კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გარბის ქალი, თავისი ცხოვრების მამაკაცისგან და რატომ ამბობს ის უარს სიყვარულზე

სიყვარულის ფენომენი საკმაოდ რთული ასახსნელია. ვერავინ იტყვის, როდის და რა ვითარებაში ეწვევა მას ეს გრძნობა, როგორ ემოციებს გამოიწვევს მასში და რისკენ უბიძგებს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ სიყვარული ადამიანში მისი ხასიათის მიხედვით ვითარდება, ანუ, იმ თვისებებს იძენს, როგორიც საერთოდ აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს. სიყვარული არ შეიძლება, იყოს ნეგატიური. თავისთავად ის მშვენიერი, დადებითი და კეთილი გრძნობაა და რანაირად შეიძლება, იქცეს ბოროტების იარაღად?! თუმცა, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგჯერ კი ჯობია, საერთოდ არ გიყვარდეს. ყოველ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება სიყვარულის გარეშე უფრო ეადვილებათ და ამასაც თავისი ახსნა და მიზეზები აქვს.

ლენიკო (37წლის): ზოგჯერ ადამიანი უამრავ ძალასა და ენერგიას ხარჯავს მიზნის მისაღწევად: ნერვიულობს, განიცდის, მიაჩნია, რომ ეს არის მისი ცხოვრების აზრი, რომ ამის გარეშე ყველაფერი უინტერესო და უფერულია. მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ, ეს მიზანი არათუ არაფერში გჭირდებოდა, დიდი შანსია, ამ მცდელობის ნაყოფმა ცხოვრება საერთოდ დაგინგრიოს. სულ ტირილი მინდა, თან მრცხვენია ამის. საკუთარი თავი ზოგჯერ ისე მძულს, მინდა, ფიზიკური ტკივილი განვიცადო, რაღაც შეგნებულად დავიზიანო. შეიძლება, თქვენ ვერ გაიგოთ, ეს რა გრძნობაა. სიმშვიდე ჩემთვის ძალიან უცხო და სანატრელი გახდა. იცით, როგორ მიკვირს იმ ქალების, რომლებიც სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი ხდებიან და ეს მოსწონთ? სხვის ოჯახში რომ შეძვრები, სხვის ლოგინში რომ ჩაძვრები, უკვე ისეთი ხდები, როგორ გითხრათ, საკუთარ თავსა და ღირსებას კარგავ. ჭკუას არავის ვარიგებ, არც არავის დამოძღვრას ვცდილობ. ყველას თავისი არჩევანი და ცხოვრება აქვს. მე საკუთარი თავის შესახებ მოვყვები. ძალიან უიღბლო აღმოვჩნდი. არ გამიმართლა და, ვფიქრობ, თვითონ ხომ არ ვარ ამაში დამნაშავე. ყველა ადამიანი ხომ იმას იღებს, რასაც იმსახურებს. ეტყობა, ვერაფერი უკეთესი ვერ დავიმსახურე. გული მტკივა, მართალია, მაგრამ, ვერავის დავაბრალებ. როგორ მოხდა, რომ მე, ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალს, ცოლიანი მამაკაცი შემიყვარდა?!

– ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალებს არ სჭირდებათ სიყვარული? არ შეიძლება მათ, ვინმე შეუყვარდეთ?

– როგორ არ სჭირდებათ, სიყვარული ყველას სჭირდება. მე ეგ არ მიგულისხმია. იმის თქმა მინდოდა, რომ ამხელა ქალს ჭკუა გრძნობას უნდა უსწრებდეს. არ შეიძლება, ემოციამ გიკარნახოს საქციელი. ყოველთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა „მესამე ზედმეტის“ როლში ყოფნა.

ბოლოს, ცოლები აღმოჩნდებიან ხოლმე ზედმეტები, მესმის მათი და არასოდეს ვიქნები გამთიშველის როლში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. ეს ჩემი ტვირთი და ჩემი ტკივილია. სამწუხაროა, რომ ბედმა სწორედ ასეთი სიყვარული მარგუნა. არანაირად არ ვარ მადლობელი ამ გრძნობისთვის. საერთოდ არ მინდოდა ასეთი გრძნობა. მერჩივნა, ისევე უსიყვარულოდ ვყოფილიყავი, როგორც აქამდე ვიყავი. მიჭირდა უსიყვარულოდ, მაგრამ, სული მაინც არ მქონდა დამძიმებული. თან, მომავლის იმედი მქონდა, რომ ერთ დღეს მეც მეღირსებოდა ჩემი წილი ბედნიერება. ახლა ამის იმედიც აღარ მაქვს. შემიძლია, საყვარელი მამაკაცის გვერდით ვიყო, ის ყველაფერზე თანახმაა, მაგრამ მე აღარ მინდა ეს.

