ვინ აკონტროლებდა გამუდმებით ნათია ნებიერიძეს და ვინ გაჰყვა მას გათხოვების შემდეგ „მზითევში“
ცოტა ხნის წინ, როდესაც ნათია ნებიერიძე აქტიურად ტრიალებდა ქართულ შოუ-ბიზნესში (ბავშვის გაჩენის შემდეგ მან პაუზა აიღო, თუმცა ისევ აპირებს მსმენელის წინაშე ახალი სიმღერებით წარდგომას), მის დაზე – ნინი ნებიერიძეზე ამბობდნენ, ნათია ნებიერიძის დააო. ახლა კი, როცა 15 წლის ნინი უკვე ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ნათიაზე ამბობენ – ეს ხომ ნინის და არისო. თუმცა, ეს დებისთვის პრობლემა არ არის, მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ორივე მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა, ძალიან კარგი და უშუალო ადამიანები არიან.
ნათია: ჩვენ შორის 10 წელია ასაკში სხვაობა. ძალიან მინდოდა, დედმამიშვილი მყოლოდა და დედაჩემს სულ ვეუბნებოდი და ან ძმა მინდა მყავდეს-მეთქი. ნინის დაბადება კარგად მახსოვს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ყველაფერი მახსოვს, როგორ წავიდა დედა სამშობიაროში, როგორ ველოდებოდი მის დაბადებას. პირველად რომ დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი დალაგებული, გაწყობილი ნაკვთები ჰქონდა – ქერა, ცისფერთვალება, ლამაზი ცხვირით, პირით, თოჯინას ჰგავდა.
– როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, მშობლები მასზე გადაერთვებიან ხოლმე და ამის გამო ხშირად უფროსი შვილები ეჭვიანობენ.
– არა. პირიქით, სულ ნინიზე ვზრუნავდი, ყურადღებას ვაქცევდი. მაგრამ, ზარმაცი ბავშვი ვიყავი და რომ მეუბნებოდნენ, გაასეირნე, ეზოში გაიყვანეო, დიდხანს ვინ გამატანდა, მეზარებოდა. ჩვენი მამიდაშვილი ნანუკა ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ძალიან აქტიური იყო და სულ ის ასეირნებდა.
– მესამე დაც გყავთ, ყველაზე პატარა, 6 წლის.
ნინი: როგორც ნათიას, მეც ზუსტად ასე მახსოვს, პატარა ქეთის დაბადება. ჩვენ შორის 9 წელია სხვაობა. ძალიან მინდოდა, პატარა ძმა მყოლოდა, მაგრამ და დაიბადა და ისეთი ბედნიერი ვიყავი.
– ჰგავხართ დები ერთმანეთს?
– კი. ვგავართ, თუმცა, ნათია ყველაზე წყნარი და მშვიდია. მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ის უფრო მომთმენია, თბილი, მე არ ვარ ასეთი.
ნათია: ნინი უფრო ადვილად ბრაზდება, უცებ შეიძლება, აფეთქდეს.
ნინი: ნათია ერთ ტონში ჩხუბობს ხოლმე.
ნათია: მე არ მიყვარს ხმის აწევა, ხმამაღალი საუბარი. რა ტონალობაშიც ვიწყებ ლაპარაკს, იმავე ტონში ვამთავრებ.
– ბავშვობაში ჩხუბობდით?
ნინი: ძირითადად ასე იყო: ოთახიდან გადი, მეგობრები მოდიან და დაგვტოვეო.
ნათია: როდესაც სადმე მივდიოდი, გადაღებებსა თუ კონცერტებზე, რაც წამოიზარდა, ნინის სულ ჩემთან ერთად უნდოდა წამოსვლა. მეც მიყვარდა მისი წაყვანა – ერთად წასვლა, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდებოდა.
ნინი: ბავშვები ხომ ხშირად დედაზე არიან მიჯაჭვულები, მე კი ასე, ნათიაზე ვიყავი მიჯაჭვული. როგორც კი ცოტა დაბნელდებოდა, მაშინვე ვურეკავდი ტელეფონზე – სად ხარ, არ მოდიხარ, ვისთან ერთად ხარ-მეთქი. ამ დროს ძალიან პატარა ვიყავი, ასე, 5-6 წლის.
ნათია: ისე მაკონტროლებდა, რომ აბსოლუტურად ყველა მეგობარს ელაპარაკებოდა – აინტერესებდა, მართლა მათთან ერთად ვიყავი თუ არა. სადმე დარჩენაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტი იყო ლაპარაკი, არსად მტოვებდა. იმდენჯერ უთქვამს, ახლა თუ არ მოხვალ სახლში, ვიწყებ ტირილსო. იწყებდა ტირილს და აღარ ჩერდებოდა. თან, ვამოწმებდი, დედას ვურეკავდი – კიდევ ტირის-მეთქი და ისევ ტიროდა. არ შემიძლია ასეთი რაღაცეების ატანა. ჩემი შვილიც რომ ტიროდა, ვნერვიულობდი. ამიტომ სახლში მოვდიოდი.
