როგორ გადაარჩინა ღმერთმა ლორინა პაპუაშვილი, ვის ამსგავსებს ის საკუთარ თავს და რატომ არის მისი ცხოვრება სუპერაქტიური
სოხუმის თეატრის მსახიობი, ლორინა პაპუაშვილი, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. მას საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრებისეული ისტორია აქვს, რომელზე საუბარიც ძალიან უჭირს. რამ გადაატანინა ლორინა პაპუაშვილს რთული პერიოდები და როგორია მისი ცხოვრება ამ ეტაპზე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– ძალიან რთულად გასახსენებელი წარსული გაქვთ. ალბათ, გიჭირთ საუბარი ამ თემაზე.
– არავის ვუსურვებ იმას, რაც მე დამემართა – შვილი და მეუღლე ერთდროულად დავკარგე. როდესაც ჩვენი შვილის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ, ჩემმა მეუღლემ ვერ გაუძლო ამ ამბავს და მეცხრე სართულიდან გადახტა – თავი მოიკლა. არ ვიცი, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს და დღემდე ცოცხალი როგორ ვარ. ალბათ, ის მაძლიერებს, რომ ჩემი შვილი ვაჟკაცი იყო და ბრძოლის დროს დაიღუპა. გუშინდელი დღესავით მახსოვს 1992 წელი სოხუმში – ამ წელს მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში.
– რამ გადაგატანინათ ის რთული პერიოდი?
– თავიდან ვერც ვაცნობიერებდი, რა მჭირდა. ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ სხეულში რაღაც ჩამწყდა – მე ხომ ოჯახი დავკარგე და სრულიად მარტო დავრჩი საკუთარ თავთან. არავის ნახვა არ მინდოდა. ვფიქრობდი, ჰქონდა თუ არა აზრი ჩემს ცხოვრებას. ცოტა ხნის შემდეგ კი მივხვდი, რომ უნდა მეცოცხლა, რადგან ჩემს მეუღლესა და შვილს პატრონი სჭირდებოდათ. გავაგრძელე თეატრში თამაში და, იცით, თითქოს თავიდან დავიბადე. ყველას უკვირდა, ამხელა უბედურების შემდეგ როგორ შემეძლო თამაში. ეგონათ, მეხსიერებას დავკარგავდი, თუმცა, შევძელი ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელება.
– მაინც, რა დაგეხმარათ ამაში?
– შინაგანი ძალა დამეხმარა. ჩვენ სამნი ერთი სხეულივით ვიყავით, რადგან ისინი აღარ იყვნენ და მარტო დავრჩი, ყველაფერი ჩემს კისერზე გადმოვიდა – მე თვითონ უნდა მერჩინა ჩემი თავი. ბავშვობიდან კარგად ვკერავ, ამიტომ ეს საქმე დამეხმარა ცხოვრებაში. უამრავი კლიენტი, მყავდა, მთელი სოხუმი ჩემი შეკერილი სამოსით დადიოდა. შემდეგ ბეწვზე მუშაობაც ვისწავლე. ღამის 3 საათამდე ვიჯექი და ვკერავდი, დილით კი რეპეტიციებზე გავრბოდი. საზოგადოებას ცოტა უკვირდა, ამდენ რაღაცას რომ ვახერხებდი. მკითხულობდნენ, როგორ ვიყავი, მე კი ვესაუბრებოდი ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, ხელოვნებაზე და ასე შემდეგ.
– ჩვეულებრივი ცხოვრება როდის დაიწყეთ?
– ჩვეულებრივი ცხოვრება არასოდეს არ დაიწყება ჩემთან. თუმცა, ვიცი, რომ ჩემს ძმისშვილებს პატრონი სჭირდებათ და ბევრი უნდა ვიშრომო, რომ არაფერი მოაკლდეთ. მე ძმაც გარდამეცვალა – პანკრეასის სიმსივნე ჰქონდა და დარჩნენ ბავშვები ობლად. იმდენს ვდარდობ მათზე, რომ ნახევრად არ მძინავს.
– თავიდანვე ასეთი ძლიერი ქალი იყავით თუ ცხოვრებამ გაგაძლიერათ?
