავს და ხანდახან, შეგიძლიათ, არ უპასუხოთ, ცოტა ანერვიულოთ... ვხუმრობ. კარგი ქმარი ის ადამიანია, ვინც მთლიანად არის ცოლთან და ცოლისთვის.
– სულ ვამბობთ, მთავარი სიყვარულიაო, მაგრამ, არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებიც, თან გიჟდებიან ერთმანეთისთვის და თან ჭამენ ერთმანეთს.
– ძალიან თუ გიყვარს, არა მგონია, შეჭამო. თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ, ოჯახის ფსიქოლოგს უნდა მიმართო, რადგან, არ არსებობს, რომ ეს რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. შეიძლება, ვთქვათ, ქმარს სულ სხვა პრობლემები ჰქონდეს და ცოლთან ურთიერთობის დროს ავლენდეს ამას. სხვას ვერაფერს ეუბნები, ცოლთან ჩხუბის დასაწყებად კი სულ პატარა მიზეზი გჭირდება. შეიძლება, კაცი საკუთარ თავში ჩაკეტილია ან რეალიზება ვერ მოახდინა და ამ დროს სახლში ხვდება ადამიანი, ვისთანაც ბოლომდე გახსნილია, იცის რომ იჩხუბოს, დაუთმობს და მასზე ამიტომ ანთხევს ყველაფერს.
– ვიცი, რომ კაცები თავის პრობლემებს ქალებს არ აჩვენებენ. ეს მათი სისუსტეა? გგონიათ, თუ იტყვით, რომ პრობლემა გაქვთ, ამით საყვარელი ქალის თვალში დამცირდებით?
– არა. ჩემს მაგალითზე ვიტყვი. ზოგადად, ალბათ, უამრავი რამ ხდება. არსებობს პრობლემა, რომელიც მეუღლეს, მეგობარ გოგონას ან, თუნდაც ოჯახის წევრს არ გაუზიარებ, მაგრამ, ეს არაფერს შეცვლის თქვენს ურთიერთობაში. შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარება თავადაც მოახერხო. მაგრამ, არის პრობლემა, რომელიც შეგიძლია მასაც უთხრა და მის გადაჭრაში ისიც მიიღებს მონაწილეობას, დაგეხმარება, გვერდში დაგიდგება, რჩევას მოგცემს. ამიტომ, მგონია, რომ ცოლსა და ქმარს, მეგობრებს, შეყვარებულებს შორის ისეთი საიდუმლო არ უნდა არსებობდეს, რომელმაც, შესაძლოა, ურთიერთობა გაგიფუჭოს, თან ისე, რომ, ვერც კი მიხვდე, ეს თუ რამეს აფუჭებს. ან, ზოგჯერ ბუზისგან ისეთ სპილოს ვქმნით, რომ, გვჭირდება ადამიანი, რომელიც გვეტყვის: დაეშვი, ასე არ არის, ყველაფერი მარტივადააო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი
– საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით და გავაგრძელოთ. შორენა ბეგაშვილისთვის თანასწორუფლებიანები არიან ქალი და მამაკაცი? შენი შეყვარებულის ნაჩუქარი ძაღლი მას ჰგავს. ეს რა არის, შენი სისუსტეა?
– არ ვიცი. პეკინესი მყავს და, ნებისმიერი ქალი გაცილებით ლამაზია, ვიდრე ის (იცინიან). ვერ გადმოვძალე და ვერ გავაღვიძე მასში ჩემი გენები. რაც შეეხება თანასწორობას, მაინც მიმაჩნია, რომ კაცი ქალზე გაცილებით ძლიერია. ქალი უფრო დამთმობი უნდა იყოს, კაცს უნდა ეკავოს დიდი ადგილი ოჯახში და მისი სიტყვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. კი, კარგია ეს თანასწორობა, მაგრამ, თან, ძალიან დამღლელიცაა ქალისთვის. ქალი ვეღარ გრძნობს თავის ქალურობას, სისუსტეებს, სინაზეს.
– ანუ, მაინც სუსტი სქესის მომხრე ხარ.
– აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალები ნებისმიერ კაცზე უფრო მეტს თუ არ ვაკეთებთ, ნამდვილად არ ვუდებთ ტოლს მუშაობაში თუ სხვა რამეში. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ასე ყოფნა.
– შენ გინდა, იყო სუსტი, ყვავილივით, რომელსაც წყლის დასხმა სჭირდება.
– კი, ასეა. ცოტას რომ წუწუნებ – ვაიმე, თავი მტკივა, ვაიმე, დამაძინეთ – და, ისიც ყველაფერს რომ აკეთებს შენს მოსავლელად. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, რადგან ამის საშუალება არ არის, ვცხოვრობ ისე, როგორც ამას დრო და გარემო მოითხოვს. მაგრამ, მეორე უკიდურესობაც საშინელებაა – შენ სულ სახლში იყავი, ყველაფერს მე გავაკეთებ... – ბალანსია საჭირო.
– შორენა ბეგაშვილი საკუთარ თავს სხვის გამო რამეს უკრძალავს? კონკრეტულად, შეყვარებულს ვგულისხმობ. არის ისეთი რამ, რაზეც გეუბნება: „ეს არა“?!
– ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. არ მაქვს ისეთი ცხოვრების წესი, რომ ვინმემ რამე ამიკრძალოს. აბსოლუტურად ჩვეულებრივად მივყვები ამ გზას. თუ რაღაც უკმაყოფილება ჩემს კარიერას შეეხება, მაშინ მის პრეტენზიებს გავითვალისწინებ, მაგრამ, „ეს არ გააკეთო, ის არ ჩაიცვა“ – არასდროს ყოფილა. გადასარევად ვგრძნობ, სად არის ჩემი ზღვარი და არასდროს ვაბიჯებ მას, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ცხოვრებას და არა საქმეს. ამიტომ მას აკრძლვა კი არა, კითხვაც არ გაუჩნდება, ასე გავაკეთე თუ ისე. აბსოლუტურად მშვიდად არის ამ მხრივ.