ნინი: სულ მინდოდა, მეც მოდელი და მომღერალი ვყოფილიყავი. თუმცა, არასდროს მშურდა ნათიასი. ერთხელ, მახსოვს, ვიღაც ქალმა დარეკა სახლში, ნათია მაშინ „მის საქართველო“ გახდა და მითხრა, ჟურნალისტი ვარ, ნათია ნებიერიძესთან ვრეკავო. მე ხომ ყველაფერი უნდა გამომეკითხა – ვინ ხართ, რა გნებავთ და ისიც მიხსნიდა. პატარაობაში, როდესაც გადაღებები მქონდა საბავშვო ჟურნალებისთვის, ასევე კლიპებში, ძალიან მამსგავსებდნენ კლაუდია შიფერს და სულ მის სტილში მიღებდნენ ფოტოებს. მშობლებიც მეუბნებოდნენ, ძალიან ჰგავხარო და მეც დავიჯერე. ჰოდა, იმ ქალს ვუთხარი: თქვენ მე არ გყავართ ნანახი, არ იცით, ვინ ვარ. კლაუდია შიფერს ვგავარ და მე გადამიღეთ, ჩემს დას რატომ ურეკავთ-მეთქი. მოკვდა ის ქალი სიცილით, მე კი ტელეფონი გამომგლიჯეს ხელიდან. ვერასდროს ვიგებდი, რა განსხვავება იყო ჩვენ შორის. ვერ ვხდებოდი იმას, რომ ნათია დიდი იყო, მე კი – პატარა. სულ ვიტყუებოდი ჩემს ასაკს. ერთი-ორი წელია, გადავეჩვიე. 11 წლის რომ ვიყავი, ვამბობდი, 15 წლის ვარ-მეთქი. სულ მინდოდა, დიდი ვყოფილიყავი.
ნათია: ერთადერთი, ბავშვობაში იმაზე ვჩხუბობდი, რომ, როდესაც გოგონები მოდიოდნენ, ოთახში შევდიოდით და ვლაპარაკობდით, ნინის სულ ჩვენთან უნდოდა ყოფნა. ჩვენ კი ვეუბნებოდით – ნინი, გადი. ნინიც სულ დარდობდა, მე რატომ არ შეიძლება, ნათიას ხელა ვიყოო. ჩემსა და ნანუკას შორის ერთი წელია ასაკში სხვაობა. საერთო მეგობრები გვყავდა, სულ ერთად ვიყავით და ნინი, ამ მხრივ, ძალიან დაჩაგრული იყო. ამიტომ, ამას სულ აპროტესტებდა.
ნინი: მაშინ ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. მეორე სართულზე მომიკეტავდნენ კარს და მე კიბეზე გაწოლილი, კედელზე ყურმიდებული ვიყავი – მაინტერესებდა, რას ლაპარაკობდნენ. ახლა ყველაფერი შეტრიალდა, მე უფრო ხშირად დავდივარ, ვერთობი მეგობრებთან. ესენი გათხოვილები არიან და აღარ სცალიათ.
ნათია: ახლა, პირიქით, მე ვურეკავ, მე ვაკონტროლებ, სულ მაინტერესებს – რას აკეთებს, სად არის, ვისთან ერთად.
– ნინი, როგორ შეხვდი ნათიას გათხოვებას?
ნინი: მე და ნათიას ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა. ამიტომ, მისი გათხოვება ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო. სადაც გადავიდა, იქ გადავყევი და დიდხანს ვცხოვრობდი მასთან. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. დათუჩას ვიცნობდი, ძალიან მომწონდა, ვიცოდი, რომ დღე-დღეზე აპირებდნენ დაქორწინებას. ნათიას ყველა „პაკლონიკს“ ვიწუნებდი. დათუჩასთან კი თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს ახლაც.
– ლადუკას დაბადებაც, ალბათ, განსაკუთრებით გახსოვს.
– იმ დღეს ბათუმში ვიყავი, ვერ ჩამოვედი, არადა, ისე ველოდებოდი...
ნათია: როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე ოთახში შევარდა და პატარა, დაპატარავებული დათუჩა დაინახა. ეს თუ იყო რას მიმალავდითო. – ორი ერთნაირი დახვდა დათუჩა და ლადუკა.
– ვიცი, რომ ნინი ძალიან ბევრ ბიჭს უყვარს.
– ძალიან ბევრს მოსწონს და უყვარს. ისეთი რაღაცეები ხდება ამის „ფეისბუქში“ გავგიჟდი, გადავირიე. ჯერ 15 წლისაა, მაგრამ როდისმე ხომ გათხოვდება და ალბათ, გავგიჟდები.
– ჩაერევი ამ საქმეში და გაატარებ პრესში ნინის რჩეულს?
– აუცილებლად ჩავერევი, რჩევასაც მივცემ.
ნინი: დღეს მამიდაჩემი მეუბნებოდა, ნათიას დროს მისი თაყვანისმცემლების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა გვახსოვსო. ყოველ დილით არ დამხვედრია სახლთან სათამაშოები, სუნამოები, ყვავილები, მხოლოდ რამდენიმე ასეთი შემთხვევა მახსენდება. ნათიას დროს ძალიან ბევრი იყო – ეზოს მორთვა, საჩუქრები და ასე შემდეგ.
– ნინი, თბილისში ჭორაობენ, რომ შენ ბერა ივანიშვილს უყვარხარ. სერიოზულად არის საქმე თქვენ შორის და დაქორწინებას აპირებთ?
– ბერას თითქმის 3 წელია, ვიცნობ. თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, გვყავს ბევრი საერთო მეგობარი და ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. ეს ჭორები, ვითომ ბერას ცოლად მოვყავარ, მეც გავიგე, გაბუქებულია. რადგან ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, ერთად ბევრგან ვუნახივართ, ალბათ, აქედან წამოვიდა ეს ჭორები.
ნათია: მეც ვიცნობ ბერას და ძალიან კარგი ადამიანია.
ნინი: კარგი ადამიანი რომ არის, მგონი, ეს ყველამ იცის.