რომელი ქვეყნის მოქალაქეობას აპირებს რამაზ ჩხიკვაძე და რა ოცნებებს აისრულებენ სექტემბერში ის და მისი მეუღლე
ელიტური წყვილის, რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია 50 წლის წინათ გემზე დაიწყო და დღემდე სიყვარულის ჩირაღდანივით ანთია მათ გულებში. ისინი კვლავ პირვანდელი გრძნობით ეფერებიან და უფრთხილდებიან ერთმანეთს. დღეს კი, 50 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ოქროს ქორწილი გადაიხადეს, კვლავ აპირებენ, იუბილეს დამაგვირგვინებელი ფინალისთვის კრუიზში გაემგზავრონ და ისევ ისეთივე დაუვიწყარი დღეები გაატარონ გემზე.
– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო ნატაშა?
ქალბატონი ნატაშა: მე და რამაზი ძალიან შეწუხებულები ვართ იმ მდგომარეობით, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ვართ ღრმა დეპრესიაში, იმიტომ რომ, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ჩვენ დიდხანს არ გავჩერდებით საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ჯანმრთელობა და მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდხანს დავრჩეთ აქ. მე იძულებული გავხდი, გამეყიდა ბინა და ეს იყო რამაზის გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ ეს იყო „ვილა ბერიკა“, საქართველოში საუკეთესო სასტუმრო. მაშინ, როცა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა, იქცეოდა და იყო ისეთივე საშიში სიტუაცია, როგორიც არის დღეს, შეიქმნა ეს „ვილა ბერიკა“ და ჩამოდიოდნენ უცხოელები, რომლებიც ხედავდნენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი, მიუხედავად მაშინ არსებული მდგომარეობისა. დღეს რა მომავალი აქვს საქართველოს, მე უკვე აღარ ვიცი.
– ვიცოდით, რომ თქვენი შეუღლებიდან 50 წლისთავის ქორწილის შემდეგ საქართველოდან დიდი ხნით მიდიოდით, თუმცა ისევ აქ ხართ.
– ჩვენ გადავიხადეთ იუბილე. ეს იუბილე იყო შემაჯამებელი ჩვენი 50-წლიანი თანაცხოვრებისა. ძალიან ბევრი ხალხი არ ყოფილა, იყო სულ რაღაც 200 კაცამდე, მაშინ, როდესაც 25 წლის იუბილეზე 500 კაცს მოვუყარეთ თავი ფუნიკულიორზე და მაშინ რამაზმა თქვა სიტყვა, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით 25 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი აღარ არის ჩვენთან, ბევრი გარდაიცვალა, ვიღაცამ დატოვა საქართველო, ვიღაც იმ დროისთვის არ იყო ქვეყანაში, თუმცა, ვისაც ჩვენი ნახვის სურვილი ჰქონდა, ყველა მოვიდა, ვინც არადა, მაგალითად, ლევან უჩანეიშვილმა, ჰოლანდიიდან გამოგვიგზავნა ულამაზესი ყვავილების თაიგული. ეს იყო ძალიან თბილი საღამო, რომლის შემდეგ ჩვენ რამდენიმე დღეში სამკურნალოდ წავედით ისრაელში – რამაზს სერიოზული გამოკვლევა სჭირდებოდა და მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ექიმებს ვენდობი, რომლებთანაც რამაზს მრავალწლიანი ურთიერთობა ჰქონდა. საბედნიეროდ, ექიმებმა თქვეს, რომ ყველაფერი სრულ წესრიგში აქვს და სულ ცოტა ხანში უკვე გაივლის ყავარჯნის გარეშე. ისე, ახლაც კი შეუძლია, ყავარჯნის გარეშე გაიაროს, მაგრამ ამას სჭირდება ვარჯიში, რომ კუნთები გაიმაგროს და, რადგან ეს პროცედურა ეზარება, ცოტათი დროში გაიწელა. რამაზს ძალიან უყვარს თელ-ავივი. ჩვენ იქ ვცხოვრობდით საკმაოდ პრესტიჟულ სასტუმროში, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და, როდესაც ტერასიდან ვუყურებდით უამრავ ტურისტს, მე და რამაზი ვლაპარაკობდით იმაზე, რატომ არ შეიძლება, საქართველოშიც იყოს ამდენივე ტურისტი, ისრაელშიც ხომ სულ საომარი სიტუაციაა?! იქაც მუდმივი საშიშროებაა, მაგრამ იქ არის შინაგანი სტაბილურობის შეგრძნება და ეს ხალხი, რომელიც ჩადის ისრაელში, გრძნობს, რომ იქნებიან დაცულნი, რაც, სამწუხაროდ, აქ არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, რამაზს მუდმივად აქვს თბილისის ნოსტალგია და, რა თქმა უნდა, მე ვერ დავტოვებდი მას ბინის გარეშე საქართველოში. ამიტომ ახლა ჩამოვედით და მეგობრების მეშვეობით ვიყიდე ბინა ჭავჭავაძის ¹5-ში. ეს არის გადასარევი კომპლექსი და იდეალური პირობები. აქედან იშლება ულამაზესი ხედი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ „ვილა ბერიკა“ შეიძინა პოლონეთის საელჩომ, რომელმაც ის ორი ნიღაბი, რომელიც „ვილა ბერიკას“ სიმბოლოა, ისევე დატოვა და, ასევე, დაიტოვა რამაზის ყველა ნახატი თუ თეატრალური აფიშა.
