ექიმის რჩევები
კითხვა: რა არის ადენოიდები და როგორია მათი მკურნალობა?
პასუხი: ადენოიდები – ცხვირის გადიდებული ნუშურებია. თუ კონსერვატული მკურნალობა არაეფექტურია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
კითხვა: მაქვს ბულემია. მირჩიეთ, როგორ ვებრძოლო მას?
პასუხი: რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ბულემიასთან დამოუკიდებლად ბრძოლა ძალიან რთულია, შეიძლება, მდგომარეობა სერიოზულად გართულდეს. ბულემიას ექიმ-ფსიქიატრი მკურნალობს.
კითხვა: ჩემს 12 წლის ვაჟს თითქმის ყოველთვე თვალზე ჯიბლიბო უჩნდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: მიმართეთ იმუნოლოგიურ ლაბორატორიას, შეამოწმეთ ფაგოციტოზი. ეცადეთ, უსუფთაო ხელით არ შეეხოს და დროებით მოარიდეთ კომპიუტერს. იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს, მონიტორთან ან ტელევიზორთან ხანგრძლივად ახლოს ჯდომა.
კითხვა: მხრებსა და კისერზე თეთრი ლაქები გამიჩნდა (არ მაწუხებს). რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ეს არის ვიტილიგო – კანის პიგმენტაციის დარღვევა. გარანტირებული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობას აზრი აქვს მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით, კოსმეტოლოგებთან.
კითხვა: გულზე ოპერაციის შემდეგ, სასქესო ორგანოს ზომა შემიმცირდა, სხვა მხრივ ფუნქცია შენარჩუნებულია. იქნებ, ეს სიბერეა? ვარ 58 წლის.
პასუხი: გულზე ქირურგიული ჩარევა არ იწვევს სასქესო ორგანოს შემცირებას. ზომების უმნიშვნელოდ შემცირება შეიძლება ჰორმონალური ფუნქციების დაქვეითების შედეგი იყოს.
კითხვა: საშვილოსნოს ტონუსისა და მუცლის მოშლის საშიშროებასთან დაკავშირებით დამინიშნეს დუფასტონი, მიუხედავად იმისა, რომ პროჰესტერონის მაჩვენებელი ნორმაში მაქვს. ხომ არ გამოიწვევს პრეპარატი ჰორმონალურ დისბალანსს?
პასუხი: პრეპარატი ხშირად ინიშნება ადრეულ ვადებზე ორსულობის შესანარჩუნებლად. ამიტომ, დაუჯერეთ ექიმს.
კითხვა: შეიძლება თუ არა მასტოპათიის ჰირუდოთერაპიით მკურნალობა?
პასუხი: არა, მასტოპათიას წურბელებით არ მკურნალობენ!
კითხვა: დილა-საღამოს მუცლის ყურყური და შებერილობა მაწუხებს, დღის განმავლობაში კი კარგად ვარ. რა შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს სიმპტომები დამახასიათებელია ნაწლავების მიკროფლორის ზრდასთან. შეამცირეთ ნახშირწყლების მიღება, ნუ დალევთ რძეს. მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
კითხვა: მაქვს ფერიმჭამელები. რა არის მიზეზი და როგორ ვებრძოლო მათ?
პასუხი: ფერიმჭამელები იმუნიტეტის სისუსტის მაჩვენებელია. უფრო ხშირად, მათი გამომწვევი მიზეზი დისბაქტერიოზია. შეზღუდეთ ნახშირწყლების მიღება, მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი