რა სასწაულის მომსწრე გახდა ვახტანგ ნინუას ოჯახი მსახიობის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში
„უდიპლომო სასიძო”, დარწმუნებული ვარ, ყველასათვის საყვარელი ფილმია და ვახტანგ ნინუაც მაყურებელმა უფრო მეტად ამ ფილმიდან შეიყვარა. ამჯერად ამ ადამიანის წარსულში გამოგზაურებთ და მისი ცხოვრების ყველაზე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ჯერ არაფერი გსმენიათ.
მანანა ნინუა: მამა დაიბადა 1916 წლის 6 სექტემბერს, ბაქოში. მამამისი მეწარმე გახლდათ. ბაქოში ნავთობზე მუშაობდა და, აგრეთვე, ჰქონდა საკუთარი კონიაკის ქარხანა, რომელიც კონიაკ „დავით ნინუას” უშვებდა. დედამისი, მარინე ჭყონია, დიასახლისი, მაგრამ საკმაოდ განათლებული ქალი იყო. ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, ცხრა-ცხრა დედმამიშვილი ჰყავდათ. ბებიას ოჯახი ბათუმიდან იყო, ბაბუას ოჯახი, სამტრედიიდან. თავდაპირველად ტყუპი ვაჟი შესძენიათ, რომლებიც მალევე გარდაიცვალნენ, მერე ვახტანგი გაჩნდა. ამბობდა: მამაჩემმა ვახტანგი ვახტანგ მეფის პატივსაცემად დამარქვაო. ორი წლის შემდეგ ისევ ვაჟი გაუჩნდათ – შოთა. მას ეს სახელი, ალბათ, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაარქვეს. ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მამა იხსენებდა, მამაჩემი რომ შემოვიდოდა სახლში, იმდენი ფული ჰქონდა, ჰაერში ყრიდაო. მოგეხსენებათ, ქართველების დიდი ნაწილი აზერბაიჯანში იყო გადასული, მათ შორის იყო ახმეტელიც თავისი დასით. რევოლუცია რომ მოხდა, იძულებულები გახდნენ, ისევ აქეთ წამოსულიყვნენ. ვერ გეტყვით, ვისგან გამოჰყვა მამას ხელოვნებისადმი სიყვარული და სწრაფვა, რადგან ჩვენს ოჯახში და გვარში არავინ იყო ხელოვანი. ერთ დღესაც, ბაბუამ გადაწყვიტა, ბათუმში წამოსულიყვნენ. ამ დროს ბებია უკვე გარდაცვლილი იყო – ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, ბათუმიდან თბილისისკენ მომავალი, მატარებელში ტიფით დაავადდა და ძალიან ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბათუმში სამი ბინა იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. შემდეგ, ბინები ბიჭებს დაუტოვა და თვითონ თავის დებთან, სამტრედიაში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მამაჩემმა და ბიძაჩემმა ბინები თბილისში, დიდუბეში, ვახუშტის ქუჩაზე გადმოცვალეს. მამამ კამოს ქუჩაზე მდებარე ინდუსტრიულ ტექნიკუმში ჩააბარა. მერე ისე მოხდა, რომ ფილმში გადაიღეს. მისი პირველი ფილმი იყო „მწვერვალთა დამპყრობლები”. შემდეგ – „ბედნიერი შეხვედრა”. გადაღებები ქობულეთში ჰქონდათ. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ. დედა, ნატალია, იხსენებდა: მკლავზე შავი ლენტი ეკეთა. დედამისის გარდაცვალებიდან წელიწადი იყო გასული. მაღალი, ძალიან გამხდარი ბიჭი იყოო. ჩვენს ოჯახში მათი ჩხუბი არასდროს არავის უნახავს და ხმამაღალი სიტყვა არ გაუგიათ. დედა, ნატალია ინაშვილი, რეპრესირებული ოჯახიდან იყო – მამამისი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ბაბუა კავკასიის მაგისტრალური ხაზის მთავარი ეკონომისტი იყო. ერთხელ მე და დედა ექსკურსიაზე ვიყავით და იმ ადგილას, სადაც მამამისი იყო დატყვევებული, რიბინსკის უზარმაზარი წყალსაცავი დაგვხვდა აშენებული. ასე რომ, დედას მამამისის საფლავიც არ ჰქონდა. ყვავილები ვიყიდეთ და წყალში გადავყარეთ. ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, უნივერსიტეტიდან რომ გამოაგდეს, როგორც ხალხის მტრის შვილი. დედაჩემის დედა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო – ბაბუამისი „ზინგერის” უზარმაზარი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილა, საკმაოდ დიდი ფული ჰქონიათ და, ამდენად, მას არ უნდოდა, თავისი ქალიშვილი, პროვინციიდან ჩამოსულ ვიღაც ვახტანგ ნინუას გაჰყოლოდა, არ მოსწონდა სასიძოდ.