– ქალბატონო ნატაშა, თქვენ ამ ეტაპზე ქირით ცხოვრობთ?
– დიახ. ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ჭერი (ეცინება), რადგან, როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები გვაქვს ახალ სახლში და ამიტომ ჩვენი ახლობლებისგან ვიქირავეთ ბინა. ასე ვთქვათ, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვსხედვართ ჩემოდნებზე და ველოდებით რემონტის დამთავრებას, მერე კვლავ ისრაელში მივდივართ სამკურნალოდ, შემდეგ კი – ჩეხეთში, სადაც ცხოვრობს ჩემი შვილი თავის ოჯახთან ერთად. თან, მინდა გითხრათ, რომ მე და რამაზი გავხდით ევროპის მოქალაქეები და ავიღეთ ევროპული პასპორტები. ასე რომ, ახლა შეგვიძლია, თავისუფლად გადავადგილდეთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.
– როგორც ვიცი, ისრაელის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებთ.
– დიახ, რამდენიმე თვე უნდა ვიცხოვროთ ისრაელში, რომ მათი მოქალაქეობაც მივიღოთ. იცი, რა არის? როდესაც ადამიანი შედის მოხუცებულობაში, აგერ რამაზი უკვე 82-ის გახდა, ეს უკვე გმირობის ტოლფასია, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ბევრს არ აქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საზრუნავი და სადარდებელია საჭმლის ფული და ლაპარაკიც კი ზედმეტია ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, რადგან ძალიან ძვირი სიამოვნებაა ის, რომ ცოცხალი დარჩე. ამიტომ, რადგან დედაჩემი ებრაელი იყო, ისრაელის კანონმდებლობით, შემიძლია, მივიღო მათი მოქალაქეობა, სადაც უზრუნველყოფილი ვიქნები უფასო სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, რამაზი, როგორც ჩემი მეუღლე, ავტომატურად ხდება მოქალაქე.
– ბატონო რამაზ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობას უჩივით, გავრცელდა ხმები, რომ ჰოლივუდში მიდიხართ ფილმში გადასაღებად ნიკალას როლზე.
ბატონი რამაზი: რა გალაპარაკებს, კაცო? (იცინის) შენ გაავრცელე და ისევ შენ ამბობ, ხმები გავრცელდაო? კაცო, ყველა ჟურნალ-გაზეთმა ერთ დღეს დამირეკა. კინაღამ გადავირიე, თან ყველა ერთსა და იმავე კითხვას მისვამდა. (იცინის). მერე გავიგე, თურმე, თქვენ დაგიბეჭდავთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩივილს, მე არაფერს ვუჩივი. ეს ნატაშა უჩივის, თორემ მე გადასარევად დავდივარ. თუ გინდა, ახლა ავდგები და შემიძლია, ვიხტუნაო კიდეც. აი, ერთი-ორი, ერთი-ორი (ცალ ფეხზე ხტუნაობს). ხედავ, რა კარგად დავდივარ? ყველაფრით კმაყოფილი ვარ, არაფერსაც არ ვუჩივი, ვკითხულობ ჩემს წიგნებს, რადგან ძალიან მიყვარს კითხვა.
ჰოლივუდს რაც შეეხება, რეალურად არის ასეთი პროექტი – ნიკალას როლი და ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას, ახლა უკვე ყველა ახალგაზრდაა ჩემთან შედარებით. ეს, ჯერჯერობით, საიდუმლოა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, შემიძლია გითხრათ: ეს დამთავრდება იმით, რომ კიდევ იქნება ერთი როლი, რომელსაც ითამაშებს მოხუცი რამაზ ჩხიკვაძე.
ქალბატონი ნატაშა: ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში, ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი.
– ქალბატონო ნატაშა, ჩეხეთშიც ხომ არ აპირებთ ბინის ყიდვას?
– როგორც იცით, ჩემი შვილი იქ ცხოვრობს, აქვს ბიზნესი, დაახლოებულია მდიდარ და გავლენიან პირებთან და მზად არის, დაეხმაროს საქართველოს. ახლა რამდენიმე საათში მივფრინავთ პრაღაში, სადაც ვიყიდით ლამაზ ბინას და შვილიშვილებთან ახლოს ვიქნებით, რადგან მათგან შორს ყოფნას არც მე და არც რამაზი არ ვაპირებთ. შვილთან ერთად ცხოვრებას კი იმიტომ არ ვაპირებ, რომ არ მინდა, ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, ჩემი არსებობით დისკომფორტი არავის შეექმნება.
ბატონი რამაზი: ჰო, ნატაშა, შენ ისეთი ხასიათი გაქვს, რომ ყველაფერი შეგიძლია. შენ ყველას უყვარხარ, მაგრამ, ჯობია, მაინც ყველასგან ცალკე იყო. (იცინის).
ქალბატონი ნატაშა: დიახ, რამაზ, მე და შენ ვიქნებით ცალკე, სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული ჩვენი ბავშვებისგან. სხვათა შორის, ჩვენ დავდივართ კურორტზე კარლოვი ვარში, სადაც ფანტასტიკური პირობებია დასვენებისა და განტვირთვისთვის და იქ არის ერთი პატარა მოედანი, სადაც დასასვენებლად ჩამოდიან შეძლებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ჩვენი მილიონერი მეგობრებიც. იქ მე ერთი ფაცხა მაქვს ამორჩეული, ვეწევი სიგარეტს, ვსვამ ყავას და ამიტომ ამ ადგილს „ნატაშას ბირჟას“ ეძახიან, თუმცა, როცა იქ არ ვარ, ამ ადგილას მაინც იკრიბება ხალხი საჭორაოდ და ერთმანეთს ასე ეუბნებიან, საღამოს 8 საათზე ნატაშას ბირჟაზე მივდივართო. (იცინის).
– საქართველოში თუ გაქვთ ასეთივე ბირჟა?
– აქ არის ჩემი ბირჟა, ჩემი სახლი, მაგრამ ამჟამად მე მაქვს ვირტუალური ბირჟა სკაიპში და მთელი მსოფლიო მე მეკონტაქტება: ესენი არიან აგენტები ჰოლივუდიდან, მეგობრები მოსკოვიდან, აგერ, პრაღა მყავს ხაზზე და ინტერვიუს დამთავრებას ელოდებიან. (იღიმება).
– თავად ნატაშა ჩხიკვაძეს ვის ბირჟაზე უყვარს ჯდომა?
– მე მიყვარს ბირჟაზე ჯდომა იქ, სადაც არის თბილი ხალხი, უყვართ ჩემი მოსმენა და შეუძლიათ ახალი ამბების მოტანა. მე 24 საათი ვზივარ ინტერნეტში, ვიქექები ყველა საიტში, ვეცნობი მსოფლიოს „ონლაინ მედიას“ და ყველაფერს ვკითხულობ. ვინც ჩემთან შემოვა, და შემოდიან ჩემი საყვარელი ადამიანები, იციან, რომ აქ არის კომფორტი, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა; არის ის გემრიელი სალათები, რომლებიც მათ უყვართ და ასე „ვბირჟაობთ“. (იცინის) აი, ხომ ხედავ, თანამედროვე ტერმინოლოგიაც კარგად მაქვს ათვისებული.
– და, ბოლოს, თქვენ გაქვთ ერთი ოცნება. თუ შეიძლება, ამაზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.
– ჩემი ოცნებაა კრუიზში წასვლა. სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილია ძალიან საინტერესო კრუიზი ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა პორტში, სადაც მე და რამაზი გავატარებთ ჩვენი ოქროს ქორწილის კიდევ ერთ ფრაგმენტს, რადგან, თქვენ იცით, რომ მე და რამაზმა ერთმანეთი სწორედ გემზე გავიცანით და, ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი თანაცხოვრების დამაგვირგვინებელი დღეები.
ბესო მახარაშვილი