– იმიტომ, რომ ცოლიანია?

– დიახ, იმიტომ, რომ ცოლიანია. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ცოლთან აღარაფერი აკავშირებს. მას შემდეგ, რაც ამაზე დამიწყო ლაპარაკი და მტკიცება, დიდი ხანია, ჩვენი ქორწინება ფიქტიური გახდაო, მით მეტად გამიძლიერა პროტესტის გრძნობა. ბევრი ქალისთვის არ არის ბარიერი იმ კაცის ოჯახური მდგომარეობა, რომელიც უყვარს – ამბობენ, ეს მე არ მაინტერესებს. ცოლი რომ ნდომოდა და ჰყვარებოდა, მე ხომ არ გამომეკიდებოდაო. მაგრამ, ასეც არ არის. მამაკაცებს აქვთ პერიოდები, როცა ამჩატდებიან და თვითონაც არ იციან, რას ეძებენ. აცერცეტდებიან და ებღაუჭებიან წამებს, რომლებიც სიბერესთან აახლოვებთ. ეძებენ თავგადასავალს და ამ დროს ებმებიან. იმ წუთში მათ მართლაც სჯერათ, რომ უყვართ. თან, ცოლი ისეთი მომენტია, ეჩვევიან და მის მიმართ რომანტიკა აღარ აქვთ. თუ, მით უმეტეს, კაცი რომანტიკოსიც არის, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. განა არ უნდათ ოჯახი, მაგრამ, რაღაც ახლის შეცნობის სურვილი უბიძგებთ თავგადასავლისკენ და, თუ ამ დროს გამოუჩნდებათ ის, ვინც მათ ხელგაშლით მიიღებს, მორჩა, შებმულია. მე რომ ის გავიცანი, არ ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. არ უთქვამს და მეც არ მიკითხავს. ისე იქცეოდა, აზრადაც არ მომსვლია, რომ მის უკან ცოლი და ორი შვილი იდგა.

– რას ნიშნავს – „ისე იქცეოდა”, ანუ, როგორ იქცეოდა?

– ძალიან შეყვარებული ბიჭივით. უფრო სწორად, პირველად რომ შეუყვარდება კაცს და ქვეყნიერების ბატონ-პატრონი ჰგონია თავი. საოცრებებს აკეთებდა. ისეთ სიურპრიზებს მიწყობდა, შოკში მაგდებდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ მამაკაცს შეეძლო ასეთი რაღაცეების მოფიქრება, ყვავილებზე და „ბეზდელუშკებზე” არ არის საუბარი, მპატიჟებდა კონცერტებზე, გამოფენებზე, ძალიან რომანტიკული და არაჩვეულებრივი იყო. მეც ვიფიქრე, რომ გამოჩნდა კაცი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. იცით, კიდევ რატომ მეგონა, რომ ძალიან სერიოზულად ჰქონდა ჩემთან ყველაფერი? ინტიმურ სიახლოვეს არ ცდილობდა. რომ დაეძალებინა დაახლოება, შემოეთავაზებინა თუნდაც რამდენიმე პაემნის შემდეგ, პრინციპში, არც გამიკვირდებოდა და მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. მე მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ ლამის იქით შევთავაზე საკუთარი თავი. გეფიცებით, მართლა ასე იყო. შემიყვარდა და მინდოდა მასთან სიახლოვე, არ ვმალავ. ან, რაღა მაქვს დასამალი და საკუკუმალო ამხელა ქალს, რაღა მნიშვნელობა აქვს. ვისთვის ვითამაშო უმანკო ქალწულის როლი? მით უმეტეს, რომ არც არავის სჭირდება ჩემი უმანკოება. მოკლედ, იყო სიტუაცია და დარჩა ჩემთან. მერე კიდევ დარჩა, მერე კიდევ და, შევთავაზე, საერთოდ გადმოსულიყო ჩემთან საცხოვრებლად. თავი უკვე მის ცოლად წარმოვიდგინე, მისი ოჯახის დიასახლისად და მისი შვილების დედად.

– ეჭვი საერთოდ არ შეგპარვიათ, რომ ცოლი ჰყავდა?

– როგორ უნდა შემპარვოდა, მითხარით, შუბლზე არ ეწერა და რანაირად უნდა მივმხვდარიყავი?

– მაგალითად, თავისი მეგობრები გაგაცნოთ? ან რომელიმე ნათესავი გაგაცნოთ – გიცდიათ ნებისმიერ დროს მასთან სახლში დარეკვა? ან, ერთხელ მაინც გითხრათ, სად ცხოვრობდა?

– სხვათა შორის, ახლა დავფიქრდი თქვენს ნათქვამზე და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. რატომ არ დავუკვირდი ამ ყველაფერს? რა სულელი ვარ! გაცილებით ადრე გავიგებდი სიმართლეს. თუმცა, სიყვარულს მაინც ვერ ავიცილებდი, რადგან, მგონი, პირველივე ნახვისას შემიყვარდა. მე ცხოვრება გამირთულა ამ სიყვარულმა. ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება, ვერც კი შევიგრძენი. როცა მითხრა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე უნდა დაგელაპარაკოო, მუხლები ამიკანკალდა. დარწმუნებული ვიყავი, ეს ჩვენი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეეხებოდა. მაგრამ, ცოლი მყავსო, რომ თქვა, ჯერ ვიფიქრე, ნამდვილად მომესმა-მეთქი. დებილივით ვუღიმოდი მაინც. ძალიან ძნელად გავაცნობიერე ამ სიტყვების აზრი. იდგა დამნაშავე ბავშვივით და მიყურებდა. მე ტირილი დავიწყე, მერე საშინლად გავლანძღე – ყველაფერი ვუთხარი, რაც ენაზე მომადგა. ხმა არ ამოუღია. აქამდე რატომ არ მეუბნებოდი-მეთქი, რომ ვუთხარი, შენი დაკარგვის მეშინოდაო. იმ წუთას ისიც მძულდა და საკუთარი თავიც. რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის დამკარგავდი, ახლა თუ ცოტა უფრო ადრე, ან, იქნებ, მხოლოდ, ჩემთან დაწოლა გინდოდა-მეთქი. ეგ როგორ იფიქრე, შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და ასე ადვილად ვერ შეგელევი, ვერ გადავიტან შენს დაკარგვას, ერთად ვიქნებითო. იცით, როგორ ვუსმენდი?! გულს გარეთ. ჩემთვის ყველაფერი უკვე დამთავრდა, იმ წუთში დამთავრდა, როცა მისი ცოლის ამბავი გავიგე. წერტილი დაესვა და სალაპარაკოც აღარაფერი მქონდა. გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ.

– რა გადაწყვეტილება?

– რომ დავამთავრებდი ამ ურთიერთობას, დავშორდებოდი და აღარასოდეს შევხვდებოდით. ჩემთვის ცოლიანი კაცი ყოველთვის იყო ის ბარიერი, რომელსაც ვერასდროს გადავლახავდი.

– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენს დაბრკოლებას?

– რა თქმა უნდა. მე არავის განვიკითხავ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ, იმის მტკიცება, რომ „მესამე“ არ ანგრევს ოჯახს, მე იმ „მესამის” თავის გამართლების საშუალებად მიმაჩნია. როგორ არ ანგრევს? ის რომ არ იყოს, კაცი არჩევნის წინაშეც არ დადგება – რეალობა ეს არის. თუ არ არსებობს საცდური, არ წამოეგები მის ანკესზე, ხომ მართალი ვარ? გამონაკლისი შემთხვევებიც არის, როცა კაცი, უბრალოდ, არ არის ოჯახისთვის დაბადებული და იმისთვის სულერთია, ვინ ეყოლება გვერდით. მაგრამ, მამაკაცები, ძირითადად, ზარმაცები არიან და ეზარებათ ახალი, სერიოზული ურთიერთობის დაწყება.

– ანუ, ინიციატორი ქალია თუ კაცი?

– ძირითად შემთხვევაში, როცა კაცს ოჯახი აქვს, მასთან სერიოზული ურთიერთობების ინიციატორი ქალია, ზუსტად ის „მესამე”. მე ძალიან ხშირად მიფიქრია ამაზე და საკუთარი თავის „მესამედ” წარმოდგენა ყოველთვის მზარავდა. მეშინოდა კიდეც.

– გეშინოდათ ცოლის შურისძიების?

– არა, ცოლის შურისძიება არაფერ შუაშია. იმ ცოდვის უნდა გეშინოდეს, რომელსაც სჩადიხარ, არ შეგრჩება ის ბედნიერება. მე ამას „ფსევდობედნიერებას“ დავარქმევდი, რომელსაც სხვისი ცრემლების, ტკივილისა და უბედურების ხარჯზე ააშენებ. ეს გამორიცხულია, ამიტომაც ვთქვი სიყვარულზე უარი და გავიქეცი მისგან. თუმცა, შემეძლო, გამეგრძელებინა ურთიერთობა. მაგრამ, არ ვნანობ. ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. გული მწყდება, ბავშვის გაჩენა რომ ვერ მოვახერხე.