– თავიდანვე ძლიერი ადამიანი ვიყავი. თუმცა, რასაკვირველია, ცხოვრებამაც ბევრი რამ მასწავლა. თეატრში მსახიობებს უკვირდათ, როგორ ვახერხებდი თუნდაც როლის სწავლას. მე კი ამ დროს ჩემი შინაგანი ძალა მეხმარებოდა.
– როგორ გაგრძელდა შემდეგ თქვენი ცხოვრება?
– შემდეგ ოქროულობის ბიზნესივით რაღაც წამოვიწყე. რასაც მოჰყვა ჩემი არაერთხელ დაყაჩაღება. იარაღიც კი მესროლეს. ერთხელ, მახსოვს, ეზოში ვიყავით, მეზობელმა მითხრა, დამელოდე, მეც გამოგყვებიო. მანქანაში ჩავჯექი, სიმღერები ჩავრთე და ველოდებოდი ამ ჩემს მეზობელს. უცბად უკნიდან ვიღაც ნიღბიანი მომვარდა, იარაღი ჰაერში გაისროლა და მითხრა, რომ არ გავნძრეულიყავი. მეორემ კი მანქანაში დაიწყო ოქროულობის ძებნა. როგორც წესი, ნივთებს სავარძლის ქვეშ ვდებდი, ხოლო სავარძელზე სამსახურში წასაღები საჭმელი მედო ხოლმე. იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, პირიქით გავაკეთე – ოქროულობა დავდე სავარძელზე ზემოდან. ქურდმა იფიქრა, ოქროულობა სავარძლის ქვეშ იქნებოდა, სტაცა ხელი და გაიქცა. მე მივხვდი, რაც წაიღეს, მაგრამ, ხმა არ ამოვიღე. ასე გადამარჩინა ღმერთმა. ოქროულობის საქმეში დღემდე ვარ, მაგრამ, დიდ ყურადღებას ვაქცევ, ასევე, ჩემს პროფესიას – პირველ ყოვლისა, მე ვარ მსახიობი და შემდეგ სხვა დანარჩენი.
– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” როგორ მოხვდით?
– ბატონმა ნიკა წულუკიძემ მიმიწვია სერიალში, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ძალიან მომწონს ჩემი გმირი. თავიდან შებოჭილი ვიყავი, მაგრამ, ნელ-ნელა გავიხსენი და გავთამამდი. ჩემი პერსონაჟი ძალიან უშუალო და გულწრფელი ადამიანია. უნდა, ყველას რაღაც კარგი გაუკეთოს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ენამწარეა ხოლმე.
– საკუთარ თავს თუ ამსგავსებთ რამით?
– კი, ვგავარ ბევრი რაღაცით, მაგრამ, მგონი, ენამწარე არ უნდა ვიყო. (იცინის). მეც მასავით უშუალო ვარ და მინდა, ყველას ჩემებურად დავეხმარო. ისიც ჩემსავით ვერ ისვენებს, სულ რაღაცას აკეთებს.
– აქტიური ქალი ჩანხართ. პასიური პერიოდები თუ გაქვთ ხოლმე?
– დიახ, ძალიან აქტიური ვარ. პასიური პერიოდები არც მაქვს და, ალბათ, ვერც მექნება, რადგან სულ ათი და ოცი საქმე მაქვს ხოლმე ერთად გასაკეთებელი. ხანდახან, ვფიქრობ ხოლმე, ხომ შეიძლება, ცოტა მეც დავისვენო, მაგრამ, არ მეღირსა (იცინის). დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ღმერთმა ეს მისია დამაკისრა – ქველმოქმედება. რაც მე შემემთხვა ცხოვრებაში, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ადამიანის დაბადებისთანავე იწერება მისი ბედისწერა.
– ახლა მარტო ცხოვრობთ?
– დიახ, მარტო ვცხოვრობ და ეს საშინელებაა. ვცდილობ, ძალიან გვიან მივიდე სახლში, რომ მაშინვე დავიძინო. მთელი დღე უამრავ რეისს ვაკეთებ, სულ დავდივარ. ჩემი ცხოვრება აქტიური კი არა, სუპერაქტიურია. იცით, ეს მე მომწონს – კარგია, როცა ბევრი საქმე გაქვს, გულს აყოლებ. აბა, უსაქმურობა რა სანატრელია!