– როგორ ცხოვრობდნენ თქვენი მშობლები, რა უჭირდათ ყველაზე მეტად?
– ომი რომ დაიწყო, დედა კავშირგაბმულობის სამინისტროში მუშაობდა, მამა – 31-ე ქარხანაში ცვლის უფროსად. ჩემი და ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. მე რომ გავჩნდი, თურმე, მამას ძალიან დიდი გულისტკენა ჰქონია, რომ ისევ გოგო შეეძინა. არანორმალურად სდომებია ბიჭი. სამშობიაროში არც მოვიდა ჩვენს გამოსაყვანად, მამიდამ გამოგვიყვანა. მამა ამბობდა ხოლმე ჩემზე, მე იმან მანანაო და, ამიტომ დამარქვა მანანა. სამ თვემდე საერთოდ არ დაუხედავს ჩემთვის. მერე რომ ვახსენებდი, არ სიამოვნებდა: ნურასოდეს ნუ გამახსენებ, გული მტკივაო, – ამბობდა. თან, საოცრად ვგავართ ერთმანეთს.
რაც შეეხება სირთულეებს: სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ ბევრი რუსი იყო ჩამოსახლებული კრასნოდარიდან, მაგრამ, ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ყოფილან, ერთ ოჯახად შეკრულები. ალბათ, მათ ასწავლეს ქსოვა. დედა იხსენებდა, მე და მამაშენი მთელი დღეები ვისხედით, თავშლებს ვქსოვდით და ვღებავდითო. სადაც ახლა სპორტის სასახლეა, იქ დიდი ტრიალი მინდორი იყო, ბაზრობა. ეს თავშლები მიჰქონდათ და ყიდდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, მამა გამოდის ქარხნიდან და დედაჩემს ეუბნება, გადაწყვეტილება მივიღე, რომ თეატრალურში შევიდეო. იმხანად თბილისში არ იყო თეატრალური, მხოლოდ კინოსტუდიასთან არსებული თეატრალური კურსები იყო და ის დაამთავრა, შემდეგ აიყვანეს მარჯანიშვილის თეატრში, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ამ თეატრით სუნთქავდა. ძალიან განიცადა შავგულიძის გარდაცვალება – ორი დღე პირქვე ეგდო. ძალიან უყვარდა.
– როგორი იყო ეს ადამიანი ცხოვრებაში, განსხვავდებოდა თავის გმირებისგან?
– ძალიან ტკბილი და თბილი იყო ჩვენ მიმართ. ისეთი გულუბრყვილო იყო, როგორც თავისი გმირები. გაბრაზებული არ მახსოვს. მართალია, ეკონომიურად გვიჭირდა, მაგრამ, რაც გვქონდა, იმითაც მშვენიერი სუფრები იშლებოდა. ისხდდნენ, საუბრობდნენ როლებზე, საინტერესო თემებზე. ტარიელ საყვარელიძე რომ ლექსებს კითხულობდა, მარტო ის რად ღირდა! ეს იყო ნამდვილი ხელოვნების სუფრა და არა ღრეობა. ძალიან ახლოს ვიყავით კაკო კვანტალიანის, ედიშერ მაღალაშვილის, კუკური ლაფერაძის, გოგი გელოვანის ოჯახებთან. მახსოვს, გოგი გელოვანი და ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა, როგორ მასწავლიდნენ „მგელსა და კრავს”. მამას მეგობრები იყვნენ, აგრეთვე, რეზო ლაღიძე, წოპე. ერთხელ, ღვინო შემოაკლდათ. ერთი ბოთლიღა შემორჩათ. მაშინ არ იყო ასე ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაღაზიები, თანაც – გვიანობამდე. დედას სათითე გამოართვეს და მთელი საღამო იმ ერთი ბოთლი ღვინით გაატარეს. პირველი, სპექტაკლი, რომელშიც მამა ვნახე, „მაია წყნეთელი” იყო. მაშინ 6 წლის ვიყავი. ერთ-ერთ სცენაში მამა შეკოჭეს და სადღაც ჩასვეს. ამაზე ისეთი ღრიალი მოვრთე, ძლივს გამაჩერეს. კულისებში შემიყვანეს და მაჩვენეს, რომ არაფერი სჭირდა. დაუზარელი კაცი იყო. რაც არ უნდა ეთხოვათ, ყველას ყველაფერს უკეთებდა. მარჯანიშვილის თეატრის კუთხეში კანფეტების მაღაზია იყო. თეატრიდან რომ გამოვიდოდა, იქ შევიდოდა, ჩვენთვის კანფეტებს იყიდდა და მოვიდოდა. არ მახსოვს, სახლში ხელცარიელი მოსულიყო, სულ რაღაც მოჰქონდა. ერთხელ, გვიამბო: შევიდა, თურმე, მაღაზიაში, რომ ჩვენთვის რაღაც ეყიდა და დაუნახავს, ვიღაც ქალი ტირის. უკითხავს, რა გიჭირთ, ქალბატონო, რით შემიძლია, დაგეხმაროთო. ამ ქალმა შეხედა და გაოგნდა – იცნო, ვინც იყო. უთხრა, ვაჟი მყავს, რომელიც ძალიან ნერვიულია. საგიჟეთში დააწვინეს, მაგრამ, წამლებს არ აძლევენო. არ დაეზარა და მეორე დღეს სრულიად უცნობი ქალი წაიყვანა, შევიდა ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, ჩემი ახლობელია და დახმარება სჭირდებაო. წამლებიც გამოუწერეს და ყველანაირად მიხედეს. ეს ქალბატონი მერე ჩვენთან სახლში მოვიდა, მამას ლამის მუხლებზე დაუჩოქა და მადლობებს უხდიდა. მამა არასდროს უყურებდა თავის ფილმებს, არ მოსწონდა. ერთადერთი ფილმი, რომელიც ძალიან უყვარდა, იყო „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. სულ ამბობდა, მიხეილ ჭიაურელთან მუშაობა დიდი კომფორტიაო, თან, ამხელა კორიფეებთან ერთად თამაშობდა: ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა... მისთვის ამ ფილმში თამაში იყო მთელი აკადემია. „უდიპლომო სასიძოს” გადაღების შესახებ კოტე მგალობლიშვილი, ბიჭიკოს როლის შემსრულებელი, იხსენებდა: სასტუმროში მე ცალკე ნომერი მქონდა. ბატონი ვახტანგი რომ ჩამოვიდა, ნომერი აღარ იყო და მითხრეს, შენს ოთახში დაიძინებსო. ისე ვინ გააჩერებდა გურიაში ჩამოსულ კაკო კვანტალიანსა და ვახტანგ ნინუას, რომ კარგად არ ექეიფებინათ. საღამოს მოვიდა, დაწვა და ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ მთელი ღამე ქუჩაში დავსეირნობდიო. „პალიასტომის ტბის” გადაღებებზე (ეს ფილმი წლების განმავლობაში ეკრანებზე არ გამოდიოდა იმ მიზეზით, რომ მთავარი მოქმედი პირი, ნუგზარ შარია ამერიკაში წავიდა და დარჩა) პატარა ინციდენტი მოხდა: მამის როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა, შვილისას – მამაჩემი. ნაწარმოების მიხედვით, მამა-შვილს მორები პალიასტომის ტბით ფოთში გადააქვს გასაყიდად. მთავარი გმირი ტივს ძირში ნაჯახს ურტყამს, რომ დაბმული ტივი აუშვას. მამა ყვებოდა, ზაქარიაძე ისე შევიდა როლში, ნაჯახი გამოაქანა და კინაღამ თავში ჩამცხოო. თქვენ იცით, რომ მამა კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. ორმოცდაათ ფილმშია აქვს ნათამაშები, ამაზე მეტ სპექტაკლში და, მისი არც ერთი გმირი არ იღუპება. გოგი თოდაძემ დადგა ასეთი სპექტაკლი – „ჩემი ეიფელის კოშკი”. იქ მამა თამაშობდა საფრანგეთიდან ჩამოსულ ემიგრანტს, რომელიც თავის სოფელში ქარის წისქვილის ასაშენებლად მიდის. მასთან ერთად თამაშობდნენ ლენა ყიფშიძე და მამას ბავშვობის მეგობარი – გივი ბერიკაშვილი. სწორედ ამ სპექტაკლში კვდებოდა მისი გმირი. იმ პერიოდში, უკვე ძალიან ცუდად იყო. სულ ათი სპექტაკლი ითამაშა. სწორედ ამ სპექტაკლზე ისე ცუდად იყო, იძულებული გავხდი, დირექტორისთვის დამერეკა და მეთხოვა, სპექტაკლიდან მოეხსნათ. აი, მაშინ ვნახე მამა გაბრაზებული. დამირეკა და მითხრა: შენ ვინ გეკითხება, მე სპექტაკლში ვითამაშებ თუ არაო. იმხელა ენერგიას ხარჯავდა, რომ სახლში სულ სველი ბრუნდებოდა. არაფრით არ შეიძლებოდა მისი ასეთი დაღლა. პანკრეასი თითქმის დაშლილი ჰქონდა, რვა თვე ვაცოცხლებდით. თემურ ჩხეიძემ და ნანი ჩიქვინიძემ საავადმყოფოში მოინახულეს და გაოცებულები იყვნენ – იქაც როლზე ფიქრობდა და მიზანსცენებზე მუშაობდაო. სახლში რომ გამოიყვანეს, მივედი. მალე მოვკვდებიო – მითხრა. მე ვუთხარი: რა წუთშიც შენ არ იქნები, ხომ იცი, მეათე სართულზე ვცხოვრობ, გავაღებ ფანჯარას და გადავხტები-მეთქი. მერე მითხრა: არა, გეხუმრეო. არ ვეუბნებოდით, რაც სჭირდა. ეგონა, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ამბები იყო. ერთ-ერთი მსახიობისგან გაუგია სიმართლე.
– წარმოდგენილი მაქვს, როგორ ძლიერ გენატრებათ. სიზმარში თუ ნახულობთ?
– მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ქალი ვარ, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ვაჟი, რძალი, შვილიშვილები, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, დღემდე ვმუშაობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, ცხოვრება მაინც რთულია. ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს გამოგივლენს, რასაც თვითონაც ვერ ხვდები. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, არ არსებობს, ამ მომენტში ტელევიზორში მისი ფილმი არ უჩვენონ. ეს რაღაც ნიშანივით არის და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მამა 30 დეკემბერს გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. ვისხედით და ვამბობდით: დღეს პირველი იანვარია, ვინ მოვა, დღეს ორი იანვარია, ბედობა, ვინ მოვა, მაგრამ, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მისი ოცნება იყო, დიდუბის პანთეონში დაკრძალულიყო. დედაჩემს ხშირად ეხუმრებოდა ამაზე, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა. უფრო სწორად, პანთეონში ისეთი ადგილი მოგვცეს, სადაც წყალი გადიოდა, ამიტომ, საბურთალოს სასაფლაოზე დავკრძალეთ. საავადმყოფოში რომ იწვა, ერთ წერტილში გააშტერებდა თვალს და ვიღაცეებს ესაუბრებოდა. ჩვენ ძლივს გველაპარაკებოდა, იმათთან კი მკაფიო სიტყვებით საუბრობდა. მერე მამაო მოვუყვანეთ, რომელმაც აგვიხსნა, რომ უკვე იქით იყო, იმ ქვეყანასთან ჰქონდა კავშირი. ჟორა შავგულიძეს ეუბნებოდა: ჰა, შენ და საშამ ისე არ ქნათ, რომ როლის გარეშე დავრჩეო. მამა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დამესიზმრა, შავი გაიხადეო – მითხრა. მე ვუთხარი: კი მაგრამ, წიწილა ხომ არ დავკარგეთ, ამხელა დევივით კაცი გამოგვეცალე ხელიდან-მეთქი. არა, გაიხადეო. მერე მე და ჩემი მეუღლე რაიონში ვიყავით საქმეზე – ჩემი ქმარი იქ მუშაობდა. მამას მეუღლემ დარეკა და ჩემს ქმარს სთხოვა – წუხელ ვახტანგი დამესიზმრა, მთხოვა, მანანას შავები გაახდევინე, თორემ ისეთ ამბებს დავაწევო. თუ ღმერთი გწამს, უთხარი სასწრაფოდ გაიხადოსო. სხვა გზა არ მქონდა, გავიხადე.
– თქვენ თქვით, მამა საავადმყოფოდან რომ გამოიყვანეს, მის სანახავად მივედიო. ცალკე ცხოვრობდა?
– ბოლო ათი წელი მამას მეორე მეუღლე ჰყავდა, თუმცა, მისი ჩვენდამი დამოკიდებულება, მზრუნველობა არანაირად არ შეცვლილა, ყველანაირად ჩვენ გვერდით იყო. უბრალოდ, თავიდან ძალიან გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ოცდაათწლიანი ოჯახი დაანგრია და რამდენიმე თვე არ ველაპარაკებოდი. მერე შევრიგდით. ეს მისთვისაც და დედასთვისაც რთული იყო, მაგრამ, ბიცოლაჩემისთვის უთქვამს, ცხოვრებაში არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, ამ ერთხელ შევცდი და ღმერთმა ეს არ მაპატიაო.