ჟურნალისტი სალომე დადუნაშვილი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა
4 მაისს „შერატონ მეტეხი პალასში” ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც ნინო კურატაშვილია. გამოფენას ესწრებოდა თბილისური ბომონდი. „შერატონში” მყოფ უამრავ დიზაინერთა შორის სალომე დადუნაშვილიც გამოჩნდა, რომელიც, სულ რაღაც ერთი თვეა, ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობს. მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული თაკო ჩხეიძის რჩევითა და ახლო მეგობრების თხოვნით, სალომე ფართო აუდიტორიამ როგორც დიზაინერი, ისე გაიცნო. მისი შთაგონების წყარო რუსული ამპირია. დამთვალიერებლების წინაშე ის საყურეების კოლექციით წარდგა, რომელიც გამოირჩეოდა თბილი, კარგად შერწყმული ფერებით, გაფორმებული ოქროსფერი დეტალებით. როგორც ქალბატონმა ნანა ფაჩუაშვილმა აღნიშნა, მრავალმხრივ ნიჭიერი სალომეს ასეთი ფერთა ხედვა მისი მხატვრული ნიჭის დამსახურებაა.
იმ დღეს სალომეს ძალიან ბევრი სამკაული გაიყიდა, ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო – 50-60 ლარის ფარგლებში. „შერატონში” შეკრებილმა დამთვალიერებელმა ერთად აღიარა ახალბედა დიზაინერის სათუთი და გემოვნებიანი დამოკიდებულება მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების მიმართ.