– ბავშვი ხომ სამუდამოდ დაგაკავშირებდათ მასთან?

– არც ვეტყოდი ბავშვის შესახებ არაფერს, ეს ჩემი საიდუმლო იქნებოდა. ურთიერთობაში ბავშვი არ არის მთავარი, ბავშვი მე ჩემთვის მინდოდა. მით უმეტეს, იმ მამაკაცისგან, რომელიც მთელი არსებით მიყვარს, არანორმალურად და ტკივილამდე. მე, ფაქტობრივად, მსხვერპლი გავიღე მისი ცოლის სასარგებლოდ.

– ესე იგი, მაინც მსხვერპლად მიგაჩნიათ საკუთარი თავი?

– დიახ, მიმაჩნია, ტყუილს ვერ ვიტყვი, მსხვერპლი ვარ. მაგრამ, უფრო ჩემი გრძნობის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ადამიანის. კიდევ ერთი რაღაც უნდა ვთქვა: მე ჩემი საყვარელი მამაკაცის მიმართ პატივისცემის გრძნობა დავკარგე. მიყვარს, მაგრამ პატივს აღარ ვცემ.

– როგორ გგონიათ, თქვენი მსხვერპლი გამართლებული იქნება? ანუ, შეურიგდება ის მეუღლეს?

– ალბათ, კი. იმიტომ, რომ მას ჩემთან მოსასვლელი გზა მოჭრილი აქვს, არანაირი შანსი არ დავუტოვე. ჯერ ერთი, ძალიან უნდა იწვალოს, რომ მიპოვოს. მობილურის ნომერიც შევცვალე. მეც არ მინდა მისი ნახვა. მეშინია, რომ საკუთარ თავს ვერ მოვერევი. არ არის ადვილი, მუდმივად ბრძოლები მაქვს.

– ფიქრობთ, თუ შეხვდით, მასთან დაბრუნების შანსი არსებობს?

– არ ვიცი. დარწმუნებული ვერ ვიქნები. მე არც ის მეგონა, რომ ცოლიანი კაცი შემიყვარდებოდა, მაგრამ, ხომ შემიყვარდა? როგორ გამოვრიცხო შანსი? ამიტომ, უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს, მისგან შორს თუ ვიქნები. შეიძლება, ისიც შევძლო, რომ მასზე საერთოდ აღარ ვიფიქრო. თუმცა, ამას ალბათ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

– მისმა ცოლმა იცოდა თქვენი რომანის შესახებ?

– მგონი, არა. დარწმუნებული არც ამაში ვარ. ჩვენ არ გვქონია ერთმანეთთან შეხება, არც კი მინახავს და, ბუნებრივია, არც ვიცნობ. ჯერ ერთი, თავიდან საერთოდ არც ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, ხოლო, როცა გავიგე და მითხრა, ცოლი მყავსო, მას მერე ჩვენი ურთიერთობა შეწყდა. იცით, როგორი თავგამოდებით მიმტკიცებდა, ჩემი ქორწინება უკვე დიდი ხანია ფიქტიურია და ცოლთან აღარაფერი მაკავშირებსო? შენ მხოლოდ ცოტა დრო უნდა მომცე და მერე ყველაფერი კარგად გვექნებაო. შემზარა, როცა წარმოვიდგინე, რომ, თუ დამარწმუნებდა, როგორ წავიდოდა სახლში კმაყოფილი და ახლა ცოლს ეტყოდა – რას ამბობ, შენ გარდა არავინ მყავს და არც არავინ მინდაო.

– რატომ ფიქრობთ, რომ ასე მოიქცეოდა, იქნებ, თქვენთან გულწრფელი იყო?

– არა, არ იყო გულწრფელი. ყველა ცოლიანი მამაკაცი, რომელიც მეორე ქალთანაც ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას, ზუსტად ასე იქცევა. თუ არ უნდათ და არ უყვართ თავიანთი ცოლები, გაშორდნენ და მერე დაუწყონ ძებნა სიყვარულს – გულწრფელობა მე ასე მესმის. შეიძლება, იმას ჰგონია და სჯერა, რომ ვუყვარვარ და გულწრფელია, მაგრამ, ამაზე არ ვლაპარაკობ. ხომ იცით, ყველას თავისი სიმართლე აქვს. მე უნდა ვიყო საკუთარ თავთან მართალი, დანარჩენს არაფერს აქვს მნიშვნელობა. მართალი კი ვერაფრით ვიქნებოდი, იმასთან კიდევ რომ დავრჩენილიყავი. შეიძლება, მამაკაცის საყვარელი ვიყო, მაგრამ, ის ჩემსავით თავისუფალი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში – ცოლიანი!


скачать dle 11.3