– საქმესთან დაკავშირებით რა შეიძლება რომ იყოს, ვთქვათ, რომელ ფილმში დათანხმდე გადაღებას და რომელში – არა?
– ყველამ გადასარევად იცის ჩემი იმიჯი, რომ უნდა ვიყო სექსუალური, გამომწვევად ჩაცმული... თუ ამ ყველაფერში რამე არ მოეწონება, აუცილებლად შევატყობ ამას და აუცილბლად შევცვლი ჩემს გარდერობს.
– ანუ, წახვალ უფრო კონსერვატიზმისკენ.
– ალბათ. თუ იმ ადამიანს სერიოზულად უყურებ, შენთვის მნიშვნელოვანია, მის გამო დათმობებზე აუცილებლად წახვალ; იმისთვის იცხოვრებ და არ დაგღლის ეს. მაგრამ, მასაც სულ უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრობს შორენას გვერდით, ვისზეც ხშირად ჭორაობენ, აკრიტიკებენ, უყურებენ და, ბევრ რამეს შეგუებული უნდა იყოს. არც ერთის მხრიდან არ უნდა სცდებოდეს გაჯიუტება. თუ რაღაც არც მას მოსწონს და მეც ვეთანხმები, მაშინ, გავითვალისწინებ.
– მინდა, მივცე რჩევა მამაკაცებს. მითხარი შორენა ბეგაშვილის სამი ხრიკი, რომლებისგანაც მამაკაცებმა თავი უნდა დაიცვან? ანუ, ის ხრიკები, უბედურ, საწყალ მამაკაცებს თავბრუს რომ ახვევენ.
– მინდა, გაგაკვირვო, რომ არასდროს მიცდია ვინმეს მოხიბვლა, თავბრუს დახვევა და, შესაბამისად, ასეთი ხრიკებიც არ მაქვს. საერთოდ, არც კი ვკეკლუცობ და ვეპრანჭები ვინმეს.
– კარგი არ კეკლუცობ და არ გაპრანჭულხარ, მაგრამ, იცი რამე ასეთი? რამე რომ იყოს და, დაგჭირდეს, გადანახული გაქვს ერთი-ორი ასეთი ილეთი?
– იმდენად არ მჭირდება ყურადღების მისაქცევად კეკლუცობა, რომ, ისიც კი არ ვიცი, სხვები როგორ იქცევიან.
– ვერ დავიჯერებ, რომ შორენა ბეგაშვილი არ იპრანჭება.
– ვეპრანჭები მხოლოდ საყვარელ ადამიანს. გაპრანჭვაში თავის მოვლასა და მოწესრიგებას არ ვგულისხმობ, ხელოვნურად რაღაცეების კეთება და ურთიერთობებში თამაში არ მეხერხება. არასდროს მიწუწუნია ძალით. ჩვენთან რაღაც ბუნებრივად და კარგად არის ყველაფერი და ზედმეტი თამაშები აღარ არის საჭირო.
– ასე თუ ისე, შენს სფეროში მოახდინე საკუთარი პოტენციალის რეალიზება. არის ეს ის ეტაპი, რომლითაც შეგიძლია, კმაყოფილი, იყო თუ, მაინც მიილტვი იმისკენ, რომ უფრო მეტად დახვეწო საკუთარი თავი ტელეწამყვანობაში ან მსახიობობაში? რაღაც ნიშნული გაქვს, სადამდეც გინდა რომ მიხვიდე?
– ეს ის არ არის, რაც მე მჭირდება. ეს საქართველოა, პატარა ქვეყანა და, დამეთანხმე, რომ აქ ვარსკვლავი არ არსებობს. მეკითხებიან ხოლმე, თავში რატომ არ გივარდებაო. რა უნდა ამივარდეს თავში?! არ არის ეს ის ქვეყანა, სადაც სრულფასოვნად მოახდენ საკუთარი თავის რეალიზებას. ხშირად მიფიქრია: „კიდევ რა უნდა გავაკეთო“? მიღებენ თითქმის ყოველ მეორე ფილმში, სულ მაქვს როლები, სამუშაო, და – რა?.. არაფერი, ისევ ის წრე.
– ანუ, შორენა ბეგაშვილი არის დაუკმაყოფილებელი იმით, რასაც აკეთებს?
– დიახ, მეტს ვერ გააკეთებ, ვერ მიაღწევ. ჩემი შესაძლებლობების პიკს მივაღწიე.
– მაშინ, ოცნებაზე ვილაპარაკოთ. შორენა ბეგაშვილს უნდა, რომ მიაღწიოს...
– აი, აქაც ჩიხში ვარ. იმის მისაღწევად, რაც რეალურად მინდა, საქართველოდან უნდა წავიდე, ამისი სურვილი კი ნაკლებად მაქვს. არ მინდა წასვლა და ასე ყოფნაც არ მომწონს. ერთი გამოსავალია, რომ მოვიქცე ისე, როგორც საქართველოში ხშირად იქცევიან: მიაღწევენ რაღაცას, გაიცნობენ ვინმეს, გათხოვდებიან და – მორჩა. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი არ მინდა, არ ვიცი, რა გავაკეთო, მართლა დაბნეული ვარ. ჯერჯერობით მივყვები დინებას, მაქვს რამდენიმე ფილმის პროექტი და მათი დასრულების შემდეგ არ ვიცი, რას ვიზამ, იმედია რამეს მოვიფიქრებ.