დაჯღანულები და თვალდაჭყეტილები
იმან, რაც რუსთაველის პროსპექტზე გასულ კვირას მოხდა, საქართველოს უახლესი ისტორია სრულად გადაფარა: რა გასაკვირია, როდესაც გადასაღებ მოედანზე იგი, ანუ ენდი გამობრწყინდა. ქართველი ჟურნალისტები მას სათოფეზეც არ გააკარეს, სამაგიეროდ, როცა მსახიობი იქ არ იყო, საგრიმიოროში შეაჭყიტეს (და, მართლაც, აბა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი ზეიმი ქართული თავისუფალი სიტყვისთვის?!). მეტიც, იმთავითვე გვითხრეს, რომ ენდი გარსია, როგორც ყოველთვის, ჟურნალისტებთან უცერემონიოაო (თან ისეთმა გახარებულებმა გვამცნეს ეს ამბავი, რომ გაჩნდა ეჭვი, რაც მეტად იუხეშებდა ბ-ნი გარსია, მით მეტ ნეტარებას განგვაცდევინებდა, სხვათა შორის, მიუხედავად სქესისა, ეთნიკური წარმოშობისა და პარტიული კუთვნილებისა). არც ის დაივიწყეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს არათუ საქართველოს, „ჰოლივუდის“ ისტორიაშიც კი! ხოლო, რაკი არ მომხდარა (ვერც მოხდებოდა), აშკარაა, წინ დიდი მომავალი „გვეჯღანება“: რუსის ჯარიც აქვეა; არც ჩვენ გვეტყობა მაინცდამაინც, რომ მათ ხახვს, თუ მთლად ყურებზე ვერა, მავთულხლართებზე მაინც დავაჭრით და, სანამ „თქვენი ქმარი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშშ) გამოსასყიდს მოიტანს, ვიჭიდაოთ მე და თქვენო“. ოღონდ, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე შორს მაინც ფილმის ამერიკელი რეჟისორი (რომელიც ქერის ორმოშიც ჩავარდა) წავიდა და კიდევ უფრო გაგვახელა: ენდი გარსია იმისთვის დაიბადა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი ეთამაშაო. შესაბამისად, გამოდის, რომ
ენდი გარსია დაიბადა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ეთამაშა;
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა იმისთვის, რომ ენდი გარსიას თავისი დაბადება გაემართლებინა;
საქართველო კი დაირბა იმისთვის, რომ ამ ორს თავისი მისია ეპოვა?!